მომხ. სახელი:

პაროლი:

დაკარგეთ პაროლი? / დახმარება

დამწყებთათვის

ეკლესიაში დგომის წესები

პირჯვრისწერა და მეტანიების შესახებ ღმრთისმსახურების დროს (წმ. ეპისკოპოს ეგნატე ბრიანჩანინოვისა და სხვა წყაროების მიხედვით)

XIX საუკუნის დიდ მოღვაწეს, ეპისკოპოს ეგნატეს (ბრიანჩანინოვს) ეკუთვნის მოკლე, მაგრამ მრავლისთქმელი სიტყვები ეკლესიის ტიპიკონის (წეს-განგების) შესახებ, რომელიც ყველაფერში ზომისა და წესის დაცვას მოითხოვს. მღვდელმთავარს ღირსი ეფრემ ასურის სიტყვები მოჰყავს: "იქ, სადაც კანონით დადგენილი წესები ირღვევა, სხვადასხვა უბედურებებია მოსალოდნელი".

ამგვარად, ქრისტიანის გარეგნული ქცევა რაღაც უმნიშვნელო და უსარგებლო როდია. "მცირედისადმი უყურადღებობისაგან ადვილად გადავდივართ ჯერ ყველაზე მნიშვენლოვანისა და ბოლოს, ყველაფრის არად ჩაგდებაზე" (ეპისკ. ეგნატე). ეს სიტყვები სავსებით შეეფერება ქრისტიანის ქცევას ტაძარში, კერძოდ, საზოგადო ლოცვაში მის მონაწილეობას, რაც გარეგნულად პირჯვრისწერაა და მეტანიებში გამოიხატება.

მართლმადიდებელი ეკლესიის ტიპიკონი ითვალისწინებს პირჯვრისწერის წესებს მეტანიის გარეშე და მცირე ან სრული მეტანიით. მოკლედ გადმოვცემთ ამ წესებს.

1. პირჯვრის გამოსახვა საჭიროა:

საღმრთო წერილის კითხვის დასაწყისსა და დასასრულს; ტროპარის ან ფსალმუნის კითხვისა თუ გალობის დასაწყისში; ექვსფსალმუნების შუაში "ალელუიას" დროს; სარწმუნოების სიმბოლოს (მრწამსის) კითხვისა თუ გალობისას სიტყვებზე: "მრწამს", "და ერთი უფალი იესო ქრისტე", "და სული წმიდა", განტევებისას" "ქრისტემან, ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩვენმან", "ძალითა პატიოსნისა და ცხოველისმყოფელისა ჯუარისათა", დღის წმინდანების მოხსენებისას და დიაკვნის ვედრებისას: "აცხოვნე, უფალო".

"ქრისტიანებისათვის ჯვარი უდიდესი ძალა და დიდებაა, რადგანაც მთელი ჩვენი ძალა ჯვარცმული ქრისტეს ძალაშია, ხოლო მთელი ჩვენი დიდება "ქრისტეს სიმდაბლეში" (ღირსი სვიმეონ ახალი ღმრთისმეტყველი). "ყოველთვის ჯვარით დაიბეჭდე თავი და ბოროტი ვერ შეეხება შენს სულს. ფარის ნაცვალდ პატიოსანი ჯვარით აღიჭურვე, ყოველი შენი ასო და თვით გული ამ მძლავრი იარაღით დაიცავი, და თუ ამას შეასრულებ, მაშინ ვერავინ ვერაფერს გავნებს" (ღირსი ეფრემ ასური). პირჯვარი ასე გამოვისახოთ: მარჯვენა ხელის პირველი სამი თითი შევაერთოთ იმის ნიშნად, რომ ღმერთი არის ერთი და თანსწორპატიოსანი სამება, ორი თითი კი ხელისგულთან მივიტანოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ იესო ქრისტე არა მარტო ღმერთია, არამედ კაციც. ერთად შეკრული სამი თითი მიგვაქვს ჯერ შუბლთან (რათა უფალმა გაანათლოს ჩვენი გონება, თან გულში ვამბობთ: "სახელითა მამისათა"), შემდეგ გულთან (რათა უფალმა განწმინდოს ჩვენი გული და გრძნობები და ვამბობთ: "და ძისითა"), და ბოლოს მარჯვენა და მარცხენა მხართან ჩვენს საქმეთა საკურთხებლად (ვამბობთ: "და სულისა წმიდისათა, ამინ").

2. პირჯვრისწერას თან ახლავს მცირე მეტანია:

კვერექსის ყოველი თხოვნისას; მღვდლის ან მედავითნის სიტყვებზე, როდესაც იგი დიდებას აღუვლენს ღმერთს; როდესაც გალობენ ან კითხულობენ "მოვედით, თაყვანის-ვსცეთ"-ს,"წმიდაო ღმერთო"-ს, "ალელუიას"-ს, დავითნის ყოველი "დიდების" ბოლოს და ჟამნობისას ფსალმუნების შემდეგ; სტიქარონის, ტროპარის ან ფსალმუნის გალობის დასასრულს; ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სახელის ხსენებისას; როდესაც აღევლინება ვედრება "აცხოვნე, უფალო"; ცისკარზე ღმრთისმშობლის საგალობლის გალობის დროს ყოველი ჩასართავის შემდეგ; სადიდებლის გალობის დროს; განტევებისას; "მრწამსის" დასასრულს; წირვის ასამაღლებლებზე: "ვსდგეთ კეთილად", "ძლევისა გალობისა", "მიიღეთ და ჭამეთ", "სუთ ამისაგან", "შენნი, შენთაგან"; ასამაღლებლებზე: "უფლისა მიმართ ვილოცოთ" და "წმიდისია მიმართ ვილოცოთ", რომლებიც რაიმე ვედრებას უძღვიან წინ.

წმ. სახარებაზე, ჯვარზე, წმ. ნაწილებსა და ხატებზე მთხვევისას აუჩქარებლად უნდა მივიდეთ, ორი მეტანია მანამდე შევასრულოთ და ერთი მის შემდეგ, რაც ვემთხვევით სიწმინდეს.

ტაძარში ერთი მხრიდან მეორისკენ გავლისას პირჯვარს ვიწერთ და მცირე მეტანიას ვასრულებთ აღსავლის კარის წინაშე. ეკლესიის წესდება მკაცრად მოითხოვს, რომ ტაძარში მეტანია გულმოდგინედ, აუჩქარებლად და თავის დროზე კეთდებოდეს. მეტანიები და მუხლმოდრეკა უნდა შევასრულოთ კვერექსის ყოველი მოკლე თხოვნის ან ლოცვის შემდეგ და არა მისი გალობისა თუ კითხვისას. არ შეიძლება პიჯვრისწერისა და მეტანისს ერთდროულად შესრულება (ჯერ პირჯვარს ვიწერთ და მერე მეტანიას ვასრულებთ).

3. თავს ვიდრეკთ პირჯვრის გამოსახვის გარეშე მღვდლის ასამაღლებლის დროს:

"მშვიდობა ყოველთა", "კურთხევა უფლისა თქუენ ზედა", "მადლი უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი თქვენ ყოველთა ზედა", "და იყუნენ წყალობანი დიდისა ღმრთისა... თქვენ ყოველთა ზედა", აგრეთვე დიაკვნის სიტყვებზე: "და უკუნითი უკუნისამდე" -"წმიდაო ღმერთო"-ს წინ.

არ არის საჭირო ხელისგულების შეტყუპება და, მით უმეტეს, მათი კოცნა, როდესაც ტაძარში მღვდელი ხალხს აკურთხებს. არ არის საჭირო პირჯვრის გამოსახვა ფსალმუნებისა და სტიქარონების კითხვისას, პირჯვარს არ იწერენ მგალობლები გალობის დროს - მათ ეს გალობის წინ ან მის შემდეგ უნდა გააკეთონ. არ არის საჭირო პირჯვრის გადაწერა ბარძიმთან მისვლისას, რათა შემთხვევით ხელი არ ვკრათ მას; ხელები გულზე უნდა გვქონდეს დაკრეფილი ჯვარედინად მარჯვენა ხელი მარცხენის ზემოთ. ზიარების შემდეგ აუჩქარებლად, მოწიწებით ვემთხვიოთ ბარძიმის კიდეს და მდუღარების მიღებამდე ნურც პირჯვარს გადავიწერთ, ნურც მეტანიას შევასრულებთ.

ღმრთისმსახურების დროს თავს ვიდრეკთ წმ. სახარების კითხვისას და დიდ შესვლაზე. დიდ შესვლის დროს სიტყვებზე: "თქვენ და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი მოგიხსენოთ უფალმა ღმერთმან სასუფეველსა თვისსა" თავს ვიდრეკთ დ ვამბობთ: "მღვდლობა (ან დეკანოზობა, მღვდელმონაზვნობა, იღუმენობა, არქიმანდრიტობა, მღვდელმთავრობა) შენი მოიხსენოს უფალმა ღმერთმა სასუფეველსა თვისსა".

4. პირჯვრის გამოსახვას თან ახლავს მუხლმოდრეკა

(გარდა ქვემოთ მითითებული განსაკუთრებული დღეებისა):

წირვის ასამაღლებელზე: "ჰმადლობდეთ უფალსა"; წმ, საიდუმლოთა გარდაქცევის დროს -"შენ გიგალობთ"-ის ბოლოს; "ღირს არს"-ის ან მისი წილი საგალობლის შემდეგ: "მამაო ჩვენო"-ს გალობის დროს (კვირა დღეებისა და დიდი დღესასწაულების გარდა), წმ. საიდუმლოთა პირველი და მეორე გამობრძანებისას ზიარებისათვის და მის შემდეგ. ვინც ეზიარა, წმ. საიდუმლოთა მეორე გამობრძანებისას მცირე მეტანიას ასრულებს; ვისაც ამ დროს მდუღარება ჯერ კიდევ არ მიუღია, ის პირით ბარძიმისაკენ მიბრუნდება და ამით გამოხატავს თავის მოწიწებას.

არ იკრძალება დიდი მეტანიის შესრულება ასამაღლებლზე "წმიდა წმიდათა".

დიდმარხვის დროს ტიპიკონის, ჟამნისა და ტრიოდიონის (მარხვანის) მითითებით დიდი მეტანიები სრულდება:

საცისკრო კანონების კითხვისას -სამი მეტანია (ჟამნებისა და მწუხრის კანონებზე -მცირე მეტანიები); ცისკარზე - ღმრთისმშობლის საგალობლის ყოველ ჩასართავზე, "ღირს არსზე"; დიდი სერობის დროს ასამაღლებელზე "ყოვლად წმიდაო ღმრთისმშობელო" და მის შემდგომ მუხლებზე; მწუხრზე და ჟამნობისას სინანულის ტროპარების გალობის დროს -თითო მეტანია, სადილის ჟამნის დროს სიტყვების - "მომიხსენენ ჩუენ, უფალო" - ბოლოს სამი მეტანია; დიდი მეტანიები სრულდება აგრეთვე ეფრემ ასურის ლოცვის დროს.

პარასკევის მწუხრიდან კვირის მწუხრამდე დიდმარხვის მეტანიები უქმნდება. ტიპიკონით იკრძალება მუხლმოდრეკა კვირა დღეებში, ქრისტესშობის წინადღესასსწაულიდან ნათლისღების წარგზავნამდე, ვნების შვიდეულის ხუთშაბათის ცისკრიდან (წმ. გარდამოხსნის წინაშე მუხლის მოყრის გარდა) სულთმოფენობის მწუხრამდე, როდესაც მუხლმოდრეკის განსაკუთრებული ლოცვები იკითხება; ყველა ათორმეტთაგან დღესასწაულზე მათ წარგზავნამდე (ჯვართამაღლების დღესასწაულის გარდა, როდესაც თაყვანს ვცემთ პატიოსან ჯვარს), აგრეთვე იმ დღეს, როდესაც უფლის წმიდა საიდუმლოებებს ვეზიარეთ. მეტანიები წყდება მწუხრზე, შესვლისას, სადღესასწაულო ღამისთევის ლოცვაზე და განახლდება თვითონ დღესასწაულის დღეს, მწუხრზე - "და ღირს მყუენ"-ის შემდეგ. საეკლესიო ტიპიკონი კრძალავს საზოგადო ღმრთისმსახურების დროს დაწესებულის გარდა სხვა განსაკუთრებული მეტანიების შესრულებას, აგრეთვე დიდხანს მუხლებზე დგომას, რაც ხელს უშლის ღმრთისმსახურების წესსა და მიმდინარეობას. თუ ტაძარში სივიწროვეა, უმჯობესია დაწესებული მეტანიებიც არ შევასრულოთ, რათა ჩვენს გვერდით მდგომთა ლოცვითი განწყობა არ დავარღვიოთ.

მართლმადიდებელი ქრისტიანები ტაძარში შესვლისას ტრადიციულად გუნებაში ან ძალიან ხმადაბლა კითხულობენ ფსალმუნის სიტყვებს "შევიდე სახლსა შენსა" (ფსლამ. 5,8-9), შემდეგ 50-ე და 90-ე ფსალმუნებს. მორწმუნე ეკლესიაში ნელა, უხმაუროდ, მოწიწებით უნდა შედიოდეს, რადგანაც ტაძარი ღმერთის სახლია, ზეციური მეუფის სამყოფელი. ხმაური, სიცილი და ლაპარაკი შეურაცყოფს ტაძრის სიწმინდეს და მასში დამკვიდრებულ ღმერთს. ტაძარში შესვლისას კარებთან უნდა შეჩერდე, შეასრულო სამი მეტანია და თქვა: "ღმერთო, მილხინე მე ცოდვლისა ამას" (მეტანია), "ღმერთო, განმწმინდე მე ცოდვილი და შემიწყალე" (მეტანია), "რომელმან შემქმენ, უფალო, მიწყალე მე" (მეტანია). შემდეგ ტაძრის ორივე მხარეს მცირე მეტანია შეასრულე შენამდე მოსულე ხალხის წინაშე. სამი მცირე მეტანიის შესრულების შემდეგ ლოცვითურთ: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი" მოწიწებითა და ღმრთის შიშით მიაპყარი ყური დაწყებულ ღმრთისმსახურებას.

ასეთივე ლოცვები და მეტანიები დაწესებული განტევებისას, ანუ ღმრთისმსახურების დასრულების შემდეგ.

(თარგმნა რუსუდან ბუაჩიძემ)

მადლობის შეწირვა

სახარებეში აღწერილია სასწაული ათი კეთროვანის განკურნებისა, რომელთაგან მხოლოდ ერთი, ისიც - არაებრაელი მობრუნდა მადლობის სათქმელად (ლუკა 17.11-16).

"მიუგო იესომ მა უთხრა მას: განა ათივე არ განიკურნე, სადღა არიან ცხრანი? Aრც ერთი არ მობრუნებულა ღმერთის სამადლობლად, ამ უცხოთესლის გარდა. და უთხრა მას: ადექი და წადი! შენმა რწმენამ გადაგარჩინა" (ლუკა 17.17-19).

ნებისმიერი საქმის დამთავრებისას, იქნება ის სულიერი თუ ფიზიკური, ღმერთს უნდა შევწიროთ მადლობა. აგრეთვე, უნდა ვმადლობდეთ იმ ადამიანებსაც, რომელთა მეშვეობითაც უფალმა წყალობა მოგვმადლა.

ჩვენი მადლობა შეიძლება გამოიხატოს ამა თუ იმ ფორმით

1. სამადლობელო ლოცვა

მადლობის ნიშნად, ღმრთისადმი, ან ამა თუ იმ წმინდანისადმი შეგვიძლია აღვავლინოთ ლოცვა. ეს შეიძლება იყოს პარაკლისი (ერისკაცს უფლება აქვს წაიკითხოს პარაკლისი თავისი სახარებით, გარდა მღვდლის ჩასართავებისა), დაუჯდომელი, ფსალმუნები ან სხვა ლოცვები, სურვილისამებრ. მაგალითად, ზიარების შემდეგ ჩვენ ყოველთვის ვკითხულობთ სამადლობელ ლოცვას, ხანგრძლივობა და რაოდენობა ლოცვებისა თითოეულ შემთხვევაში უნდა დაადგინოს თვითონ მორწმუნემ მოძღვრის დახმარებით.

2. მოწყალების საქმე

მადლიერებით აღვსილმა ადამიანმა ღმერთს შეიძლება მიუძღვნას გარკვეული ნაწილი თავისი შრომისა; მაგალითად, დაალაგოს ტაძარი, დაასუფთავოს შანდლები, დაწმინდოს ხატები (ცხადია, დამლაგებელთან შეთანხმებით); ან მიეხმაროს სხვა ადამიანებს, განსაკუთრებით გლახაკებსა და გაჭირვებულებს, რომლებიც ღმერთის უშუალო მფარველობის ქვეშ იმყოფებიან.

3. შესაწირავი

მადლობის გამოსახატავად ღმერთს შეგვიძლია შევწიროთ ჩვენი შრომის ნაყოფიც. ეს შეიძლება იყოს ეკლესიის ინვენტარი, დაწყებული მოსახსენებელი სახელების ჩამოსაწერი სულ უბრალო კალმისტრითა და მცირე ზომის ფურცლებით და დამთავრებული საეკლესიო ნივთებითა თუ რელიქვიებით, ბევრ ოჯახში რომ ინახება. ეს შეიძლება იყოს პროდუქტი, რომელიც გამოიყენება ღვთისმსახურებისას: ხორბალი, ღვინო და ზეთი, აგრეთვე ცვილი, - სანთლის დასამზადებლად, ან უკვე მზა სანთელი ღმრთისმსახურებაში გამოსაყენებლად. აგრეთვე, ნებისმიერი სხვა პროდუქტი თუ დამზადებული საჭმელი (განსაკუთრებით დიდი მადლია ამის შეწირვა მონასტერში).

დანთებული სანთელიც შესაწირავია, აგრეთვე, "საღმრთო" ანუ საკლავიც, მაგრამ მათ ცალკე განვიხილავთ. და ბოლოს, ღმერთსა და მის ეკლესიას შეგვიძლია შევწიროთ თანხაც - სხვადასხვა საჭიროებისათვის. ეკლესიებში დგას სალაროები. ზოგი მათგანი ტაძრის შესაკეთებლადაა განკუთვნილი, ზოგი - ეკლესიის ხარჯებისათვის, ზოგი გაჭირვებულთა თუ მრავალშვილიანთა დასახმარებლად, ზოგი - მოძღვრის პირადი საჭიროებისათვის.

ყოველივე ზემოთჩამოთვლილის აღსრულება მორწმუნე ადამიანის ცხოვრების ყოველდღიურ ყოფას უნდა შეადგენდეს. ყოველი ქრისტიანი ვალდებულია თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს ასრულებდეს; მისი ყოველი საქმე, ყოველი წუთი, ყოველი ფიქრი და სუნთქვა ღმერთს უნდა ეკუთვნოდეს. მაგრამ ჩვენი უძლურების, ჩვენი დაცემული ბუნების გამო იძულებულნი ვართ, საკუთარ თავს სიკეთის ქმნის გარკვეული ნორმა დავუდგინოთ; მადლობის ნიშნად კი ადამიანმა დამატებით უნდა იღვაწოს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მადლობა უნდა გადავუხადოთ იმ ადამიანებსაც, ვინც უშუალოდ გაგვიკეთა სიკეთე. შეიძლება ვილოცოთ მათთვის, ან მათ სახელზე გავაკეთოთ კეთილი საქმე, ან შევწიროთ ღმერთს ჩვენი შრომა თუ შრომის ნაყოფი, ან მოვნახოთ ფორმა მათი სიკეთის მატერიალური ანაზღაურებისათვის. მადლობის გადახდა ორივე მხარეს ახალი სიკეთის ქმნის ძალას აძლევს, მაგრამ, გარკვეულ შემთხვევაში; მადლობა შეიძლება დაფარულიც იყოს, ამიტომ, როდესაც ჩვენ ვაკეთებთ სიკეთეს, მადლობა არ უნდა ვითხოვოთ და თუ იგი ადამიანისაგან მოგვაკლდება, ღმერთი ბევრად მეტს მოგვცემს.

4. როგორ გადავუხადოთ მადლობა ღმრთისმსახურს

მადლობის შეწირვას უკავშირდება საჭირბოროტო საკითხი მღვდელმოქმედების ანაზღაურების შესახებ. ხშირად ისმის კითხვა: სწორია თუ არა საეკლესიო წესის აღსრულებაში სასყიდლის დადგინება?

როდესაც მაცხოვარმა თავის მოწაფეებს სასწაულმოქმედების უნარი მიანიჭა, უთხრა: "უსასყიდლოდ მიგიღებიეს, უსასყიდლოდ მისცემდით", რაც იმას ნიშნავდა, რომ მათ თავიანთი მსახურების სანაცვლოდ სასყიდელი არ უნდა მოეთხოვათ, ან არ უნდა გამოეძალათ. ამის მსგავსად, ქრისტიანული მორალით, მისი უმაღლესი პოზიციიდან, არათუ ღმრთისმსახურებმა, არამედ საერთოდ, მორწმუნე ადამიანმაც კი, თავისი ფიზიკური, გონებრივი თუ სულიერი შრომისათვის სასყიდელი არ უნდა გამოითხოვოს; მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ გაწეული შრომის სანაცვლოდ შემოთავაზებული საზღაურის მღება ამორალური საქციელია, იქნება ეს შრომა ფიზიკური, გონებრივი თუ სულიერი. ზემომოყვანილი სიტყვების შემდეგ მაცხოვარი ასე ამბობს:

"რამეთუ ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თვისისა". ეს სიტყვები მოციქულების მიმართ იყო ნათქვამი და, პირველ რიგში, ღმრთისმსახურის შრომას გულისხმობდა. საზოგადოებაში შრომის ანაზღაურების დადგენილი სისტემა მოქმედებს, ადამიანს ეძლევა ხელფასი და ეს არც არავის აკვირვებს და არც არავის ეჩოთირება. ღმრთისმსახურისათვის კი, რომლის სულიერი შრომა არანაირ ფიზიკურ თუ გონებრივ შრომაზე მსუბუქი არაა, დაწესებული ხელფასი არ არსებობს და მისი ერთადერთი შემოსავალი ჩვენს მიერ გაღებული შეწირულობაა. ასე რომ, თუ ზემოთ დასმულ კითხვას დავუბრუნდებით მღვდელმოქმედების ანაზღაურების შესახებ, ჩვენ არათუ უფლება გვაქვს, არამედ ვალდებულნიც კი ვართ, ჩვენთვის გაწეული დიდი სულიერი შრომის სანაცვლოდ ამა თუ იმ ფორმით გავიღოთ ჩვენი მცირედი ძღვენი. და თუ ეკლესიაში დღეს ყველაფერი რიგზე არაა და სამწუხაროდ, ხშირად დარღვევასაც ვხვდებით, ამის მიზეზი, უპირველესად, საკუთარ თავში, ღმრთისაგან ჩვენს განდგომილებაში უნდა ვეძიოთ და განკითხვის ნაცვლად, რომელიც იმავე ცოდვის განმეორებაზე უარესია, რეალური გამოსავალი ვეძიოთ; იმაზე ვიფიქროდ, ეკლესიის დაწყლულებული სხეულის აღსადგენად რა უნდა იღონოს თითოეულმა ჩვენგანმა. ღმერთმა მოგვცეს ამისი ძალა! ამინ.

5. "საღმრთო"

მიცვალებულის სულის მოსახსენებლად თუ ცოცხალი ადამიანის ჯანმრთელობის გამოსათხოვად საქართველოში დღემდე შემორჩენილია შესაწირავის კიდევ ერთი ფორმა: საკლავის, ანუ "საღმრთოს" დაკვლა. ეს ტრადიცია უხსოვარი დროიდან მოდის.

ბიბლიაში მოხსენებული პირველი მსხვერპლი, რომელიც ადამიანმა ღმერთს შესწირა, იყო ადამის შვილის, მართალი აბელის მიერ დაკლული საკლავი. ძველი აღთქმის ეკლესიაში ღმრთისმსახურების ასეთი ფორმა მღვდელმოქმედების საყრდენს შეადგენდა, მსხვერპლშეწირვას რიტუალური მნიშვნელობა ჰქონდა: დაკლული ცხოველის სისხლის პკურებით ისრაელს მიეტევებოდა ცოდვები. უკანასკნელი ზვარაკი კი, რომელიც ღმრთისათვის დაიკლა და თავისი სისხლით ჩვენი ცოდვები განწმინდა, იყო თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე. აქედან მოყოლებული, ქრისტიანული ეკლესია ღმერთს უსისხლო მსხვერპლს სწირავს - პურსა და ღვინოს, რომელიც საღმრთო ლიტურგიის დროს, ანუ წირვის დროს გადაიქცევა იესო ქრისტეს სისხლად და ხორცად, რომელსაც ეზიარებიან მორწმუნენი, საკლავის მსხვერპლად შეწირვა, დამახინჯებული ფორმით, დამახასიათებელი იყო აგრეთვე, წარმართული კერპთმსახურებისთვისაც, როდესაც მსხვერპლად იწირებოდა არა მარტო ცხოველი, არამედ ადამიანიც.

როდესაც ქრისტიანულმა ეკლესიამ დამკვიდრება დაიწყო, იუდაიზმიდან თუ წარმართობიდან მომდინარე ბევრ ტრადიციას ბრძოლა გამოუცხადა, ზოგს კი, რომელიც თავისი ფორმით ქრისტიანობას არ ეწინააღმდეგებოდა, ახალი შინაარსი მიანიჭა. ამით აიხსნება სწორედ, რომ საქართველოში დღემდე არსებობს ჩვეულება "საღმრთოს" დაკვლისა.

ისტორიულად, ქრისტიანობის დამკვიდრების შემდეგ, საკლავის ეკლესიაში მიყვანა და იქ დაკვლა გამართლებული იყო იმით, რომ ხალხი სალოცავებში შორეული სოფლებიდან მოდიოდა, გამზადებული საჭმელი კი წასაღებად მოუხერხებელი იყო. საკლავი იკვლებოდა ეზოს გარეთ, მოშორებულ ადგილას, წირვის შემდეგ, როდესაც გახსნილდებოდა, და არა ღამით, როდესაც ეს დღე ხდება, რამეთუ ჩვენი წინაპრები დღესასწაულის წინ ინახავდნენ მარხვას და ეზიარებოდნენ (რაც გულისხმობდა წინა ღამეს უჭმელ-უსმელობას), დაკლულის დიდ ნაწილს კი გლახაკებს და ქვრივ-ობლებს უნაწილებდნენ.

ასე რომ, "საღამოს დაკვლა" ადრე მხოლოდ მოწყალების ხასიათს ატარებდა. დღეს იგი, გამოვლილი 70-წლიანი ძნელბედობისა და განურჩევლობის შემდეგ, სამწუხაროდ, ხშირად მსხვერპლშეწირვის ხასიათსაც ატარებს და თვითმიზნადაა ქცეული.

საკლავის დაკვლა ხდება ხოლმე ეკლესიის ეზოში, სისხლით ისვრება ტაძარი, დატოვებული ნარჩენებიც იქვე ლპება, ეწყობა ღრეობები. ასეთი საქციელი ღმრთისათვისაც საძაგელია და ადამიანურადაც ყოვლად გაუმართლებელი.

მიუხედავად ამისა, თანამედროვე პირობებში, ისევე, როგორც ძველად, საქართველოში ქრისტიანობის დამკვიდრების პირველ წლებშია, ამ ტრადიციას კვლავ შეგვიძლია ქრისტიანული შინაარსი მივანიჭოთ, რომლის თანახმად ჩვენ ღმერთს საკლავს ვწირავთ არა რიტუალური, ე.ი. საკლავის სისხლის ცოდვათაგან განწმედის მიზნით, არამედ მოწყალების საქმის აზრით. ასეთი ფორმით ადამიანი გასცემს თავის მონაგარს: სწირავს ეკლესიას ან უპატრონოთა სახლს, უმასპინძლდება გლახაკებს თუ ახლობლებს.

პრაქტიკულად, აღთქმული ცხოველი თუ ფრინველი შეგვიძლია მივიყვანოთ ეკლესიაში და ეზოში გავუშვათ, ფურცელზე დაწერილი შემომწირველის სახელი კი ლოცვაში მოსახსენებლად მღვდელს, ან ეკლესიის მსახურს დავუტოვოთ. შეიძლება საკლავი სახლშივე გამზადდესდა შემდეგ შემოიწიროს, ან შემოიწიროს მისი ღირებულება. გარდა ეკლესიისა, საჭმელად მომზადებული "საღმრთო", თუ მისი ღირებულება, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, შეიძლება შევწიროთ უპატრონოთა თავშესაფარსაც.

6. სანთელი

"არა აღანთიან სანთელი და დასდგიან ქუეშე ხვიმრსა (ანუ საწყაოს, ჭურჭელსა), არამედ სასანთლესა ზედა და ჰნათობნ იგი ყოველთა, რომელნი იყუნიან სახლსა შინა. ესრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქვენი წინაშე კაცთა, რათა იხილნენ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა" - ბრძანებს სახარება. ლოცვის დროს, სადღესასწაულო სუფრაზე, ან გაჭირვებულის სახლში, შეიძლება ავანთოთ სანთელი. სანთელს რამდენიმე სიმბოლური მნიშვნელობა აქვს:

ვიხდით რა მის შესაძენ საფასურს (თუ თვითონ ვამზადებთ), გამოვხატავთ ნებაყოფლობით მზადყოფნას შევწიროთ ჩვენი შრომის გარკვეული ნაწილი ღმერთს და მის საყდარს.

ხატის წინ დანთებული სანთელი ღმრთისადმი სითბოსა და ცეცხლოვანი სიყვარულის სიმბოლოა; ეს არის გამოხატულება რწმენისა და წმინდანების სახელზე აღვლენილი სავედრებელი ლოცვისა.

ცვილის სირბილე და მოქნილობა სინანულის, ღმრთისადმი მორჩილების მზადყოფნის ფორმაა, ხოლო სანთლის სისუფთავე კი მის შემომწირველის სისუფთავისა და წაუბილწველობის გამომხატველია.

სასნთლე ცვილს ფუტკარი სხვადასხვა სახის ყვავილებისა და მცენარეებისაგან ამზადებს, რაც სიმბოლურად გამოხატავს ყველა მორწმუნე ადამიანის ერთ ეკლესიად შეკრებასა და ღმრთაებრივ ცეცხლად ანთებას, აგრეთვე ყველა ქმნილების მიერ ღმრთისადმი მიძღვნილ ძღვენს.

ანთებული სანთელი მიწიერი ადამიანის ახალ ქმნილებად გარდაქმნის სიმბოლოა ღმრთის სიყვარულისა და მისი უსაზღვრო მადლის მეშვეობით. ადამიანის ამქვეყნიური სიცოცხლეც უნდა წააგავდეს ანთებულ სანთელს, რომელიც თვითონ იწვის და სხვას გზას უნათებს.

სანთელი სიმხურვალის გამო დნება და იკარგება. ასე იფერფლება ჩვენი მიწიერი ცხოვრებაც ჟამთა სიავის გამო. ზოგიერთი ჩვენგანის ცხოვრება უკვალოდ ქრება, ზოგიერთისა კი - ანათებს, სითბოს იძლევა და ცამდე მაღლდება, სადაც ჭეშმარიტი სიმდიდრე ელოდება თავის მფლობელს. ანთებულ სანთელს უნდა ბაძავდეს ყველა მორწმუნე. მისი ყველა ფიქრი, სიტყვა და საქმე გამოტანილ უნდა იყოს სააშკარაოდ წინაშე ღმრთისა და უნდა ეძღვნებოდეს მხოლოდ მას.

და ბოლოს, ანთებული სანთელი სიმბოლოა ჯოჯოხეთზე გამარჯვებული ეკლესიისა, მისი მარადიული ზეიმისა. ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო და ყოველნი ქართველნი და მოგვანიჭოს მადლი და ძალა, რათა თითოეულმა ჩვენთაგანმა აღასრულოს წესი ქრისტიანის ცხოვრებისა, ამინ.

(ცაგერისა და სვანეთის ეპისკოპოსი ნიკოლოზი. წესი ქრისტიანის ცხოვრებისა. გამომცემლობა "კანდელი", 1997)

ქრისტიანის გარეგნობა

1. სამკერდე ჯვარი

ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანი უნდა ატარებდეს კისერზე დაკიდებულ სამკერდე ჯვარს, რომელსაც არასდროს არ უნდა იხსნიდეს (არც ძილის წინ, არც სააბაზანო ოთახში). ეს არის ნიშანი ქრისტიანობისა. ჯვარი უნდა იყოს ნაკურთხი მფლობელის სახელზე; ნაკურთხი ჯვარი მის მფლობელს ხილული და უხილავი მტრებისაგან იცავს. იგი შეიძლება დამზადებული იყოს ხისაგან (ბზა, კვიპაროსი, მუხა, ვაზი და სხვა); ლითონისაგან (ოქრო, ვერცხლი, სპილენძი, თითბერი, რკინა, ალუმინი და სხვა), აგრეთვე პლასტმასისაგან.

ჯვარი შეიძლება იყოს მაცხოვრის ჯვარცმის გამოსახულებით, შეიძლება იყოს სადა, მაგრამ თუ ჯვარი გამოსახულებიანია, იგი შესრულებული უნდა იყოს კანონიკურად, ხატწერის წესების დაცვით. (მაგალითად ფეხები გადაჯვარედინებული არ უნდა ჰქონდეს და სხვა). ამრიგად, კუსტარული წესით დამზადებული ჯვრის შეძენა გაუმართლებელია. დასაშვებია ძვირფასი და ნახევრადძვირფასი, აგრეთვე, ორნამენტებით გამშვენიერებული ჯვრის ტარებაც.

ნათლობის ჯვარი ქრისტიანისათვის განსაკუთრებულ სიწმინდეს წარმოადგენს, რომელსაც დიდი გაფრთხილება სჭირდება. ამიტომ მისი ყოველდღიური ტარება საფრთხილოა, გირჩევთ, რომ იგი შეინახოთ ოჯახში სიწმინდეებთან ერთად და გაიკეთოთ განსაკუთრებულ დღეებში: დიდ დღესასწაულებზე, - საზეიმო განწყობილების გამოსახატავად, ან მწუხარებაში, - ნუგეშისათვის. ჩვეულებრივ კი, ქრისტიანმა მის სახელზე ნაკურთხი სხვა ჯვარი უნდა ატაროს.

ჯვრის შეძენა შეიძლება ეკლესიაში; შეიძლება მისი ინდივიდუალური დამზადებაც მღვდლის ლოცვა-კურთხევით. სამკერდე ჯვარი უნდა ვატაროთ დაფარულად, ტანსაცმლის შიგნით, რაც სიმბოლოა იმისა, რომ ჩვენ ქრისტიანული სარწმუნოება გულში გვაქვს დამარხული. ჯვართან ერთად ქრისტიანმა შეიძლება ატაროს ნაკურთხი მედალიონიც მაცხოვრის, ღმრთისმშობლის ან სხვა წმიდანის გამოსახულებით. ჯვრის და მედალიონის სამკაულად ტარება გაუმართლებელია.

2. 90-ე ფსალმუნი

მეტად სასურველია ქრისტიანმა გულის ჯიბით ატაროს ქაღალდზე დაწერილი 90-ე ფსალმუნი - წმ. დავით წინასწარმეტყველის ფსალმუნთა წიგნიდან, როგორც ავგაროზი (ეს სიტყვა დაკავშირებულია ერთ-ერთი პირველი ქრისტიანი მეფის - აბგარის სახელთან, რომელსაც გადმოცემით, იესო ქრისტემ მფარველად გამოუგზავნა თავისი ხელთუქმნელი ხატი). ამ ფსალმუნს განსაკუთრებული ძალა აქვს და მიმართულია ხილული და უხილავი მტრების წინააღმდეგ. ადრე იგი ყველას დაჰქონდა, განსაკუთრებით ომში წასულ მებრძოლებს, რომელთაც დაღუპვის შემთხვევაში ხშირად გულზე უპოვიდნენ ხოლმე.

დღეისათვის, საქართველოში მცხოვრები ქრისტიანები, თან ვატარებთ მცირე ზომის "ლოცვანს", დღეში შვიდგზის ლოცვებით, რომლებშიც შედის 90-ე ფსალმუნიც (ლოცვა დღის 12 სთ-ზე). ამ ლოცვანს გულის ჯიბით ატარებს კათალიკოს-პატრიარქი ილია II.

3. თავსაბურავი

ქრისტიანული ტრადიციით, მამაკაცი (თუ სასულიერო პირი არაა) ტაძარში უნდა იდგეს თავმოხდილი, დედაკაცი კი (მიუხედავად ოჯახური მდგომარეობისა), თავდახურული.

სიმბოლურად ეს ნიშნავს, რომ კაცის თავი არის უფალი ღმერთი, ქალის თავი კი - მამაკაცი. ეკლესიის გარეთ ადრე ქალიც და მამაკაციც თავდახურული დადიოდა. დღეს, როდესაც საზოგადოებაში თავსაბურავის ტარება აღარაა მიღებული, ქალისათვის თავსაფრით სიარული გარკვეულ უხერხულობასთანაა დაკავშირებული, მაგრამ ტაძარში, განსაკუთრებით კი საიდუმლოებებში მონაწილეობისას, აუცილებელია.

4. ტანსაცმელი

ზომიერება, რომელიც ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია ქრისტიანის ცხოვრებისა, უნდა ვლინდებოდეს მის ჩაცმულობაშიც. თუ ერთის მხრივ, მიუღებელია გარეგნობისადმი გადაჭარბებული ყურადღების მიპყრობა, მეორეს მხრივ, არც დაუდევრობაა მოსაწონი. ადამიანი ხატია ღმრთისა და ამ ხატს მოვლა და შემკობა სჭირდება ჩვენგან; საეკლესიო ხატს შემკობა თავისთავად არ სჭირდება, მაგრამ ჩვენი დამოკიდებულების გამოსახატავად ვამკობთ ხოლმე სამკაულებითა და ყვავილებით. ამ აზრით, ქრისტიანისთვის სამკაულების ტარებაც დასაშვებია, ცხადია, ზომიერების ფარგლებში.

ზოგადად რაიმე ჩარჩოს დადგენა შეუძლებელია, მაგრამ ერთი კი შეიძლება ითქვას, რომ ქრისტიანი არ უნდა გამოირჩეოდეს არც განსაკუთრებულად ძვირფასი თუ ზომაზე მეტად გახსნილ-დამოკლებული ტანსაცმლით, და არც ხაზგასმულად ჯარისკაცული გარეგნობით. საერთოდ კი, სისუფთავე და სისადავე ყოველთვის, ყველა დროისა თუ საზოგადოების მოსაწონი თვისებები იყო.

საკვირაო წირვაზე ადამიანი უნდა ეცადოს, შესაძლებლობის ფარგლებში, განსხვავებულად, საზეიმოდ შეიმოსოს, რათა ჩვენს შინაგან სულიერ სადღესასწაულო განწყობას გარეგნობაც შეესაბამებოდეს. რაც შეეხება ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლის აღრევას, ეს შედეგია ემანსიპაციისა, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, ღრმადაა ჩვენს ცხოვრებაში შემოჭრილი და ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია უკანასკნელი დროისა. ტანსაცმლის აღრევას ქრისტიანი უნდა ერიდოს, განსაკუთრებით საზოგადოებასა და მით უმეტეს, ეკლესიაში.

5. პარფიუმერია და კოსმეტიკა

მოღვაწეობის მიზნით, ქრისტიანმა შეიძლება ყურადღება მოაკლოს თავის გარეგნობას, მაგრამ ამით სხვა არ უნდა შეწუხდეს. ასეთი დამოკიდებულება საკუთარი გარეგნობის მიმართ განმარტოებით მცხოვრები ადამიანისთვის უფროა გამართლებული, თუმცაღა აქაც ზომიერებაა საჭირო.

ერში მცხოვრებმა ქრისტიანმა კი სისუფთავეზეც უნდა იზრუნოს და გარეგნობაზეც. "ქრისტიანები ჩვეულებრივი ადამიანები არიან, - წერდა თავის დროზე მეგობარ დიოგნატეს II საუკუნეში მცხოვრები ქრისტიანი, - და არ განირჩევიან კაცთაგან არც ჩაცმულობით, არც ზნე-ჩვეულებებით, არც ყოფით, თუ დანარჩენი ცხოვრებით, ამასთან მოქალაქეობის საკვირველ და ჭეშმარიტად დაუჯერებელ წესს წარმოგვიჩენენ..."

ამავე აზრით, დასაშვებია კოსმეტიკის გამოყენებაც; ცხადია, გემოვნებით და ზომიერად. არსებობს გამოთქმა, რომ კოსმეტიკა მაშინ ალამაზებს ადამიანს, თუ იგი შეუმჩნეველია.

მაგრამ, მეორეს მხრივ, არის აზრი, რომ ღმერთის მიერ შექმნილ ადამიანს გალამაზება არ სჭირდება. ეს ნამდვილი სახეა. ამ შემთხვევაში მთავარი ისაა, თუ რატომ, რა აზრით მივმართავთ დამხმარე კოსმეტიკურ საშუალებებს. მაგალითად, შეიძლება ადამიანს სულიერად უჭირდეს და გარეგნული სისუფთავე თუ სიკოხტავე გარკვეულ ნუგეშს აძლევდეს.

6. თმის ვარცხნილობა

ჯერ კიდევ ასი წლის წინ, დღევანდელი მაქსიმალურად დამოუკიდებელი ვარცხნილობისაგან განსხვავებით ქრისტიანები ზომიერად გრძელ თმებს ატარებდნენ. ამასთან, თუ ქალისთვის თმების შეკვეცა არ იყო მიზანშეწონილი, მამაკაცისათვის, თუ ის სასულიერო პირი არ იყო, თმების შეუკვეცლობა არ შეიძლებოდა.

ყველა მართმადიდებელი ქრისტიანი მამაკაცი ატარებდა წვერს მსგავსად უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და მისთა მოწაფეთა, რომელნიც თავის მხრივ, აგრძელებდნენ უძველესი ბერების - ნაზორეველების ტრადიციას, რომელთაც თმის შეუკვეცელობის აღთქმა ჰქონდათ მიცემული.

დღეს ემანსიპაციის სულმა ამ საკითხშიც იჩინა თავი. ქალის თმის ვარცხნილობა იმდენად დაპატარავდა, რომ ხშირად მამაკაცისაზე მოკლეცაა; თავის მხრივ, მამაკაცმა თმები მოუშვა და წვერი გაიპარსა, რაც ადრე სასჯელის ერთ-ერთი ფორმა იყო. ამის გამო, ხშირად ქალის და მამაკაცის გარჩევა ძნელდება.

თმასა და წვერზე ამბობდნენ, რომ ეს მადლი იყო ღმრთის მიერ მოცემული (იმ აზრით, რომ მათი ტარება იყო სიკეთე და მათზე უარი არ უნდა გეთქვა, და არა იმ აზრით, თითქოს ვისაც თმა არ ამოსდიოდა, ან მოკლე წვერი ჰქონდა (მაგ.: წმ. იოანე ოქროპირს) ღმრთის მადლი აკლდა).

ქალის შესახებ წმ. მოციქული პავლე ამბობს, რომ გრძელი თმა დიდებაა ქალისა, რამეთუ იგი სამკაულად მიეცა მას.

ასე რომ, მიუხედავად გარკვეული დისკომფორტისა, რომელიც შეიძლება დღევანდელ საზოგადოებასთან შეხებისას წარმოიქმნას, ქრისტიანი უნდა ეცადოს ამ ძველი კეთილი წესის აღდგენას, როდესაც მამაკაცს თმა და წვერი ამშვენებდა, დედაკაცს კი - შეუკვეცელი ნაწნავი.

(ცაგერისა და სვანეთის ეპისკოპოსი ნიკოლოზი. წესი ქრისტიანის ცხოვრებისა. გამომცემლობა "კანდელი", 1997)

ბინა

1. ხატების კუთხე

ა) ადგილი ხატებისათვის

ყოველ ქრისტიანს სახლში მოწყობილი უნდა ჰქონდეს ხატების კუთხე. ყველაზე კარგია, თუ მათ ცალკე პატარა ოთახი გამოეყოფა (რაღა თქმა უნდა, თუ ბინა ამის საშუალებას იძლევა), ან ოთახის ნაწილი, ლოცვისათვის მოხერხებულ ადგილას. სასურველია, ეს არ იყოს ცოლ-ქმრის საძინებელი ოთახი, მაგრამ, თუ ბინაში სხვა საშუალება არ არის, შეიძლება საძინებელ ოთახშიც.

ხატები უნდა ეკიდოს აღმოსავლეთის კედელზე ან აღმოსავლეთის კუთხეში ისე, რომ ლოცვის დროს მლოცველი პირით აღმოსავლეთისაკენ იდგეს. ხატები ისეთ სიმაღლეზე უნდა ეკიდოს, რომ შესაძლებელი იყოს მათზე მთხვევა, ხატების წინ უნდა იყოს თავისუფალი ადგილი, მცირე ზომის მაინც, რომ მლოცველმა მათ წინაშე მუხლის მოყრა და თაყვანისცემა შეძლოს.

ბ) შედგენილობა

სასურველია ხატების კუთხე შემდეგი ხატებისაგან შედგებოდეს:

აუცილებელია:

ყოვლადწმიდა სამება, იესო ქრისტე, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, ჯვარცმა ან ჯვარი (ან ჯვარი ვაზისა).

სასურველია:

წმ. ნინო - ქართველთა განმანათლებელი;

წმ. გიორგი - მფარველი ჩვენი ერისა;

წმ. ნიკოლოზი - მფარველი ჩვენი ეკლესიისა.

აგრეთვე, ხატები ჩვენი ოჯახის წევრთა მფარველი წმინდანებისა.

ყოველ ხატს მორწმუნემ შესაფერი პატივი უნდა მიაგოს. მაგალითად, ლოცვისას წარმოთქვას თითოეული მათგანის ტროპარი, ან უბრალოდ თავისი სიტყვებით მიმართოს. მრავალრიცხოვანი წმინდანის (ან ხატის) მიმართ ასეთი სისტემეტური ვედრება შეიძლება მორწმუნეს თავდაპირველად გაუჭირდეს, ამიტომ არაა მიზანშეწონილი ხატების კუთხის გადატვირთვა.

უფრო უპრიანი იქნება, თუ გამოვყოფთ ცალკე თაროს, სადაც შევინახავთ ხატებს და სხვა სიწმინდეებს და მაშინ გამოვაბრძანებთ სალოცავ ადგილას, როდესაც თითოეული მათგანის დღესასწაული იქნება.

ხატების ქვემოთ მოსახერხებელია მცირე თაროს დამაგრება, რომელზეც დაიდგმება კანდელი, სანთელი და ამა თუ იმ დღესასწაულზე გამობრძანებული ხატი, აგრეთვე სხვადასხვა სიწმინდე. კანდელი შეიძლება იყოს დაკიდებული.

2. კანდელი

კანდელი არის ზეთიანი ჭურჭელი, რომელშიც ანთია ცეცხლი. იგი შედგება თვით ჭურჭლისა, ბამბის ფთილისა და უღელისაგან, რომელსაც უჭირავს ფთილი. ეკლესიაში კანდელისათვის სპეციალური ფორმის ჭურჭელი გამოიყენება. სახლში ეს შეიძლება იყოს მცირე ზომის ლამაზი ჭიქა, ფიალა და სხვა.

ფთილად კარგია ბამბის ძაფი, რომლითაც ეკლესიაში სანთლის კონებია შეკრული; გამოდგება აგრეთვე, ნებისმიერი ბამბის ძაფი მრავალწვერად შეერთებული; უღელი იყიდება ეკლესიაში. შეიძლება დამზადდეს თვითნაკეთიც, ალუმინის, სპილენძის ან სხვა მავთულისაგან.

კანდელში იხმარება ჩვეულებრივი მზესუმზირის ზეთი, განსაკუთრებით კარგად იწვის ზეითუნისა და სიმინდის ზეთი.

კანდელი უნდა აინთოს ლოცვის წინ. ამისათვის, გამოყოფილი უნდა იყოს ცალკე სანთელი: ასანთით აინთება სანთელი, სანთლით კანდელი. უშუალოდ ასანთით კანდელის ანთება არაა მიზანშეწონილი.

ანთებული კანდელი შეიძლება ენთოს მთელი დღე და მთელი ღამეც (ეგრეთ წოდებული "ჩაუქრობელი კანდელი"), როგორც სახე ღმრთისადმი ჩვენი მარადიული წვის და ლოცვისა, მაგრამ ამ შემთხვევაში დიდ სულიერ ძალისხმევასთან ერთად საჭიროა სიფრთხილეც, რათა ხატების კუთხეში ცეცხლი არ გაჩნდეს. ლოცვის დროს შეიძლება ავანთოთ სანთელიც.

3. ნაკურთხი წყლის, სეფისკვერისა და არტოსის ხმარების წესი

ა) ნაკურთხი წყალი

ყველა ქრისტიანულ ოჯახში უნდა ინახებოდეს ნაკურთხი წყალი, რომელიც გამოიყენება დასალევად და ოთახში სასხურებლად. ნაკურთხი წყალი შეიძლება მოვატანინოთ ეკლესიიდან, თუ სისტემეტურად ამის გაკეთება საძნელოა, შეიძლება მასში გადავურიოთ უბრალო წყალი და ამგვარად გავამრავლოთ.

ნაკურთხი წყალი უნდა ინახებოდეს მისთვის განკუთვნილ ჭურჭელში, დასალევად გამოყოფილი უნდა იყოს, აგრეთვე, მცირე ზომის ჭიქაც. ნაკურთხი წყალი უნდა მოვასხათ ოთახებში, ყველა სათავსოში. სხურება შეიძლება ხელით, ან, თუ მხოლოდ ამ მიზნისათვის გამოვიყენებთ, რაიმე მაშხეფებელი ხელსაწყოთი. ნაკურთხი წყალი არ იხრწნება, მორწმუნეები, როგორც სიწმინდეს, წლობით ინახავენ მას, რაშიც თითოეულ ჩვენგანს შეუძლია დარწმუნდეს; მაგრამ, თუ ნაკურთხ წყალს უდიერად მოვეპყრობით, ის შეიძლება გაიხრწნას კიდეც. ამის გამო იგი სუფთად უნდა შევინახოთ. ნაკურთხი წყლის მარაგს არ უნდა შეეხოს უცხო სხეული, არამედ მხოლოდ მისთვის გამოყოფილი ჭურჭელი (მაგალითად, დაუშვებელია წყალში ხელის ჩაყოფა, ან მის ბოთლიდან შესმა).

ბ) სეფისკვერი

სასურველია მორწმუნეს სახლში მუდამ ჰქონდეს ნაკვეთი სეფისკვერი. როდესაც წირვაზე შევაგზავნით სეფისკვერს (ამის შემდეგ იხილეთ ზემოთ მიცვალებულთა მოხსენიება ლოცვის დროს), იგი იკვეთება მოხსენიებულისა და მომხსენებლის სახელზე; წირვის შემდეგ კი ნაკვეთი სეფისკვერები ურიგდება მორწმუნეებს, როგორც ევლოგია (ბერძნ. კურთხევა). ნაწილი შეიძლება იქვე მივიღოთ, თუ უზმოზე ვართ (სასურველია წირვაზე უზმოთ მივიდეთ), ნაწილი კი შეიძლება სახლში წამოვიღოთ, მცირე ნაწილებად დავჭრათ და ყოველ დილით საუზმემდე ნაკურთხ წყალთან ერთად მივიღოთ ჩვენ და ჩვენმა ოჯახის წევრებმა.

სეფისკვერი უნდა ინახებოდეს მისთვის გამოყოფილ ჭურჭელში ან ყუთში.

გ) არტოსი

აღდგომის სადღესასწაულო დღეებში პირველი ერთი კვირის, ბრწყინვალე შვიდეულის, განმავლობაში საკურთხეველში შესასვლელ სამეუფო კარებთან პატარა მაგიდაზე დევს არტოსი (ბერძნ. პური).

ეს არის სპეციალურად გამომცხვარი რამდენიმე პური, რომელიც ბრწყინვალე შვიდეულის ბოლოს მცირე ნაწილებად იჭრება და აღდგომის სწორზე - კვირაცხოვლობას, წირვის შემდეგ, მორწმუნეებს ურიგდება.

არტოსი წმინდა პურია, რომელიც, როგორც დიდი სიწმინდე, ცალკე სათუთად უნდა უნდა შევინახოთ და განსაკუთრებულ შემთხვევებში - ავადმყოფობის თუ სხვა განსაცდელის ჟამს სასოებით მივიღოთ.

შენიშვნა: სიწმინდეებთან ხანგრძლივი შეხებისას ჩნდება აუცილებლობა გარკვეული საგნებისა თუ ნარჩენებისაგან გათავისუფლებისა, ეგრეთ წოდებული "სუფთა ნაგვის" მოცილებისა. ეს შეიძლება იყოს სანთლის ნამწვავები, დაობებული სეფისკვერი, ან მისი ნამცეცები, დაზიანებული, სალოცავად უხმარი ხატი ან მისი რეპროდუქცია, ნაჭერი ან ქაღალდი, რომლითაც მოვწმინდეთ დაღვრილი ნაკურთხი წყალი ან ზეთი, ქაღალდის ნაფლეთი, რომელზეც წმიდა სიტყვები წერია, ასანთის ნამწვავები, რომლითაც სანთელი ავანთეთ, - ყველა ის ნივთი, რომელიც სიწმინდეებს ეხებოდა.

ასეთი ნარჩენების სხვა ნაგავთან აღრევა დაუშვებელია. ამიტომ ისინი ცალკე უნდა გავანადგუროთ: სანთლის ნამწვავები შეგვიძლია ერთ პარკში მოვაგროვოთ, ან თავად გადავადნოთ და ჩამოვქნათ, ან ეკლესიაში საერთო ნამწვავებს შევურიოთ; დაობებული სეფისკვერი ან მიწაში უნდა ჩავმარხოთ, ან სუფთა ადგილას ჩიტებს დავუყაროთ; დანარჩენი ერთად უნდა ვაგროვოთხოლმე და ტყეში ან სხვა სუფთა ადგილას დავწვათ.

4. მოწყალების საქმე

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი ჩვენი სულიერი ცხოვრებისა არის მოწყალების საქმე. "(მოწყალე კაცმა) განაბნია და მისცა გლახაკთა და სიმართლე მისი ჰგიეს უკუნითი უკუნისამდე" - ბრძანებს წმ. მეფსალმუნე მეფე დავით წინასწარმეტყველი(ფს. 111,10).

ამასთან მეტად მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ აქ იგულისხმება არა ერთეულ შემთხვევებში გულის აღელვების შედეგად გაღებული მოწყალება, არამედ მოწყალების საქმის სისტემატური, მიზანდასახული კეთება; ეს არის ჩვენი, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანების და, უბრალოდ, ჰუმანური ადამიანების, პირდაპირი და ერთ-ერთი უმთავრესი მოვალეობა და არა ოდენ ლამაზი საქციელი და კარგი ტონი.

ამ მოვალეობის კეთილსინდისიერი შესრულებისათვის თითოეულმა ჩვენთაგანმა, პირველ რიგში, უნდა გამოყოს დრო, და შემდეგ იფიქროს, როგორ გამოიყენოს იგი. ყოველმა ქრისტიანმა, დღის მანძილზე, მოყვასის დასახმარებლად რაიმე სამსახური უნდა გასწიოს. თუ ჩვენგან არავინ ითხოვს დახმარებას, ჩვენ თვითონ უნდა მივაკითხოთ, განსაკუთრებით, უძლურ და გაჭირვებულ ადამიანებს. სასურველია, რომ ასეთი მსახურება, თუნდაც სულ მცირე, ყოველდღე სრულდებოდეს; მაგრამ თუ ყოველდღე ვერ შევძლებთ, ქრისტიანისათვის ერთი დღე მაინც იყოს სავალდებულო. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის რჩევითა და ლოცვა-კურთხევით, ეს შეიძლება იყოს შაბათი. ამ დღეს უნდა ვეცადოთ, დავეხმაროთ ერთ გაჭირვებულ ადამიანს მაინც. ხანდახან ხდება, რომ სხვისი დახმარების მატერიალური საშუალება არ არის. ასეთ შემთხვევაში, გაჭირვებულთათვის ერთი მცირე ლოცვის წაკითხვასაც კი უფალი შეიწირავს.

ასევე მეტად მნიშვნელოვანია ქრისტიანი ეცნობოდეს წმ. მამათა თხზულებების იმ დიდ მემკვიდრეობას, რომელშიც მოწყალების საქმის ყველა ასპექტი დაწვრილებით და ჩვენთვის ხელმისაწვდომად არის განხილული.

ღმერთმა მოგვცეს ნიჭი, ჭეშმარიტი ქრისტიანული მოწყალებისა, ამინ.

(ცაგერისა და სვანეთის ეპისკოპოსი ნიკოლოზი. წესი ქრისტიანის ცხოვრებისა. გამომცემლობა "კანდელი", 1997)

ქრისტიანის ურთიერთობა საკუთარ თავთან

1. დროის განაწილების პრობლემა

დღევანდელი ადამიანის ცხოვრებაში დროის სწორი განაწილება ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემათაგანია. ჩვენი თანამედროვე ჩივის, რომ მას აღარ ჰყოფნის დრო, რომ იგი ვერ ახერხებს აკეთოს სასურველი საქმე, ჰყოს სიყვარული მეგობრებთან, ნათესავებთან, ოჯახის წევრებთანაც კი, რაც სულიერად ისედაც დაუძლურებულ ადამიანში იწვევს კიდევ უფრო მეტ გაუცხოებას ახლობლებთან, გაუცხოებას საკუთარ თავთან.

ქრისტიანი უნდა ეცადოს, გარკვეული კონტროლი გაუწიოს თავის დროს, წარმართოს იგი, რაც თითოეულ ჩვენთაგანს საშუალებას მისცემს, სწორად გაანაწილოს თავისი ძალები იმ სულიერ ბრძოლაში, რომელშიც ვართ ჩაბმულნი. Uნდა ვეცადოთ, შევადგინოთ დროის გარკვეული განაწესი, თუნდაც სულ ზოგადი, მაგრამ მყარი, ამისთვის ცხოვრების მიმდინარეობიდან ჯერ უნდა გამოვყოთ ის მოვლენები და პროცესები, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით მეორდება (მაგალითად ძილი, კვება, ძირითადი საქმიანობა), ხოლო შემდეგ დავუკავშიროთ სხვა მოვლენები, რომლებზეც გვინდა, დრო გამოვყოთ.

აბსოლუტურად ზუსტი განაწესის შედგენა და მისადმი მექანიკური დამორჩილება შეუძლებელია და არც არის სწორი, რამეთუ წესრიგის დამყარება არაა თვითმიზანი. გარკვეულ შემთხვევაში მისი დარღვევა აუცილებელიცაა, მაგრამ რომ დაარღვიო, ჯერ უნდა დაამყარო ეს წესრიგი.

თითოეული ადამიანის უფლება-მოვალეობანი და აქედან გამომდინარე, მისი დღის თუ კვირის განაწესი მეტად ინდივიდუალურ ხასიათს ატარებს, მაგრამ მაინც შეიძლება გამოიყოს მომენტები, რომელთაც ყველა ქრისტიანის ცხოვრებაში გარკვეული ადგილი უნდა ეკვაოს.

2. ძილი და დასვენება

მოზრდილ ადამიანს დღე-ღამეში საშუალოდ 6-7 საათი უნდა ეძინოს. შეიძლება ცოტა მეტიც, მაგრამ ზედმეტი ძილი არც სულისთვის და არც სხეულისთვის არაა სასარგებლო; მავნეა ისევე, როგორც უძილობა. უმჯობესია, ქრისტიანი დასაძინებლად ადრე დაწვეს და ადრე ადგეს, თუ ადამიანს ძილი აკლდება, გვიან გაღვიძებას სჯობია ადრე ადგომა და შემდეგ დღისით დასვენება (თუნდაც ერთი საათით), რამეთუ დრო დილის ლოცვებიდან საუზმემდე საუკეთესოა გონებრივი მუშაობისათვის. საზოგადოდ, კარგი იქნება, თუ დასვენებისათვის გამოვყოფთ განსაზღვრულ დროს და გვეცოდინება, რომ ამ დროს ვისვენებთ, რადგან ხშირად ხდება, რომ დაღლილობის გამო ვერც საქმეს ვაკეთებთ, დასვენებითაც ვერ ვისვენებთ და დრო კი ფუჭად იკარგება.

თუ ადამიანი დაძინებას არ აპირებს, დასვენების საუკეთესო საშუალება არის ერთი სახის საქმიანობის მეორეთი შენაცვლება.

3. კვება

კვების ჯერადობის დადგენაც ინდივიდუალურია. ადამიანი საზრდელს შეიძლება იღებდეს დღეში ორჯერ, სამჯერ ან მეტჯერ, მაგრამ მეტად მნიშვნელოვანია განსაზღვრული იყოს რაოდენობაც და შეძლებისდაგვარად, დროც. მაგალითად, თუ ადამიანი დღეში 3-ჯერ იკვებება, ნუღარც მეოთხედ მიიღებს საზრდელს და ნუღარც შუალედებში (ასეთი კორექტულობა განსაკუთრებით ეფექტურია მარხვის დროს). კვების ასეთი მოწესრიგება, გარდა იმისა, რომ სხეულის ნივთიერებათა ცვლას არეგულირებს, სულიერ ასპექტშიც არსებითად მნიშვნელოვანია; იგი საფუძველია სწოორი და ნამდვილი მარხვისა, აგრეთვე ქრისტიანში შინაგანი და შესაბამისი გარეგანი წესრიგის დამკვიდრებისა.

4. ძირითადი საქმიანობა

მესამე, რაც სისტემატურად განმეორებადია ადამიანთა უმრავლესობის ცხოვრებაში და ამდენად, დასაყრდენია დღის განაწესის შედგენისას, არის ძირითადი საქმიანობა, როგორც ბრძანებს უფალი: "ოფლითა პირისა შენისათა სჭამდე პურსა შენსა" (დაბადება 3.19); აგრეთვე, წმ. მოციქული პავლე: "უკეთე ვისმე არა უნებს საქმისა, ნუცა ჭამნ"* (2 თეს. 3.10).

შეძლებისდაგვარად, ადამიანმა აქაც უნდა გამიჯნოს ძირითადი საქმიანობა არაძირითადისაგან, იქნება აქაც უნდა გამიჯნოს ძირითადი საქმიანობა არაძირითადისაგან, იქნება ეს შრომა საზოგადოებრივი, თუ ინდივიდუალური.

ყოველივე ამის შემდეგ, როდესაც განისაზღვრება დრო ამ სამი ძირითადი მომენტისათვის - დასვენების, კვებისა და ძირითადი საქმიანობისათვის, მეტნაკლებად შესაძლებელია დროის განსაზღვრა სხვა მოვლენებისთვისაც, როგორიცაა არაძირითადი საქმიანობა - ჰობი, თვითგანათლება, ურთიერთობა ოჯახის წევრებთან თუ ახლობლებთან, გართობა და სხვა.

*ცნობილი გამონათქვამი-ლოზუნგი: "ვინც არ მუშაობს, ის არ ჭამს", რომელიც ამ 70 წლის მანძილზე ხშირად გაისმოდა, წმ. პავლე მოციქულის სწორედ ამ გამონათქვამის პერიფრაზა იყო.

5. საეკლესიო საქმის კეთება

ძირითად საქმიანობასთან ერთად ქრისტიანის დღის განაწესში გამოყოფილი უნდა იყოს დრო, რომელიც მოხმარდება საეკლესიო საქმის კეთებას, რამეთუ ყოველი ქრისტიანის ვალია, წვლილი შეიტანოს ეკლესიის აღშენების საქმეში, აქტიური მონაწილეობა მიიღოს მის ცხოვრებაში. თუ რა აკეთოს კონკრეტულად, ეკლესიის თითოეულმა წევრმა უნდა შეათანხმოს მოძღვართან თავისი შესაძლებლობების მიხედვით. აქ არჩევანი დიდია: იქნება ეს საქმიანობა ფიზიკური, მაგალითად, დახმარება ტაძრის დალაგებაში, გარემონტებაში, საეკლესიო შესამოსლის შეკერვა-მოწესრიგებაში; გონებრივი, მაგალითად, სასულიერო ლიტერატურის თარგმნა-გამრავლება, თუ სულიერი: მაგალითად, მონაწილეობა ფსალმუნის კითხვის ჯგუფში, რომელიც თითქმის ყველა ტაძრის მრევლში მოქმედებს. ყოველივე ამისათვის დროც და მისი ხანგრძლივობაც დღის განაწესში უნდა გამოიყოს, საქმიანობის შესაბამისად.

6. თვითგანათლება

ქრისტიანის ერთ-ერთი მოვალეობათაგანია ღმრთაებრივი ჭეშმარიტებების თანმიმდევრული შემეცნება - ქრისტიანი ვალდებულია, სრულყოს თავისი რწმენა და წარმოდგენები ღმერთსა და სამყაროზე.

ამისათვის დღის განაწესში გამოყოფილი უნდა იყოს დრო. თუ საშუალება არის, ღმრთაებრივი სიბრძნის შესამეცნებლად, როგორც უკვე აღინიშნა, დროის საუკეთესო მონაკვეთია დილის ლოცვებიდან საუზმემდე. ამ დროს სასურველია ვიკითხოთ საღმრთო წერილი და მისი განმარტებები, წმ. მამათა თხზულებები; დასაწყისისათვის უპრიანია წმინდანთა ცხოვრების კითხვა. ამასთან, ლიტერატურე უნდა შეირჩეს მოძღვრის ლოცვა-კურთხევით, რადგან სულიერი საზრდოს მიღებისას დიდი სიფრთხილეა საჭირო.

გარდა სარწმუნოების შემეცნებისა ქრისტიანმა დრო უნდა დაუთმოს მისთვის საჭირო სპეციალური თუ ზოგადსაგანმანათლებლო ცოდნის შეძენას, აგრეთვე იმ პრობლემური საკითხების შესწავლას, რომლებიც აღელვებს მის მეგობრებს თუ საზოგადოებას და გაიზიაროს მათი ტკივილი და სიხარული.

7. ურთიერთობა ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან

ლაპარაკია იმაზე, რომ ადამიანმა ოჯახის წევრებთან ურთიერთობისათვის უნდა გამოყოს გარკვეული დრო, ცხადია უხერხულია, მაგრამ დღესდღეობით, როდესაც ჩვენი უმეტესობა დღის დიდ ნაწილს სახლის გარეთ, სამსახურში ატარებს, ხოლო საღამოს დაღლილ-დაქანცული ტელევიზორთან თვლემს, ამაზე ფიქრი მაინც გვმართებს, რამეთუ საფუძველი ნორმალური ცხოვრებისა და საერთოდ ყოველივესი სიყვარულია, რომელიც სიყვარულის საქმეში, ამ შემთხვევაში, ადამიანურ ურთიერთობებში ვლინდება.

ასევე წინასწარ უნდა გამოიყოს კვირის განმავლობაში დრო ნათესავებთან და მეგობრებთან სტუმრობისა, თუ მათი შინ მიწვევისათვის. აქაც, ისევე როგორც ქრისტიანული ცხოვრების სხვა ასპექტში, მთავარია ამ შეხვედრების პერიოდულობა, სისტემატიური განმეორებადობა, ხოლო სიხშირე კონკრეტული ვითარების მიხედვით შეიძლება სხვადასხვა იყოს.

8. გართობა

ამ სიტყვას, რომელიც თანამედროვე ადამიანისათვის მრავალფეროვან ატრაქციონებსა თუ ვიდეოთამაშებს გულისხმობს, დღეს ჩვენს სააზროვნო ლექსიკონში ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი უჭირავს, ჩვენი წინაპრებისათვის კი თავისი შინაარსით და ფორმით მეტად მოკრძალებული მნიშვნელობა ჰქონდა. გართობა მაშინაა მისაღები და დასაშვები, როდესაც ის გადაღლილი ადამიანისთვის განტვირთვის საშუალებაა და ამ შემთხვევაშიც კი სიფრთხილე და ზომიერება გვმართებს; ხოლო როდესაც გართობა თვითმიზანი ხდება და ოდენ დროის გაყვანას თუ პირადი სიამოვნების მიღებას ემსახურება, როდესაც ნორმად იქცევა, ასეთი გართობა ადამიანში თანდათანობით კლავს ღმრთის ხატებას და მის სრულ სულიერ გაუცხოებას იწვევს.

ყოველივე ეს თავიდან რომ ავიცილოთ, გონებრივად უნდა ვაკონტროლოთ და წინასწარ განვსაზღვროთ ჩვენი დასვენების დრო და ფორმა. როგორც ზემოთ აღინიშნა, საუკეთესო დასვენება არის ერთი საქმის მეორეთი შენაცვლება, აქტიური დასვენება, რომელსაც კვლავაც სულიერი სარგებლობა მოაქვს, მაგრამ სხვა ფორმით. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს სულიერი საზრდოს მიღება ხელოვნების საშუალებით, იქნება ეს კინო, თეატრი, ლიტერატურე, მხატვრობა, მუსიკა თუ სხვა (ცხადია იგულისხმება ჭეშმარიტი, ღმრთაებრივი მშვენიერების მადიდებელი და არა ფსევდოხელოვნება).

9. როგორ გავატაროთ კვირა დღე

"აკურთხე ღმერთმა მეშვიდე დღე და წმიდა ჰყო იგი, რადგან იმ დღეს დაისვენა ღმერთმა ყოველი საქმისაგან, რასაც ქმნიდა ღმერთი და აკეთებდა" (დაბადება 2.3) კვირა ანუ ძველებურად კვირიაკე (ბერძნ. უფლისა) ქრისტიანმა უფალს უნდა მიუძღვნას. ყოველი ქრისტიანი უნდა დაესწროს ეკლესიაში საკვირაო წირვა-ლოცვას, ვისაც ჯანმრთელობა თუ ოჯახური პირობები უწყობს ხელს. (პირველი ქრისტიანები, მაგალითად, ეკლესიის იმ წევრს, რომელიც არასაპატიო მიზეზით ზედიზედ სამ საკვირაო წირვას გააცდენდა, ძმობიდან იკვეთდნენ).

ეს ვალდებულება არის მეტად სასიხარულო და საპატიო. ქრისტიანები კვირაში ერთხელ საკვირაო წირვაზე იკრიბებიან, რათა გაიხსენონ ღმერთის - იესო ქრისტეს განკაცება, მისი ამქვეყნიური ცხოვრება, ჯვარცმა, ბრწყინვალე აღდგომა და ამაღლება და თავად მიიღონ მონაწილეობა ამ მოვლენებში; ქრისტესთან ერთად გაეკრან ჯვარს, რათა მასთან ერთად აღდგნენ მკვდრეთით. კიდევ და კიდევ რეალურად განიცადონ, რომ ყველანი ღმერთის შვილები ვართ. ყოველი კვირა დღე, რომელიც იწყება ეკლესიაში შაბათის საღამოს ლოცვით, აღდგომის დღესასწაულია (შეადარეთ რუს. "ვოსკრესენიე").

ეს სადღესასწაულო განწყობილება მთელი დღე უნდა გაგვყვეს. ამისათვის ჩვენი პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის რჩევით, სასურველია, მორწმუნეებმა ეს დღე ერთმანეთის საზოგადოებაში გაატარონ, მაგალითად, ეწვიონ ერთმანეთს სტუმრად.

ვინც ტაძარში რეგულარულ სიარულს ვერ ახერხებს (მაგალითად, მცირეწლოვანი ბავშვის დედა) ეს დღე მისთვისაც განსხვავებული უნდა იყოს და არა - ჩვეულებრივი. ამ დღეს არ უნდა წამოვიწყოთ დიდი საქმე (ცხადია, წვრილმანი საქმის კეთება, მაგალითად, სახლის დალაგება თუ ჭურჭლის დარეცხვა, დასაშვებია).

ღმერთმა აკურთხოს და დალოცოს ჟამი ჩვენი ცხოვრებისა და მოგვმადლოს დროის სწორი განაწილების, მისი ფლობის ნიჭი, ამინ.

(ცაგერისა და სვანეთის ეპისკოპოსი ნიკოლოზი. წესი ქრისტიანის ცხოვრებისა. გამომცემლობა "კანდელი", 1997)

ლოცვა

1. შესავალი

ჩვენ, ადამიანებს, ყოველდღიურად გვაქვს სხვადასხვა სახის ურთიერთობა ერთმანეთთან ან სიტყვების საშუალებით, ან გარკვეული ქმედებით თუ უქმედობით, ან ფიქრით. ჩვენ ასევე გვიწევს ურთიერთობა გარემომცველ სამყაროსთან; სხვადასხვა სახის ნივთებთან, ბუნებასთან, ცხოველებთან. მაგრამ მთავარი, ყველა დანარჩენის განმსაზღვრელი, მორწმუნე ადამიანის ცხოვრებაში არის ურთიერთობა უზენაეს არსებასთან - ღმერთთან და ამ ურთიერთობას ეწოდება ლოცვა. ფართო გაგებით, მორწმუნე ადამიანის მთელი ცხოვრება, მისი ყოველი სიტყვა, საქმე თუ გაფიქრება უმაღლესი პოზიციიდან არის ლოცვა გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ცოდავს, ანუ თავისუფალი ნებით არღვევს კავშირს ღმერთთან.

საუბედუროდ, ამგვარი დარღვევა, ჩვენი დაცემული ბუნების გამო, შემთხვევით ხასიათს არ ატარებს და დღევანდელ ადამიანს ღმერთი მხოლოდ მაშინ თუ ახსენდება, როდესაც უჭირს.

ამის გამო, საჭიროა გარკვეული იძულება საკუთარი თავისა იმ განუწყვეტელი კავშირის აღსადგენად, რომლისკენაც მოგვიწოდებს წმ. პავლე მოციქული, როდესაც ამბობს „მოუკლებლად ილოცევდითო“. ასეთი კავშირი ღმერთთან ადამიანს დაკარგული აქვს და მისი აღდგენა დღევანდელ პირობებში ერთი შეხედვით შეუძლებელიც კი ჩანს, მაგრამ იყვნენ ადამიანები (არა მარტო მონაზვნები, არამედ ერისკაცნიც), და, ალბათ დღესაც არიან, რომლებმაც განუწყვეტელი ლოცვის მდგომარეობას მიაღწიეს.

დღეს ჩვენი მიზანია შევძლოთ უმცირესი - ვისწავლოთ ელემენტარული სწორი დამოკიდებულება სამყაროს შემოქმედთან. ამისათვის, ეკლესიის წმიდა მამების მიერ ღვთაებრივი გამოცხადებებისა და პირადი სულიერი გამოცდილების საფუძველზე დადგენილია გარკვეული რეჟიმი, ჩარჩოები, გარკვეული კანონი, რომელიც გვეხმარება არ ავცდეთ ღვთისაკენ მიმავალ ვიწრო გზას. ეს კანონი ადამიანის ცხოვრების ყველა სფეროს ეხება; მის დამოკიდებულებას ღმერთთან, მოყვასთან და საკუთარ თავთან. ღმერთთან მიმართებაში ერთ-ერთი უმთავრესია საკუთრივ ლოცვითი კანონი ანუ ლოცვა, ამ სიტყვის კონკრეტული მნიშვნელობით, რაც გულისხმობსუშუალო მიმართებას, უშუალო საუბარს ღმერთთან, იქნება ეს სიტყვიერი თუ უხმო, გულში ჩუმად წარმოთქმული.

2. დილის ლოცვები

ყოველი დღე ქრისტიანისა იწყება და მთავრდება ღვთის ხსენებით. გაღვიძებისთანავე ვიწერთ პირჯვარს და ვამბობთ: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

პირჯვრის გადასაწერად მარჯვენა ხელის პირველ სამ თითს შევკრავთ ერთად ნიშნად იმისა, რომ ჩვენი ღმერთი პირით სამია - მამა, ძე და სული წმიდა, არსით კი ერთია და განუყოფელი; ბოლო ორ თითს ხელის გულზე მივიბჯენთ ნიშნად იმისა, რომ იესო ქრისტე არის სრული ღმერთი და სრული კაცი და ამგვარ თითთაწყობით ხელს ჯერ შუბლზე მივიდებთ, შემდეგ გულის პირზე, სარტყელთან, შემდეგ მარჯვენა მხრის თავზე, ბოლოს მარცხენა მხრის თავზე და ვიტყვით ზემოთ მოყვანილ ლოცვას: „დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის უკუნითი უკუნისამდე. ამინ“.

დილის ტუალეტის შემდეგ დავდგებით ხატების წინ, პირით აღმოსავლეთისაკენ, გავსწორდებით, დავმშვიდდებით და დაბალ ხმაზე (შეიძლება გულშიც) დავიწყებთ დილის ლოცვების შესრულებას იმ თანმიმდევრობით, როგორც წერია შესაბამის „ლოცვანში“, რომელიც იყიდება ეკლესიაში.

ბოლო ორი ლოცვის შესრულებისას (ლოცვა ცოცხალთათვის, ლოცვა მიცვალებულთათვის), ყოველი მუხლის შემდეგ უნდა ვყოთ მეტანია ანუ თაყვანისცემა, რისთვისაც უნდა გადავიწეროთ პირჯვარი, დავდგეთ მუხლებზე და შუბლით იატაკს შევეხოთ. თუ კვირიაკეა (კვირა დღე) ან დიდი დღესასწაული, შესრულდება არასრული მეტანია, გადავიწერთ პირჯვარს და წელში მოხრით ხატების წინაშე თავს მოვიდრეკთ.

ხანდახან ხდება, რომ ამა თუ იმ მიზეზით ადამიანი ვერ ასწრებს დილის ლოცვების სრულად წაკითხვას. ასეთ შემთხვევაში, გამონაკლისის სახით „დასაშვებია დიდი ლოცვების შემოკლება“ ე.ი. მისი გარკვეული ნაწილის წაკითხვა. თუ ესეც არ ესწრება, უნდა ითქვას მოკლე სამადლობელი ლოცვა: „ძილისაგან აღდგომილი გმადლობ შენ, წმიდაო სამებაო. . .“

გარდა ამ ზემოთმოყვანილი ლოცვებისა, მოძღვრის ლოცვა-კურთხევით, მათი წაკითხვის შემდეგ, შეიძლება შევასრულოთ სხვა ლოცვებიც, წავიკითხოთ ფსალმუნები, სახარება, მივმართოთ ლოცვით ჩვენს მფარველ წმიდანებს, ვილოცოთ სკვნილზე (სკვნილის შესახებ შემდეგ გვექნება საუბარი) და ვილოცოთ საკუთარი სიტყვებით.

3. ლოცვანი ძილად მისვლისა, განვლილი დღის ანალიზი

ათიოდე წუთით ქრისტიანი საღამოსაც უნდა განმარტოვდეს, რათა განვლილ დღეს ანალიზი გაუკეთოს და ღმრთისაგან ლოცვით ითხოვოს მშვიდობის ღამე და დღის განმავლობაში ჩადენილ ცოდვათა მიტევება.

ანალიზი ნიშნავს, რომ უნდა გავიხსენოთ განვლილი დღე დილიდან საღამომდე და უბის წიგნაკში ჩავინიშნოთ ღვთის მცნებათა და სინდისის საწინააღმდეგო თუ რამ ჩაგვიდენია აღსარების შემდეგ ამ ფურცლებს დავწვავთ, ასეთი რეგულარული ანალიზი და მისი ქაღალდზე ან გონებაში დაფიქსირება დიდად ეხმარება ადამიანს აღსარების მომზადებაში.

ამის შემდეგ კვლავ დავდგებით ხატებთან პირით აღმოსავლეთისაკენ, გავსწორდებით, დავმშვიდდებით და დაბალ ხმაზე ან გულში აღვავლენთ ძილად მისვლის ლოცვებს იმ თანმიმდევრობით, როგორც წერია „ლოცვანში“.

უ ადამიანი იმდენად დაღლილია, რომ ათწუთიანი ლოცვის წაკითხვაც აღარ შეუძლია, გამონაკლისის სახით, შეიძლება მისი შემოკლება. ასეთ შემთხვავაში დავდგებით პირით აღმოსავლეთისაკენ, გადავიწერთ პირჯვარს და ვიტყვით მე-4 ლოცვას: „უფალო, ღმერთო ჩვენო.“

ლოცვა დილით და საღამოს ქრისტიანის კეთილკრძალული ცხოვრების ერთ-ერთი ძირითადი ნაწილია. შეიძლება თავიდან ამ ლოცვების სრულად წაკითხვა ყოველდღე ძნელი იყოს. ამ შემთხვევაში დასაშვებია მათი შემოკლება. მთავარია სისტემატურობა. დასაწყისში შეიძლება ადამიანმა დილას და საღამოს მხოლოდ „მამაო ჩვენო. . .“ თქვას, მაგრამ დღე არ უნდა გამოტოვოს; თუ დაავიწყდა, მეორე დღეს მაინც უნდა წაიკითხოს. ასეთი გულმოდგინებისათვის ღმერთი ძალას მისცემს და შეუძლებელს შეაძლებინებს.

4. ლოცვანი საყოველდღეო

დღის განმავლობაში ვასრულებთ სხვა მოკლე ლოცვებსაც, კერძოდ, დღეში შვიდგზის ლოცვას, ლოცვებს ჭამის, საქმის კეთების, სწავლის წინ და შემდგომ და იესოს ლოცვას.

ა) დღეში შვიდგზის ლოცვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 1998 წლის შობა-დღესასწაულიდან მოყოლებული დღეში შვიდჯერ ვასრულებთ მოკლე ლოცვას. ეს ლოცვები სრულდება დილის 6-სა და 9 საათზე, დღის 12-სა და 3-ზე, საღამოს 6-სა და 9-ზე და ღამის 12 საათზე. მათი ტექსტი იყიდება ელესიებში. ამ ლოცვების მნიშვნელობის შესახებ ბევრი ითქვა და მის შესავალშიც წერია. აქ კი იმას დავუმატებთ, რომ ყველა ქრისტიანმა, ვისაც როგორ შეუძლია, უნდა მიიღოს მონაწილეობა და ამა თუ იმ მიზეზით უარი არ უნდა თქვას ამ ლოცვა-კურთხევაზე. შეიძლება ადამიანს უჭირდეს მისი მთლიანად შესრულება, შეიძლება დილით ადრე ადგომა არ შეეძლოს, ან გვიან ვერ დაწვეს, ან კიდევ დღისით დაავიწყდეს, მაგრამ როცა შეძლებს, როცა გაახსენდება, მაშინ ერთხელ მაინც უნდა წაიკითხოს და თუ ასე მოიქცევა, ეს ლოცვა თანდათანობით ჩვევად ექცევა და შემდეგ ღმერთის შეწევნით, იქნებ აღარც დაავიწყდეს და სრულადაც მოახერხოს მისი შესრულება.

ბ) საყოველთაო ლოცვები

დღის განმავლობაში აღვავლენთ სხვა მოკლე ლოცვებსაც ჭამის, საქმის კეთების, სწავლის წინ და შემდგომ. ყველა ეს ლოცვა, აგრეთვე სხვა მოკლე ლოცვები წერია "ლოცვანში" სათაურით "საყოველდღეო ლოცვები". დამატებით აღვნიშნავთ, რომ ჭამის წინ, ლოცვის თქმის შემდეგ საჭმელს ჰაერში გადავსახავთ ჯვარს მარჯვენა ხელის სამი შეკრული და ორი მოკეცილი თითით ჯერ ზემოთ, შემდეგ ქვემოთ, შემდეგ ჩვენგან მარცხნივ და ბოლოს მარჯვნივ.

მსუბუქი ჭამის, ხილის მიღების, წყლის დალევის წინ და შემდგომ, ლოცვას არ ვამბობთ სრულად, არამედ გადავიწერთ პირჯვარს და პროდუქტსაც ჯვარს გადავსახავთ. აგრეთვე, თუ ადამიანი მთელი დღე საქმიანობს, მაგალითად, სახლის საქმეებს აკეთებს, საქმის დაწყების წინ (ასევე დამთავრების შემდეგ) ლოცვას იტყვის ერთხელ და არა ყოველი კონკრეტული ქმედების წინ.

გ) იესოს ლოცვა

იესოს ლოცვას ქრისტიანი სულ უნდა იმეორებდეს. იგი შემდეგნაირად გამოითქმის: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი". მისი გამეორება შეიძლება ნებისმიერ მდგომარეობაში: ვზივართ თუ ვწევართ, ჭამთ თუ მგზავრობთ, გვიჭირს თუ გვილხინს.

ამ ლოცვას ორი ათასი წლის ისტორია აქვს; მას ჯერ კიდევ მოციქულები იმეორებდნენ. მასში ღრმა მისტიური აზრია ჩადებული. წმიდა მამების თქმით, იგი ქრისტიანული სარწმუნოების მთელ შინაარსს გადმოგვცემს სხვა რომ არა იყოს რა, თავისთავად უფლის სახელის - იესოს ხსენებასაც კი უდიდესი ძალა აქვს. ჩვენთვის ამ ლოცვის ხშირი გამეორება არის გახსენება ღმერთის, ვინც გვიფარავს ცოდვის ჩადენისაგან; ხილული თუ უხილავი მტრებისაგან.

5. ზიარების ლოცვები

ა) როგორ მოვემზადოთ ზიარებისთვის

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მოვლენა ქრისტიანის ცხოვრებაში არის წმიდა ზიარება, რომელიც მან გარკვეული პერიოდულობით უნდა მიიღოს. ადამიანი, რომელიც წელიწადში ერთხელ მაინც არ ეზიარება, თავს ეკლესიის გარეთ აყენებს. ადრე ქრისტიანები ყოველ წირვაზე ეზიარებოდნენ. თანამედროვე ადამიანისათვის, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ოპტიმალურია თვეში ერთხელ, ხოლო მარხვების პერიოდში კვირაში ერთხელ ზიარება (რასაკვირველია, იმათთვის, ვინც მარხვას ინახავს).

ადამიანი გულმოდგინედ უნდა მოემზადოს ამ გონებისათვის მიუწვდომელ საიდუმლოში მონაწილეობის მისაღებად. ცხადია, ბოლომდე მზად ის ვერასოდეს იქნება, მაგრამ რაც შეუძლია, ის კი უნდა იღონოს, რათა სულიერი და ხორციელი განკურნების ნაცვლად სასჯელი არ დაიმსახუროს. ზიარებისათვის უნდა მოვემზადოთ მარხვითა და ლოცვით.

მარხვა უნდა დავიწყოთ ერთი კვირით ადრე. ვინც სისტემატურად ეზიარება, მისთვის საკმარისია იმარხულოს ოთხშაბათსა და პარასკევს, შაბათს კი, სასურველია, ხორცეულისაგან თავის შეკავება. ზიარების წინ კი, ღამის თორმეტი საათიდან, არც საჭმელი და არც წყალი არ უნდა მივიღოთ. გარდა ამისა, უნდა წავიკითხოთ სპეციალური ლოცვები ზიარების წინ და შემდგომ.

ბ) ლოცვები ზიარების წინ

ზიარების ლოცვების წაკითხვა უმჯობესია საღამოს, როდესაც ეკლესიიდან დავბრუნდებით, მსუბუქი ვახშმის შემდეგ (ბევრი საკვების მიღებას უნდა მოვერიდოთ), ძილად მისვლის ლოცვების ნაცვლად. ლოცვები უნდა წავიკითხოთ ფეხზე, ხატების წინ. სასურველია მათი ერთად წაკითხვა. მაგრამ, თუ ადამიანს უჭირს დაღლილობის ან ავადმყოფობის გამო, დასაშვებია ლოცვების გაყოფაც. ამ შემთხვევაში ძილად მისვლის ლოცვების ნაცვლად წავიკითხავთ ცხრა გალობას და ფსალმუნებს, მეორე დღეს კი, დილის ლოცვების ნაცვლად, დარჩენილ 12 ლოცვას. უკიდურეს შემთხვევაში ლოცვები შეიძლება სამ ნაწილად გავყოთ და პირველი ნაწილი - 9 გალობა წინა დღის განმავლობაში წავიკითხოთ, მეორე ნაწილი - ფსალმუნები და პირველი 4 ლოცვა ძილის წინ, 5-12 ლოცვები კი - მეორე დილით. ხანდაზმული ან ავადმყოფი ადამიანებისათვის, მოძღვრის ლოცვა-კურთხევით, შეიძლება ლოცვის დროს დაჯდომაც და ლოცვების შემოკლებაც მოძღვრის მიერ მითითებული წესით.

გ) სამადლობელი ლოცვები

ზიარების შემდგომ, მადლობის ნიშნად, ღმერთს უნდა შევწიროთ ლოცვა. ამ ლოცვების წაკითხვა უმჯობესია ტაძარში წირვის შემდეგ. შეიძლება შინაც, დღის განმავლობაში.

შენიშვნა: სამადლობელი ლოცვების ბოლო ნაწილში წარმოითქმება წმიდა იოანე ოქროპირის ტროპარი და კონდაკი (საგალობლის სახეობათა აღმნიშვნელი ბერძნული ტერმინებია), როცა მის მიერ შედგენილი წესით მიმდინარეობს. მაგრამ, დროგამოშვებით, ეკლესიაში წირვა-ლოცვა სრულდება წმ. ბასილი დიდის ან წმ. გრიგოლ დიოლოგოსის მიერ შედგენილი წესითაც. ამ შემთხვევაში ოქროპირის ტროპარ-კონდაკის ნაცვლად, შესაბამის ადგილას, წარმოითქმება ამ წმიდანთა ტროპარ-კონდაკი, რომლებიც იქვე - "ლოცვანის" ბოლოშია მოყვანილი.

6. საზოგადო ლოცვა

აქამდე განვიხილეთ ქრისტიანის ინდივიდუალური ლოცვა, რომელიც მხოლოდ ნაწილია მისი სავალდებულო ლოცვითი კანონისა. გარდა ამისა, მორწმუნე ადამიანმა მონაწილეობა უნდა მიიღოს საზოგადო ლოცვაში, რომელიც ეკლესიაში აღესრულება.

შვიდი საიდუმლო, პარაკლისი და პანაშვიდი

ტაძარში, უპირველეს ყოვლისა, ახალი აღთქმის 7 საიდუმლო სრულდება: ნათლისღება, მირონცხება, აღსარება, ზიარება, ზეთისკურთხევა, ქორწინება (ანუ ჯვრისწერა) და მღვდლობა. თითოეული მათგანი, მღვდლობის გარდა, ყოველ ჩვენგანს ეხება და ჩვენს ქრისტიანობასაც სწორედ ის განსაზღვრავს, თუ რამდენად ვმონაწილეობთ მათში.

გარდა 7 საიდუმლოსი, ეკლესიაში სხვა საზოგადო ლოცვებიც აღესრულება, რომლებშიც ასევე სასურველია მონაწილეობის მიღება: პარაკლისი - სავედრებელი ლოცვა ცოცხალთათვის და პანაშვიდი - სავედრებელი ლოცვა მიცვალებულთათვის.

სიონის საკათედრო ტაძარში, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, პარაკლისები ზეთისცხებით დანიშნულია ყოველ ორშაბათს და სამშაბათს, საღამოს. ორშაბათობით სრულდება ბავშვებისა და მთელი ერის ლოცვა, სამშაბათობით კი არის ქადაგება და სიონის ღვთისმშობლის პარაკლისი ავადმყოფთა მოხსენიებით.

საზოგადო პანაშვიდი ტაძრებში სრულდება წლის განსაკუთრებულ დღეებში: ხორციელის შაბათს, დიდმარხვის პირველ 4 შაბათს, ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს, თომას კვირის სამშაბათს, სულთმოფენობის წინა სამშაბათს და დიმიტრის შაბათს (თვე და რიცხვი ამ დღესასწაულებისა ყოველწლიურად უნდა ვნახოთ საეკლესიო კალენდრებში). პანაშვიდი სრულდება წირვის შემდეგ. ყველა ტაძარში საკურთხისათვის გაშლილია მაგიდა. საკურთხი არის მიცვალებულის სახელზე დამზადებული საკვები, ძირითადად პური, ღვინო, ზეთი, მარილი და წანდილი, შეიძლება სხვა საჭმელიც (თუ მარხვაა, საკურთხი სამარხო უნდა იყოს). პარაკლისისა და პანაშვიდის გადახდა კონკრეტულ შემთხვევაშიც შეიძლება.

ბოლოს უნდა ავღნიშნოთ, რომ რასაკვირველია, ერთბაშად ყველა ამ ინდივიდუალურ თუ საზოგადო ლოცვაში მონაწილეობის მიღება ძნელია, რის გამოც მორწმუნე ადამიანმა უნდა იცოდეს, თუ რა არის მისთვის სავალდებულო, რა - სასურველი და რა - სულიერი ზიანის მომტანი, რამეთუ ზედმეტობა ყველაფერში, ლოცვაშიც კი საშიშია, ლოცვის თითოეული სახის განმარტებისას, ჩვენ ვეცადეთ მისი აუცილებლობის ხარისხი მიგვეთითებინა, მაგრამ ზოგადად ამისი განსაზღვრა არ შეგვიძლია. ერთის მხრივ, ერისკაცთა შორის არიან ქრიასტიანები, რომლებიც საზოგადოებრივ საქმიანობასაც ეწევიან და ყველა ამ წესსაც ასრულებენ; მეორეს მხრივ, ეკლესიის წევრთა შორის არიან უძლური ადამიანებიც, რომლებიც ვერც ბევრს ლოცულობენ და მარხულობენ და წმ. ზიარებასაც სახლში ღებულობენ.

საკუთარი სულიერი ცხოვრების ინტენსივობა თითოეულმა ადამიანმა ინდივიდუალურად უნდა განსაზღვროს თავისი მოძღვრის დახმარებით. იმის თქმა კი შეგვიძლია, რომ ამ შემთხვევაში მთავარია თვითონ მიაჩნდეს ადამიანს თავი ეკლესიის წევრად და საქმითაც გამოხატავდეს ამას. ჰყავდეს სულიერი მოძღვარი, მარხულობდეს მსუბუქად მაინც, თუ მეტი არ შეუძლია (მარხვის შესახებ ცალკე ვისაუბრებთ), ლოცულობდეს დილასა და საღამოს, თუნდაც სულ ცოტას, და ეზიარებოდეს, თუნდაც იშვიათად, მაგრამ სისტემატურად.

(ცაგერისა და სვანეთის ეპისკოპოსი ნიკოლოზი. წესი ქრისტიანის ცხოვრებისა. გამომცემლობა "კანდელი", 1997)

მარხვა

1. მარხვის არსი და მნიშვნელობა

ღვთის რწმენა და სიყვარული ყოველ ადამიანს გულში უნდა ჰქონდეს დამარხული; მაგრამ რწმენა და სიყვარული მაშინ ხდება ცხოველი, როდესაც მათი გამოვლინება ხდება საქმით. ერთ-ერთი ამგვარი საქმეთაგანია, როცა ღმერთის ჩვენდამი უსაზღვრო სიყვარულის საპასუხოდ ჩვენ ამქვეყნიურ სიამეებს - საჭმელს, გართობას, შვებას ცოტათი მოვიკლებთ და ვიქნებით თავშეკავებულნი. ამას ეწოდება მარხვა. ამ აზრით გონიერი ადამიანი, ლოცვის მსგავსად, სულ მარხვაში უნდა იყოს (იყვნენ და არიან კიდევაც ასეთი წმიდა მამები), მაგრამ საზოგადოდ, ადამიანს, თავისი დაცემული, უძლური ბუნების გამო, არ შეუძლია გამუდმებით თავშეკავება. ამიტომ ეკლესიამ დაადგინა გარკვეული დრო და ფორმა თავშეკავების ანუ მარხვისა, რომლის დაცვა, თავდაპირველად თუნდაც მექანიკური და იძულებითი, არის საწინდარი იმისა, რომ ოდესმე შევძლებთ ჭეშმარიტ მარხვასა და თავშეკავებულ ცხოვრებას.

2. ხანგრძლივი მარხვები

წელიწადში დაწესებულია ოთხი ხანგრძლივი მარხვა, რომელიც წინ უძღვის ოთხ დიდ დღესასწაულს.

ა) დიდი წმიდა მარხვა - ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის წინ;

ბ) საშობაო მარხვა - ქრისტეს შობის წინ;

გ) მარიამობის მარხვა - ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების წინ;

დ) პეტრე-პავლობის მარხვა - მოციქულთა თავთა - წმ. პეტრეს და წმ. პავლეს დღესასწაულის წინ.

დიდი წმიდა მარხვა ამათგან ყველაზე ხანგრძლივი და საპასუხისმგებლოა. იგი აღდგომის წინ 49 დღით ადრე იწყება და აღდგომის დღესასწაულამდე გრძელდება.

შობის მარხვა გრძელდება 28 ნოემბრიდან 7 იანვრამდე, როდესაც ეკლესია დღესასწაულობს იესო ქრისტეს ხორციელად დაბადებას (7 იანვარი სინამდვილეში არის 25 დეკემბერი იმ ძველი და ჭეშმარიტი კალენდრით, რომლითაც სარგებლობს ჩვენი ეკლესია).

მარიამობის მარხვა ორკვირიანია და გრძელდება 14 აგვისტოდან 28 აგვისტომდე, როდესაც ეკლესია დღესასწაულობს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ამქვეყნიური ცხოვრების დასასრულს - მის მიძინებას;

პეტრე-პავლობის მარხვის ხანგრძლივობა ცვალებადია 9 დღიდან თვენახევრამდე ეს იმიტომ ხდება, რომ მისი დასასრული უძრავია, დასაწყისი კი მოძრავი და უკავშირდება სულთმოფენობის დღესასწაულს, რომელიც, თავის მხრივ აღდგომის დღესასწაულზეა დამოკიდებული (აღინიშნება აღდგომიდან 50-ე დღეს). პეტრე-პავლობის მარხვა იწყება სულთმოფენობიდან ერთი კვირის შემდეგ და მთავრდება 12 ივლისს (ახ. სტილით), როდესაც ეკლესია იხსენიებს თავთა მოციქულთა – წმ. პეტრესა და წმ. პავლეს.

3. ერთდღიანი მარხვები

განსაკუთრებულ დღეებში ეკლესიამ დაგვიდგინა ერთდღიანი მარხვები:

ა) ყოველი კვირის ოთხშაბათი და პარასკევი გარდა მსგეფსისა (მსგეფსის შესახებ - ქვემოთ), რადგენ ოთხშაბათს იუდამ გასცა იესო ქრისტე, პარასკევს კი ქრისტე ჯვარს აცვეს.

ბ) ნათლისღების წინა დღე - 18 იანვარი (ახ. სტილით).

გ) წმ. იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღე - 11 სექტემბერი (ახ. სტილით).

დ) ჯვართამაღლება - 27 სექტემბერი (ახ. სტილით).

4. მსგეფსი

წლის განმავლობაში არსებობს რამდენიმე განსაკუთრებული კვირა ანუ შვიდეული, როდესაც ოთხშაბათი და პარასკევი არასამარხო დღეებია, ანუ ხსნილია. ასეთ შვიდეულს ეწოდება მსგეფსი (ძველ ქართულში ეს სიტყვა ზოგადად შვიდეულის აღსანიშნავად იხმარებოდა, მიუხედავად ოთხშაბათისა და პარასკევის მარხვა-გახსნილებისა, დღეს კი მან იმ კვირის მნიშვნელობა შეიძინა, რომელშიც ყველა დღე ხსნილია). წელიწადში ასეთი მსგეფსი ხუთია.

ა) შობიდან ნათლისღებამდე - 7 იანვრიდან 17 იანვრამდე (ახ. სტილით).

ბ) მეზვერისა და ფარისევლის შვიდეული - დიდი მარხვის დაწყების წინ მესამე კვირა;

გ) ყველიერის შვიდეული - დიდი მარხვის წინ ბოლო კვირა; ხსნილი ყველითა და კვერცხით;

დ) ბრწყინვალე შვიდეული - აღდგომის შემდეგი კვირა;

ე) სულთმოფენობის შვიდეული - სულთმოფენობის დღესასწაულის მომდევნო კვირა.

ოთხი უკანასკნელი მსგეფსის თვე და რიცხვი ყოველწლიურად საეკლესიო კალენდარში უნდა მოიძებნოს.

5. როგორ ვიმარხულოთ პრაქტიკულად

მარხვის დროს ადამიანმა არ უნდა მიიღოს გარკვეული სახის საკვები: ხორცეული (ცხოველი, ფრინველი), რძის ნაწარმი (რძე, მაწონი, ხაჭო, ყველი, არაჟანი, კარაქი) და კვერცხი. შეიძლება: პური, მარცვლეული, ხილი, ბოსტნეული, ბაღჩეული და თაფლი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ტრადიციულად არსებობს მარხვის შენახვის საყოველთაო წესები, რომელიც საერთოა ყველა ავტოკეფალიური ეკლესიისათვის ყველა ეპოქაში, მაგრამ არსებობს გარკვეული საზღვრები, რომლებშიც შეიძლება იცვლებოდეს მარხვის სიმკაცრე გეოგრაფიული მდებარეობისა თუ კონკრეტული ვითარების მიხედვით (ძირითადად ეს ეხება თევზის მიღებას მარხვისას და მძიმე მარხვის შენახვას). არსებობს აგრეთვე ადგილობრივი ეკლესიის ტრადიციები (მაგალითად, ჩვენ ფერისცვალებამდე ვერიდებით ყურძნისა და ზოგიერთი სხვა ხილის ჭამას და სხვა).

რაც შეეხება თევზს, იგი საზოგადოდ სამარხო საჭმელად ითვლება, მაგრამ მისი მიღება-არმიღების საკითხი მარხვის სიმკაცრეზეა დამოკიდებული. ასევეა ღვინოც. მიუხედავად მისი მცენარეული წარმოშობისა, იგი სახსნილო პროდუქტად ითვლება და თუ ხსნილში თრობა არ შეიძლება, მარხვაში მისი მიღება მხოლოდ მცირე რაოდენობითაა დასაშვები და ისიც - შაბათ-კვირას.

საერთოდ კი, ყოველ კონკრეტულ დროსა და ადგილას მარხვის სიმკაცრეს განსაზღვრავს ადგილობრივი ეკლესიის მამამთავარი.

(ცაგერისა და სვანეთის ეპისკოპოსი ნიკოლოზი. წესი ქრისტიანის ცხოვრებისა. გამომცემლობა "კანდელი", 1997)

დიდი წმიდა მარხვა

ეს მარხვა, როგორც აღვნიშნეთ, თავისი მნიშვნელობით, სიმკაცრითა თუ საზეიმო განწყობილებით გამოირჩევა ყველა სხვა მარხვისაგან. მისი შესრულებით ჩვენ ვემზადებით ყველაზე დიდი ქრისტიანული დღესასწაულის - ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის შესახვედრად.

1. მომზადება დიდი მარხვისათვის

ეკლესია თავისი მორწმუნეების სულიერ და ფიზიკურ მომზადებას დიდი მარხვისათვის რამდენიმე კვირით ადრე იწყებს, დიდმარხვის დაწყებას წინ უძღვის 3 კვირა: მეზვერისა და ფარისევლის, უძღები შვილის, ხორცის აკრებისა და საშინელი სამსჯავროსი და ბოლო კვირიაკე (კვირა დღე) - მიტევებისა და ადამის სამოთხიდან განდევნისა:

ა) კვირა მეზვერისა და ფარისევლისა.

ეს კვირა მსგეფსია (ოთხშაბათი და პარასკევი - ხსნილი). შვიდეულის დასაწყისში საკვირაო წირვაზე ეკლესია იხსენებს იგავს სახარებიდან მეზვერისა და ფარისევლის შესახებ (ლუკა 14.12-14); თუ როგორ ისმინა ღმერთმა ლოცვა ყოვლად უღირსი ადამიანის - მეზვერისა¹, შეიწყალა იგი და სინანულის გამო, დააყენა უფრო წინ, ვიდრე ფარისეველი2, რომელიც ღმერთის კანონებს გარეგნულად კი ასრულებდა, მაგრამ არ ჰქონდა სინანული, ამ იგავის გახსენებით ეკლესია მოგვიწოდებს სინანულისაკენ.

1. მეზვერე - გადასახადების ამკრეფი. მეზვერები, რომლებიც ძირითადად დამპყრობელ რომაელებს ემსახურებოდნენ, ებრაელებს განსაკუთრებულად ეზიზღებოდათ.

2. ფარისეველი - ებრაული რელიგიური ელიტის წარმომადგენელი. ფარისევლები გამოირჩეოდნენ იმით, რომ გარეგნულად მოსეს მიერ მიცემულ ებრაულ სჯულს ზედმიწევნით ასრულებდნენ, რაც საკმაოდ რთული იყო.

ბ) კვირა უძღები შვილისა

საკვირაო წირვაზე უძღები შვილის შესახებ იგავის გახსენებით (ლუკა 15. 11-31) თუ როგორ დაუბრუნდა მამას გაქცეული შვილი, რომელმაც მთელი თავისი ქონება გაფლანგა, მაგრამ მიხვდა თავის დანაშაულს და მამასთან მსახურად დადგომა გადაწყვიტა, მამამ კი ასეთი სინანულის გამო კვლავ შვილად მიიღო. ჩვენი სინანული კიდევ უფრო იზრდება. ჩვენი სუფრაც შედარებით განტვირთულია: ოთხშაბათსა და პარასკევს კვლავ მარხვას ვინახავთ; ამასთან ერთად ბოლო შვიდეულია, როდესაც ხორცის მიღება შეგვიძლია.

გ) ყველიერის კვირა, ხსენება საშინელი სამსჯავროსი. ხორცის აკრება.

მარხვის დაწყებას წინ უშუალოდ უძღვის ბოლო კვირა - შვიდეული ყველიერისა. ამ კვირაში ოთხშაბათი და პარასკევი ხსნილია, მაგრამ მხოლოდ რძის ნაწარმითა და კვერცხით, რადგან ხორცი კვირა საღამოს ვახშმის შემდეგ აიკრიბა სუფრიდან და აღდგომამდე აღარ იჭმევა. საკვირაო წირვაზე უფალი მორწმუნეებს საშინელ სამსჯავროს ახსენებს; გარდა ამისა, ოთხშაბათსა და პარასკევს, დილით და საღამოთი, მორწმუნეებმა უკვე უნდა წაიკითხონ სპეციალური მოკლე ლოცვა წმ. ეფრემ ასურისა - "უფალო და მეუფეო..." რომელიც დიდ მარხვაში ყოველდღე იკითხება შაბათ-კვირის გარდა.

დ) შენდობის კვირიაკე

დიდი წმ. მარხვის წინა მოსამზადებელი პერიოდი მთავრდება ეგრეთწოდებული შენდობის ანუ მიტევების კვირიაკით (კვირა დღით). დილით საკვირაო წირვაზე ეკლესია მოიხსენიებს ადამის განდევნას სამოთხიდან, საღამოს კი სრულდება მწუხრის ლოცვა, რომლის დროსაც ტაძრის ყველა ფერადი შესამოსელი უნდა შეიცვალოს შავით.

ამ ლოცვის ბოლოს მრევლის წინ გამოდის უპირატესი მღვდელი და ქადაგების შემდეგ ყველასგან ითხოვს შენდობას ანუ პატიებას თავისი ნებსითი თუ უნებლიე შეცდომების გამო. ამის შემდეგ თითოეული მორწმუნე სათითაოდ მიდის ჯერ მღვდელთან, შემდეგ ეკლესიის სხვა წევრებთან და თვითონაც პატიებას ითხოვს. განსაკუთრებით ამაღელვებელია ეს რიტუალისიონის საპატრიარქო ტაძარში, სადაც თვით პატრიარქი, მუხლებზე დამდგარი, მთელი ერისაგან შენდობას ითხოვს. ამ დღეს, ადგილობრივ ტაძარში ლოცვის ჩატარების შემდეგ, ყველა მოძღვარი ცდილობს თავის მრევლთან ერთად მივიდეს სიონში და პატრიარქისაგან შენდობა მიიღოს. ყოველი ქრისტიანი უნდა ეცადოს, მარხვის დაწყების წინ, მიიღოს შენდობა ეკლესიისაგან, მშობლებისაგან, შვილებისაგან, ყველა ახლობლისაგან და განსაკუთრებით იმათგან, ვინც მასზე გულძვირადაა.

ხშირად ადამიანი ფიქრობს, რომ მავანი მასზე უმიზეზოდაა ნაწყენი და ის თვითონ არის დამნაშავე; ან თუ არ ახსოვს, რომ მოყვასისათვის ეწყენინებინოს, მისთვის პატიების თხოვნა არ არის საჭირო. ეს ასე არ არის, ჯერ ერთი, სახარების სწავლების მიხედვით, კონფლიქტის დროს ორივე მხარე დამნაშავეა, მიუხედავად იმისა, ხედავს ადამიანი ამას თუ ვერა; მეორეც ის რომ ჩვენ ხშირად ადამიანებს უხეში საქციელით ვაყენებთ ტკივილსა და წყენას და ვერც კი ვხვდებით ამას, მესამეც ის, რომ შეიძლება ადამიანს უშუალოდ არაფერი დავუშავოთ, მაგრამ ყოველი ჩვენი ცუდი საქციელი, ყოველი ცოდვილი ფიქრი ხილულად თუ უხილავად სხვა ადამიანზე გადადის მით მეტად, რაც უფრო ახლოსაა ის ჩვენთან; და ბოლოს, თუნდაც მოყვასს არაფერს ვუშავებდეთ, მის წინაშე მაინც დამნაშავედ უნდა ვგრძნობდეთ თავს, რამეთუ არ ვუკეთებთ იმას, რაც გვევალება მის მიმართ. გვევალება კი განუზომლად იმაზე მეტი, რასაც ვასრულებთ: შევიყვაროთ ერთმანეთი ისე როგორც უფალმა იესო ქრისტემ შეგვიყვარა ჩვენ (იოანე 13.34).

ასეთი სინანულით უნდა იწყებდეს ყოველი ქრისტიანი მარხვას.

2. დიდმარხვის პირველი კვირა

მარხვის სწორად წარმართვა ბევრადაა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ გაატარებს ქრისტიანი დიდმარხვის პირველ კვირას. ძველი ქრისტიანები დიდმარხვაში და განსაკუთრებით პირველ შვიდეულში, მეტად მკაცრად მარხულობდნენ; მთელ დღეს ტაძარში ატარებდნენ და ჭამდნენ უზეთო საჭმელს დღეში ერთხელ მზის ჩასვლის შემდეგ.

ამ მხრივ საგულისხმოა ერთი ნაწყვეტი აკაკი წერთლის "ჩემი თავგადასავლიდან", სადაც აღწერილია, თუ როგორ ამარხულებდნენ ბავშვებს: "უმთავრესი ყურადღება ჩვენი წირვა-ლოცვაზე და მარხვაზე იყო მიქცეული, სამწუხარო დრო ჩვენთვის დიდმარხვა იყო; მთელი დღე საღამომდის, სანამ ლოცვა არ გამოვიდოდა, წყლის მეტს არაფერს მიგვაკარებდნენ; საღამოსაც მარტო ხმელ პურს გვაძლევდნენ. არათუ შეჭამადი რამე, ღვინო, მარილი და ზეთიც კი აკრძალული გვქონდა. . ."

ჩვენი წინაპრების მიბაძვის სურვილი ყველა ჩვენგანს უნდა ჰქონდეს, მაგრამ მეორეს მხრივ, არც ზომიერების გრძნობამ უნდა გვიღალატოს. დღეს ბევრი ჩვენგანი ცდილობს გაიმეოროს მათი ღვაწლი. ღმერთმა შეგვაძლებინოს! უთუოდ, ჩვენს შორისაც არიან ამის შემძლენი, მაგრამ სამწუხაროდ, ხშირად ეს სურვილი ძედაპირული და ცალმხრივია. ძველი ქრისტიანების მარხვის ასეთი სიმკაცრე მათ შინაგან სულიერ მდგომარეობას შეესაბამებოდა. ჩვენ კი არათუ პირველ ქრისტიანებზე, არამედ ასი წლის წინ მცხოვრებ ჩვენ პაპებზეც კი ბევრად უძლურნი ვართ; მათი ოდენ ზედაპირული მიბაძვა ჩვენს შინაგან და გარეგან მდგომარეობას შორის დარღვევებს იწვევს, რასაც ხშირად სავალალო შედეგამდე მივყავართ. საგულისხმოა, რომ თვით აკაკიც, ზემომოყვანილ ნაწყვეტში, ასეთ მომეტებულ სიმკაცრეს შეცდომად მიიჩნევს. ასე რომ, თუ, ერთის მხრივ, მარხვისადმი გულგრილობაა დაუშვებელი, მეორეს მხრივ, ზედმეტმა სიმკაცრემ სხვა, ვინ იცის, იქნებ უფრო მძიმე განსაცდელი მოგვიმზადოს. ამიტომ ქრისტიანმა ზომიერად უნდა ილოცოს, ზომიერად უნდა იმარხულოს და თუ ცხოვრების წესის გამკაცრება სურს, მოძღვარს უნდა დაეკითხოს. ეკლესიური წესით მცხოვრები დღევანდელი ჩვენი ქრისტიანებიდან, ვისაც შეუძლია, დიდმარხვის პირველ კვირაში ჭამს დღეში ორჯერ უზეთო საჭმელს, ხოლო ვისაც ეს უჭირს - ზეთიანს და დღეში სამჯერ; თუ შეძლებს, ასეთმა ადამიანმა, სასურველია, ოთხშაბათსა და პარასკევს მაინც შეიკავოს თავი ზეთისაგან.

რაც შეეხება ლოცვას, დილითა და საღამოს დამატებით ვკითხულობთ წმ. ეფრემ ასურის სინანულის მოკლე სავედრებელს "უფალო და მეუფეო..." ოთხი სრული მეტანიით.*

ჩვენი პატრიარქის , უწმიდესისა და უნეტარესის, ილია II რჩევითა და ლოცვა-კურთხევით, ვინც მარხვას ინახავს, სასურველია, მარხვის პერიოდში ყოველ კვირას ეზიაროს. ამისთვის საჭიროა დავესწროთ ლოცვას შაბათ საღამოს, ვთქვათ აღსარება, წავიკითხოთ ზიარების ლოცვები და კვირის წირვაზე უზმოდ მივიდეთ, ე.ი. თუ სხვა დროს, ზიარების წინ, საჭიროა რამდენიმე დღე მარხვის შენახვა, ახლა ეს პირობა თავისთავად სრულდება, რაც გარკვეულად აიოლებს ზიარებისათვის მომზადებას. მეორე მხრივ, თუ ხსნილში წირვა შეიძლება ჩატარდეს კვირის ნებისმიერ დღეს, მარხვაში ეს შესაძლებელია მხოლოდ შაბასა და კვირას. გარდა ამისა, მათთვის, ვინც შაბათს ან კვირას ვერ ეზიარა, ოთხშაბათს და პარასკევს ტარდება ეგრეთ წოდებული წირვა პირველშეწირულთა ძრვენთა, როდესაც მორწმუნეთა ზიარება ხდება შაბათს ან კვირის წირვიდან გადანახული წმიდა ნაწილებით.

პირველი ოთხი შაბათი დიდმარხვისა, აგრეთვე "ხორციელის" შაბათი ანუ "კორკოტობა", არის მიცვალებულთა მოხსენების დღეები. ეკლესიებში გაშლილია მაგიდები საკურთხისათვის და წირვის შემდეგ სრულდება საზოგადო პანაშვიდი.

უკანასკნელი დღე მკაცრი მარხვისა პირველ კვირაში არის პარასკევი: შაბათს და კვირას მკაცრი მარხვა აღარ შეიძლება. ამ ორ დღეს დასაშვებია ზეთისა და ცოტაოდენი ღვინის მიღებაც.

*ტაძარში ეს ლოცვა სრულდება 16 მეტანიით. ამასთან 16-დან 12 არის მცირე მეტანია.

3. როგორ უნდა მოიქცეს მორწმუნე, თუ რაიმე მიზეზით მარხვის შენახვა არ შეუძლია

ხანდახან ხდება, რომ ადამიანს მარხვის შენახვა უჭირს; ან ძალიან დასუსტებულია, ან ხნიერია, ან ავადაა და ექიმმა სპეციალური დიეტა დაუნიშნა. ასეთ შემთხვევაში არასამარხო პროდუქტის მიღება მარხვის დარღვევად არ ჩაითვლება, თუ მორწმუნე აიღებს ლოცვა-კურთხევას, რომელსაც იძლევა ან მღვდელმთავარი, ან მღვდელი. ამ ლოცვა-კურთხევის ძალით მორწმუნემ შეიძლება მიიღოს რძის ნაწარმი და ხორციც, თუ ეს აუცილებელია.

მარხვის შენახვა არაა სავალდებულო აგრეთვე ბავშვებისათვის 12 წლის ასაკამდე. თუ მშობლებს მაინც უნდათ ბავშვი თავიდანვე შეაჩვიონ მარხვას, ვურჩევთ ასე განსაჯონ: ბავშვისათვის ყოველდღიურად ხორცის მიღება არა თუ სავალდებულო არ არის, არამედ მავნებელიცაა. ამიტომ მისი რეჟიმი ისე უნდა განვსაზღვროთ, რომ ხორცისაგან განტვირთვის დღეები იყოს ოთხშაბათი და პარასკევი.

როგორც აღვნიშნეთ, დიდი წმიდა მარხვა ყველა სხვა მარხვაზე საძნელოა, მაგრამ შემწეობაც მეტი გვეძლევა უფლისაგან.

ღმერთმა მოგვცეს მადლი, გულისხმისყოფა და სულიერი თუ ფიზიკური ძალები, რათა ყოველმა ჩვენგანმა - სრულიად საქართველომ - ერთიანი მარხვითა და ლოცვით ვადიდოთ მამა, ძე და სულიწმიდა. ამინ.

4. დიდი მარხვა მეორე კვირიდან ვნების შვიდეულამდე

დიდი მარხვა მეორე კვირიდან ვნების შვიდეულამდე შემდეგნაირად უნდა წარვმართოთ: ვისაც შეუძლია, საკვები მიიღოს დღეში ორჯერ (ან სამჯერ). მკაცრი მარხვა შეიძლება მიიღოს მხოლოდ ოთხშაბათობით და პარასკევობით, როდესაც ვიკვებებით ასევე ორჯერ (ან სამჯერ), მაგრამ ვცდილობთ ზეთს მოვერიდოთ. შაბათ-კვირას ჩვენს ტრაპეზს შეიძლება სადღესასწაულო ელფერი მივცეთ ხოლმე, რაც გამოიხატება საჭმლის მრავალფეროვნებასა და ცოტაოდენი ღვინის დალევაში.

ლოცვითი კანონი იგივეა, რაც პირველ კვირაში, ე.ი. დილისა და საღამოს ლოცვების შემდეგ უნდა წავიკითხოთ წმ. ეფრემ ასურის სინანულის ლოცვა "უფალო და მეუფეო..." ოთხი მეტანიით.

5. "ლაზარეს შაბათი" და "ბზობა"

მარხვის შუა პერიოდს აგვირგვინებს ერთ-ერთი უდიდესი საეკლესიო დღესასწაული "ბზობა" - იესო ქრისტეს დიდებით შესვლა იერუსალიმში, რომელიც დიდმარხვის მე-6 კვირიაკეს იდღესასწაულება. ამ დღესასწაულს წინ უძღვის ეგრეთწოდებული "ლაზარეს შაბათი", როდესაც ეკლესია დღესასწაულობს იესო ქრისტეს მიერ ლაზარეს აღდგინებას. ეს არის აგრეთვე, დღესასწაული ქართული ენისა რამეთუ "სახარებას შინა ამას ენასა ლაზარე ჰქვიან" ("ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი"). ქართველ ხალხს ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება ძველთაგანვე ქართული ენისა და სრულიად საქართველოს აღდგენის სიმბოლოდ მიაჩნია.

საეკლესიო წესით, ლაზარეს შაბათი ხსნილია ხიზილალით, ბოლო ბზობის დღესასწაულზე ვიხმევთ თევზსაც. ამ დღეს მორწმუნეებს ურიგდებათ ბზის ტოტები, გასახსენებლად იმისა, თუ როგორ უფენდნენ ოდესღაც იესო ქრისტეს მწვანე რტოებს ებრაელები იერუსალიმში მისი დიდებით შესვლისას, პასექის უკანასკნელ დღესასწაულზე.

წინა წლის ბზის ნაკურთხი ტოტები შეგვიძლია ან ეკლესიაში მივიტანოთ, სადაც მათ შესაგროვებლად ადგილია ხოლმე გამოყოფილი, ან ჩვენვე დავწვათ სუფთა ადგილას.

6. ვნების შვიდეული

ა) ვნების შვიდეულის ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი

ვნების შვიდეული ეწოდება წმ. დიდმარხვის ბოლო კვირას. იმის აღსანიშნავად, რომ ამ შვიდეულში მოხდა წმ. ვნება ჯვარზე უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ამ კვირაშიც, გარდა ხუთშაბათისა, პირველი კვირის მსგავსად, მკაცრად ვმარხულობთ. ვნების შვიდეულის ორშაბათს, სამშაბათსა და ოთხშაბათს ტაძარში სრულდება წირვები პირველშეწირულთა ძრვენთა, რომლებზეც სრულდება მეტად საინტერესო და შტამბეჭდავი წესი: ტაძარში იკითხება მთელი სახარება თავიან ბოლომდე.

ბ) "დიდი ხუთშაბათი"

ამ კვირაშიც, პირველი კვირის მსგავსად, მკაცრად ვმარხულობთ, თუმცა ვნების შვიდეულის ხუთშაბათი დღე ე.წ. "დიდი ხუთშაბათი", ზეთით ხსნილია, რადგან ეკლესიაში სრულდება სადღესასწაულო წირვა: ამ დღეს იესო ქრისტემ მოიწვია საიდუმლო სერობა თავისი თორმეტი მოწაფისა, დააწესა ზიარების საიდუმლო(ლუკა 22,8-20). ყველა ქრისტიანი უნდა ეცადოს, რომ დიდ ხუთშაბათს უზიარებელი არ დარჩეს. თრადიციულად, სიონის საკათედრო ტაძარში ამ დღეს მორწმუნეებს თვით ჩვენი კათალიკოს-პატრიარქი ილია II აზიარებს ხოლმე.

ამავე დღეს სიონის საკათედრო ტაძარში სრულდება ფერხთბანის რიტუალი. კათალიკოს-პატრიარქი იწვევს თორმეტ მღვდელს და ბანს მათ ფეხებს. ამით ჩვენ ვიხსენებთ, თუ როგორ დაბანა ფეხები მაცხოვარმა თავის თორმეტ მოწაფეს (იოანე 113,4-10). დიდი ხუთშაბათიდან მოყოლებული წმ. ეფრემ ასურის სინანულის ლოცვა "უფალო და მეუფეო..." აღარ იკითხება.

გ) "დიდი პარასკევი"

"

დიდი პარასკევი" ყველაზე მძიმე დღეა წლის განმავლობაში. ამ დღეს მოხდა ჯვარცმა და ხორციელი სიკვდილი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ახლობელი ადამიანის გარდაცვალებისას ჭირისუფალს მარადიულობასთან შეხების საოცარი განცდა ეუფლება. ეს გრძნობა კიდევ უფრო იზრდება, თუ მიცვალებული მთელ ერს ეკუთვნოდა. ასეთ დროს ამაო საგნებზე ფიქრიც კი უხერხულია. ჩვენ კი, ქრისტიანებს, გვენიჭება დიადი უფლება, არ მივატოვოთ ჯვარზე უფალი ჩვენი იესო ქრისტე და მენელსაცხებლე დედებთან, წმ. იოანე მახარებელთან და თვით ყოვლადწმიდა ღვთისმშობელთან ერთად ვიყოთ მისი ჭირისუფალნი.

ამის გამო, ეს დღე განსაკუთრებით წმინდად უნდა გავატაროთ; მაქსიმალურად ვეცადოთ საკუთარ თავში ჩაღრმავებას, მოვერიდოთ ურთიერთობებს, სხვისი საქციელის განკითხვას; სულ გვახსოვდეს ჯვარცმული მაცხოვარი. ამ დღეს შეგვიძლია საზრდელზეც უარიც კი ვთქვათ, ან მცირად წავიხემსოთ დღის მეორე ნახევარში. დღის ორ საათზე ეკლესიაში სრულდება ე.წ. "გარდამოხსნის გადმოსვენება" - იესო ქრისტეს სხეულის ჯვრიდან გადმოხსნის რიტუალი. საღამოს იკითხება "თორმეტი ვნების სახარება", ანუ ყველა ის ადგილი სახარებაში, სადაც აღწერილია უფლის წმიდა ვნება ჯვარზე. სასურველია, რომ ქრისტიანი ორივე რიტუალს დაესწროს.

დ) "დიდი შაბათი"

ვნების შვიდეულის შაბათს, რომელსაც "დიდ შაბათს" ვუწოდებთ, დილით ადრე სრულდება გარდამოხსნის შემოტარება ეკლესიის გარშემო, რის შემდეგაც მას შუა ტაძარში დაასვენებენ. ეს რიტუალი მომასწავებელია უფლის წმიდა სხეულის გადმოსვენებისა ჯვარცმის ადგილიდან მისთვის გამზადებულ საფლავში, სრულდება წირვა, ხოლო ამის შემდეგ ვემზადებით იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის შესახვედრად.

დიდი შაბათი ერთადერთი შაბათია წლის განმავლობაში, როდესაც დაშვებულია, და ამდენად, სავალდებულო, მკაცრი მარხვა; ამასთან, ვინც აღდგომის წირვაზე ზიარებისათვის ემზადება, საღამოს 8 საათის შემდეგ საზრდელი არ უნდა მიიღოს; ამ დღეს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, აღარ იკითხება წმ. ეფრემ ასურის სინანულის ლოცვაც.

ღმერთმა მოგვცეს სულიერი და ფიზიკური ძალა, წმინდად გავატაროთ დიდი მარხვა; ვეცადოთ, უფალთან ერთად ვეცვათ ჯვარს და მასთან ვცხონდეთ, რომ ისევე ბრწყინვალედ აღვდგეთ მკვდრეთით, როგორც აღდგა მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე. ამინ!

7. ზეთის კურთხევა

დიდი მარხვის პერიოდში ეკლესიებში სრულდება ზეთის კურთხევის საიდუმლო ანუ "შვიდჯერ ზეთისცხება", როგორც მას დღეს უწოდებენ. ეს საიდუმლო, ისევე როგორც ახალი აღთქმის დანარჩენი საიდუმლოები უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ დაგვიწესა, როდესაც მისი ლოცვა-კურთხევით საქადაგებლად წარგზავნილი მოციქულები "სცხებდნენ ზეთსა მრავალთა სნეულთა და განჰკურნებდეს" (მარკოზი 6.13).

ზეთის კურთხევის მიზანი წმ. მოციქულის იაკობის სიტყვებშიც ჩანს: "უძლურ თუ ვინმე არს თქვენს შორის, მოუწოდონ ხუცესთა ეკლესიისათა და ილოცონ მას ზედა და სცხონ მას ზეთი სახელითა უფლისაითა და ლოცვამან სარწმუნოებისამან აცხოვნოს სნეული იგი და აღადგინოს იგი უფალმან, დაღაცათუ ცოდვა რაიმე ექმნეს, მოვეეტეოს მას" (იაკობი 5.14-15).

აქედან ჩანს, რომ ზეთის კურთხევის საიდუმლოს შესრულების მიზანია ავადმყოფის ხორციელი სნეულებისაგან განკურნება და ცოდვათა მიტევება. ამ საიდუმლოს პირველსახედ შეიძლება მივიჩნიოთ, აგრეთვე თვით უფლის მიერ განრღვეულის განკურნება ქალაქ კაპერნაუმში, როდესაც იესო ქრისტემ სნეული არა მარტო სარეცელიდან ააყენა, არამედ ცოდვებიც მიუტევა (მარკოზი 2.1-12).

დღეს ეს საიდუმლო სრულდება ეკლესიებში დიდი მარხვის პერიოდში, ან მძიმე ავადმყოფთან სახლში, როდესაც ამისი აუცილებლობაა, წლის ნებისმიერ დროს. ამასთან, თუ ავადმყოფთან საიდუმლოს ჩატარებასთან, ჩვენი მთავარი მიზანი სნეულების დათრგუნვაა, ეკლესიაში მას მორწმუნეები ძირითადად ცოდვათა მიტევების გამო ესწრებიან; თუმცაღა, ცხადია, ორივე შემთხვევაში, საიდუმლოს ორივე ზემოქმედება ძალაშია, რამეთუ სნეულებისაგან სრული განკურნება, ცოდვათა მიტევების გარეშე, ადამიანის სნეულისათვის შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს.

სასურველია რომ მორწმუნემ ზეთის კურთხევაში მონაწილეობა ყოველწლიურად მიიღოს, რადგან თუ აღსარებისას ადამიანს ის ცოდვები მიეტევება, რომლებიც აღიარა და მოინანია, ზეთის კურთხევისას, გადმოცემით, დავიწყებული ცოდვებიც ეპატიება. ამის გამო, საიდუმლოში მონაწილეობა შეუძლია მხოლოდ იმას, ვისაც აღსარება ერთხელ მაინც უთქვამს.

სხვადასხვა ეკლესიაში ზეთის კურთხევა დიდი მარხვის სხავდასხვა კვირაში სრულდება, რაც საშუალებას აძლევს მორწმუნეს გამორიცხოს შემთხვევითი, დამაბრკოლებელი მიზეზი და არ დააკლდეს ამ დიდი მადლის მომნიჭებელ საიდუმლოს.

ღმერთმა განგვკურნოს ჩვენ და სრულიად საქართველო სულიერ და ხორციელ სენთაგან. ამინ.

(ცაგერისა და სვანეთის ეპისკოპოსი ნიკოლოზი. წესი ქრისტიანის ცხოვრებისა. გამომცემლობა "კანდელი", 1997)

როგორ ვიზრუნოთ მიცვალებულისათვის

1. სული სიკვდილის შემდეგ

უპირველეს ყოვლისა, მტკიცედ უნდა გვწამდეს: ადამიანის სული არ კვდება; ის მხოლოდ ტოვებს სხეულს და ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადადის - გარდაიცვლება.

საღმრთო გამოცხადებისა თუ თვითმხილველთა მრავალსაუკუნოვანი გამოცდილების შედეგად ეკლესიას დაუგროვდა გარკვეული ცოდნა სულის იმქვეყნიური ცხოვრების შესახებ. ეს სწავლა გადმოცემულია მამათა ნაწერებში, მოკლედ კი, მისი არსი შემდეგია:

გარდაცვალებისას სული განეშორება სხეულს. პირველი სამი დღე იგი იმყოფება დედამიწაზე, დასტრიალებს საკუთარ სხეულს, ახლობელ ადამიანებს, ემშვიდობება მათ; განსაკუთრებით უხარია იმ ადგილების მონახულება, სადაც ოდესმე სიკეთე ჩაუდენია.

მესამე დღეს (პირველ დღედ გარდაცვალების დღე ითვლება) ანგელოზები სულს ზეცაში აიყვანენ და წარადგენენ უფალთან. ამის შემდეგ ექვსი დღის განმავლობაში ათვალიერებენ სასუფეველის სანახებს. გარდაცვალებიდან მეცხრე დღეს მას კვლავ წარადგენენ უფალთან, რის შემდეგაც ჯოჯოხეთს მოატარებენ. მეორმოცე დღეს შედგება ახალგარდაცვალებულის პირადი სამსჯავრო. ანგელოზები წარმოადგენენ მის კეთილ საქმეებს, რაც სიცოცხლეში ჩაუდენია, აგრეთვე იმ სიკეთესაც, რომელიც მის სახელზე სხვამ აღასრულა, განსაკუთრებით გარდაცვალების შემდეგ ორმოცი დღის განმავლობაში; დაცემული სულები კი წარმოაჩენენ მის ცოდვილ ცხოვრებას. უფალი ჩვენი იესო ქრისტე გაასამართლებს სულს და დედამიწაზე თავის მეორედ მოსვლამდე მიუჩენს დროებით სამყოფელს სასუფეველში ან ჯოჯოხეთში.

ქრისტეს მეორედ მოსვლის შემდეგ შედგება საერთო სამსჯავრო, სადაც თითოეული ადამიანის სულს უფალი ხელახლა გაასამართლებს ყველას თანდასწრებით და უკვე სამუდამო ადგილ-სამყოფელს მიუჩენს. იმის მიხედვით, თუ როგორ ზრუნავდნენ მისთვის ახლობლები, როგორ ლოცულობდა ეკლესია, შეიძლება სული ჯოჯოხეთიდან სამოთხეშიც იქნას აყვანილი. განსაკუთრებით ძლიერია დედის ლოცვა.

ასე რომ, ახლობელ ადამიანს ჩვენ მხოლოდ დროებით ვშორდებით, რათა შემდეგ სამუდამოდ შევეყაროთ. ადამიანისათვის ნებისმიერი განშორება მძიმეა, მით უმეტეს ასეთი გაურკვეველი ვადით, მაგრამ სასოწარკვეთასა და წრეგადასულ მწუხარებას მაინც არ უნდა მივეცეთ. გვახსოვდეს, არც ღმერთი მოგვიწონებს ამას და მიცვალებულსაც საშინელ ტკივილს მივაყენებთ. ადამიანისათვის თავის მახლობელთა მწუხარება განსაკუთრებით მძიმეა მისი გარდაცვალების ჟამს, როდესაც გარეგნულად სიცოცხლე აღარ ეტყობა, სული კი სხეულს საბოლოოდ არ გაყრია; აგრეთვე პირველ დღეებში, როდესაც სული ცხედართან ახლოს იმყოფება. ჩვენს დარდს ორი გარემოება ამსუბუქებს: ერთი, რაც უკვე ვთქვით, რომ სული არ კვდება და მასთან განშორება არაა მარადიული, და მეორე - ჩვენ შეგვიძლია მონაწილეობა მივიღოთ მისი სამუდამო ადგილ-სამყოფელის განსაზღვრაში, ჩვენ შეგვიძლია ვიზრუნოთ მისთვის.

2. ლოცვა მიცვალებულისათვის

ა) პანაშვიდი

ახლადშესვენებულს ეკლესიაში უნდა გადავუხადოთ პანაშვიდი:

პირველ დღეს - როცა გარდაიცვლება;

მე-3 დღეს - როდესაც პირველად წარსდგება უფალთან;

მე-9 დღეს - როდესაც მეორედ წარსდგება უფალთან;

მე-40 დღეს - როდესაც ის პირად სამსჯავროზეა.

და ამის შემდეგ გარდაცვალების ყოველ წლისთავსა და დაბადების დღეზე.

გარდა ამისა, როგორც საზოგადო ლოცვების განხილვისას აღვნიშნეთ, ეკლესიაში წლის განსაკუთრებულ დღეებში დანიშნულია საზოგადო პანაშვიდები (ეს დღეები ყოველწლიურად უნდა ვნახოთ საეკლესიო კალენდარში, ან შევიტყოთ ეკლესიაში), რომელსაც უნდა დაესწროს ჭირისუფალი.

კარგი იქნება, თუ მეორმოცე დღისათვის მიცვალებულის სახელზე შეუკვეთავთ წირვას, რომელსაც დაესწრებიან ოჯახის წევრები და მიიღებენ წმიდა ზიარებას, შესაბამისად მომზადებულნი. ამის შემდეგ, სასურველია, დროდადრო შევუკვეთოთ წირვები. ძველი ტრადიციით მიცვალებულისათვის შვიდი წირვა სრულდებოდა.

ბ) წესის აგება

გასვენების დღეს მიცვალებულს წესი უნდა ავუგოთ; წესის აგებას ასრულებს მღვდელი ან ოჯახში, ცხედართან, ან ეკლესიაში. თუ გასვენების დღეს რაიმე მიზეზით წესის აგება არ ხერხდება, შეიძლება შესრულდეს ადრეც. აგრეთვე ამ ლოცვის შესრულება შეიძლება ძველი მიცვალებულისთვისაც, რომელსაც თავის დროზე წესი არ აუგეს.

<

სასურველია ოთახში მიცვალებული ისე იყოს დასვენებული, რომ აღმოსავლეთს უყურებდეს (თუ ფართობი ამის საშუალებას გვაძლევს). მას თავთან უნდა ედგას ნაკურთხი წყალი, ხორბალი და უნდა ენთოს კანდელი (კანდელი არის მცირე ზომის ჭურჭელი ზეთით, რომელშიც ჩადებულია ბამბის ძაფის პატრუქი. იგი შეიძლება შევიძინოთ ეკლესიაში, ან დავამზადოთ სახლში). მიცვალებულთან შეიძლება ენთოს სანთელიც.

გ) ფსალმუნების კითხვა

მიცვალებულთათვის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმაც უნდა ილოცონ. ყველაზე კარგი ტრადიციული ფორმა არის საგალობლების კითხვა წმ. დავით წინასწარმეტყველის "ფსალმუნებიდან", რომელიც იყიდება ეკლესიაში. წიგნი სანიშნით მიცვალებულთან ახლოს, გამოსაჩენ ადგილას უნდა იდოს, რომ ყველა მსურველს შეეძლოს წაკითხვა, რაც მიცვალებულის სულს დიდ შემწეობას უწევს.

ავიღებთ წიგნს, გავაგრძელებთ კითხვას დანიშნული ადგილიდან; წავიკითხავთ სანამდეც შევძლებთ, დავნიშნავთ და დავდებთ თავის ადგილზე, რომ შემდეგ სხვა მსურველმაც წაიკითხოს. გასვენებამდე რაც მეტჯერ მოესწრება წიგნის ბოლომდე წაკითხვა, მით უკეთესია.

ძველად ფსალმუნებს შეუწყვეტლად უკითხავდნენ მიცვალებულს მთელი დღე-ღამის განმავლობაში. აქედან მოდის დღემდე შემორჩენილი ტრადიცია ცხედართან ღამის თევისა. ასე რომ, თუ ჭირისუფლები მიცვალებულს ღამეს უთევენ, სასურველია რიგრიგობით ფსალმუნის კითხვა. მიცვალებულის სული, გარდა საკუთრივ მისთვის მიძღვნილი ლოცვისა, შეიძლება მოვიხსენოთ საზოგადო ლოცვაშიც.

დ) მოხსენება კვეთაში

მეტად მნიშვნელოვანია მოხსენება მღვდლის მიერ წირვის დროს. წირვის დაწყებამდე დილით ან საღამოს ეკლესიაში უნდა შევიძინოთ საგანგებოდ გამომცხვარი პური - სეფისკვერი; შემდეგ ფურცელზე დავწეროთ "გარდაცვლილნი" და ჩამოვწეროთ ახლობელ მიცვალებულთა სახელები (ტრადიციულად მიცვალებულისათვის შევიძენთ ხოლმე ჯვრის გამოსახულებიან, ხოლო ცოცხალი ადამიანის მოსახსენებლად - ყოვლადწმიდა სამების ან ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის გამოსახულებიან სეფისკვერს, ერთი სეფისკვერი შეიძლება შეიგზავნოს ერთი ან რამდენიმე ადამიანისათვის). სეფისკვერსა და მოსახსენებელ ფურცელს დატოვებთ შესაბამის ადგილზე, საიდანაც მნათე შეიტანს საკურთხეველში. მღვდელი წირვის დროს ამ სეფისკვერზე მოხსენებულთა სახელებზე ლახვრით ამოკვეთს მცირე ზომის ნაწილებს, შეწირავს მსხვერპლად და წირვის დროს ჩაუშვებს წმ. ბარძიმში.

შენიშვნა: არის შემთხვევები, როდესაც მიცვალებულის მოხსენება კვეთაში არ შეიძლება:

1. თუ ადამიანი არ იყო მონათლული მართლმადიდებლურად;

2. თუ იგი სიცოცხლის ბოლომდე გმობდა ღმერთს;

3. თუ თავისი სიცოცხლე შეგნებულად დაამთავრა თვითმკვლელობით.

თუ რა ვიღონოთ ასეთი მიცვალებულისათვის, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მოძღვართან უნდა გავარკვიოთ.

ე) ორმოცდღიანი მოსახსენებელი

ეკლესიაში არსებობს ტრადიცია მიცვალებულის მოხსენებისა კვეთაში ორმოცი დღის განმავლობაში. ტაძრებში, სადაც წირვა ყოველდღე მიმდინარეობს (სიონი, ანჩისხატი, ქაშუეთი, სვეტიცხოველი, ალ. ნეველის სახელობის რუსული ეკლესია) ჭირისუფალის თხოვნით მიცვალებულს იხსენებენ კვეთაში ყოველდღე, ორმოცი დღის მანძილზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიცვალებულის 40-დღიანი მოხსენება დიდი მარხვის პერიოდში.

ვ) მოხსენება საზოგადო პანაშვიდზე

როგორც ადრე ავღნიშნეთ, მიცვალებული შეიძლება მოვიხსენიოთ საზოგადო პანაშვიდზეც. ამისათვის ფურცელზე დაწერილი სახელი უნდა მივაწოდოთ მღვდელს. მიცვალებული შეიძლება მოვიხსენიოთ, აგრათვე პირადად, დილის ლოცვების შესრულებისას შესაბამის ადგილას.

ზ) სანთლის ანთება

მიცვალებულის მოხსენების ერთ-ერთი ფორმაა სანთლის დანთება, რისთვისაც ეკლესიაში გამოყოფილია კუთხე მაცხოვრის ჯვარცმის გამოსახულებით. სანთლის დანთება გარდაცვლილი ადამიანისათვის შეიძლება სახლშიც ხატებთან ან მის სახელზე გაწყობილ სუფრაზე. ტრადიცია მიცვალებულთა მოხსენებისა ჯერ კიდევ ძველი აღთქმიდან მოდის, როდესაც იუდა მაკაბელმა იდუმიელთა წინააღმდეგ ბრძოლაში დახოცილ მებრძოლთა განსაწმედელად მსხვერპლი შეაწირვინა იერუსალიმში. ახალ აღთქმაში მიცვალებულთა ლიტურგიკული მოხსენება ყველაზე ადრე დაფიქსირებულია წმ. იაკობ მოციქულის ჟამისწირვაში.

ამ ტრადიციას ასახავს ქართული სუფრაც: ჩვენ სადღეგრძელოში ვიხსენებთ გარდაცვლილ ადამიანებს და მათ სახელზე მივიღებთ ხოლმე ღვინოში ჩაწობილ პურს, რაც სიმბოლურად მიცვალებულის ზიარებას ნიშნავს. ზოგჯერ კი ჭიქიდან ღვინოს პურზე ან მიწაზე დავღვრით ხოლმე. ესეც სიმბოლურია და მიცვალებულისათვის ცოდვათა მიტევებას ნიშნავს ისევე როგორც ჯვარცმისას მაცხოვრის სისხლი დაიღვარა მიწაზე, გაჟონა და დაეწვეთა ჯვრის ქვეშ დასაფლავებულ ადამის თავის ქალას და განწმიდა იგი პირველი ცოდვისაგან.

3. მოწყალების საქმე

მიცვალებულის სულს შეგვიძლია დავეხმაროთ მოწყალების საქმითაც, რამეთუ მის სახელზე გაკეთებულ სიკეთეს ღმერთი მას მიუთვლის. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს მოწყალების გაღებას გარდაცვალებიდან პირველი ორმოცი დღის განმავლობაში, რაც მას პირად სამსჯავროზე წაადგება. ასევე შემდგომშიც. ყოველი ასეთი კეთილი საქმე მიცვალებულის სულს უდიდეს შვებას ანიჭებს. ამასთან, რაც უფრო შორეულ და უცხო ადამიანს დავეხმარებით, მით მეტია ღმრთის მადლი, რადგან ახლობელი ადამიანი თვითონ გადაგვიხდის სამაგიეროს, უცნობის ნაცვლად კი ჩვენ და ჩვენს მიცვალებულს ღმერთი დაგვლოცავს. მოწყალების საქმე შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი:

ა) საკურთხი

გარდაცვალების პირველსავე დღეებში მიცვალებულის სახელზე უნდა იკურთხოს მარილი, რომელსაც გამოვიყენებთ საკურთხის მომზადებაში. საკურთხად იწოდება მიცვალებულის სახელზე მომზადებული ტრაპეზი: წანდილი, პური, ღვინო, ზეთი და სხვა საჭმელი. იგი მზადდება დასარიგებლად. მისი ნაწილი შეიძლება წავიღოთ ეკლესიაში და იქ დავტოვოთ, ან ჩვენ თვითონვე დავურიგოთ გაჭირვებულ ადამიანებს. საჭმლის დანარჩენი ნაწილი შეიძლება დავურიგოთ ახლობლებსაც ან გამოვიყენოთ სტუმრების გასამასპინძლებლად შინ, მაგალითად, გარდაცვალების დღეს, მეორმოცე დღეს, წლისთავზე და სხვა ღირსსახსოვარ დღეებში.

ბ) ტანსაცმლის გაცემა

მიცვალებულის სახელზე შეიძლება გავიღოთ აგრეთვე თანხა. ფული შეგვიძლია დავურიგოთ გლახაკბს (რასაც ქრისტიანი სისტემატურად უნდა აკეთებდეს; უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II რჩევით, ყველა მორწმუნეს უნდა ჰყავდეს ერთი გაჭირვებული ადამიანი მაინც, რომელსაც სისტემატურად დაეხმარება); ფული შეგვიძლია შევწიროთ ეკესიას, ან მიცვალებულის სახელზე მოვახმაროთ რაიმე კეთილ საქმეს.

ჩვენ განვიხილეთ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს მიცვალებულის სულის დასახმარებლად. ყოველივე ზემოთჩამოთვლილს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს როგორც გარდაცვლილის, ასევე ჭირისუფლისთვისაც. მაგრამ ყოველთვის გვაქვს კი უფლება შევსთხოვოთ ღმერთს? შეისმენს კი ღმერთი ყოველთვის ჩვენს თხოვნას და შეიწირავს ჩვენგან მსხვერპლს?

საქმე ის არის, რომ, უსჯულოების გამო, არც ჩვენ გვაქვს უფლება ვევედროთ ღმერთს და არც ჩვენ არაეკლესიურ მიცვალებულს ეგების წესის აღსრულება, რამეთუ საღმრთო წერილები ბრძანებს: "ვინც რჯულის მოსმენას ყურს არიდებს, მისი ლოცვაც კი სიბილწეა" (იგავნი 28,9). "ლოცვა მისი (ე.ი. ცოდვილისა) ცოდვად შეერაცხენ მას" (ფსალმუნნი 108,7).

ღმერთს რომ რაიმე შევსთხოვოთ, ამისი მორალური უფლება უნდა გვქონდეს. თუ ღმერთს მისი უსაზღვრო სიყვარულის საპასუხოდ ბოროტებას მივაგებთ, როგორღა მივალთ მასთან სათხოვნელად? ყველა ბოროტების სათავე კი ღვთისაგან განდგომა და რჯულის აღუსრულებლობაა. ასე რომ, თუ გვინდა ღმერთმა ჩვენი ისმინოს, ჯერ ჩვენ უნდა მივაპყრათ ყური და აღვასრულოთ წესი ქრისტიანის ცხოვრებისა.

ამ შემთხვევაშიც დიდი პასუხისმგებლობაა ჩვენზე. რიტუალი უსრულდება ეკლესიურ მიცვალებულს, რომელიც სიცოცხლეში თავად აღასრულებდა წესს. დღეს კი მთელი თაობებია არაეკლესიური. მაშ რაღა უფლება გვაქვს მათთვის წესის აღსრულებისა? ერთადერთი რაც ამის საფუძველს გვაძლევს, არის რწმენა იმისა, რომ გადატანილი ძნელბედობით დაუძლურებულ ადამიანს ღმერთი მცირედსაც კი ღვაწლად შეუწირავს. მართალია, ჩვენმა უახლოესმა წინაპრებმა ეკლესიურობა ვერ შემოგვინახეს, მაგრამ ამ საყოველთაო გაჭირვების და სულიერი განმყინვარების ჟამს ის ნაპერწკალი შეგვინარჩუნეს, დღეს რომ ყველა ქართველის გულში ღვივის და რომლისგანაც დიდი ღვთაებრივი ცეცხლი აინთება. სახარება ბრძანებს: "რომელმან სიყვარული ჰყო, მან სჯული აღასრულა".

ჩვენ გვწამს, რომ მათ ღვაწლს შეიწირავს ღმერთი, რამეთუ ბევრად ძნელია შეინარჩუნო პატიოსნება სიბილწითა და გარყვნილებით გარემოცულმა, ვიდრე იყო წმიდა წმიდათა შორის. უფროსი თაობის არაეკლესიურობა ჩვენს თაობას ჩვენს თაობას აწევს სიმძიმედ და ჩვენ ეს ტვირთი უნდა ვიტვირთოთ. ღმერთმა მოგვცეს ძალა!

ცხადია, რჯულის სრულყოფილად აღსრულებას ვერც ჩვენ შევძლებთ ჩვენივე უძლურობის გამო, მაგრამ ღვთის შემწეობით უნდა ვეცადოთ თანდათან სრულვყოთ ცხოვრების წესი, რადგან ღმერთი ჩვენგან შეუძლებელს არაფერს მოითხოვს. გვახსოვდეს, რომ ყველაზე დიდი შესაწირავი, რომელიც მეტია ყველა ჩვენ სიტყვიერ ლოცვასა და ყველა მოწყალების საქმეზე, არის ჩვენი გული, როგორც ბრძანებს წმ. დავით წინასწარმეტყველი: "მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს" (ფსალმუნნი. 50.17).

ვევედროთ ღმერთს, მოსცეს შემუსრვილება გულისა სრულიად საქართველოს, რაითა ერთითა პირითა და ერთითა გულითა ვადიდებდეთ ჩვენ წინაპართაგან აგრერიგად შეყვარებულსა მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

(ცაგერისა და სვანეთის ეპისკოპოსი ნიკოლოზი. წესი ქრისტიანის ცხოვრებისა. გამომცემლობა "კანდელი", 1997)

აღდგომა

1. იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა

დიდი წმიდა მარხვა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულით გვირგვინდება. ეს არის სანატრელი დღე - დღე უფლისა, რომლის შესახვედრადაც ასე დიდხანს ვემზადებით: ვინ - მეტად, ვინ - ნაკლებად, ვინ - თავიდანვე, ვინ - მოგვიანებით; ჩვენ შორის არიან ისეთებიც, რომელნიც ყველა ამქვეყნიურ საზრუნავს გვერდზე სდებენ და მთელ მარხვას მონასტერში ატარებენ საკუთარი ნაკლის ჭვრეტასა და ერზე ლოცვაში. ღმერთმა შეუწიროთ ეს დიდი ღვაწლი; ზოგს ამის საშუალება არა აქვს, მაგრამ თავის არჩეულ ეკლესიაში ყველა რიტუალს ესწრება; - ასეთი კეთილმსახურებაც სანაქებოა. ზოგი ამასაც ვერ ახერხებს, მაგრამ მარხვას ინახავს წმიდად; - ჩვენს დროში ესეც დიდია; ზოგი ვერც იმას ახერხებს, რომ მთლიანად იმარხულოს და მხოლოდ პირველ და ბოლო კვირას ინახავს; - დასაწყისისათვის ესეც კარგია; ზოგი კი გვიან გებულობს, რომ მარხვა იყო საჭირო, სინანული ეუფლება და მომავალი მარხვის შენახვის სურვილი უჩნდება - ღმერთი ამ სურვილსაც შეიწირავს. აღდგომას ყველანი ვდღესასწაულობთ, დიდი თუ პატარა, ქალი თუ კაცი, მოხუცი თუ ახალგაზრდა - "ესე არს დღე, რომელ ქმნა უფალმან, ვიხარებდეთ და ვიშვებდეთ ამას შინა".

ამ დღეს მთელი მართმადიდებელი ეკლესია დღესასწაულობს. სადღესასწაულო ღმრთისმსახურება ტრადიციულად იწყება ღამის 12 საათზე. ჯერ სრულდება ლიტანიობა: სამღვდელოება საკურთხევლიდან გამოასვენებს ხატებს და ბაირაღებს და მრევლთან ერთად გალობით სამჯერ უვლის ტაძარს, რის შემდეგაც ტაძრის წინამძღვარი ულოცავს მრევლს: "ქრისტე აღსდგა!" - "ჭეშმარითად აღსდგა!" ამის შემდეგ იწყება სადღესასწაულო წირვა-ლოცვა, რომელიც დილამდე გრძელდება. ვინც მომზადებულია, იღებს წმიდა ზიარებას.

ღმერთმა მრავალი ბედნიერი აღდგომა გაგვითენოს!

2. ბრწყინვალე შვიდეული

აღდგომის დღესასწაული ერთი კვირის მანძილზე გრძელდება. ამ კვირას ბრწყინვალე შვიდეული ეწოდება. მისი თითოეული დღე განსაკუთრებული მადლითაა აღსავსე. ტრადიციულად ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს ვიხსენებთ მიცვალებულებს, გავდივართ საფლავებზე, მაგრამ ამჯერად ჩვენ მათ ვიხსენებთ არა იმიტომ, რომ განშორება ვიგლოვოთ, არამედ იმიტომ, რომ ვახაროთ მათ, "ქრისტე აღსდგა! თავისი სიკვდილით დათრგუნა სიკვდილი და საფლავებსა შინა სიცოცხლე მიანიჭა!" ასე რომ, თუ ადამიანს სწამს ღმერთი, სწამს, რომ ის აღდგა და სიკვდილი განაქარვა, მისთვის ამ სადღესასწაულო დღეებში მიცვალებულის დატირება და გლოვა დიდი ცოდვაა. განშორების მწუხარება, რომელიც მარად ჩვენ გულშია, ამ დღეს მეტად თავშეკავებულად უნდა გამოიხატოს, რამეთუ მას ცვლის დიდი სულიერი სიხარული და განცდა კვლავ შეხვედრის უეჭველობისა. ამასთან, საფლავებზე გავდივართ სწორედ ორშაბათს და არა თვით აღდგომას, რაც არ იქნებოდა მართებული.

ბრწყინვალე შვიდეულში ყველა საეკლესიო წესს განსაკუთრებული ელფერი აქვს; წირვა-ლოცვა მხოლოდ ამ კვირისათვის დამახასიათებელი რიგით სრულდება, განსხვავებულია მიცვალებულის წესის აგება, ცვლილებაა ჩვენს ყოველდღიურ ლოცვებშიც: დაწყებით ლოცვებში სულიწმიდის მოწვევის ლოცვა "მეუფეო ზეცათაო..." სულთმოფენობამდე აღარ ითქმება. მის ნაცვლად სამჯერ ვამბობთ: "ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი".

ამ კვირაში ზიარებისათვის მომზადებაც შემსუბუქებულია: მარხვის დაცვა არაა საჭირო, ხორცის მიღება თვით ზიარების წინა დღესაც კი შეიძლება. იცვლება მისალმების წესიც: აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ქრისტიანები შეხვედრისას "გამარჯობის" ნაცვლედ ერთმანეთს ახარებენ: "ქრისტე აღსდგა!" - "ჭეშმარიტად!", "ჭეშმარიტად აღსდგა!", "ჭეშმარიტად აღსდგა ქრისტე".

3. არტოსი

აღდგომის დღიდან მთელი ბრწყინვალე შვიდეულის მანძილზე ეკლესიაში კანკელის წინ დგას პატარა მაგიდა პურით. ეს პური საგანგებოდაა გამომცხვარი და ეწოდება არტოსი (არტოს - ბერძნ. პური). ამ სადღესასწაულო დღეებში არტოსი განსაკუთრებული მადლით იმოსება და დიდ სიწმინდეს წარმოადგენს. აღდგომის სწორზე - კვირაცხოვლობას, არტოსი მცირე ნაწილებად იჭრება და მორწმუნეებს ურიგდება. ჩვენ ეს ნაჭერი უფრო მცირე ნაწილებად უნდა დავყოთ და მთელი წელი ვიმყოფინოთ: ავადმყოფობის ან სხვა განსაცდელის ჟამს უნდა მივიღოთ, როგორც სულიერი წამალი საკურნებლად სულისა და ხორცისა. არტოსი უნდა შევინახოთ წმინდა ადგილას.

4. კვირაცხოვლობა ანუ აღდგომის განახლება თომას კვირა

ბრწყინვალე შვიდეული გვირგვინდება კვირიაკით, რომელსაც ეწოდება კვირაცხოვლობა, ანუ ახალი კვირა, ანუ აღდგომის განახლება. ეს დღე განახლებაა აღდგომის დღესასწაულისა. ამ დღიდან მოყოლებულიყოველი კვირიაკე (კვირა დღე) აღდგომის დღესასწაულია, სწორედ ამიტომ ვიკრიბებით ქრისტიანები კვირაობით ეკლესიაში სადღესასწაულო წირვაზე. ძველი ქრისტიანები კვირაობით ეკლესიაში სადღესასწაულო წირვაზე. ძველი ქრისტიანები ყოველ კვირა დღეს ერთმანეთს სააღდგომო მისალმებით ხვდებოდნენ: "ქრისტე აღსდგა!" - "ჭეშმარიტად!"

კვირაცხოვლობას ეწოოდება აგრეთვე თომას კვირა, შემდეგი მიზეზის გამო: სახარებაში აღწერილია, თუ როგორ გამოეცხადა აღდგომის დღეს, საღამოს, მაცხოვარი თავის მოწაფეებს და უჩვენა თავისი ჭრილობები. როდესაც ეს შეიტყო თომამ, რომელიც ამ შეხვედრას არ ესწრებოდა, გული დაწყდა და თქვა, სანამ ჩემი თვალით არ ვნახავ იესოს, არ დავიჯერებ მის აღდგომასო. აღდგომიდან მერვე დღეს ისევ კვირა საღამოს, მაცხოვარი კვლავ გამოეცხადა მოწაფეებს, ამჯერად თომას თანდასწრებით, უჩვენა ჭრილობები და უთხრა თომას, მისულიყო და ხელით შეხებოდა. თომა მუხლებზე დაეცა, თაყვანი სცა მაცხოვარს და თქვა: "უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი". იგი პირველი იყო მოწაფეთა შორის, რომელმაც სრულად აღიარა იესო ქრისტეს ღვთაებრივი ბუნება. "შენ იხილე და ირწმუნე, თომა, - უთხრა უფალმა, - ნეტარ იქნებიან ისინი, ვისაც არ უხილავს და იწამა".

მაცხოვრის ეს სიტყვები გვეხება ჩვენ, მის შემდგომ ქრისტიანებს. ღმერთმა მოგვმადლოს ეს რწმენა და აღთქმული ნეტარება. ასე რომ, წინ დიდი სიხარული გველის. ამ სიხარულის განცდას მით მეტად შევძლებთ, რაც უკეთ მოვემზადებით მის შესახვედრად მარხვითა და ლოცვით. უფალო იესო ქრისტე, ჩვენო მეუფევ და ღმერთო, დაგვეხმარე, რომ მოვიკრიბოთ სულიერი თუ ფიზიკური ძალები და შენთან ერთად ავიდეთ გოლგოთის უკანასკნელ აღმართზე, შენთან თანაჯვარსვეცვათ, თანადავეფლათ, რათა შენთანვე აღვსდგეთ მკვდრეთით და დავიმკვიდროთ ჩვენთვის გამზადებული საუკუნო ადგილი მარჯვენით ღმრთისა და მამისა; ღმერთო, შენ აცხოვნე სრულიად საქართველო, ამინ.

5. ამაღლება და სულთმოფენობა ზატიკის დასასრული

ა) ამაღლება

ქრისტეს ბრწყინვალე დღესასწაული ორმოცი დღე გრძელდება. აღდგომიდან ორმოცი დღის განმავლობაში იესო ქრისტე თავის მოწაფეებს ყოველდღე ეცხადებოდა, ამხნევებდა და სახარისეულ ჭეშმარიტებებს განუმარტავდა. ჩვენ ორმოცი დღის მანძილზე ამ დიდ სიხარულში ვმონაწილეობთ და შეხვედრისას ერთმანეთს კვლავ სააღდგომო მილოცვით ვესალმებით: "ქრისტე აღსდგა!" - "ჭეშმარიტად აღსდგა!"

მეორმოცე დღეს ქრისტემ მოწაფეები ელეონის მთაზე წაიყვანა, მათ თვალწინ ამაღლდა ზეცაში და თვალს მიეფარა. სახარებაში წერია, რომ მოწაფეები იერუსალიმში გახარებულები დაბრუნდნენ, ნაცვლად მოსალოდნელი მოწყენილობისა საყვარელ მასწავლებელთან განშორების გამო. მათი სიხარულის მიზეზი ის იყო, იესო ქრისტემ ნუგეშისმცემლის - სულიწმიდის მოვლინება აღუთქვა, რაც მოწაფეების ღმერთთან მარადიულ მყოფობას ნიშნავდა. ამაღლების დღესასწაულზე, რომელიც ათორმეტთაგანია (ერთ-ერთია ათორმეტი დიდი დღესასწაულიდან), აღდგომიდან მეორმოცე დღეს, ტაძრებში სრულდება საზეიმო წირვა-ლოცვა, რომელზეც სასურველია ყველა ქრისტიანი ეზიაროს.

ბ) სულთმოფენობა

ამაღლების შემდეგ მოწაფეები იერუსალიმში დაბრუნდნენ. ისინი ერთად ელოდებოდნენ დაპირებული ნუგეშისმცემლის – სულიწმიდის მოვლინებას. და აი, ამაღლებიდან მეათე დღეს (რომელიც აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეა), დილის ცხრა საათზე, იერუსალიმში მოულოდნელად ამოვარდა უცნაური ქარი, ციდან გადმოვიდა ღვთაებრივი ცეცხლი და მოწაფეებს ცეცხლის ენების სახით დაადგრა თავზე. მოწაფეებმა, რომლებიც აქამდე ებრაელებთან შეხვედრას ერიდებოდნენ, საოცარი ძალით დაიწყეს ქადაგება სხვადასხვა ენაზე. სულიწმიდის მადლი ქრისტეს 120 მოწაფეზე გადმოვიდა, მაგრამ უკვე პირველ დღეს წმ. პეტრე მოციქულის პირველმავე ქადაგებამ 3000 ადამიანი მოაქცია. სულთმოფენობის დღესასწაულზე რომელიც ასევე ათორმეტთაგანია, აღდგომიდან ორთოცდამეათე დღეს ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვა სრულდება, წირვის შემდეგ იკითხება მუხლმოდრეკის ლოცვები, რომლის დროსაც პირველად მოვიყრით მუხლს აღდგომის დღესასწაულის შემდეგ. ამ დღეს ასევე პირველად ვამბობთ სულიწმიდის მოწვევის ლოცვას. "მეუფეო ზეცათაო..."

სულთმოფენობის დღესასწაულს მეტად ღრმა სიმბოლური მნიშვნელობა აქვს; როდესაც წმ. წინასწარმეტყველი მოსე ებრაელებს ეგვიპტიდან გამოუძღვა, მან ისინი მეორმოცე დღეს სინას წმ. მთასთან მიიყვანა, ხოლო ორმოცდამეათე დღეს მისცა ღვთაებრივი სჯული ძველი აღთქმისა. აქედან მოყოლებული დღე სჯულის მიღებისა ებრაელებისათვის უდიდესი ყოველწლიური დღესასწაული იყო, რომლის დროსაც იერუსალიმში მთელი მაშინდელი მსოფლიოდან თითქმის ყველა ებრაელი იკრიბებოდა. ღმერთმა სწორედ ამ დღეს მოუვლინა მოწაფეებს სულიწმიდის მადლი, რაც ძველი სჯულის ახლით შეცვლის ნიშანი იყო. ეს დღე ქრისტეს ეკლესიის დაარსების დღედ ითვლება.

ტრადიციულად, სულთმოფენობის დღესასწაულზე ეკლესიები მწვანით უნდა შეიმოსოს. ტაძარი შიგნიდან ირთვება ყვავილებით, ფოთლებითA და აყვავებული ტოტებით, ძირს ეფინება რაც შეიძლება ბევრი ბალახი. მორწმუნეები წირვაზე მოდიან ყვავილების ლამაზი თაიგულებით, შუაში ჩამაგრებული ანთებული სანთლებით, რომლებიც წირვის შემდეგ იკურთხება. ეს ყველაფერი საოცარ სანახაობას წარმოადგენს. ტაძრის მწვანით შემოსვის ტრადიციაც ძველი აღთქმიდან მოდის, ებრაელები სჯულის მიღების დღესასწაულზე უფალს მადლობის ნიშნად, ტაძარში პირველ ნაყოფს სწირავდნენ.

იგულისხმება, რომ სულიწმიდის მადლყ ამ სიმწვანეზეც გადმოდის, რის გამოც მორწმუნეები ტაძარში დაფენილ ყვავილებსა და ბალახებს მთელი წელი ინახავენ და ხმარობენ; - ამ ბალახის ნახარშს კურნების სასწაულმოქმედი ძალა აქვს, რაშიც თითოეულ ჩვენთაგანს შეუძლია დარწმუნდეს.

გ) ზატიკის დასასრული

სულთმოფენობის დღესასწაულით თავდება ბრწყინვალე აღდგომის სადღესასწაულო ორმოცდაათი დღე, რომელსაც ზატიკი ეწოდება და რომლის შემდეგაც ეკლესია ჩვეულებრივ რიგით კალენდარზე გადადის. სულთმოფენობის დღესასწაულის შემდეგი კვირა არის მსგეფსი – ოთხშაბათი და პარასკევი ხსნილია. ამ შვიდეულის შემდეგ კი კვლავ მარხვა იწყება, რომელსაც პეტრე-პავლობის მარხვა ეწოდება. იგი გრძელდება 28 ივნისამდე (ახალი სტილით 12 ივლისი), როდესაც ეკლესია თავმოციქულების - წმ. პეტრესა და წმ. პავლეს ხსენებას დღესასწაულობს.

ზატიკის ბრწყინვალე სადღესასწაულო დღეების ხანმოკლე სიხარული ოდნავ გვაზიარებს იმ ენით გამოუთქმელ მარადიულ სიხარულს, რომელსაც უფალი მის მორწმუნეთ უმზადებს. ჩვენდა და სრულიად საქართველოს მარადიულ ზატიკში ცხოვრება ინებოს ღმერთმა, რომელსაც შვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა - მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

(ცაგერისა და სვანეთის ეპისკოპოსი ნიკოლოზი. წესი ქრისტიანის ცხოვრებისა. გამომცემლობა "კანდელი", 1997)

გულის გამოსწორებისათვის

როგორ გამოვასწოროთ საკუთარი თავი, როგორ გარდავქმნათ საკუთარი გული, საიდან დავიწყოთ ეს საქმე, სად ვეძებოთ ცოდვის ფესვები, რას მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება, რომელი ვნება რომლისაგან იშვება. ყოველივე ამაზე მშვენივრად მსჯელობს წმ. ეპ. თეოფანე დაყუდებული დიდმარხვის პირველი შვიდეულის შაბათის ქადაგებაში. მოგვყავს ამ ქადაგების ნაწილი;

საკუთარ თავში წმიდა საწყისის გაღვიძება იმდენად ძნელია, სიკეთის გზა კი - იმდენად დახლართული და იდუმალი, რომ მან, ვინც საკუთარი თავის გამოსწორების ღვაწლს შესდგომია, წინასწარ უნდა მოხაზოს გონებაში, რა და როგორ გამოასწოროს, ყოველთვის ახსოვდეს ეს მონახაზი და მასთან, ამ ერთგულ მეგზურთან ერთად, დაუბრკოლებრივ აღასრულოს დაწყებული საქმე.

მაშ ასე, პირველი - რა უნდა გამოვასწოროთ?

თითქმის ყველაფერი, რაც ჩვენშია. ცოდვას უყვარს სრული ხელმწიფება - თუ გულის ნაწილს დავუთმობთ, მალე მას მთლიანად დაეპატრონება და თვით ადამიანსაც თხემით ტერფამდე დაიმონებს. ხოლო ცოდვილი ადამიანისა და ცოდვილი კაცობრიობისათვის საღმრთო წერილი ამბობს: "ფერხთაგან ვიდრე თავამდე არა არს შორის სიმართლე" (ესაია, 1, 60. ამაში ყველა ადვილად დარწმუნდება, თუ საკუთარი ცოდვილი გულის სიღრმეში ჩაიხედავს. იქ დაინახავს ბოროტების თესლსაც და ცოდვის აღმოცენებასაც.

ძირი ზნეობრივი ბოროტებისა არის თავისმოყვარეობა, იგი ღრმადაა გულში დამარხული. ადამიანი იმისთვისაა მოწოდებული, რომ თავი დაივიწყოს და მხოლოდ ღმერთისა და მოყვასისათვის იცხოვროს - ყველა თავის საქმეს იგი ღმერთს უნდა სწირავდეს მადლიერების მსხვერპლად და ყველაფერს, რასაც უფლისგან ღებულობს, მოყვასის სამსახურს უნდა ახმარდეს. ეს ორი რამ მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული: შეუძლებელია გიყვარდეს ღმერთი და არ გიყვარდეს მოყვასი, ანდა პირიქით: მოყვასი გიყვარდეს და ღმერთი - არა. ამასთან, ისიც შეუძლებელია, გიყვარდეს ღმერთი და მოყვასი და თავს არ სწირავდე ამ სიყვარულისთვის. მაგრამ როდესაც ადამიანი გონებით, გულითა და სურვილით განეშორება ღმერთსა და მოყვასს, რა თქმა უნდა, ისღა დარჩენია, საკუთარ თავს დაეყრდნოს - თავის თავს ირჩევს სამყაროს ცენტრად, მისკენ მიმართავს ყველა ძალას და ამ დროს არც ღმრთაებრივ კანონებს იცავს, არც მოყვასის ინტერესებს.

ესაა ცოდვის ძირი! ესაა ყოველგვარი ზნეობრივი ბოროტების სათავე! სადაც ღრმად, გულშია ეს თესლი დამარხული, მაგრამ როდესაც აღმოცენდება და დღის სინათლისკენ მიიწევს, უკვე სამი სახის ამონაყარი აქვს: თავის განდიდება, მომხვეჭველობა და განცხრომის სიყვარული. პირველი კაცს ათქმევინებს: "ვინ არის ჩემი ტოლი", მეორე - "ყველაფერი ჩემი უნდა იყოს", მესამე - "ჩემს ნებაზე მინდა ვიცხოვრო".

"ვინ არის ჩემი ტოლი!" ვის არ უგრძვნია ეს? არა მარტო მათ, ვინც ბუნებას მაღალი ღირსებებით შეუმკია, ანდა ვისაც თავისი შრომით მოუპოვებია რაიმე მნიშვნელოვანი - თავის განდიდება ყველა ასაკის, ყველა წოდებისა და მდგომარეობის ადამიანს სჩვევია. ეს სენი თან სდევს კაცს მისი გონებრივი და ზნეობრივი სრულყოფის ყველა საფეხურზე, არავითარ გარეგნულ პირობებს არ ექვემდებარება და თუნდაც განმარტოებით ცხოვრობდეს, ყველასათვის უცნობი და ყველასაგან მივიწყებული, თავის განდიდების საფრთხე არასოდეს ტოვებს. მას შემდეგ, რაც ადამიანმა გულში შეუშვა გველის პირველი რჩევა: "იყვნენ ვითარცა ღმერთნი" (დაბ. 3. 5), თავისი თავი ყველაზე მაღლა, ღმერთის ადგილას დააყენა, იმ ზღვარს ზემოთ, რომელიც ბუნებამ და საზოგადოებამ მიუჩინა, და ესაა ყველა ადამიანის საერთო სენი.

ერთი შეხედვით, ისეთი რა მოხდა, თუ ცოტათი თავს მოვიწონებთ, ამასაც ვჯობივარ, იმასაც და კიდევ სხვასაცო? მაგრამ ნახეთ, რამდენმი ბოროტება იშვება ამ თითქოსდა უმნიშვნელო ფიქრისაგან! ის, ვინც გულითა და გონებით სხვებზე მაღლა აყენებს თავის თავს, რასაც არ უნდა აკეთებდეს, გონებისა და სინდისის კარნახით როდი იქმს ამას, ანდა ბრძენთა რჩევით და წმ. წერილის კარნახით, არამედ საკუთარი მოსაზრებების, საკუთარი ნების თანახმად: იგი თავნებაა; თუკი რამე საქმეს იწყებს, მხოლოდ საკუთარი თავის იმედი აქვს - თავდაჯერებულია; როდესაც რამე გამოსდის, ყველაფერს მხოლოდ საკუთარ ძალებს მიაწერს და ამიტომ ქედმაღალია, უმადური და პრეტენზიული; სხვებთან ურთიერთობაში სურს, რომ ყველაფერი მის ნება-სურვილს დაემორჩილოს და თვითონ უკარნახოს ადამიანებს თავისი პირობები - ძალაუფლების მოყვარეა და ძალმომრეობისკენ მიდრეკილი, თავის თავთან მიმართებაში ვერ იტანს, როცა მასზე გავლენას ახდენენ, რაც არ უნდა მოკრძალებული იყოს ეს გავლენა; თუ ვინმე გაბედავს და მის ნებას წინ აღუდგება, წონასწორობას კარგავს; თუ გაანაწყენეს, შურისძიების წყურვილი იპყრობს; თუ ძლიერი ხასიათისაა, პატივსა და დიდებას მიელტვის; თუ სუსტია, მლიქვნელი და პირმოთნეა; თუ სულმდაბალია, კადნიერი, თავნება და ჭორიკანაა. აი, ასეთი მრავალფეროვანია ამპარტავნების სახეები, ამდენი ცოდვა იშვება მისგან. და ალბათ არავინაა ისეთი, რომ თქვას -არც ერთი ამ ვნებათაგანი არ შეხებია ჩემს გულსო.

"ყველაფერი ჩემი უნდა იყოს" - ამბობს მომხვეჭელი, და ესაა ზნეობრივი ბოროტების მეორე შტო. მასში ყველაზე მატედ ვლინდება თავისმოყვარების სულისკვეთება, ეს ვნება აქ თითქოს პირადად მოქმედებს: მომხვეჭელი სიტყვას არ იტყვის და ნაბიჯს არ გადადგავს ისე, თვითონ რომ რამეს არ გამორჩეს. მას ყველაფერი ისე აქვს გაანგარიშებული, რომ დროც, ადგილიც, ადამიანებიც მის წისქვილზე ასხამენ წყალს. საკუთარი გამორჩენა ის ზამბარაა, რომელიც ყველგან და ყოველთვის წარმართავს მთელ მის არსებას, და ამ შინაგანი ზამბარის შეკუმშვისთანავე იგი მზადაა ყველაფერი იღონოს თავისი მიზნის მისაღწევად: თუ საჭიროა, უმაღლეს პატივსა და დიდებას მოიპოვებს, უმძიმეს საქმეს მოკიდებს ხელს, ჭამა-სმას აღიკვეთს, ოღონდაც მთავარს - საკუთარ სარგებელს ეწიოს. იგი ანგარებისმოყვარეა, ან ძუნწი, მომხვეჭელი, და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცუდმედიდობის სენიც სჭირს, შეიძლება გარეგნულ დიდებულებასა და ფუფუნებასაც უხდიდეს ხარკს. ქონება მისთვის საკუთარ თავზე, ადამიანებსა და ღმრთაებრივ განწესებაზე ძვირფასია. მისი სული ნივთებითაა დაკავებული და თავისი თავისთვის კი არა, ამ ნივთებისთვის ცხოვრობს - ასეთია ანგარების ძალა! და ალბათ ყოველ ჩვენგანს აქვს ნივთები, რომელთა დაკარგვაც მისთვის თვით გულის - ბედნიერების წართმევის ტოლფასია.

"ჩემს ნებაზე მინდა ვიცხოვრო", - ამბობს საკუთარ ხორცს დამონებული კაცი და ცხოვრობს კიდეც: მისი სული ხორცსა და გრძნობებშია ჩაკარგული. ცაზე, სულიერ მოთხოვნილებებზე, სინდისსა და მოვალეობაზე იგი არ ფიქრობს - არც უნდა და არც შეუძლია (რომ. 8, 7). მან მხოლოდ ტკბობის სხვადასხვა სახე გამოსცადა, მხოლოდ მათზე შეუძლია მსჯელობა და ლაპარაკი. ამა სოფლის რამდენი სიკეთეც არსებობს, იმდენი ოცნების სფერო აქვს გრძნობებს აყოლილ კაცს. აქედან იღებს სათავეს გემოთმოყვარეობა, გაუმაძღრობა, ფუფუნება, სიზარმაცე, გარყვნილება. თუ პირი გემოს დაკმაყოფილებას ცდილობს, გემოთმოყვარე ხდება, ფერების სიუხვე კეკლუცობას აჩვევს, ბგერების მრავალფეროვნება - მრავლისმეტყველებას, ჭამის აუცილებლობა - ავმუცელობას, თავდაცვის ინსტიქტი - სიზარმაცეს, სხვა მოთხოვნილებები გარყვნილებისაკენ უბიძგებს. ვინაიდან ადამიანი ცოცხალ კავშირშია ბუნებასთან თავისი ხორცის მეშვეობით, ის სხეულის ყველა უჯრედით ისრუტავს ტკბობას, მაგრამ მასთან ერთად - ბუნების ძირითად თვისებას - მექანიკურ, უნებლიე ქმედებას. ამიტომ, რაც უფრო მეტად ეძლევა კაცი ტკბობას, მით უფრო კლებულობს მისი თავისუფლება, და ვინც მთლიანად მისცა ტკბობას თავი, ის მთლიანად დაემონა ხორცს.

ასე ღვივდება ჩვენში ბოროტება სულ მცირე, თითქმის შეუმჩნეველი თესლისაგან. გულის სიღრმეში, როგორც ვთქვით, ბოროტების თესლი - თავისმოყვარეობა დევს. მისგან აღმოცენდება სამი შტო - თავის განდიდება, ანგარება, გრძნობების აყოლა, ეს სამი კი უამრავ ვნებასა და მანკიერ მიდრეკილებას შობს. და როგორც ხე ამოყრის ხოლმე ტოტებსა და ყლორტებს, ისე ჩვენს გულში დანერგილი ბოროტების ხე მოიცავს მთელ ჩვენს არსებას, მერე კი გარეთაც აღწევს და ფარავს ყველაფერს, რაც გარს გვაკრავს. ასეთ ხეს გულით ატარებს ყველა, ვისაც ოდნავ მაინც უყვარს ცოდვა.

რა მიზეზია, რომ ჩვენ ძირითადად ვერაფერს ვამჩნევთ საკუთარ თავს და ხშირად ხმამაღლა ვკითხულობთ: "მაინც რა დავაშავე ასეთი?" ანდა "ცუდს რას ვაკეთებ?" მიზეზი ამისა ბუნებრივია - ესაა ჩვენში დაბუდებული ცოდვის ახალი წარმონაქმნი: ვერ ვამჩნევთ იმიტომ, რომ არ ძალგვიძს ხედვა. ცოდვა მეტისმეტად ფრთხილი და ცბიერია - თვითონ არ გვაძლევს მისი დანახვის საშუალებას. ჩვენს მიერ აღწერილი ცოდვის ხე თავისი შიშველი სახით ნებისმიერს შეაძრწუნებს და უკუაქცევს, ამიტომ ეშმაკი ცდილობს სწრაფად შემოსოს მისი სიმახინჯე ფოთლებით, და მაშინ ღეროსა და ფესვების კი არა, ტოტების გარჩევაც შეუძლებელი ხდება - ეს შესამოსელი გახლავთ გაფანტულობა და მრავლისათვის ზრუნვა. გაფანტულ კაცს არ ძალუძს შინაგანი ცხოვრებით ცხოვრება, მრავლისათვის მზრუნველს კი წუთიც არა აქვს თავისუფალი. პირველს არ შეუძლია, მეორეს კი დრო არა აქვს თავის თავში ჩახედვისა. თითოეული მათგანის სული გაღვიძებისთანავე იფანტება - გაფანტული კაცი ოცნებათა სამყაროში გადადის, მრავლისათვის მზრუნველი კი ათასგვარ,თითქოსდა აუცილებელ საქმეებში ეფლობა. მათთვის არ არსებობს სინამდვილე: ერთი მის მიერ გამოგონილ სამყაროში ცხოვრობს და აქაურობას მხოლოდ ნაწილობრივ, ზედაპირულად და უნებლიედ ეხება, მეორე კი გულითა და გონებით წინ გარბის, ყოველი საქმის დამთავრებას ჩქარობს, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგი წამოიწყოს, იმასაც მორჩება და სასწრაფოდ მესამეს შეუდგება. საერთოდ, აწმყოთი მხოლოდ მისი ხელები, ფეხები და ენა გახლავთ დაკავებული, სული კი მთლიანად მომავლისკენაა მიმართული - როგორღა უნდა შენიშნოს, რა ხდება გულში?

მაგრამ ცოდვა მხოლოდ ფოთლების საფარველით როდი კმაყოფილდება. ამ ფოთლებში შეღწევა როგორღაც კიდევ შეიძლება - მწუხარებათა ქარიშხალი და სინდისის ხმა ცოდვის სიმახინჯეს გაამჟღავნებს. ამიტომ ცოდვა კიდევ უფრო შეუვალ ჯავშანს იგონებს - უმეცრების, უგრძნებულობისა და უზრუნველობის მღვრიე, დამდგარ წყალს ივლებს გარშემო. ძალიანაც რომ ეცადოთ ასეთი ცოდვილის გამოფხიზლებას, ყოველივე ამაოდ ჩაგივლით - იგი ღრმადაა ჩაფლული ცოდვის ჭაობში. რაც არ უნდა იხმაუროთ წყლის ზედაპირზე, წყალში ჩაყვინთულს ვერაფერს გააგებინებთ, ასევე ვერაფერი შესძრავს უზრუნველობისა და უმეცრების ზღვაში ჩაძირულ კაცს. თუ მის მდგომარეობას აღუწერთ, ეს მე არა ვარო, გეტყვით. გზაზე ჩასაფრებულ აშკარა საფრთხეს დაანახებთ და - მე არ მემუქრებაო, დაგარწმუნებთ. თუ ღრმა ძილისგან მის გამოფხიზლებას შეეცდებით, უტიფრედ დაგიწყებთ მტკიცებას, ყოველ ღონეს ვხმარობ გადასარჩენადო. ასეთი შეუვალი საფარველით იფარავს თავს ცოდვა, ოღონდ ვერ იცნოს მან, ვისზეც იგი ბატონობს! აქედან მოყოლებული, კაცი უბიწოების წმიდა მიწაზე დგას და ღმრთისმოშიშ ცხოვრებას იწყებს.

მოკლედ და ადვილად ითქმის ეს ყველაფერი, მაგრამ სინამდვილეში თავის გამოსწორების საქმე არც ასეთი მოკლეა და არც ასეთი ადვილი. სხვადასხვა რამ გვჭირდება და სული წმიდის მოქმედებაც სხვადასხვაა. მავანს პირდაპირ ნეტარ განსასვენებელში მიიღებს, სულიერ საძოვარზე უშვებს, მწყემსავს და ატკბობს, მავანს კი ათასი ჭირით გამოსცდის და მხოლოდ გრძელი და მომქანცველი მსხემობის შემდეგ შეივრდომებს, როგორც მგზავრს, დაღლილსა და დამაშვრალს.

დიახ ძნელია! მაგრამ განა რა არის ადვილი? მას შემდეგ, რაც წყეულ იქმნა კაცისთვის მიწა "საქმეთა შინა მისთა" (დაბ. 3, 17), იგი "ოფლითა პირისა მისისათა" (დაბ. 3, 19) მოიპოვებს ხორციელ საზრდელს და, მით უფრო, სულიერ სიკეთეებს. სამაგიეროდ, ასმაგად მიეგება შრომათა წილ საღმრთო ნუგეშისცემა.

თავის განწმენდის ღვაწლი სინამდვილეში არც ისე მძიმეა, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. ასეთი იგი მხოლოდ შორიდან გვეჩვენება, ვიდრე საქმეს შევუდგებოდეთ. აქაც, ისევე როგორც ყოფით საქმეებში, ბევრი რამ ჩვენს მონდომებასა და შემართებაზე ჰკიდია. ვიწროა სასუფევლის გზა, მძიმე ჩანს ქრისტეს უღელი, მაგრამ მხოლოდ მანამ, სანამ შორიახლოს ვდგავართ და სავალს ვზომავთ. როგორც კი გულში მაცხოვნებელი გადაწყვეტილებები გაჩნდება, მას მხნეობაც მოჰყვება, ხოლო მხნეობით ფრთაშესხმული ქრისტეს მოღვაწე სიხარულით შეუდგება ქრისტეს და მისგან ბოძებულ უღელს აკურთხევს...

მკითხავთ, სად ვიპოვოთ სიმხნევის ძალაო? ვილოცოთ და სარწმუნოებით აღვლენილი ლოცვა მოგვივლენს ამ საღმრთო ცეცხლს. ვილოცოთ, რომ მოგვენიჭოს სიმხნევე, სიმტკიცე და ცოდვის ძილისგან გამოფხიზლება.

აქვე მოგვყავს მოკლე სიტყვა "ყვავილნარიდან", რომელიც წმ. პაისი ველიჩკოვსკის მიეწერება:

ვნებებისა და მანკიერებებისათვის და რომელი რომლისაგან იშვება ცოდვით დაცემამდე ეშმაკი ადამიანს მოუვლენს დავიწყებასა და მრისხანებას, ანუ არაადამიანურ, ცხოველურ მძვინვარებას, და უმეცრებას, რომელიც მხოლოდ უკუნეთ წყვდიადს შეიძლება შეედაროს. ეს სამი ვნება წინ უძღვის ყოველ ცოდვას, რამეთუ, სანამ რაიმეს ჩაიდენდეს, მანამდე კაცს დავიწყება, მრისხანება და უმეცრება სძლევს. მათგან კი იშვება უგრძნობელობა, რაც იმას ნიშნავს, რომ გონება, თვალი სულისა, ბნელდება და ვნებების ტყე ხდება. პირველად მცირედმორწმუნოება ჩნდება, რომელიც შობს თავისმოყვარებას - ყოველი ბოროტების თავსა და ბოლოს. ამ დროს კაცს მხოლოდ თავისი ხორცი უყვარს და ყველაფერში გამორჩენას ეძებს. ესაა ბოროტი ძირი ყველა ვნებისა, რომელსაც მხოლოდ სიყვარული, მოწყალება და საკუთარი ნების უარყოფა აღმოფხვრის. თავისმოყვარება შობს ულმობელობასა და ვერცხლისმოყვარებას, ასევე ძირსა და მიზეზს ყოველი ვნებისას - ამათგან მოდის ყოველი უბედურება და ბოროტება. ვერცხლისმოყვარება ერისკაცებშიც და მონაზვნებშიც ამპარტავნების წყარო ხდება, რომლის გამოც ეშმაკები ქვესკნელში ჩაცვივდნენ. ამპარტავნება შობს დიდებისმოყვარებას, დიდებისმოყვარებამ კი აცდუნა ადამი, რომელმაც ღმერთობა მოისურვა და ამით ტანჯვა და წყევლა-კრულვა გადასცა კაცთა მთელ მოდგმას. დიდებისმოყვარება შობს გემოთმოყვარებას, რომელიც ადამის დაცემისა და სამოთხიდან გამოძევების მიზეზად იქცა.

გემოთმოყვარება შობს მუცელღმერთობასა და სიძვის სხვადასხვა სახეს, სიძვა - მრისხანებას, რომელიც განაგრილებს გულის სითბოს და ღუპავს ყოველგვარ სათნოებას. მრისხანება შობს ძვირისხსენებას, ეს უკანასკნელი კი სულიერი სიმხურვალის გაქარწყლების მიზეზი ხდება. ძვირისხსენება მოყვასის სიძულვილისა და ღმრთის გმობის სათავეა, ღმრთის გმობა - უცნაური მწუხარებისა, ჟანგივით რომ ჭამს კაცის გულს. ეს მწუხარება შობს უგუნურ კადნიერებას, კადნიერება - ცუდმედიდობას, ცუდმედიდობა კი სათნოებებს კაცთა საჩვენებლად ხდის და ამის გამო ყოველგვარ შრომას უნაყოფოდ ტოვებს. ამ ვნებებისაგან იშვება თავშეუკავებელი მრავლისმეტყველება, მისგან - უქმისმეტყველება და მოწყინება, მოწყინებისგან კი - მძიმე სულიერი ძილი. ვინც ამ ვნებებთან ბრძოლაში გაიმარჯვებს, იმას დანარჩენებიც დაემორჩილებიან - შიში, ძრწოლა, შური, სიძულვილი, ფარისევლობა, მლიქვნელობა, დრტვინვა, ურწმუნოება, ანგარება, მიკერძოება, სახმართმოყვარება, სულმოკლეობა, თავდაჯერება, კაცთმოთნეობა, კადნიერება, სიცილი, და ბოლოს - სრული დაცემა, უძირო უფსკრული, სასოწარკვეთილება და წარწყმედა ამ სასოწარკვეთილების გამო, ანუ თვითმკვლელობა. კაცი თავს იკლავს, რამეთუ არ უწყის უსაზღვრო კაცთმოყვარება და მოწყალება ღმრთისა, რომელიც მოვიდა ცოდვილთა საცხოვნებლად და რომლისთვისაც არ არსებობს მიუტევებელი ცოდვა. ამ შვიდი ვნებიდან: თავისმოყვარება, ვერცხლისმოყვარება, ამპარტავნება და ცუდმედიდობა, ძვირისხსენება, თავდაჯერება, განკითხვა - სასოწარკვეთილება ყველაზე მძიმე ცოდვაა.

თუ კაცი ამათ ვერ გადაურჩა, ის წარწყმედს ათ მთავარ სათნოებას: სარწმუნოებას, სიყვარულს, მარხვას, კრძალულებას, მღვიძარებას, ლოცვას, სიმდაბლესა და თავმდაბლობას, დაყუდებასა და მდუმარებას, უპოვარებას და განსჯის უნარს, და მათთან ერთად - სხვა სათნოებებს. ზემოთ ჩამოთვლილ მთავარ ვნებათაგან, ერთიც კი კმარა, რომ კაცმა, თუნდაც სხვა ვნებებს სძლიოს და მრავალი სათნოება მოიპოვოს, ვერავითარ წარმატებას ვერ მიაღწიოს - მისი ლოცვა საძაგელია ღმრთის წინაშე. ღმერთი გვფარავდეს თავისი მადლით ყოველი ჭირისა და განსაცდელისაგან, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

წმ. მამები უფრო ხშირად რვა ძირითად ცოდვას ჩამოთვლიან. ესენია: ნაყროვანება, სიძვა, ვერცხლისმოყვარება, მრისხანება, მოწყინება, ურვა, ცუდად-მზუაობრობა, ამპარტავნება.

ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ აუცილებლად მიგვაჩნია ვრცლად ვილაპარაკოთ თვით სინანულის შესახებ - რა არის ჭეშმარიტი სინანული და როგორ მოვიპოვოთ იგი. ამის თაობაზე დაწვრილებით წერს წმ. დიმიტრი როსტოველი დასახელებულ წიგნში (გვ. 82-87). მოგვყავს ეს სწავლება მცირედი შემოკლებით:

რა არის ჭეშმარიტი სინანული

ჭეშმარიტი სინანული იმაში მდგომარეობს, რომ არა მხოლოდ ვაღიაროთ ჩვენი ცოდვები, არამედ აღარ მივუბრუნდეთ მათ და ჩვენი ცხოვრება თავის გამოსწორებას მოვანდომოთ. ესეც არ არის საკმარისი - შემუსვრილი გულით უნდა შევინანოთ ჩვენს მიერ ქმნილი ცოდვები და აღვხოცოთ ისინი დიდი შრომითა და მოღვაწეობით. ამაოა იმის სინანული, ვინც ხანმოკლე მარხვით აპირებს უზომო ჭამა-სმისა და ლოთობის გამოსყიდვას, ამაოა იმის სინანული, ვინც მძიმე, სასიკვდილო ცოდვების გამოსყიდვას ხორცის მსუბუქი დათრგუნვით ფიქრობს, ამაოა იმის სინანული, ვისაც ჰგონია, რომ მცირე ხნის სულთქმითა და ვაებით აღხოცს მრავალ უსამართლობას, მკვლელობას, ტაცებასა და სხვა, ამათ მსგავს ცოდვებს, საეჭვოა, რომ ვინმემ ორიოდე ცრემლით განაქარვოს თავისი ბილწებანი და უსჯულოებანი და საუკუნო სატანჯველს გადაურჩეს.

მრავალი ცრემლი დაღვარეს ნინეველებმა და დიდი სინანული უჩვენეს ღმერთს (იონა, 3), დიდმა თუ პატარამ ძაძები შეიმოსა, მარხვა დაუდგინეს არათუ ადამიანებს, არამედ პირუტყვებსაც, ლოცვით შეჰღაღადეს ღმერთს და დაუტევეს უსჯულოება, და მაინც არ იყვნენ დარწმუნებულნი, მიენიჭებოდათ თუ არა ცხონება: "ვინ უწყის მო-თუ-აქციოს უფალმან და ვედრებულ იქმნეს, და მოიქცეს რისხვისაგან გულისწყრომისა მისისა და არა წარვწყმდეთ" (იონა, 3, 9).

თუკი მათ, ვინც ასეთი დიდი სინანული უჩვენა ღმერთს, არ იცოდნენ, შეიწყალა თუ არა ღმერთმა და მიუტევა თუ არა ცოდვები, როგორღა უნდა ჰქონდეს ამის იმედი მას, ვინც მცირედ შეინანა?

მეტყვი: ნინეველნი წარმართნი იყვნენ და არ იცოდნენ საღმრთო წერილი, სადაც წერია: "გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს" (ფსალმ. 50,19); და კიდევ: "მახლობელ არს უფალი შემუსრვილთა გულითა და მდაბალნი სულითა აცხოვნეს" (33,19), და კიდევ: "ვთქუ: აუარო ბრალი ჩემი უფალსა და შენ მომიტევე მე უღმერთოებაი გულისა ჩემისა" (31, 5). ჩვენ კი, მორწმუნეებს, სასოება გვაქვს, რომ უფალი შეიწყნარებს მცირე ცრემლსა და ცოდვათა აღიარებასაც. ამაზეც გიპასუხებ: დიახ, შეიწყნარებს მხოლოდ მათგან, ვინც უკვე სასიკვდილო სარეცელზე წევს და მეტი დრო აღარა აქვს მიცემული სინანულისათვის - ასეთებს ღმერთი მიუტევებს მათი შემუსრვილი გულისთვისაც კი. ამის მაგალითია ჯვარცმული ავაზაკი, რომელმაც სიკვდილის წინ ორიოდე სიტყვა თქვა შემუსრვილი გულით და მყისვე ესმა უფლის განაჩენი: "დღეს ჩემთან იყო სამოთხესა" (ლუკა, 23, 43), ხოლო ჯანმრთელი კაცისაგან, ვისაც აქვს სინანულის დრო, ღმერთი მრავალ ცრემლსა და მოღვაწეობას მოითხოვს, რათა სინანული შრომა ძველ ცოდვებს გაუტოლდეს და კიდეც აღემატოს.

ცრემლების თაობაზე კი ამას გეტყვი: არიან ადამიანები, რომლებსაც დროდადრო გული მოულბებათ და ტირიან თავიანთი ცოდვების გახსენებაზე, მაგრამ შემდეგ კვლავაც სცოდავენ, რას არგებს ასეთებს ლმობიერება, თუკი ცხოვრების გამოსწორებაზე არ იზრუნებენ? სხვები აღსარებასაც ამბობენ, ცრემლით ინანიებენ თავიანთ ცოდვებს, მერე კი ისევ უბრუნდებიან მათ. ან ასეთ კაცს რას უშველის ცრემლით განბანა, თუ კვლავ ძველ ჭაობს მიაკითხავს? ასე რომ, არ კმარა ლმობიერებისა და გულის შემუსრვილების ხანმოკლე პერიოდები, არამედ ჭეშმარიტი სინანული გვჭირია, არ კმარა ტირილი ცოდვების გამო, უნდა ვეცადოთ, აღარასოდეს გავიმეოროთ ისინი, აქამდე ჩადენილი ცოდვების აღსახოცებლად კი შესაფერი მოღვაწეობა გავწიოთ.

მოციქული ამბობს, რომ ესავმა, ისაკის ძემ, "სინანულისა ადგილი არა პოვა და ცრემლით ღათუ ითხოვდა მას" (ებრ. 12, 17). რატომ არ შეიწყნარა ღმერთმა ამ ცოდვილის ცრემლი, რატომ არ შეურაცხა სინანულად და არ აღხოცა მისი ცოდვა? წმ. იოანე ოქროპირი ამბობს: "მან ვერ პოვა სინანულის ადგილი, რამეთუ ვერ უჩვენა ღმერთს ღირსეული სინანული". ამ მაგალითის მიხედვით წმ. მამა შეგვაგონებს: ისინი, ვისაც იმედი აქვს უმტკივნეულოდ სცოდოს (ჯეროვანი მოღვაწეობისა და სასჯელის გარეშე მიიღოს ცოდვათა მიტევება), დაე დაფიქრდნენ: რატომ ვერ მიიღო ესავმა შენდობა? იმიტომ, რომ სწორედ არ შეინანა. გნებავს იხილო ჭეშმარიტი სინანული? გაიხსენე პეტრეს სინანული, როცა მან ქრისტე უარყო. წმ. სახარება გადმოგვცემს: "გამოვიდა გარე და ტიროდა მწარედ" (მათე, 36, 75). ამიტომაც მიეტევა ეს დიდი შეცოდება. რომ დიდად შეინანა. წმ. პაპი კლიმენტი ამბობს, როდესაც მამლის ყივილი გაიგონა და მიხვდა, რომ ქრისტე უარყო, პეტრე დაეცა მიწაზე და ატირდა, და მერე მთელი ცხოვრების მანძილზე იგლოვდა ამ ცოდვასო. ამიტომაც წერს ნიკიფორე, ეკლესიის ისტორიკოსი, რომ პეტრეს თვალები თითქოს ჩასისხლიანებული ჰქონდა, და ეს განუწყვეტელი ტირილის ბრალი იყო. ასეთი გახლავთ პეტრეს სინანული.

შენ კიდევ ერთ საათში აპირებ ცოდვების მონანიებას! შეგიძლია პეტრესავით ტირილი? შეგიძლია მთელი ღამე მოთქმა? შეგიძლია იმ შრომისა და მოღვაწეობის გაწევა, პეტრემ რომ იტვირთა ქრისტეს უარყოფისათვის? მან ყველაფერი დაითმინა, ბოლოს კი თავდაყირა დაკიდეს ჯვარზე, მაშ ნუ გექნება დროდადრო გაჩენილი ლმობიერების წუთების იმედი, ნუ დაამყარებ სასოებას შენს მცირე შრომასა და ხანმოკლე მოღვაწეობაზე, არამედ უჩვენე უფალს შენი ცოდვების ტოლი სინანული, მრავალი ცრემლი, და მაშინ მოელოდე მისგან შეწყალებას.

წმ. იოანე ოქროპირი სახარების შესახებ საუბრებში გვასწავლის: "სინანული მხოლოდ უწინდელი ბოროტი საქმეების დატევებას კი არ ნიშნავს, არამედ უფრო მეტი კეთილი საქმის გაკეთებას, რამეთუ ითქვა: "ჰყავთ უკვე ნაყოფი, ღირსი სინანულისა" (მათე, 3, 8). როგორ შევძლებთ ამას? ცოდვის საპირისპირო საქმეების კეთებით. თუ სხვისი მოგიტაცებია ოდესმე რამე, თავისი მიეცი და სენიც ზედ დაუმატე. დიდხანს მრუშობდი? საკუთარ ცოლთანაც შეიკავე თავი დადგენილ დღეებში. თუ ვინმეს სცემე ან შეურაცხყავი, დღეიდან დალოცე და კეთილი უყავ ყველას, ვინც გცემს ან შეურაცხგყოფს, რამეთუ ჩვენი განკურნებისათვის ჭრილობიდან ისრის ამოღება არ კმარა, სალბუნიც უნდა დავადოთ ზედ. თუ უწინ კარგი ჭამა და ღვინის სმა გიყვარდა, ახლა მარხვა შეინახე და წყალი სვი. თუ სხვისი ცოლისათვის ბილწი თვალით შეგიხედავს, ახლა ეცადე, რომ საერთოდ არ შეხედო ქალს სახეში, რამეთუ ითქვა: "მოიქეც ბოროტისაგან და ჰქმენ კეთილი" (ფსალმ. 33, 15).

წმ. გრიგოლ დიალოღოსმა ადამიანს უწოდა ხე, რომელიც ნაყოფისაგან იცნობა და თქვა: "სინანული ნაყოფით იცნობა და არა ფოთლებით ან ფესვებით, აკი უფალმაც დაწყევლა ხე, რომელსაც ფოთლები ესხა და ნაყოფი - არა. ღმერთი არ ღებულობს მხოლოდ სიტყვით აღიარებას, ნაყოფის - ხორცის დათრგუნვის გარეშე". ადამიანი არის ხე, რომელსაც სინანულის ფესვებად ცოდვების აღიარების სურვილი და გადაწყვეტილება აქვს, ფოთლებად - აღსარება საკუთარი მოძღვრის წინაშე და გამოსწორების აღთქმა, ხოლო ნაყოფი ამ ხისა მოღვაწეობაა. ამიტომ ჭეშმარიტი სინანული ფესვებითა და ფოთლებით კი არა, ნაყოფით იცნობა. რაც არ უნდა მტკიცე განზრახვა გქონდეს სინანულისა, რაც არ უნდა ბევრი ილაპარაკო მასზე, თუ არა გაქვს ნაყოფი - შრომა და მოღვაწეობა, ყოველივე ამაოა.

წმ. წერილში იხსენიება ორი ცოდვილი, რომლებიც ინანიებდნენ თავიანთ ბოროტ საქმეებს და ღმრთის წინაშე აღიარებდნენ მათ: საული და დავითი. მაგრამ ღმრთისაგან შეწყალება ორივემ როდი მიიღო. თქვა საულმა: "ვცოდე წინაშე უფლისა, რამეთუ გარდავხედ ბრძანებასა მას უფლისასა" (1 მეფეთა, 15, 24). თქვა დავითმაც: "ვცოდე წინაშე უფლისა" (II მეფეთა, 12, 13). მაგრამ დავითმა მიიღო მიტევება და ცხონება, საული კი ვერ ეღირსა შენდობას და ისე აღესრულა, მუდამ თან სდევდა ღმრთის რისხვა. რატომ? თვითონ საულია დამნაშავე, რამეთუ ცოდვა კი აღიარა, მაგრამ მის გამოსასყიდად არაფერი იღონა, არ უჩვენა ღმერთს ჭეშმარიტი სინანული და თავის გამოსწორების სურვილი. დავითმა კი ცოდვის აღიარების შემდეგ დიდი შრომა იტვირთა სინანულის სრულყოფისათვის. ცრემლით ალტობდა სარეცელს, შუაღამით დგებოდა და ლოცვას აღუვლენდა ღმერთს, ნაცარს, ვითარცა პურს, ჭამდა სასმელს ცრემლით განაზავებდა, ხორცს მარხვით ითრგუნავდა, თავს იმდაბლებდა უფლის წინაშე და ძაძით იმოსებოდა. ამიტომ მხოლოდ ცოდვათა მიტევება როდი მიენიჭა, უფლისათვის სათნოდაც შეირაცხა. საულმა კი მხოლოდ ცოდვის აღიარება იკმარა და სინანულის მოღვაწეობა არ უტვირთავს, ამიტომ დარჩა საუკუნოდ შეუნდობელი.

მაშ ნურავის ექნება იმის იმედი, რომ ცოდვებისგან გათავისუფლებას მხოლოდ მათი აღიარება მოუტანს, თუ დაიზარებს შრომასა და მოღვაწეობას ჭეშმარიტი სინანულის მოსაპოვებლად. მივბაძოთ დავითს, რომელიც ამბობს: "რამეთუ უსჯულოება ჩემი მე უთხრა, და ვზრუნვიდე მე ცოდვისა ჩემისათვის" (ფსალმ. 37, 18). დავითი მხოლოდ თავისი უსჯულოების აღიარებით როდი კმაყოფილდება, მოღვაწეობაზეც ზრუნავს. რა ბედენაა წყლულის აღმოჩენა, თუ მას არაფერს ვუწამლებთ? ანდა რას გვარგებს ცოდვების აღიარება, თუ ეპიტიმიას არ ვიტვირთავთ და საკუთარი ცხოვრების გამოსწორებას არ ვეცდებით?

ვნახოთ რას ამბობენ ეკლესიის სხვა მამები აღსარების საიდუმლოს შესახებ:

ეპიტიმია

უფალი ყოველთვის შეიწყნარებს მონანულს, მაგრამ თავის წყალობას მაშინვე როდი უბრუნებს: იშრომე და დაამტკიცე, რომ შენი სინანული ღრმაა და არა ზერელე, უნიადაგო.

ეს კი მხოლოდ აღსარებისა და მიტევების საიდუმლოთია შესაძლებელი. უამისოდ, მთელი ცხოვრება რომ იწვალო, ვერაფერს გახდები. ნათლობის შემდეგ ჩადენილი ცოდვა სულს სული წმიდის მადლს სტაცებს ამ მადლის დაბრუნება მხოლოდ სინანულის საიდუმლოთია შესაძლებელი, რომელიც ცრემლის ემბაზში მიღებული ნათლისღებაა. და რაკიღა ასეა, მას იგივე უძღვის წინ, რაც ნათლისღებას: სარწმუნოება, სინანული და აღსარება; აღსარებას კი თან ახლავს მტკიცე გადაწყვეტილება, რომ ღმერთის ნებას მივდიოთ და არსად გადავუხვიოთ მას. გულის ასეთი განწყობითა და სულიერი მოძღვრის შენდობის სიტყვით სული წმიდის მადლი გვიბრუნდება და საფუძველს უდებს სულიერ ცხოვრებას, სწორედ ისე, როგორც ნათლობის წყალში დაფლვისა და მღვდლის მიერ ამ დროს წარმოთქმული სიტყვების დროს ხდება. უამისოდ სული წმიდის მადლი არ დაგვიბრუნდება და, მასასდამე, არც სულიერი ცხოვრება შედგება.

რაც შეეხება უშუალოდ (აღსარების გარეშე) მიტევებას, ეს მხოლოდ უნებლიე ცოდვებს ეხება, რომლებიც უმეტესად აზრებისა და გრძნობების დონეზე ხდება, უფრო ნაკლებად - სიტყვებში და კიდევ უფრო იშვიათად - საქმეებში. ვინც ღმრთის შიშითაა გამსჭვალული და სურს, სათნო-ეყოს მას, როგორც კი შენიშნავს თავის თავს ასეთ უნებლიე ცოდვას, უმალ ღმერთს შეუვრდება, შემუსრვილი გულით, თავის ბრალობით ინანიებს ცოდვას და შენდობას ღებულობს. და მაინც, თუ რაიმე ცოდვა ოდნავ მაინც გვიმძიმებს სულს, სჯობს მოძღვარს მივაშუროთ, აღსარება ვთქვათ და გავთავისუფლდეთ. ცოდვებისგან საიდუმლო გახსნას აღსარებისთანავე ვღებულობთ, როგორც კი მღვდელი შენდობის ლოცვას წაგვიკითხავს, ცოდვის კვალს კი თანდათან აღხოცს სინანულის მოღვაწეობა.

ვინც ინანიებს, იმას უფალი შეიწყალებს, მაგრამ შეწყალების ნიშანს მაშინვე კი არ მისცემს, არამედ გარკვეული დროის შემდეგ, და ეს დრო არის ღმრთაებრივი ეპიტიმია. ეპიტიმია ყველამ უნდა ზიდოს, სულ ერთია დიდი ცოდვა აქვს ჩადენილი თუ მცირე, თვით ეპიტემიის ხანგრძლივობას კი ღმერთი საიდუმლოდ ინახავს. ამიტომ შეწყალების მიღება სულისთვის ყოველთვის მოულოდნელია. მღვდელი იმისთვის ადებს კაცს ეპიტიმიას, რომ ღმრთაებრივი ეპიტიმიის ვადა შემცირდეს. ეპიტიმიის მიღებით ადამიანი ამტკიცებს, რომ საკუთარი ნებით თავს-იდებს სინანულის მოღვაწეობას, სრულიად შეგნებული აქვს თავისი დანაშაული და ღმერთს წყალობისკენ მიდრეკს, ანუ თავის სულს უფრო მეტად ამზადებს ამ წყალობის მისაღებად.

ეპიტიმია არ არის გამოსასყიდი ცოდვებისათვის, არც ამის გამო შეწირული მსხვერპლი, რამეთუ ჩვენთვის ერთია მსხვერპლიც და გამოსასყიდიც - მაცხოვარი, რომელმაც იტვირთა ცოდვანი სოფლისანი, ეპიტიმია კი არის სულიერი კურნება, რომელიც მონანულის ცხოვრების გამოსწორებისათვის, მის ზნეობრივ სალმობათა საკურნებლად არის საჭირო და ერთადერთი მიზანი აქვს - ამ სალმობათა კურნება და ცოდვებისგან დაცვა.

იმის მიუხედავად, დაადებს თუ არა მღვდელი მონანულს ეპიტიმიას, ღმრთაებრივი ეპიტიმია - ღმრთისგან შეწყალების მიღების გადავადება თავისი ხანგრძლივობით ცოდვის სიდიდეზეა დამოკიდებული. ხოლო როდესაც მოვა გრძნობა, რომ ღმერთმა შეიწყალა სული, მაშინ ეს გრძნობა მთლიანად იპყრობს გულს, მაშინ ზეიმობს სულისა გრძნობის ყველა ძალა. ეს სამოთხისებური მდგომარეობა ეძლევა ყველას, ვინც ჯეროვნად იშრომებს სინანულის მოპოვებისათვის, ცხადია იმ პირობით, თუ სიმდაბლით შეუვრდება უფალს.

ეპიტიმიის ხანგრძლივობისათვის

მოციქულთა კანონებში წერია: "ნუ გამოიტანთ ერთნაირ განაჩენს ყოველი ცოდვისთვის, არამედ თვითეულს თავ-თავისი განუწესეთ". ეს ნიშნავს, რომ ეპიტიმიის დადებისას მხედველობაშია მისაღები ცოდვის თვისება, სინანულის ხარისხი და თვით მონანულის მდგომარეობა. წმ. იოანე ოქროპირი გვასწავლის: "ეპიტიმიის გახანგრძლივებას ნუკი ცდილობ, სულის განკურნებაზე იზრუნე. თუ იცი რომ კაცმა შეინანა და გამოსწორდა, მაშ უკვე ყველაფერი გაკეთებულია". სჯულისკანონით დიდი ცოდვებისათვის რამდენიმე წლით ზიარებისაგან განყენებაა დაწესებული, წმ. მამები კი ხშირად რამდენიმე დღის სინანულს აკმარებდნენ ხოლმე კაცს. რით აიხსნება ეს წინააღმდეგობა?

იმით, რომ აკრძალვის დრო წმ. მამებს უცილობელ წესად არ დაუდგენიათ და მღვდელს სრული უფლება აქვს ვითარების მიხედვით შეამოკლოს ან გაახანგრძლივოს იგი. მაგ. ბასილი დიდი თავის ერთ-ერთ კანონში ამბობს: "დროის სიდიდით ნუკი განსაზღვრავ აკრძალვას, არამედ ვითარებით". რა იგულისხმება აქ? წმ. მამების განმარტებით, "თუმცა აკრძალვა დადგენილია, მაგრამ ისიც წერია, რომ აკრძალვის დროს კი არა, სინანულის ხარისხს უნდა მივხედოთ".

ვინ როგორ უნდა შეინანოს?

ის, ვინც შეიცნობს და გულწრფელად აღიარებს თავის ცოდვებს, იგლოვს და დასტირის მათ, ვინც იგლოვს, ის მტკიცედ გადაწყვეტს აღარასოდეს სცოდოს და ამით აღარ შეურაცხყოს ღმერთი, და ბოლოს, სიმდაბლით აღიარებს მათ მოძღვრის წინაშე, რათა შენდობა მიიღოს და უფლის ბარძიმის წინაშე სუფთა და მართალი წარსდგეს. რაში მდგომარეობს ჭეშმარიტი სინანული?

ა) უწინდელი ცოდვები დავუტეოთ და მოვიძულოთ ისინი, როგორც უწმინდურობა.

ბ) ვიგლოვოთ ეს ცოდვები, ღმერთს ვევედროთ მიტევებას და მოძღვრის წინაშე ვაღიაროთ, ახალ ცოდვებს კი ყოველნაირად ვერიდოთ.

გ) მივუტევოთ მოყვასს, რათა ღმერთმა ჩვენც მოგვიტევოს.

დ) ყველას მივაგოთ სიყვარული და მოწყალება, რათა ჩვენც შეწყალებულ ვიქნეთ.

ე) თავი დავიმდაბლოთ.

ვ) ნურავის განვიკითხავთ, ცილს ნუ დავწამებთ.

ზ) ღმერთს ვევედროთ, რომ მტრის მახეს გადავურჩეთ.

წმ. ბასილი დიდი ამბობს: "ის კი არ აღიარებს თავის ცოდვას, ვინც იტყვის: "ვცოდე", და მერე ცოდვილ ცხოვრებას უბრუნდება, არამედ ის, ვინც მეფსალმუნის სიტყვისაებრ, ცდილობს გულისხმაყოს თავისი ცოდვა და შეიძულოს.

რას არგებს სნეულს ექიმის ზრუნვა, თუ თვითონ კაცი მაგრად ებღაუჭება იმას, რაც მის სიცოცხლეს ვნებს? ასევეა უსჯულოებათა მიტევება მისთვის, ვინც უსჯულო ცხოვრებას განაგრძობს, არც მრუშობის შენდობა სჭირია გარყვნილების ტრფიალს.

ჩვენი ცხოვრების ყოვლადბრძენ გამგებელს სურს, რომ აქამდე ცოდვებში ჩაფლული და ახალი ცხოვრების დაწყების მოსურნე კაცი გაემიჯნოს წარსულს და ამ ახალი ცხოვრების საფუძვლად სინანული დადოს".

აღსარება გულწრფელი და გულახდილი უნდა იყოს

იმათ, ვინც თავიანთ გულისსიტყვებს სულიერ მამებს უმხელენ, სრულიად გულწრფელად, შემუსრვილი გულით უნდა თქვან აღსარება, როგორც თვით ღმერთის წინაშე, და მაშინ მიიღებენ შეწყალებას. უგულისყუროდ, ზერელედ ნათქვამი აღსარება არათუ სარგებლობის, დასჯის მიზეზად გაგვიხდება.

ცოდვა აღსარებით აღიხოცება, მისი ფესვები კი ცოდვილ გულისსიტყვებთან ბრძოლით და, თუ ისინი გვძლევენ - განმეორებითი აღსარებით.

საკუთარ ცოდვათა ხედვაც და გულწრფელი აღსარებაც, ღმერთის განსაკუთრებული ნიჭია და გულითადი ლოცვით უნდა ვითხოვოთ. ევედრე მოწყალე ღმერთს, რათა მოგმადლოს ეს ნიჭი - ცხონების საწინდარი, და, ეცადე, გულწრფელი იყო: კაცთა მოდგმის მტერს სძულს სინანულის გზა და ყოველ ღონეს ხმარობს, რომ დააბრკოლოს კაცი, რომელიც ცოდვების ხშირი აღიარებით ცდილობს ღმერთისგან წყალობის მოპოვებას.

სძლიე ყალბ სირცხვილს მიწაზე და ზეცაში შერცხვენას გადაურჩები!

რომელ გულისსიტყვებს სჭირდება დაუყოვნებელი აღსარება და რომელს - არა?

ცოდვილი გრძნობები და გულისსიტყვები ჩვენი დაცემული ბუნებიდან იღებენ სათავეს, მაგრამ როდესაც ისინი მუდმივად და მძლავრად გვიტევენ, ეს იმის ნიშანია, რომ მათ ჩვენი მტერი, დაცემული ანგელოზი მოგვივლენს. ასეთი გრძნობები და გულისსიტყვები მოძღვრის წინაშე უნდა ვაღიაროთ, თუნდაც იგი უბრალო კაცი იყოს და არც წმიდანის სახელი ჰქონდეს.

დაწყებისათვის ცოდვილ აზრებსა და გულისთქმებთან ბრძოლაში აღსარებაზე უკეთესი იარაღი სხვა არა არის რა. რაც შეიძლება ხშირად მიმართე მას, ვიდრე ეშმაკი და მის მიერ მოვლენილი განსაცდელი არ განგეშორება.

რაც შეეხება იმ ცოდვილ გულისსიტყვებს, მალე რომ გვავიწყდება და ვერ ასწრებს სულთან შეთვისებას, დაუყონებლივ აღსარება არ სჭირდება, ებრძოლე და ნუ უსმენ მათ, საპირისპირო, სახარებისეული მცნებებით სძლიე. ზიარების წინ, აღსარებაზე, ნუ ეცდები ამგვარი აზრების დაწვრილებით აღწერას: თქვი, რომ მნიშვნელოვცანი ცოდვების გარდა (რომლებიც ზუსტად უნდა გადმოსცე), სცოდე სხვადასხვა აზრით, სიტყვით, საქმით, ცნობით და უმეცრებით.

საკუთარი ცოდვების ხედვისას უნდა ვერიდოთ შეშფოთებასა და სასოწარკვეთილებას, რომლაბსაც ეშმაკი მოგვივლენს.

ცხონების უცილობელი პირობაა საკუთარი თავის ცოდვილად მიჩნევა, მაგრამ ჩვენი თავისათვის მსჯავრის გამოტანა და აქეთ-იქით მიწყდომა ძალიან მავნეა. ყოველივე მეტისმეტი ეშმაკისგანააო, თქვა პიმენ დიდმა.

თუ რაიმე მისატევებელი ცოდვა შეგემთხვა - განიკითხე ან სხვების განკითხვას მოუსმინე. კამათში ჩაები, ეჭვიანობა, მოუთმენლობა ან დაუდევრობა გამოიჩინე - მეტისმეტ შფოთვას, ჭმუნვას და სასოწარკვეთას ნუ მიეცემი, განუწყვეტლივ ნუ იძიებ, რა ჩაიდინე, მით უფრო, ნუ იფიქრებ, რომ ვერასოდეს განთავისუფლდები ამ ცოდვებისგან, რომ ნებისყოფა გღალატობს, რომ ისე არ მიდიხარ ღმერთისგან ნაჩვენებ გზაზე, როგორც საჭიროა და ა.შ. ყოველი ასეთი შემთხვევა სულს ათასი შიშით, ეჭვითა და მწუხარებით დაგიმძიმებს.

რამეთუ, რა ჩანს აქედან? ის, რომ შენ გრცხვენია ღმერთის წინაშე კადნიერებით წარდგომა, როგორც მოღალატეს, ამაოდ ხარჯავ დროს იმის გასარკვევად, რამდენი ხანი დაჰყავი ამა თუ იმ ცოვის ტყვეობაში, შეეთვისე მას თუ არა და ა.შ. და რაც უფრო მეტს წვალობ, მით უფრო მეტად გემღვრევა სული, უფრო გერევა კაეშანი და გაურბიხარ აღსარებას. ხოლო როდესაც ასეთი შიშითა და შფოთით შეპყრობილი იტყვი აღსარებას, იგი სიმშვიდეს ვერ მოგანიჭებს - გეჩვენება, რომ ყველაფერი არ გითქვამს, რაღაც გამოგრჩა... შენი ცხოვრება მძიმე, მოუსვენარი და უნაყოფოა, ამაოდ ფლანგავ უამრავ დროს. ყოველივე ეს კი იმის ბრალია, რომ გვავიწყდება ჩვენი ბუნებრივი უძლურება, გვავიწყდება, როგორ უნდა იყოს სული განწყობილი ღმერთის მიმართ - იოლად მისატევებელი, არა სასიკვდილო ცოდვა თუ ჩაიდინა, სიმდაბლითა და სინანულით შეუვრდეს ღმერთს და ზედმეტი მწუხარებით, დარდითა და ჭმუნვით ნუ გაიწამებს თავს.

ყოველივე ეს იმათ ეხებათ, ვინც სულიერი ცხოვრებით ცხოვრობს და ამ სარბიელზე წარმატების მოპოვებას ცდილობს, მაგრამ სასიკვდილო ცოდვებს არ სჩადის. იმათ კი, ვინც უზრუნველად ცხოვრობს და არ ადარდებს, სასიკვდილო ცოდვებით რომ შეურაცხყოფს ღმერთს, სხვა რამეს ვეტყვით: დიდი მწუხარება და მწარე ტირილი მართებთ, მკაცრად უნდა განსაჯონ საკუთარი სინდისი და დაუნდობლად ამხილონ თვითეული ცოდვა, ყოველი ღონე იხმარონ, რომ თავიანთი დაუდევრობით კურნებისა და ცხონების გზა არ დაკარგონ.

სინანული ყოველთვის ღმრთისადმი დიდი სასოებით უნდა იყოს გამსჭვალული, სულ ერთია, მსუბუქ, ყოვედღიურ დაცემებს ეხება საქმე, თუ მძიმე ცოდვას, რასაც ხანდახან ღმერთის ერთგული მაინც ვერ ასცდება. რამეთუ სინანული და გულის შემუსრვილება თუ ღმრთის მოწყალებისა და სახიერების იმედთან არ არის შეერთებული, მხოლოდ ტანჯავს ადამიანს და არ შეეწევა სულის აღდგინებას. ასეთი სასოება აუცილებლად უნდა ავსებდეს უმაღლესი ქრისტიანული სრულყოფილების მაძიებელთა გულებს, რამეთუ სწორედ იგი განაცხოველებს სულისა და სამშვინველის ძალას.

ადრინდელი ხორციელი ცოდვების გახსენება მავნეა!

ვისაც აღსარების საიდუმლოთი მიეტევება ცოდვები, მოვალეა მეტად აღარ გაიმეოროს ისინი, ესაა და ეს. ხოლო უწინდელი ხორციელი ცოდვების გახსენება ძალიან მავნეა და ამას წმ. მამებიც გვიკრძალავენ. აქ გარეულია ურწმუნოება, აღსარების საიდუმლოს უპატივცემულობა, ყალბი წარმოდგენა სათნოებაზე, განხურვება და ოცნება.

როდესაც ჩვენს ცოდვებს ვინმე ახლობელს (არა მღვდელს) ვუმჟღავნებთ

აქაც აღსარების წმ. საიდუმლოსადმი უნდობლობა ჩანს. ამ საიდუმლოში ხომ სული წმიდის მადლი მოქმედებს, რომელიც მთლიანად და სავსებით აღხოცს ჩვენს ცოდვებს. მაშ რაღად არსებობს შენთვის ის, რაც უკვე გაქრა? საბრალო მტვერო, ნუ გაკადნიერდები შეეხო აღსარების დიდ საიდუმლოს! ნუ ცდილობ შეავსო იგი: მას ღმერთისგან აქვს მინიჭებული თავისი სავსება და კაცობრივი შეწევნა არად სჭირია. ნუ გაიმეორებ უწინდელ ცოდვას - სულ ესაა, რასაც შენგან ღმერთი მოითხოვს და რაც საჭიროა ცხონებისათვის. გეშინოდეს უნდობლობისა, რამეთუ იგი კაცის თვალში ღმრთის ძლიერებასა და სახიერებას ნაკლულევანად წარმოაჩენს. მეტისმეტად უნდა ვუფრთხილდეთ ცრუ მოშურნეობასა და განხურვებას, რამეთუ ამ დროს კაცი სიკეთის გაკეთებას ფიქრობს, მაგრამ მრავალი ბოროტება შეიძლება უყოს თავის თავსაც და მოყვასსაც.

ცოდვების მონანიების გადადება და თავის გამოსწორების გაჭიანურება ძალიან სახიფათოა

ჩვენი დრო თესვის, ძიების, თხოვნისა და ღმერთის მოწყალების კარზე რეკვის დროა: ღმერთმა აღგვიქვა, რომ შეისმენს ჩვენს ვედრებას და შეგვეწევა - და მართლაც, გვისმენს და შეგვეწევა, რამეთუ "ესრეთ იტყვიე უფალი: ჟამსა შემწყნარებისას ვისმინე შენი და დღესა ცხოვრებისასა შეგეწიე შენ. აჰა ესერა აწ არს ჟამი იგი შეწყნარებისაი, აჰა, ესერა აწ არს დღე იგი ცხოვრებისაი" (2 კორ. 6, 2). დღეს ყოველი, რომელი ითხოვდეს, მიეცეს, და რომელი ეძიებდეს, ჰპოვოს, და რომეი ირეკდეს, განეღოს.

"სიკვდილის წინ შევინანებო", ამბობ. ასეთი სინანული ჯოჯოხეთის კარამდე მიგიყვანს. მაშინ აპირებ სინანულს, მისი დრო რომ იწურება და საშინელი სამსჯავროს ჟამი დგება? მაშინ გსურს ღმერთისკენ მიბრუნება, როდესაც იგი პასუხისგებისკენ გიხმობს? მაშინ იწყებ ძებნას, როცა ამის დრო უკვე დამთავრდა? რა თქმა უნდა, სიკვდილის წინაც უნდა შეინანო და გულით ევედრო ღმერთს შეწყალებას, რამეთუ მაშინ სულს უდიდესი განსაცდელი ადგას. მაგრამ სინანულის გადადება სიკვდილის დღისათვის არის შედეგი ხიბლისა, საკუთარ ცხონებაზე ზრუნვის დავიწყება და ეშმაკის მახე - სწორედ ეშმაკი მოუვლენს ადამიანს ამ აზრს და ჩააგონებს უშიშრად დაარღვიოს ღმერთის მოცემული კანონი, განარისხოს უფალი და ყოველდღე გადადოს სინანული, რათა უფრო ადვილად დაღუპოს კაცი. ამიტომ, თუ გინდა, ნეტარი აღსასრული გქონდეს, დღესაც ისეთი იყავი, როგორც სიკვდილის წინ გინდა იყო. ამა სოფლის სიკეთეებზე: პატივზე, დიდებაზე, სიმდიდრესა და ფუფუნებაზე ახლაც ისე იფიქრე, თითქოს ყველაფერს ტოვებდე - როგორც სასიკვდილო სარეცელზე მწოლს შეჰფერის.

ცოდვილი არ უნდა დაბრკოლდეს, თუ სულიერი მოძღვარი ჭრილობას მკაცრი სიტყვით უწამლებს

ვინც მცოდველს მოფერებთ ექცევა, ამით უფრო მეტად უბიძგებს ცოდვილი ცხოვრებისკენ, და კი არ თრგუნავს დანაშაულს, პირიქით, ხელსაც უწყობს. ხოლო ვინც მკაცრად ამხილებს და თანაც არიგებს ძმას, ის მის ცხონებას შეეწევა. "მე რომელნიცა მიყუარდენ, ვამხილებ და ვასწავებ" (გამოცხ. 3, 19), ამბობს უფალი. ასევე უნდა მოიქცეს მღვდელიც - კი არ მოატყუოს კაცი ყალბი მოფერებით, არამედ მის საკურნებელ წამალზე იფიქროს. უმეცარია ის ექიმი, მხოლოდ გარედან რომ მოსინჯავს დასიებულ ჭრილობას: შიდნით დამღუპველი შხამია დაგროვილი, რომელიც წამლავს მთელ ორგანიზმს. ჭრილობა უნდა გახსნა, ჩირქი გამორწყა და სალბუნი დაადო. დაე ყვიროდეს ავადმყოფი, დაე ჩიოდეს, რომ ტკივილი გაუსაძლისია - როდესაც გამოჯანმრთელდება, თვითონვე გეტყვით მადლობას.

გამოყენებულია მასალა წიგნიდან "აღსარების საიდუმლოსა და ცოდვებისათვის". არქიმანდრიტი ლაზარე. თარგმნა რუსუდან ბუაჩიძემ. თბილისი 1999

კატეხიზმო

მართლმადიდებელი ეკლესიის კატეხიზმოს შესასწავლად

ნაწილი პირველი - სჯული - რელიგია

სჯული არის სულიერი კავშირი ღმერთსა და კაცს შორის. ერთის მხრივ კაცი ევედრება ღმერთს თავის საჭიროებისათვის, მეორე მხრით ღმერთი აძლევს კაცს თავის წყალობას. ამ ურთიერთობას ღმერთსა და კაცს შორის აქვს ღრმა საფუძველი თვით კაცის არსებაში, მის სულსა და გონებაში. ქვეყანაზე არ მოიპოვება არც ერთი ერი, რომ არ სწამდეს ღმერთი და არა ჰქონდეს სჯული. ერთი ძველი მწერალთაგანი ამბობს, ქვეყანაზედ შეგხვდება ბევრი იმისთანა ერი, რომელმაც არ იცის ხმარება ფულისა, არ აქვს მუდმივი საცხოვრებელი ბინა, არ იცის ხელოვნება, არა აქვს გამაგრებული ადგილები, ქალაქები, მაგრამ არ არის არსად იმისთანა ერი, რომ არა სწამდეს ღმერთი, არა ჰქონდეს ლოცვები, არა სწამდეს მსხვერპლი და ფიცი. მრავალი ეხლანდელი ღრმა სწავლულიც უცილობლად და უეჭველად ამტკიცებს, სარწმუნოება და სჯული ღვთისა საყოველთაოაო.

ქრისტეანობა

ქვეყანაზედ ახლაც არის და უწინაც იყო ბევრი სხვა-დასხვა სჯული, მაგრამ არც ერთი არ არის ჭეშმარიტი, გარდა ქრისტეანობისა. ღვთისაგან განცხადებული ჭეშმარიტება მოიპოვება მხოლოდ ქრისტეანობაში და ძველი აღთქმის სჯულში, რომელიც იყო მომზადება ქრისტეს სჯულისათვის.

ქრისტეანობა არის ერთადერთი სჯული, რომელიც აკმაყოფილებს კაცის სულის ყოვალსავე მოთხოვნილებას. ამ სჯულმა არ იცის გარჩევა ტომისა, ეროვნებისა, სქესისა და ასაკისა: თვით სახარება არის წიგნი სამარადისო, ყველა დროისა და ყველა ხალხისათვის გამოსადეგი, საჭირო და გასაგები; როგორც ამ ცხრამეტი საუკუნის წინად, ისე ეხლაც ქრისტეანობას აქვს ერთი და იგივე ცხოველი ძალა; მისს საკეთილო და სასარგებლო ძალას განიცდიან, როგორც მდიდარნი, ისე გლახაკნი, როგორც სწავლულნი, ისე უსწავლელნიც. მხოლოდ ქრისტემ აუწყა ქვეყნიერებას ისეთი სწავლა-მოძღვრება, რომელიც ძველებურ ბრძნებს, სჯულის მდებელებს, ზნეობის მასწავლებელებს არც თვალით უხილავთ, არც ყურით სმენიათ და არც ფიქრად მოსვლიათ. მხოლოდ ქრისტეანობამ აუწყა კაცობრიობას, ყველანი ერთმანეთის ძმები ხართო; მოსპო მონობა და კანონის წინაშე გაათანასწორა ყველანი; იქადაგა საყოველთაო სიყვარული, რომელიც შეიცავს ყველას, განურჩევლად წოდებისა, ეროვნებისა და მდგომარეობისა. ამოტომ ყველამ უნდა სცნას, რომ ქრისტეანობა არის ჭეშმარიტი სჯული, ჭეშმარიტი სარწმუნოება და მისი დამფუძნებელი ქრისტე იესო არის ღმერთკაცი.

საღმრთო განცხადება

მართლმადიდებელი ეკლესია სწავლა-მოძღვრებას იღებს საღმრთო განცხადებიდან. საღმრთო განცხადებად იწოდება ყოველივე ის, რაც თვით ღმერთმა კაცს გამოუცხადა, რათა მან შესძლოს ჭეშმარიტი თაყვანისცემა და მისი რწმენა.

სხვა-და-სხვა დროს ღმერთი სხვა-და-სხვანაირად უცხადებდა ხალხს თავის სჯულს; ადამ და ევას მაგალითად, ღმერთი თვითონ ეცხადებოდა სამოთხეში, როგორც მოსიყვარულე მამა და ასწავებდა. როდესაც, ადამ და ევას შეცოდებისა და სამოთხიდან გამოდევნის შემდეგ, ხალხი ცოდვისა გამო დაშორდა ღმერთს და დაიწყო მისი დავიწყება, მაშინ ღმერთმა გამოირჩია განსაკუთრებით ღრმად და გულწრფელად მორწმუნე, თვისი სათნო კაცები, რომლებიც იღებდნენ მისგან განცხადებას და აუწყებდნენ სხვათა. ასეთი ღვთის გამორჩეულებად იყვნენ: ადამი, ნოე, აბრამი, მოსე და სხვა წინასწარმეტყველები.

ამათ მიიღეს ღვთისაგან მხოლოდ დასაბამნი საღმრთო განცხადებისა და გაავრცელეს ხალხში; სავსებით და სრულიად კი ღვთის განცხადება ქვეყანაზედ მოიტანა იესო ქრისტემ, განხორციელებულმა ღმერთმა და გაავრცელა მთელს ქვეყანაზე თვისის მოციქულების საშუალებით. ამას ცხადად ამბობს პავლე მოციქული თავის ეპისტოლეში ებრაელთა მიმართ: მრავლით კერძო და მრავლით სახით მაშინვე ღმერთი ეტყოდა მამათა წინასწარმეტყველთა მიერ, ხოლო უკანასკნელთა ამათ დღეთა მეტყოდა ჩვენ ძისა მიერ თვისისა, რომელი იგი დაადგინა მკვიდრად ყოველთა, რომლისგანაცა შექმნა ღმერთმა საუკუნენი (ებრ. 1, 1).

კაცს შეუძლიან ღვთისაგან შექმნილ ქვეყნის განხილვით დარწმუნდეს, რომ არსებობს ღმერთი, რომ ის არის ყოვლად ძლიერი, ყოვლად სახიერი, ყოვლად მოწყალე: ამას ეწოდება ბუნებითი განცხადება. მაგრამ ეს ბუნებითი განცხადება არა არის სრული და ამიტომ არც საკმარია; ამ განცხადებას შეუძლიან მხოლოდ რაოდენადმე მოამზადოს კაცი და ხელმძღვანელობა გაუწიოს შესათვისებლად იმ ღვთის ცნობისა, რომელსაც მიიღებს საღმრთო განცხადებიდან.

საღმრთო გარდმოცემა და საღმრთო წერილი

საღმრთო განცხადება ვრცელდება ქვეყანაზე საღმრთო წერილით და საღმრთო გადმოცემით.

საღმრთო წერილი ეწოდება იმ წიგნებს, რომელიც დაწერილია სულის წმიდით განგრძნობილ კაცთა - წინასწარმეტყველთა და მოციქულთაგან. ამ წმიდა წიგნების კრებულს ეწოდება ბიბლია. საღმრთო წერილი დაწერილია ღვთისაგან გამორჩეულ და განათლებულთაგან; ასეთები იყვნენ ძველ აღთქმაში წინასწარმეტყველნი, ახალში - მოციქულნი, მთელს ბიბლიაში 76 წიგნია.

ჩამოვთვალოთ ეს წიგნები იმ რიგზედ, როგორც დაწყობილია ქართულს დაბადებაში: 1) დაბადება, 2) წიგნი გამოსვლათა, 3) ლევიტელთა, 4) რისხვთა, 5) მეორე სჯულისა, 6) ისუ ძისა ნავესი, 7) მსაჯულთა, 8.) რუთისა, 9) პირველი მეფეთა, 10) მეორე მეფეთა, 11) მესამე მეფეთა, 12) მეოთხე მეფეთა, 13) პირველი ნეშტთა, 14) მეორე ნეშტთა, 15) პირველი ეზდრასი, 16) ნემიასი, 17) მეორე ეზდრასი, 18) მესამე ეზდრასი, 19) წიგნი ტობიასი, 20) ივდითისა, 21) ესთერისა, 22) წიგნი იობისა, 23) დავითნი, 24) იგავნი სოლომონისნი, 25) ეკლესიასტე, 26) ქება ქებათა, 27) წიგნი სიბრძნისა სოლომონისა, 28) წიგნი სიბრძნისა ისო ძისა ზირაქისა, 29) წინასწარმეტყველება ისაიასი, 30) წინასწარმეტყველება ბარუქისა, 31) გოდებანი იერემისა წინასწარმეტყველისანი, 32) წინასწარმეტყველება ბარუქისა, 33) ეზეკიელისა, 34) დანიელისა, 35) ოსესი, 36) იობელისა, 37) ამოსისა, 38) აბდიასი, 39) იონასი, 40) მიქიასი, 41) ნაუმისა, 42) ამბაკუმისა, 43) სოფონიასი, 44) ანგიასი, 45) ზაქარიასი, 46) მალაქიასი, 47) პირველი მაკაბელთა, 48) მეორე მაკაბელთა, 49) მესამე მაკაბელთა, 50) სახარება მატთესი, 51) სახარება მარკოზისა, 52) სახარება ლუკასი, 53) სახარება იოანესი, 54) საქმე წმიდათა მოციქულთა, 55) ეპისტოლე იაკობისი, 56) პირველი ეპისტოლე პეტრესი, 57) მეორე ეპისტოლე პეტრესი, 58) პირველი ეპისტოლე იოანესი, 59) მეორე ეპისტოლე იოანესი, 60) მესამე ეპისტოლე იოანესი, 61) ეპისტოლე იუდასი, 62) ეპისტოლე პავლე მოციქულისა რომაელთა მიმართ, 63) პირველი ეპისტოლე კორინთელთა მიმართ, 64) მეორე ეპისტოლე კორინთრელთა მიმართ, 65) გალატელთა მიმართ, 66) ეფესელთა მიმართ, 67) ფილიპელთა მიმართ, 68) კოლასელთა მიმართ, 69) პირველი ეპისტოლე თესალონიკელთა მიმართ, 70) მეორე ეპისტოლე თესალონიკელთა მიმართ, 71) პირველი ეპისტოლე ტიმოთეს მიმართ, 72) მეორე ეპისტოლე ტიმოთეს მიმართ, 73) ეპისტოლე ტიტეს მიმართ, 74) ფილიმონის მიმართ, 75) ებრაელთა მიმართ, 76) განცხადება იოანე ღვთისმეტყველისა.

განყოფა საღმრთო წერილის წიგნთა. საღმრთო წერილის წიგნები მათის დაწერის დროის მიხედბით განიყოფა ორ დიდ ნაწილად - ძველ და ახალ აღთქმის წიგნებად. ძველის აღთქმის წიგნები ეწოდება იმ წიგნებს, რომელიც დაიწერა ქრისტეს მოსვლამდე და მალაქია წინასწარმეტყველამდე (1600 -400 წ. ქრისტემდე); ახალ აღთქმის წიგნები ეწოდება იმ წიგნებს, რომელიც დაწერილია ქრისტეს შემდეგ მოციქულებისაგან(41 -100წ.).

ორისავე აღთქმის წიგნები შინაარსით განიყოფა ოთხ ნაწილად: 1) წიგნნი სჯულებითნი, რომელნიც შეიცავენ უმთავრესად ძირითადს კანონებს სარწმუნოებრივ ცხოვრებისას; ძველ აღთქმის წიგნებს შორის ამ ნაწილს ეკუთვნის ხუთი წიგნი მოსესი: დაბადება, გამოსვლათა, ლევიტელთა, რიცხვთა და მეორე სჯულისა. ახალ აღთქმაში - ოთხი სახარება: მატთესი, მარკოზისა, ლუკასი და იოანესი. 2) წიგნნი ისტორიულნი, რომელნიც შეიცავენ ისტორიას ღვთისა და კაცთა შორის დიდებულ აღთქმისას. ძველს აღთქმაში ამ ნზწილს ეკუთვნის შემდეგი წიგნები; ისუ ძისა ნავესი, მსაჯულთა, რუსითა, ოთხი წიგნი მეფეთა, ორი წიგნი ნეშტთა, ორი წიგნი ეზდრასი, ნემიასი, ტობიასი, ივდითისა, ესთერისა და სამი წიგნი მაკაბელთა; ახალ აღთქმაში მხოლოდ ერთი წიგნია ისტორიული - საქმე მოციქულთა; 3) სწავლებითნი ანუ სამოძღვრებო წიგნნი, რომელნიც შეიცავენ სწავლა-მოძღვრებას სჯულისა, ზნეობისა და კეთილმსახურებისას. ძველს აღთქმაში მათ ეკუთვნიან: წიგნი იობისა, დავითნი, იგავნი სოლომონისნი, ეკლესიასტე, ქება ქებათა, სიბრძნე სოლომონისა, სიბრძნე ისუ ძისა ზირაქისა და მესამე წიგნი ეზრდასი;

ახალს აღთქმაში სამოძღვრებო წიგნებად ითვლება მოციქულთა ეპისტოლენი, (რიცხვით 21; 4) წიგნნი წინასწარმეტყველებითნი, რომელნიც შეიცავენ წინასწარმეტყველებას ქრისტესა, მის სასუფეველსა და ახალ აღთქმის ეკლესიის წინასწარმეტყველთა წიგნები, რიცხვით 16; ახალ აღთქმაში ერთი წინასწარმეტყველებითი წიგნია - განცხადება იოანე ღვთისმეტყველისა. ღირსებით საღვთო წერილის წიგნები განიყოფა ორ ნაწილად: - დაკანონებულ და არა-დაკანონებულ წიგნებად. დაკანონებული წიგნები ეწოდება იმ წიგნებს, რომელიც წმ. მამათა და კრებათაგან ცნობილია ნამდვილად მოციქულთა და წინასწარმეტყველთაგან დაწერილად და ამიტომ, როგორც უეჭველად ღვთივ სულიერნი, - სავალდებულოა სახელმძღვანელოდ სჯულისა და ცხოვრებისათვის. არა - დაკანონებული წიგნები ის წიგნებია, რომელსაც არა აქვს ზემოაღEნიშნული წიგნთა ღირსება და ამიტომ არ არის სავალდებულო ყველასათვის. არა-დაკანონებულ წიგნებად ძველ აღთქმის საღმრთო წერილში ითვლება შემდეგი წიგნები: წიგნი ტობიასი, ივდითისა, სიბრძნე სოლომონისა, ისუ ძისა ზირაქისა, წინასწარმეტყველება ბარუქისა, მეორე და მესამე წიგნი ეზდრასი და სამივე წიგნი მაკაბელთა. გარდა ამ მთელ წიგნებისა, არა-დაკანონებულად, ანუ კერძო წიგნებად ითვლება ზოგიერთი ადგილი დაკანონებულ წიგნებისა, მაგ. ას ორმოცდა მეთერთმეტე ფსალმუნი დავითნში, ლოცვა მანასიასი მეორე ნეშტთა წიგნის ბოლოში, ესთერის წიგნში მერვე და მეცხრე თავის ბოლოს მუხლებად დაყოფილი ნაწილი, გალობა სამთა ყრმათა დანიელის წინასწარმეტყველებაში (თ.5), სუსანას ამბავი (იქვე, თ. 13), ბილის და ვეშაპის ამბავი (იქვე, თ.14). დანარჩენი წიგნები ძველი აღთქმისა და ყველა წიგნი ახლის აღთქმისა სულ დაკანონებულად და სავალდებულოდ ითვლება.

პირველი ენა საღმრთო წერილის წიგნებისა

ძველი აღქმის საღმრთო წერილის ყველა სავალდებულო წიგნები დაწერილია ებრაულად, რადგანაც ამ ენითა ლაპარაკობენ დამწერნიც და ისინიც ვისთვისაც დანიშნული იყო წიგნები. ახალი აღქმის წიგნები, გარდა მატთეს სახარებისა, დაწერილია ბერძნულად.

ღვთივ-სულიერება საღმრთო წერილისა

ჩვენ გვრწამს, რომ საღმრთო წერილის წიგნები, როგორც ძველის, ისე ახალის აღთქმისა, დაწერილია ღვთივ-განბრძნობილ კაცთაგან. თვით უფალი იესო ქრისტე ძველი აღთქმის წიგნებს უწოდებდა ღვთის სიტყვად, სული წმიდის სიტყვად, ღვთის ბრძანებად; მოციქულებიც, თანახმად მაცხოვრისა, საღმრთო წიგნებად რაცხდნენ ძველს აღთქმას. თვით მოციქულებს მაცხოვარმა აღუთქვა მოვლინება წმ. სულისა, რომელიც ეტყოდა მათ ყოველსავე. სული წმიდა უცხადებდა ხოლმე მოციქულებს და წინასწარმეტყველებს იმას, რაც სრულიად არ იცოდნენ, - მაგ. ისინი წინასწარმეტყველებდნენ მომავალს, ან ამბობდნენ იმისთანა სწავლა - მოძღვრებას, რომლის შეთხზვაც სრულიად არ შეეძლოთ; ხან-კი იმგვარ ამბებს სწერდნენ, რომელიც თვითონ იცოდნენ; მაშინ სული წმიდა მხოლოდ იცავდა შეცდომათაგან; უხსნიდა გაუგებარს და შეავსებდა მოგონებას, მაგრამ იმავე დროს არ ავიწროებდა აზრის წარმოთქმაში.

რომ საღმრთო წერილი მართლა ღვთის სიტყვაა, ამას გვარწმუნებს: სიმაღლე სწავლისა, რომელიც სესულია საღმრთო წერილში. მაგ. სამებისა, ღვთის განხორციელებისა, ერთის ღმერთისა, ღვთის სიყვარულისა, სიმდაბლისა და მტერთა სიყვარულის შესახებ. სწავლა ისეთი მოძღვრებაა, რომლის მოგონებაც არ შეეძლოთ უბრალო კაცებს, როგორნიც იყვნენ მოციქულნი და წინასწარმეტყველნი.

საღმრთო წერილის წიგნები დაწერილია სხვა-და-სხვა დროს, სხვა-და-სხვა კაცთაგან, სხვა-და-სხვა ადგილს, მაგრამ მაინც ისე ეთანხმებიან ერთმანეთს, თითქოს ერთი კაცის დაწერილი იყოს, მაშინ, როცა ორი კაცის ნაწერი ერთ საგანზე არ ეთანხმება ერთმანეთს. ამასთანავე, საღმრთო წერილის წიგნები თავისუფალია ყველა იმ ცრუ-მორწმუნეობისა და ცთომილებისაგან, რომელიც გავრცელებული იყო ხალხში მათის დაწერის დროს.

2) წინასწარმეტყველებანი, რომელიც მოიპოვება ძველი აღთქმის წიგნებში. ისაია და დავით წინასწარმეტყველნი ისეთის სიცხადით აღგვიწერენ იესო მაცხოვრის ვნებას ჯვარზედ, თითქო თითონ დასწრებიან ჯვარცმასო, მაგრამ კაცმა არა იცის-რა, მხოლოდ ღმერთს შეუძლიან წინად ცნობა მომავლისა; მაშ, თუ წინასწარმეტყველები რამდენსამე საუკუნით წინად სწერდნენ, რა მოხდებოდა შემდეგში, უეჭველია - სული წმიდისა და ღვთის ძალით იყვნენ განბრძნობილნი.

3) სასწაულნი. კაცს სასწაულის ქმნა არ შეუძლიან არც თავის ზალიტ, არც ხელოვნებით; მკვდრის აღდგინება, სნეულის განკურნება ხელის შეხებით, ან ერთის სიტყვის წარმოთქმით შეუძლიან მხოლოდ ღმერთს და მის ძალით იმ კაცს, რომელიც მასთან ახლოა და მისი სათნოა. ამავე ზალიტ ხელმძღვენელობს ამისთანა კაცი სწავლის ქადაგების დროსაც; როცა ამბობს ღვთის სახელიტ, უეჭველია, ამბობს ღვთის სიტყვას. თვით მაცხოვარი სასწაულებს რაცხს თვისის საღმრთო მოვლინების ნიშნად: საქმენი, რომელნი მომცნა მე მამამან, რათა აღვასრულნე იგინი, ესევე საქმენი ჰსწამებენ ჩემთვის, რომელთა მე ვიქმ, რამეთუ მამამან მომავლინა მე (იოანე. 5, 26).

რომ საღმრთო წერილი ღვთის სიტყვაა, ეს მტკიცდება კიდევ იმ დიდისა და ძლიერის მოქმედებით, რომელიც აქვს მკითხველსა და მსმენელზე; ძლიერი მოქმედება საღმრთო წერილისა კაცთა გულზე სჩანს ცხადად იქიდან, რომ უსწავლელმა და უბრალო მოციქულებმა მოაქციეს ქრისტესადმი მრავალი სწავლული და ბრძენი კაცი და მცირე ხანში გაავრცელეს სახარება ქვეყნად. გარდა ამისა, ყოველს მორწმუნეს შეუძლიან იგრძნოს საკეთილო გავლენა სახარებისა, ჰპოვოს მასში ნუგეში, რადგანაც საღმრთო წერილი არის სიტყვა ღვთისა და ნება ღვთისა, ამიტომ ყოველი ქრისტიანე უნდა კითხულობდეს და სწავლობდეს სასოებით და კრძალულებით, იმ სურვილით, რომ მიიღოს მისგან სარგებლობა სულიერი; საღმრთო წერილი უნდ გვესმოდეს ისე, როგორც ესმოდათ წმ. მამებს, რომელთაც წმიდა ცხოვრებისათვის ღმერთმა მისცა ნიჭი საღმრთო წერილის სწორედ განმარტებისა.

საღმრთო გადმოცემა არის გადაცემა ერთის თაობიდან მეორეზე სიტყვით და მაგალითით სარწმუნოების სწავლისა, ღვთის სჯულისა, საიდუმლოთა და საღმრთო წესებისა, საღმრთო გადმოცემა უძველესია საღმრთო წერილზე.

ჩვენ ვიცით, რომ ღმერთი თვითონ ეცხადებოდა ადამ და ევას და ასწავლიდა თავისს წმიდა სჯულს. ღვთის ბრძანება ადამს არ დაუწერია, არამედ ზეპირად გადასცა თავის შვილებს, მათ კიდევ თავის შვილებს. შემდეგ ადამისა, ღმერთი ეცხადებოდა ნოეს, აბრამს, ისააკს, იაკობს და სხვათა და ასწავებდა, როგორ უნდა ეცხოვრათ ღვთის სათნოდ და ღვთის სჯულზედ, რა წესები აესრულებინათ, როგორ ელოცნათ და სხვა. ეს ღვთის ბრძანებანი ამათ გადასცეს თავის შვილებს ზეპირად და მხოლოდ მოსე წინასწარმეტყველმა ჩასწერა ღვთის მოცემული სჯული და ამით დაედო საფუძველი საღმრთო წერილს, მაგრამ ამ დროსაც ბევრი რამ დარჩა ჩაუწერელი და ინახებოდა ხალხის ხსოვნაში ზეპირ გარდმოცემით. მოსეს შემდეგ წინასწარმეტყველებსაც ყოველივე ღვთის ნაბრძანები არ ჩაუწერიათ, ბევრი ზეპირად გადასცეს ხალხს. ამ რიგად ბევრი რამ ძველს აღთქმაში ინახებოდა ზეპირი გარდმოცემით, დაუწერავად (ადამმა მიიღო ღვთისაგან და გადასცა შვილებს განცხადება ნეტარის ცხოვრებისა, ქვეყნის გაჩენისა, კაცის გაჩენისა, სამოთხეში ნეტარ ცხოვრებისა, შეცოდებისა, სამოთხიდან განდევნისა და აღქმულის მაცხოვრისა. ნოემ აცნობა ხალხს საყოველთაო გარყვნისა და მსოფლიო წარღვნის ამბავი. აბრამმა აუწყა ღვთისგან მისი გამორჩევა და მისი შთამომავლობისაგან მაცხოვრის მოსვლა. მოსემ აუწყა ეგვიპტეში ყოფნა, იქიდან გამოსვლა და ღვთისაგან მიღებული სჯული. წინასწარმეტყველებმა წინასწარ სთქვეს მაცხოვრის მოსვლა, ცხოვრება, სიკვდილი და აღდგომა). ახალს აღთქმაშიც ქრისტე ღმერთი ზეპირად ქადაგებდა; მის ამაღლებისა და სული წმიდის გადმოსვლის შემდეგაც, მოციქულები ზეპირად ქადაგებდნენ ქრისტესგან გაგონილს სწავლას. მხოლოდ შემდეგში ზოგიერთმა მოციქულმა, მორწმუნეთა საჭიროებისა და კერძო მოთხოვნილების გამო, დასწერეს ეპისტოლეები; აზრი ამ ეპისტოლეების დაწერისა და განმტკიცება სჯულისა, განმარტება ზოგიერთის საგნისა, გაფრთხილება ცრუ მოძღვრებისაგან და დაცვა ჭეშმარიტის სწავლის წარყვნისაგან. თვით მოციქულები ეპისტოლეებში ყველაფერს არ სწერდნენ და აცხადებდნენ სურვილს მორწმუნეებთან ზეპირ საუბრისას, მაგ. იოანე მახარებელი სწერს ეპისტოლეში: მრავალი მინდა მიწერად თქვენდა, არამედ არა ვინებე ქარტითა და მელნითა, რამეთუ ვესავ მოსვლად თქვენდა და პირისპირ სიტყვად, რათა სიხარული იგი თქვენი სავსებით იყოს (იოან. 2, 1 - 12). რა ილაპარაკა იოანე მოციქულმა პირისპირ თავის მოწაფეებთან, ეს წერილობით არ შენახულა: იგივე მოციქული მოწმობს, რომ არც სახარებაშია ჩაწერილი ყოველივე ის, რაცა სთქვა და ჰქმნა იესომაო (იოანე, 12, 25).

იესო ქრისტე აღდგომის შემდეგ ორმოცის დღის განმავლობაში უქადაგებდა და ასწავებდა მოციქულებს სასუფეველისათვის ღვთისა, მაგრამ ეს ქადაგება არსად არ არის ჩაწერილი, არამედ გადმოცემულია მორწმუნეთა მიმართ ზეპირად. ამ რიგად, ახალს აღთქმაშიც სიტყვა ღვთისა, საღმრთო წიგნებში ჩაუწერელი, ინახებოდა გარდმოცემით, - ზეპირად.

საღმრთო გადმოცემას ისეთივე მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, როგორც სღმრთო წერილს და აუცილებლად საჭიროც არის. ამიტომაც პავლე მოციქული ურჩევს თესალონიკელ ქრისტეანებს შეიწყნარონ და დაიცვან მტკიცედ ყოველივე, რაც კი ისწავლეს მისგან სიტყვით თუ წერილით.

საღმრთო გადმოცემა საჭიროა:

1) საღმრთო წერილის სწორედ ასახსნელად და გასაგებად, - ის გვიხსნის მნიშვნელობას და აზრს საღმრთო წიგნისას, ან რომელისამე ადგილისას; 2) საიდუმლოების სწორედ შესრულებისათვის, საღმრთო წერილში სრულიად არ არის მოხსენებული, თუ როგორ უნდა შესრულდეს რომელიმე საიდუმლო; წესი საიდუმლოთა შესრულებისა სავსებით დამყარებულია გარდმოცემაზე. 3) საჭიროა გარდმოცემა დასამტკიცებლად ზოგიერთ ჭეშმარიტებათა, მაგ. ხატთა, წმიდათა, მათ ნაწილთა თაყვანისცემისა; ეს საღვთო წერილში არ არის მოხსენებული ცხადად. 4) ბოლოს საღმრთო გარდმოცემა საჭიროა კიდევ მისთვის, რომ დაცულ იქნას სხვა- და-სხვა წესი მართლმადიდებელ ღვთისმსახურების დროს. მცველი და შემნახველი საღმრთო გარდმოცემისა არის წმიდა ეკლესია. ეს საღმრთო გარდმოცემა დაცულია წმ. მამათა ნაწერებსა და საეკლესიო კრების დადგენილებათა შორის; ამიტომ პავლე მოციქული იტყვის: ეკლესია არის სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა (1 ტიმ. 3, 15).

ნიშნები ჭეშმარიტების გარდმოცემისა

ჭეშმარიტი გარდმოცემა

1) არ უნდა იყოს წინააღმდეგი უკვე შეწყნარებულ და ცნობილ სამოციქულო გარდმოცემისა; უნდა ეთანხმებოდეს საღმრთო წერილს, რადგან ორივეს აქვთ ერთი წყარო - სული წმიდა. 2) საჭიროა, რომ არა ერთი რომელიმე, არამედ ყველა ეკლესია ამოწმებდეს გარდმოცემის სინამდვილესა და თვით გარდმოცემა მოციქულთა დროიდან იწყებოდეს. 3) საჭიროა იყოს ერთსულოვანი მოწმობა და თანხმობა ყველა ეკლესიის სამოციქულო გარდმოცემის შესახებ.

სიმბოლო სარწმუნოებისა (მრწამსი)

საღმრთო წერილისა და საღმრთო გარდმოცემის სწავლა-მოძღვრება შესახებ იმისა, თუ როგორ უნდა სწამდეს მართლმადიდებელს ქრისტეანს ღმერთი, რა არის საჭირო მის სულის საცხოვნებლად, მკაფიოდ და მოკლედ გამოთქმულია სარწმუნოების სიმბოლოში, ანუ როგორც ქართულად ეწოდება "მრწამსში" (სიმბოლო ბერძნული სიტყვაა და ქართულად უდრის "ნიშანს". სიმბოლო უწინ ეწოდებოდა მოკლედ გამოხატულს სარწმუნოების აღსარებას; ეს არჩევდა ქრისტეანეს არა ქრისტეანეთაგან. ქართული სახელწოდება "მრწამსი" წარმომდგარია მრწამსის პირველი სიტყვიდან).

მრწამსი მართლმადიდებელი ეკლესიისა იკითხვის ესრედ:

ა. მრწამს ერთი ღმერთი მამა, ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქვეყანა ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა.

ბ. და ერთი უფალი იესო ქრისტე, ძე ღვთისა, მხოლოდ შობილი, მამისგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა, ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, თანაარსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა.

გ. რომელი ჩვენთვის, კაცთათათვის, და ჩვენისა ცხოვრებისათვის გარდმოხდა ზეცით და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, და განკაცნა;

დ. და ჯვარს ეცვა ჩვენთვის პონტოელისა პილატეს -ზე, და ივნო და დაეფლა.

ე. და აღსდგა მესამესა დღესა, მსგავსად წერილისა;

ვ. და ამაღლდა ზეცად, და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა.

ზ. და კვლავ მომავალ არს დიდებით. განსჯად ცხოველთა და მკვდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ.

ც. და სული წმიდა, უფალი და ცხოველს მყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისათანა და ძისა თანა თაყვანის - იცემის და იდიდების, რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ.

თ. ერთი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია;

ი. აღვიარებ ერსა ნათლის - ღებასა მოსატევებლად ცოდვათა;

ია. მოველი აღდგომასა მკვდრეთით;

იგ. და ცხოვრებასა მერმისა მის საუკუნისასა. ამინ.

ეს სიმბოლო მართლმადიდებელ სარწმუნოებისა შეადგენს წმ. მამებმა ნიკეას (325წ.) და კონსტანტინეპოლის (381წ.) მსოფლიო კრებაზე. მრწამსი შეიცავს საღმრთო წერილსა და საღმრთო გარდმოცემაზე დაფუძნებულს სწავლას მართლმადიდებელ ეკლესიისას სამების პირველ პირზე - მამა ღმერთზე, რომელმაც შექმნა ცა და ქვეყანა და განაგებს მას, სამების მეორე პირზე - ძე ღმერთზე, რომელიც განხორციელდა მარიამ ქალწულისაგან: სამების მესამე პირზე - სულზე, ქრისტეს ეკლესიაზე. საიდუმლოზე, საზოგადო მკვდრეთით აღდგომაზე და მომავალ ცხოვრებაზე. ამიტომ "მრწამსის" ცოდნა სავალდებულოა თვითოეულ მართლმადიდებელ ქრისტეანესათვის. "მრწამსი" განიყოფება 12 წევრად ანუ მუხლად.

მრწამსის პირველი წევრი

პირველი წევრი მრწამსისა: მრწამს ერთი ღმერთი მამა, ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქვეყანასა, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა.

რწმენა ღვთისა არის დაჯერება, დარწმუნება, რომ ღმერთი ნამდვილად არსებობს და მას ეკუთვნის ყველა ის თვისებანი, რომელსაც მიაწერს საღმრთო წერილი. ღვთის არსებობას გვარწმუნებს დაკვირვება ჩვენს გარშემო ქვეყნისა. ცის მნათობნი და ქვეყანაზე მცენარე-ცხოველნი გვიმტკიცებენ, რომ არის მათი შემოქმედი, ყოვლად ბრძენი და ყოვლის შემძლებელი ღმერთი; მოციქულიც ბრძანებს: თვინიერ სარწმუნოებისა, ვერ შესაძლებელ არს სათნო ყოფა ღმრთისა; სარწმუნოება უღირს, რომელი მოუხდების ღმერთსა, რამეთუ არს და შეძიებელთა მისთა სასყიდლის მიმცემელ იქმნების (ებრ. 11, 6).

ცხოველი და ჭეშმარიტი სარწმუნოება უთუოდ უნდა გამოიხატოს სიტყვით და მოქმედებით, ე.ი. უნდა იყოს ცხადი და აშკარა, ისე რომ ვერც მუქარამ, ვერც ტანჯვამ და ვერც თვით სიკვდილმა ვერ გვათქმევინოს უარი ღვთის სარწმუნოებაზე და უფალს იესო ქრისტეზე. ამას ეწოდება აღსარება სარწმუნოებისა. ეს აღსარება სარწმუნოებისა საჭიროა ჩვენი ცხონებისათვის; ვინც თავის სარწმუნოებას არ ამტკიცებს სიტყვით და საქმით, იმას არა ჰქონია ჭეშმარიტი სარწმუნოება ღვთისა და მომავლის ცხოვრებისა. პავლე მოციქული ბრძანებს: გულითა გვრწამს სიმართლედ, ხოლო პირითა აღვიარებთ საცხოვრებლად (რომ. 10, 10). და გვაჩვენებს რომ სარწმუნოება და მისი აღსარება განუყოფელნი არიან ერთმანეთისაგან, - სარწმუნოება დაფარულია, როცა იმყოფება გულის სიღრმეში, ხოლო სარწმუნოება, განცხადებული სიტყვით და საქმით, არის აღსარება მისი.

მრწამსის სიტყვები ერთი ღმერთი გვაჩვენებს ღვთის ერთობას. ეს სიტყვები ჩართულია მრწამსში უარის საყოფელად წარმართთა მრავალ-ღმერთობისა, რომელთაც დაკარგეს ჭეშმარიტი სარწმუნოება ერთის ღმერთისა და აღიარებდნენ მრავალ ღმერთებს. პავლე მოციქული ცხადად სწერს: არავინ არს ღმერთი სხვა, გარნა მხოლო იგი ერთი ღმერთი... ჩვენდა ერტ არს ღმერთი მამა, რომლისაგან არს ყოველი, და ჩვენ მისა მიმართ (1 კორ. 8, 4-6).

არსება ღვთისა და მისი თვისებანი. ღვთის არსების გაგება და მიწდომა კაცისათვის შეუძლებელია. პავლე მოციქული ბრძანებს, რომ ღმერთი არის ნათელსა მყოფი მიუწთომელსა, რომელი არავინ იხილა კაცთაგანმან, არცა ხილვად ხელეწიფების (1 ტიმ. 6,16). მაგრამ შესაძლებელია ვიცოდეთ ღმერთისა ის, რაც თვით ღმერთმა გამოგვიცხადა საღმრთო წერილში. საღმრთო წერილიდან კი ვიცით, რომ ღმერთი არის სული, საუკუნო ყოვლად სახიერი, ყოვლად მეცნიერი, ყოვლად მართალი, ყოვლის შემძლებელი, ყოველგან მყოფი, უცვალებადი, ყოვლადკმაყოფილი, ყოვლად ნეტარი.

ა)ღმერთი არის სული, ე.ი. არსება სულიერი, არა ნივთიერი. განუსაზღვრელი ადგილით და სივრცით; მაგრამ ამასთანავე არის ერსება თავისუფალი, გონიერი, ცხოველმყოფელი, თვითარსი. ეს თვით მაცხოვარმა განმარტა სამარიტელ ქალთან საუბრის დროს - სული არის ღმერთი და თაყვანისმცემელთა მისთა სულითა და ჭეშმარიტებითა თანა არსთ თაყვანისცემა. (იოანე, 4, 24).

საღმრთო წერილი ხშირად მიაწერს ხოლმე ღმერთს კაცურ სხეულის ნაწილებს, მაგ. გულს, თვალებს, ყურებს, ხელებს; ამითი საღმრთო წერილი გამოჰხატავს ღვთის სხვა და სხვა თვისებას, მაგ. გული ნიშნავს ღვთის სიყვარულს და სახიერებას, თვალები და ყურები - ყოვლად მეცნიერებას, ხელები - ყოვლად შემძლებლობას; აქ საღმრთო წერილი უახლოვდება კაცურს ენას და სახეს, რომ უფრო ადვილ გასაგები გაჰხადოს ჩვენთვის ღვთის არსება. მსგავსადვე ამისა, ხატებზე ღმერთი მთელის თვისის არსებით კი არ არის გამოსახული, ვითომც ჰქონდეს მართლა სხეული, არამედ იმ სახით, როგორითაც თვითონ ინება გამოცხადება კაცთა წინაშე; მაგ. აბრაამს გამოეცხადა სამის მგზავრის სახით, დანიელს - მხცოვანის სახით; სული წმიდა გამოეცხადა ნათლისღების დროს მტრედის სახით, მაცხოვარი კი განხორციელდა, სცხოვრებდა კაცთა შორის კაცის სახით; ამიტომაც კაცის სახითა ხატავენ.

ბ) ღმერთი არის საუკუნო, ე.ი. დაუსაბამო და დაუსრულებელი, მარადის ყოფილა, არის და იქნება. ღვთის მარადისობას დავით წინასწარმეტყველი სწერს: პირველ მთათა დაბადებამდე და შექმნად ქვეყანისა და სოფლისა და საუკუნიდგან და უკუნისამდე შენ ხარ. (ფს. 89, 2). იოანე მოციქული ამბობს ღვთის შესახებ, რომ ის იყო, არის და მომავალ არს (გამ. 4, 8).

გ) ღმერთი არის ყოვლად სახიერი, ე.ი. ყოვლად კეთილი. სურს ყოველთათვის კეთილი და აძლევს კაცს ყოველსავე, რაც საჭიროა მისი არსებობისათვის, ღვთის სახიერებისას მაცხოვარი ბრძანებს: არავინ არს სახიერ, გარნა მხოლო ღმერთი (მატთე, 19, 17), ე.ი. არ შეიძლება ვისმე კაცთაგანს ეწოდოს კეთილი, გარნა ღვთისა; კაცი შეიძლება იყოს კეთილი მხოლოდ თავისსავე მსგავს კაცთაგან სედარებით. იოანე მოციქული ბრძანებს: ღმერთი სიყვარული არს (იოანე, 4, 16).

გამოუთქმელი სიყვარული და სახიერება ღვთისა გამოიხატა - 1) კაცის შექმნით ღვთის სახედ და ხატად, 2) მის გამოხსნით განხორციელებულ ძის სისხლით, - ესრედ შეიყვარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თვისი მხოლოდ შობილი მოჰსცა მას, რათა ყოველსა, რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარჰწყმდეს, არამედ აქვნდეს ცხოვრება საუკუნო (იოანე, 3, 16).

დ) ღმერთი არის ყოვლად მეცნიერი, ჰხედავს კაცის ყოველსავე ნაბიჯს, იცის ჩვენი საჭიროება, ყოველი ჩვენი საიდუმლო განზრახვა და სურვილი; იცის აწმყო, წარსული და მომავალი; ამის მაგალითნი არიან წინასწარმეტყველნი, რომელთაც, რამდენსამე საუკუნის წინად, ღვთის ჩაგონებით, წინასწარ სთქვეს მომავალი. იოანე მოციქული ბრძანებს: უფროს არს ღმერთი გულისა ჩვენისა და იცის ყოველი (იოანე, 3, 20); არა რაი არს დაფარულ წინაშე მისსა (ებრ, 4, 13).

ე) ღმერთი არის ყოვლად მართალი – მართლ-მსაჯული. მართლ არს უფალი და სიმართლენი შეიყვარნა და სიწრფოებანი იხილნა პირმან მისმან (ფს. 10, 7). პავლე მოციქული ბრძანებს: მიაგებს ღმერთი კაცად კაცადსა საქმეთა მითთაებრ; და, - არა არს თვალღება ღვთისა თანა ( რომ. 2, 6, 11), ე.ი. ღმერთი ანიჭებს კაცს ყოველსავე თანახმად ღირსებისა: როგორც მართლმსაჯული, არც ერთს კეთილს საქმეს არ დასტოვებს დაუჯილდოებლად და ბოროტსა დაუსჯელად.

ვ) ღმერთი არის ყოვლად შემძლებელი: შეუძლიან ჰქმნას ყოველივე, რაც გამომდინარეობს მის სიბრძნისა და სახიერებისაგან; ხოლო თუ ღმერთს არ შეუძლიან სცოდოს, ან მოიქცეს უაზროდ, ეს არა ზღუდავს მის ყოვლად-შემძლებლობას, რადგანაც შეცოდება, ან უაზროდ მოქცევა წინააღმდეგია ღვთის ბუნებისა. ღვთის ყოვლად-შემძლებლობა სჩანს ქვეყნის გაჩენით არა რაისაგან და სასწაულებით, რომელთაც იქმოდა თვით, ან მის ძალით მისგანვე გამორჩეულნი კაცნი. დავით წინასწარმეტყველი ბრძანებს ღვთის ყოვლად-შემძლებლობისათვის: მან სთქვა და იქმნეს, თავადმან ამცნო და დაებადნეს (ფს. 32, 9). მთავარ-ანგელოზი გაბრიელი ღვთის ყოვლად-შემძლებლობისათვის ამბობს: არა შეუძლებელ არს წინაშე ღვთისა ყოველი სიტყვა (ლუკ. 1, 37). ( ზოგს ღვთის ყოვლად-შემძლებლობის ეჭვი აქვს; ამბობენ: ღმერთს არ შეუძლიან იცრუოს, მოკვდეს, უკვდავი მოკვდავად აქციოს, წარსული აწმყოდ და სხვა. მაშასადამე, არა ყოფილა ყოვლად შემძლებელიო. ნეტარე ავგუსტინე ამისას ბრძანებს: "როდესაც ვამბობთ, ღმერთს არ სეუძლიან მოკვდეს, ან იცრუოს, ამითი არა მცირდება მისი ყოვლადშემძლებლობა, პირიქით, მისი შემძლებლობა შემცირდება, თუ შეუძლებელისათვის შესაძლებელი გახდება. სწორედ ამიტომ არის ის ყოვლადშემძლებელი, რომ არ შეუძლიან არც მოკვდეს, არც მოტყუვდეს. ყოვლად-შემძლებელს უნდა შეეძლოს იმისი ქმნაც, რაც სურს და აგრეთვე არ განიცადოს ის, რაც არ უნდა; რომ განიცადოს ის, რაც არ უნდა, მაშინ ყოვლად-შემძლებელი აღარ იქნებოდა).

ზ) ღმერთი არის ყოველგან მყოფი. ღმერთი ყველგან არის მთელის თავის არსებით და არ არის ადგილი, საცა ის არ იყოს. ღვთის ყველგან მყოფობისათვის დავით წინასწარმეტყველი სწერს: ვიდრემე ვიდე სულისა შენისაგან და პირისა შენისაგან ვიდრემე ვილტვოდე? აღვთუვხდე ცად, შენ მუნ ხარ; შთათუვხდე ჯოჯოხეთად, ახლოსვე ხარ; აღთუვიპერნე ფრთენი ჩემნი განთიად და დავემკვიდრო მე დასასრულსა ზღვისასა, და რამეთუ მუნცა ხელი შენი მიძღოდეს მე, და მარჯვენემან შენმან შემიწყნაროს მე (ფს. 138, 7).

საღმრთო წერილში ხშირად წერია, ღმერთი იმყოფება ცაში, ეკლესიაშიო; ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთი განსაკუთრებით იმყოფება ცათა შინა, საცა ანგელოზები ადიდებენ დაუცხრომელად, ტაძრებში და მადლით მავედრებელთა და მლოცველთა გულში კი არის საიდუმლოდ ( იმყოფება თუ არა ღმერთი იქ, საცა მისი სიწმიდის საწინააღმდეგო საქმეებია, მაგ: ბოროტ-მოქმედებანი? უეჭველია - იმყოფება, როგორც მცველი და მსაჯული, ჯოჯოხეთში უმეტესად არის გაძლიერებული ბოროტება, მაგრამ, დავით წინასწარმეტყველის სიტყვით, ღმერთი იქაც არის (ფს. 139, 8). მაშასადამე, შეუძლებელია წარმოდგენა იმისთანა ადგილისა, ან მდგომარეობისა, რომ იქ ღმერთი არ იმყოფებოდეს. ღვთის სიწმინდე იმ უწმინდურ ადგილებით სრულიადაც არ შეურაცხიყოფა, მსგავსად იმისა, როგორც მზის სხივი არა ჰკარგავს სინათლეს და ბრწყინვალებას, როცა ჭუჭყიან ადგილს ეფინება).

ც) ღმერთი არის უცვალებელი, უცვალებელია თვის არსებით, თვის მოქმედებით და ძალით. იაკობ მოციქულის სიტყვით, ღმერთს არა აქვს ცვალება, გინა ქცევისა აჩრდილი (იაკ. 1, 17).

თ) ღმერთი არის ყოვლად კმაყოფილი, ყოვლად ნეტარი, ე. ი. არ ესაჭიროება კაცთა ხელით სამსახური, არამედ თვითონ მისცემს ყოველთა ცხოვრებასა და სულსა ყოვლით კერძო (საქ. მოც. 17, 25). ამასთანავე ის არის ყოვლად ნეტარი და მხოლო ძლიერი მეუფე მეუფეთა და უფალი უფლებათა (ტიმ. 6, 15). ღმერთი, არა თუ თვითონ არის ნეტარი, ყველასათვის ნეტარების წყაროა, როცა კაცი უახლოვდება ღმერთს კეთილის ცხოვრებით, მაშინ გრძნობს მომეტებულს ნეტარებასა და ბედნიერებას.

ზნეობრივი მნიშვნელობა ღვთის არსებობის აზრისა

ღმერთი ყველგან მყოფია და ყოვლად-მეცნიერი. მის თვალ წინ არის მთელი ჩვენი ცხოვრება. ამიტომ საჭიროა, მუდამ გულში ჰქონდეს კაცს მოკრძალებით შიში ღვთისა; ეს მუდმივი ხსოვნა ღვთისა არის კაცისათვის საუკეთესო მცველი ცოდვისაგან. ამიტომ საღმრთო წერილში სწერია: დასაბამი სიბრძნისა არს შიში ღმრთისა.

ღმერთი სახიერია (კაცთ-მოყვარე) და მოწყალე, ამიტომ ყოველთვის უნდა მივმართოთ ლოცვით, როგორც მოსიყვარულე მამას, ღმერთი ყოვლად-შემძლებელია, ამიტომ არ უნდა მივეცეთ სასოწარკვეთილებას ცხოვრებაში გაჭირვების ჟამს: ღმერთს შეუძლიან დაიფაროს გაჭირვებიდან ყოველივე, ვინც კი მიმართავს ლოცვით.

ღმერთი არის ყოვლით სრული არსება; ყოველივე კეთილი თვისება, რომელიც ჩვენში მოიპოვება მცირედ, ღმერთს აქვს სრულად; ქრისტე გვიბრძანებს ამ სისრულის მიწევნას. ღმერთი კაცისათვის არის წყარო იმგვარ სისრულისა და იმგვარ ნეტარებისა, როგორსაც კაცს მთელი ქვეყანაც კი ვერ მისცემს. ღმერთი ყველაფერია კაცისათვის.

წმიდა სამება. მრწამსის სიტყვები: "მრწამს ერთი ღმერთი მამა (ღმერთი ერთია არსებით, ეს თავის თავადაც ცხადია. ღმერთი არის ყველაფრით სრული ყველა არსებაზე; სრული არსება კი მხოლოდ ერთი უნდა იყვეს, ორისა ან რამდენისამე სრულის არსების ერთად ყოფნა შეუძლებელია, რომ იყვნენ სხვა არსებანი მისი ტოლნი, მაშინ ის დაჰკარგავს სისრულეს, ე. ი. ღმერთი აღარ იქნებოდა. კაცობრიობის უპირველეს ხანებში სწამდათD მხოლოდ ერთი ღმერთი და მას სცემდნენ თაყვანს. მაგრამ შემდეგ, როცა კაცი დაშორდა ღმერთს, ერთ ღმერთობის ადგილი დაიჭირა მრავალ-ღმერთობამ, ანუ წარმართობამ. მაგრამ წარმართთა უკეთესი სწავლულები და ბრძენებიც ერთღმერთობას მრავალ-ღმერთობაზე მაღლა აყენებდნენ) გვიჩვენებს სამების საიდუმლოს. ღმერთი არსებით ერთია, მაგრამ პიროვნებით სამი, - მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სული წმიდა ღმერთი, რომლებიც შეადგენენ ერთ არსსა და განუყოფელს სამებას. საიდუმლო წმიდა სამებისა იყო გამოცხადებული ძველს აღქმაშიც. მაგ, დავით წინასწარმეტყველი სწერს: სიტყვისა უფლისათა ცანი დაემტკიცნეს, და სულითა პირისა მისისისათა ყოველი ძალი მათი (ფს. 32, 6). წმიდა მამების აზრით, აქ "სიტყვად" იგულისხმება ძე ღმერთი, "სულად" - სული წმიდა, ხოლო "უფლად" - მამა ღმერთი. უფრო მკაფიოდ, ცხადად და ნათლად საიდუმლო წმ. სამებისა გამოთქმულია ახალს აღთქმაში. იესო ქრისტემ უბრძანა მოციქულებს: წარვედით და მოიმოწაფენთ ყოველნი წარმართნი და ნათელს ჰსცემდით მათ სახელითა მამისათა, და ძისათა და სულისა წმიდისათა; იოანე მოციქული ბრძანებს: სამნი არიან, რომელნი სწამებენ ცათა შინა; მამა, სიტყვა და სული წმიდა და ესე სამნი ერთნი არიან (იოანე, 5,2). პავლე მოციქული ასე ათავებს კორინთელთა მიმართ მეორე ეპისტოლეს: მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმიდისა თქვენ ყოველთა თანა (2კორ. 13, 13). მამას, ძეს და სული წმიდას აქვთ ერთნაირი ღირსება, ერთნაირი სისრულე და ამიტომ მათ სამთავეს შეჰფერის ერთნაირი პატივი და თაყვანის ცემა. არსებით ერთნი, სამების პირნი განირჩევიან პიროვნული თვისებით - მამა ღმერთი არც იშვების, არც გამოდის არავისგან,ძე ღმერთი იშვების მამა ღმერთისაგან პირველ საუკუნეთა, სული წმიდა ღმერთი გამოვალს მამა ღმერთისაგან. რით განირჩევა შობა ძისა სულის გამოსვლისაგან, ჩვენ ამას ვერ მივხვდებით, რადგანაც ეს შეეხება ღვთაების შინაგანს, მიუწთომელს ცხოვრებას, მაგრამ ჩვენ მტკიცედ აღვიარებთ ამ გარჩევას, რადგანაც ასე გვასწავებს საღმრთო წერილი. არც იმის გაგება შეგვიძლიან, როგორ არის სამი სახე განუყოფელი ღვთის ერთს არსებაში, მაგრამ გვრწამს ეს ღრმა საიდუმლო, რადგანაც ასე გვასწავებს საღმრთო წერილი (წმიდა მამები სცდილობდნენ დაეახლოვებინათ კაცის გონებისათვის და ადვილ გასაგებად აეხსნათ საიდუმლო წმიდა სამებისა; ამიტომ ისინი წმიდა სამების საიდუმლოს მსგავსებას გვიჩვენებდნენ ხილულს ბუნებაში. ხილულ ბუნებიდან მოჰყავდათ მაგალითად მზე, რომელიც არსებობს თავის თავად, მაგრამ ამავე დროს იძლევა სხივებს და ანათებს და არ იყოფა ნაწილ-ნაწილად, ცეცხლი, რომელიც არსებობს თვითონ, იძლევა სინათლეს და სითბოს, რომლებსაც აქვთ ერთმანეთთან ერთობა და გარჩევაც და სხვა. მაგრამ ეს მსგავსებანი ძალიან შორს არის საგნის არსებისაგან, რადგანაც აღებულია იმ ბუნებიდან, რომელსაც არაფერი კავშირი არა აქვს სულიერ არსებასთან).

ღმერთი, შემოქმედი უხილავის ქვეყნისა

"მრწამსი" გვასწავებს, რომ ღმერთი არის შემოქმედი ცისა და ქვეყნისა, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა. საღმრთო წერილის პირველსავე სტრიქონში სწერია, რომ დასაბამად ჰქმნა ღმერთმან ცაი და ქვეყანა (დაბადება 1, 1). უფრო გარკვევით ამის შესახებ სწერს პავლე მოციქული: მის მიერ დაებადა ყოველივე ცათა შინა და ქვეყანასა ზედა, ხილულნი და არა ხილულნი: ანუ თუ საყდარნი, ანუ თუ უფლებანი, გინა თუ მთავრობანი, გინა თუ ხელმწიფებანი: ყოველივე მის მიერ და მისა მიმართ დაებადა ( კოლას. 1, 16). "არა ხილულებად" "მრწამსში" იგულისხმებიან უხილავნი სულნი, ანუ ანგელოზნი. ანგელოზნი არიან უსხეულნო სულნი, რომელთაც აქვთ გონება, ნება და გრძნობა უფრო უმაღლესს ხარისხისა, ვიდრე კაცსა. სიტყვა ანგელოზი ბერძნულია და ქართულად ნიშნავს მოციქულს, მოამბეს ანუ მაუწყებელს. ასეთი სახელი იმიტომ ეწოდებათ უსხეულო სულებს, რომ ისინი ღვთისაგან იგზავნებიან მისის ნების საუწყებლად. მაგ. ანგელოზებმა აუწყეს ქვეყანას მაცხოვრის შობა, მისი აღდგომა, მისი მეორედ მოსვლა. ანგელოზები ღმერთმა გააჩინა უწინარეს ხილულის ქვეყნისა; ეს იქიდან სჩანს, რომ მოთხრობაში ხილულ ქვეყნის გაჩენაზე არ არის მოხსენებული ანგელოზთა გაჩენა, მაგრამ, სამოთხიდან ადამ და ევას განდევნის შემდეგ, ღმერთმა სამოთხის კარის მცველად დააყენა ქერუბიმი; მაშასადამე, ანგელოზები უკვე გაჩენილ ყოფილან უწინ. იობის წიგნშიც თვით უფალი ღმერთი ბრძანებს: ოდეს შექმნულ იქმნენ ვარსკვლავნი, მაქებდეს მე ხმითა დიდითა ყოველნი ანგელოზნი ჩემნი (იობ. 38, 7). ამ სიტყვებიდან სჩანს, რომ ანგელოზები უკვე არსებობდნენ მეოთხე დღეს. მაგრამ, რადგანაც პირველს სამს დღეში მოსე არას ამბობს ანგელოზების გაჩენისას, უნდა ვიგულისხმოთ, რომ ანგელოზები შექმნილ არიან პირველ დღის წინად ანუ ხილულ ქვეყნის გაჩენამდე.

სისრულით ანგელოზები განიყოფებიან ცხრა გუნდად - საყდარნი, ქერუბიმნი, სერაფიმნი, უფლებანი, ძალნი, ხელმწიფებანი, მთავრობანი, მთავარ-ანგელოზნი და ანგელოზნი. ეს სახელწოდებანი ანგელოზთა აღებულია საღმრთო წერილიდან, მაგრამ საღმრთო წერილი არ გვიხსნის ანგელოზების დამოკიდებულებას ამ გუნდთა შორის.

მცველი ანგელოზები. ეკლესია გვასწავლის, რომ თვითეულს ქრისტეანს ნათლის-ღების ჟამს ეძლევა მცველი ანგელოზი, რომელიც მუდამ მასთან არის, იცავს ბოროტისაგან და აყენებს კეთილს გზაზე. ეს სწავლა ეკლესიის დამყარებულია საღმრთო წერილზე: ანგელოზთა თვისთა და უბრძანებიეს შენთვის დაცვად შენდა ყოველთა შინა გზათა შენთა (ფს. 90, 14). ქრისტეც ბრძანებს: ეკრძალენით, ნუ უკვე ვუნმე შეურაცხ-ჰყოთ ერთი მცირეთა ამათგანი; გეტყვით თქვენ, რამეთუ ანგელოზნი მათნი ცათა შინა მარადის ჰხედვენ პირსა მამისა ჩემისას (მატთე, 8, 10). რადგანაც ანგელოზები არიან უსხეულონი და ამიტომაც უხილავნი, კაცი ვერ ჰხედავს თავის მფარველ ანგელოზს, რომლის სასიკეთო გავლენაც სწარმოებს უხილავად, იმიტომ რომ მცველი ანგელოზი მოქმედებს ჩვენზე შთაგონებით და არა გარეგან მგრძნობელის ორგანოებით. ამიტომ ანგელოზისაგან შთაგონებული აზრები ჩვენად მიგვაჩნია. მხოლოდ სულიერის გამოცდილების უმაღლეს საფეხურზე კაცი გაარჩევს ხოლმე და გრძნობს მფარველ ანგელოზის მოქმედებას.

ბოროტნი სულნი. ანგელოზები ღმერთმა კეთილად შეჰქმნა, მაგრამ შემდეგ ზოგიერთნი მათგანნი განშორდნენ ღმერთს. ანგელოზთა დაცემის მიზეზად საღმრთო წერილი ასახელებს ამპარტავნებას; ზოგმა მათგანმა მოინდომა დამოუკიდებლობა ღვთისაგან და ამისათვის განდევნილ იქმნენ. იუდა მოციქულის სიტყვით, ესენი არიან ანგელოზნი, რომელთაც არა დაიმარხეს თავისი იგი სამთავრო, არამედ დაუტევეს სამკვიდრებელი მათი (იუდა, 6). ბოროტ ანგელოზებს უწოდებენ ეშმაკებად, რადგანაც ისინი სცდილობენ ავნონ კაცს, აცდუნონ და ბოროტს გზაზე დააყენონ. იესო ქრისტე ეშმაკთათვის ბრძანებს: რამეთუ კაცის მკვლელი იყო დასაბამიდგან და ჭეშმარიტებას არა დაადგრა, რამეთუ ჭეშმარიტება არა არს მისთანა, ოდეს იტყვინ ტყუილსა, თვისისაგან გულისა იტყვიან; რამეთუ მატყუარი არს და მამაცა მისი მატყუარი არს (იოანე, 8, 44). საღმრთო წერილის და ეკლესიის სწავლით, ბოროტნი სულნი ისე გაფიცხებულნი არიან ბოროტებით, რომ მათი მოქცევა შეუძლებელი-ღაა.

შექმნა ხილულის ქვეყნისა

უხილავის ქვეყნის შემდეგ, ღმერთმა გააჩინა ხილული ქვეყანა. სულ პირველად, ე. ი. როცა ჯერ არა იყო-რა, ღმერთმა შექმნა ცა და ქვეყანა. ეს იყო მასალა, რომლისაგანაც ღმერთმა შემდეგ, ექვსი დღის განმავლობაში, თანდათანობით გააჩინა ხილული ქვეყანა. პირველს დღეს ღმერთმა შექმნა ნათელი, მეორე დღეს- სამყარო, ანუ ხილული ცა, მესამე დღეს განჰყო ხმელეთი წყლისაგან და უბრძანა მიწას მცენარეებისა და ხეების აღმოცენება, მეოთხე დღეს გააჩინა ღმერთმა ორი მთავარი მნათობი და ვარსკვლავები, მეხუთე დღეს - თევზნი და ფრინველნი, მეექვსე დღეს - ოთხფეხა ცხოველები და შემდეგ - კაცი. მეშვიდე დღეს ღმერთმა განისვენა ყოველთაგან საქმეთა თვისთა; ამიტომ მეშვიდე დღეს იწოდება შაბათად, ანუ განსვენებად.

ამ წესით არის მოთხრობილი საღმრთო წერილში მოსესგან გაჩენა ხილულის ქვეყნისა. ეს წესი ქვეყნის გაჩენისა სავსებით ეთანხმება ეხლანდელის მეცნიერების დასკვნას ქვეყნის გაჩენის შესახებ. მოსე ცხადად ამბობს, დედა - მიწა მზეზე უძველესია, მზის გაჩენამდე დედამიწას ანათებდა განსაკუთრებული ნათელი და დედა - მიწა დაფარული იყო წყლით. სიცოცხლე ცხოველთა დაიწყო ოკეანეებში, დედა - მიწაზე ცხოველები შემდეგ გაჩნდნენ, ხოლო ყველა ცხოველთა შემდეგ გაჩნდა კაცი. ასეთის განსაცვიფრებელის სწავლის წარმოთქმა დედა - მიწისა და ზედ ცხოველთა გაჩენის შესახებ ათას ხუთასის წლის წინად ქრისტეს შობისა შეიძლება მხოლოდ ღვთის შთაგონებით.

შექმნა კაცისა. მეექვსე დღის დასასრულს ღმერთმა შექმნა კაცი. გაჩენა კაცისა განირჩევა ყველა სხვა ქმნილებათა გაჩენისაგან. ისინი ღმერთმა გააჩინა ერთის თავის სიტყვით, კაცის გაჩენას კი წინ უძღვოდა ბჭობა, რომელზედაც ღმერთმა ბრძანა: ვქმნეთ კაცი ხატებისამებრ ჩვენისა და მზგავსებისა (დაბ. 12, 6). ეს სიტყვები გვანიშნებს უმაღლესს ღირსებას კაცისას. ღმერთმა შექმნა ხორცი პირველ კაცის ადამისა მიწისაგან, შთაბერა მას შინა სამშვინველი ცხოვრებისა, ე. ი. სული უკვდავი, გონიერი, თავისუფალი და წმიდა; ყველა ამით კაცი მსგავსია, - თუმცა კი ძალიან სუსტად, - ღვთის სისრულისა. ხორცი კაცისა ღმერთმა შექმნა მიწისაგან, როგორც ხორცი ყველა სხვა ცხოველთა, სული კი შექმნილია ღვთის ყოვლადშემძლებელის ძალით, როგორც სრულიად ახალი ქმნილება, რომელსაც არაფერი საერთო არა აქვს ნივთიერ ქვეყანასთან.

ღმერთმა შეიყვანა ადამი მშვენიერს სამოთხეში და დაადგინა უფლად ყველა ცხოველისა. საჭმელად ღმერთმა მისცა ყველა ნაყოფი სამოთხის ხეებისა და მათ შორის ნაყოფი ხისა ცხოვრებისა; ამ ხის ნაყოფი დაიცავდა კაცს სნეულებისა და სიკვდილისაგან. მაგრამ ღმერთმა აღუკრძალა ადამს ჭამა ნაყოფისა ხისაგან ცნობისა კეთილისა და ბოროტისა მისთვის, რომ ღვთის მცნების ასრულებით განემტკიცებინა თვისი ნებისყოფა; შემდეგ, პირველი კაცის ძილის დროს, ღმერთმა გააჩინა ადამის გვერდისაგან ევა, პირველი დედაკაცი ქვეყანაზედ.

მოსე წინასწარმეტყველის მოთხრობა კაცის შექმნის შესახებ ღრმა აზროვანია; თანახმად ამ მოთხრობისა, კაცი ქვეყანაზედ განსაკუთრებული არსებაა, რომელსაც აქვს გონიერი, თავისუფალი და უკვდავი სული. კაცს რომ არა ჰქონდეს ეს უებრო სული, ვერ შეჰქმნიდა ვერც მეცნიერებას, ვერც ხელოვნებას, და მით უმეტეს, ვერც სჯულს. არაფერი მზგავსი ამისი, ე. ი. მეცნიერებისა, სჯულისა, ხელოვნებისა არა აქვთ თვით უმაღლესი ჯიშის ცხოველებსაც კი, თუმცა რამდენისამე ათას წლობით სცხოვრობენ ქვეყანაზე კაცთან ერთად. ცხადია, რომ კაცის ბუნებაში არის რაღაცა იმისთანა, რაც სრულიად არ მოიპოვება ცხოველთა ბუნებაში, ე. ი. ღვთის მზგავსი სული.

სისრულე ღვთისგან შექმნილ ქვეყნისა

ქვეყანა, შექმნილი ღვთისაგან, იყო შესაფერი იმ აზრისა, რომელიც დაუნიშნა შემოქმედმა ღმერთმა, ანუ სრული: ასეც უნდა ყოფილიყო, - ყოვლად სრულის შემოქმედის ქმნილება არ შეიძლება იყოს არა - სრული. საღმრთო წერილიც გვემოწმება ამაზე; თვით ღმერთმა სცნა მის მიერ შექმნილი ქვეყანა ფრიად კეთილად.

ღვთის სახიერებით გაჩენილ ქვეყანაზე არ ყოფილა და არც შეიძლებოდა ყოფილიყო ბოროტი; ბოროტი არ არის საქმე უწმიდესის ღვთის ხელისა. ცხადია, თუ ვხედავთ ქვეყნად ბევრს ბოროტებას, ვხედავთ ქმნილებათა ჭირ - ვარამს, ტანჯვას, სატკივარს, კაცთა უსჯულოებას, სიკვდილის ბატონობას, ეს ბოროტება არ გაჩენილა ერთად ქმნილებასთან, არ გაჩენილა მათის არსებიდან, არამედ გაჩნდა შემდეგში; მაშასადამე, ბოროტის მიზეზი არ არის თვით შემოქმედი სოფლისა - ღმერთი.

ღირსება პირველ - ქმნილისა კაცისა

პირველი კაცი ღმერთმა შექმნა სრულის ბუნებით. ამ ბუნებაში ჩრდილიც კი არ ყოფილა ცოდვისა. მაგრამ სისრულე პირველის კაცის ბუნებისა არ ნიშნავდა მის სულიერ - ზნეობრივ სისრულეს. კაცს საკუთარის თვით - მოქმედებით უნდა განევითარებინა და განემტკიცებინა თავისი ძალა. ღვთის მსგავს უცოდველ ბუნებაში შთანერგილი ჰქონდა მხოლოდ ნიჭი თანდათანის და დაუსრულებელის განვითარებისა.

პირველ ქმნილს კაცს არა ჰქონია ნაკლულევანება ბავშვურის ასაკისა. მისი ძილი იყო მტკიცე, საღი, შეუმწიკვლელი ცოდვით, მაგრამ მათთვის ჯერ კიდევ საჭირო იყო განვითარება. გონება მისი იყო ნათელი, უცხო ყოვლისაგან ცდომილებისა, ცრუ რწმენისა; შეეძლო ადვილად და მალე გაეგო დანიშნულება ყოველის საგნისა, როგორც გვაჩვენებს ცხოველების სახელის დარქმევა ადამისგან, მაგრამ ამ გონებას არა ჰქონდა სრული ჭეშმარიტებისა; შეეძლო გადაეხვია კიდეც მართალ გზიდან და ძლეულ ყოფილიყო გველისაგან. პირველ კაცთა ნების - ყოფას ჰქონდა სრული შეუზღუდველი თავისუფლება არჩევისა; მან არ იცოდა შინაგანი ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის; მომატებულად მიდრეკილება ჰქონდა კეთილისადმი, თუმცა კი არ ყოფილა შეურყეველის სიწმიდის მდგომარეობაში, და იყო შესაძლებლობა ბოროტისა. გული მისი იყო უმანკო და არაფრით ცოდვიანით არ ღელდებოდა - იყვნენ ადამ და ევა შიშველ და არა ჰრცხვენოდათ; მის გულს შეეძლო აღეზარდა სიყვარული ღვთისადმი, მაგრამ შეეძლო ხის ნაყოფითაც მოხიბლულიყო. სხეული პირველის კაცისა თავისუფალი იყო ბავშვურ უძლურებისაგან, სნეულებისა და სიკვდილისაგან. არა ჰქონია არავითარი ნაკლოვანება - არც შინაგანი, არც გარეგანი. პირველ ქმნილთა არ იცოდნენ ხორციელი ვნება, მაგრამ მათის სხეულის ძალებს სჭირდებოდათ მუდმივი განმტკიცება და განახლება, მთელის სხეულისთვის საჭირო იყო სიცოცხლის შენახვა.

დანიშნულება კაცისა. კაცის დანიშნულება ის არის, რომ განავითაროს ღვთისაგან მონიჭებული ძალი და ნიჭი და, რაოდენაც შესაძლებელია შეზღუდულის არსებისათვის, მიაღწიოს სისრულეს და ღვთის მსგავსებას, მიიღოს რაოდენადაც შეიძლება, მეტი მონაწილეობა საუკუნო საღმრთო ნეტარებაში. სულ უკანასკნელი მისწრაფება კაცისა არის ღმერთი, ერთობა ანუ ცხოველი კავშირი ღმერთთან. როგორც ღვთის სახედ და მსგავსად შექმნილს არსებას, კაცს არ შეუძლიან არ ეძიოს ერთობა ღმერთთან. იესო ქრისტეს მსახურება სულ იმაზე იყო მიმართული, რომ გაერღვია შუა კედელი, რომელიც ჰყოფდა კაცს ღვთისაგან და შეერთებინა კაცი ღმერთთან. მაგრამ კაცი შესდგება არა მარტო სულისაგან, არამედ ხორცისაგანაც. აქედან ცხადია, რომ თავის დანიშნულებას კაცმა უნდა მიაღწიოს მიწის და ქვეყნის დახმარებით. მართლაცა და, ხილული ქვეყანა შემოქმედის სიბრძნით ისეა მოწყობილი, რომ მშვენივრად ეხმარება კაცს, რათა თვის დანიშნულებას მიაღწიოს. ხილულ ქვეყნის შეგნებულ განხილვით კაცს შეუძლიან განავითაროს თავისი ნიჭი, განამტკიცოს ნების-ყოფა, განავითაროს გრძნობა სიმშვენიერისა, ხოლო როგორც დიდი წიგნი, დაუცხრომელად მქადაგებელი ღვთის სისრულეთა, ხილული ქვეყანა ასწავლის კაცს სულის ამაღლებას ღვთისადმი, რომ ქვეყანამ არ დაუშალოს კაცს თვით უმაღლეს დანიშნულების მიღწევა, შემოქმედმა დაადგინა კაცი მეუფედ და უფლად ხილულის ქვეყნისა.

ესეთია, საღმრთო წერილის სწავლით, დანიშნულება კაცისა. ეს იყო დანიშნულება პირველ ქმნილის კაცისა; ესევეა დანიშნულება პირველ ქმნილის კაცისა. განირჩევიან მხოლოდ გზანი, ამ დანიშნულებამდე მიმყვანელნი. შეცოდებამდე, გზა სისრულის მისაღწევად იყო ნათელი, უსნეულო; შეცოდების შემდეგ კი, კაცმა ამ დანიშნულებას უნდა მიაღწიოს ცოდვასთან ბრძოლის, სიკვდის, ხრწნილების და აღდგომის გზით.

განგებულება ღვთისა. ღმერთმა, შექმნის შემდეგ, ქვეყანა არ დასტოვა ზრუნვის გარეშე. ღვთის ამ ზრუნვას ქვეყანაზე ეწოდება განგებულება ღვთისა. ღმერთი ზრუნავს ყველა მის გაჩენილ საგნისთვის, განურჩევლად იმისა, დიდია ეს საგანი, თუ მცირე. ღმერთი ეხმარება კაცს ყოველსავე კეთილს საქმეში; ბოროტს ღმერთი ყოველთვის წარმართავს ხოლმე სასიკეთოდ, თუმცა ისე კი, რომ არ ზღუდავს ამით კაცის თავისუფლებას. საღმრთო წერილი ცხადად ბრძანებს ღვთის განგებულებისათვის: მიხედეთ მფრინველთა ცისათა, რამეთუ არა სთესვენ, არცა ჰმკიან, არცა შეიკრებენ საუნჯეთა. და მამა თქვენი ზეცათა ჰზრდის მათ. არამედ უფროს თქვენ უმჯობეს ხართ მფრინველთა (მატთე, 6, 26).

მრწამსის მეორე წევრი

და ერთი უფალი იესო ქრისტე, ძე ღვთისა, მხოლოდ შობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა, ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, თანაარსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა.

ეს მუხლი შეიცავს მართლმადიდებელ ეკლესიის სწავლას იესო ქრისტეს ღვთაებობის შესახებ. იესო ქრისტე არის ისეთივე ღმერთი, როგორიც მამა და სული წმიდა; ესრედ სწამს წმ. ეკლესიას. ეს რწმენა დაფუძნებულია საღმრთო წერილზე, წმ. მოციქული იოანე სწერს: პირველიდგან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღვთის თანა, და ღმერთი იყო სიტყვა იგი (იოანე, 1, 1). აქ "სიტყვად" იგულისხმება იესო ქრისტე და იგი იწოდება ღმერთად. იგივე მოციქული უწოდებს იესოს ძედ ღვთისად, მხოლოდ შობილად: სიტყვა იგი ხორციელ იქმნა, და დაემკვიდრა ჩვენ შორის და ვიხილეთ დიდება მისი, დიდება, ვითარცა მხოლოდ შობილისა მამისა მიერ, სავსე მადლითა და ჭეშმარიტებითა (იოანე. 1, 14). გარდა ამისა, საღმრთო წერილში იესო ქრისტეს ეწოდება ღმერთი ჭეშმარიტი, დიდი ღმერთი, ღმერთი კურთხეული, უფალი და ღმერთი; მას მიეწერება ღვთის თვისებანი და მოქმედებანი, მაგ. საუკუნეობა, ყოვლად შემძლებლობა, ყოვლად მეცნიერება, შექმნა ხილულ და უხილავ ქვეყნისა, განგებულება და სხვა. აქედან სჩანს ცხადად, რომ საღმრთო წერილი სთვლის იესო ქრისტეს ჭეშმარიტ ღმერთად, როგორც მამა ღმერთს.

თვით იესო ქრისტე ცხადად ბრძანებდა თავის ღვთაებობისათვის. ცხოვართა საბანელთან განრღვეულის განკურნების გამო, ურიებმა დაიწყეს დრტვინვა, რადგანაც განკურნება მოხდა შაბათს და მოისურვეს მისი მოკვლა, მაგრამ იესომ უბრძანა: მამა ჩემი მოაქამომდე იქმს და მეცა ვიქმ; ამითი მან გამოაცხადა თავისი თანასწორობა ღმერთთან და ხელმწიფება (უფლება) იმისვე ქმნისა, რასაც იქმს მამა; ამის გამო ურიები უფრო გაფიცხდნენ და უმეტესად უნდოდათ იესოს მოკვლა, რადგანაც, გარდა შაბათის დარღვევისა, ღვთის ძეც უწოდა თავის თავს. მაშინ იესომ ვრცელის საუბრით დაუმტკიცა ურიებს, თანასწორი ვარ მამა ღვთისაო. იმავე საუბარში აჩვენა ურიებს სხვა მოწმობანიც თავის ღვთაებობისა, მაგ. იოანე ნათლისმცემელის მოწმობა, სხვა სასწაულები, მამა ღმერთის მოწმობა ნათლისღების დროს, საზოგადოდ ძველის აღთქმის საღმრთო წერილი, რომელიც ამტკიცებს მის ღვთაებობას. სიკვდილის წინაც, ურიათა მღვდელთ მთავრის და მოხუცებულების მთავარმა ჰკითხა: უკეთუ შენ ხარ ძე ღვთისა? - იესომ მიუგო: შენ სთქუ, ე. ი. შენმა პირმა აღვიარა, რომ მე ვარ ძე ღვთისაო. ამრიგად მოწმობდა თავის ღვთაებობას იესო ქრისტე. სიმაღლე და ღირსება მის მოძღვრებისა ამტკიცებს, რომ მის ღვთაებობის შესახებ სწავლებაც სრული ჭეშმარიტებაა. არ შეიძლება, ვიფიქროთ რომ სცდებოდა, თავს იტყუებდა, ან სხვას ატყუებდა, - მან ცოდვა არ ჰქმნა, არცა იპოვა ზაკვა პირთა მისსა (1 პეტრე. 2, 22). გარდა ამისა, თვის მოწმობის ჭეშმარიტება და სინამდვილე მან დაამტკიცა თვისის საქმეებით (სასწაულებით) და სისხლით. იესო ქრისტეს ღვთაებობას და მამა ღმერთთან ერთარსებობას სულაც არ ეწინააღმდეგება საღმღთო წერილის სიტყვები, რომლითაც ქრისტე თავის თავს მამა ღმერთზე უმცირესად სთვლის, მაგ. მამა ჩემი უფროს ჩემსა არს (იოანე, 14, 24), რადგანაც აქ იგულისხმება არა ღვთაებრივი, არამედ კაცური კერძოობა, კაცური ბუნება იესოს არსებისა. იესო, როგორც ღმერთი, თანასწორია მამისა ყოვლით, ხოლო როგორც კაცი უმცროსია მამაზედ - მორჩილი მისი. სახელი იესო ნიშნავს მაცხოვარს; ეს სახელი უწოდა მთავარ ანგელოზმა გაბრიელმა, როცა ახარა ყოვლად წმიდა ქალწულს მისგან შობა ღვთისა ძისა, რადგანაც ის იშვა მისთვის, რომ გამოიხსნას კაცნი ცოდვისაგან და საუკუნო წარწყმედისაგან. სახელი ქრისტე ნიშნავს ცხებულს. ქრისტეებს უწოდებდნენ ძველს აღთქმაში იმათ, ვისაც მსახურებად დადგენის დროს სცხებდნენ მირონს, მაგ. მეფეებს, მღვდელთ-მთავრებს და წინასწარმეტყველებს; მირონის ცხებით ეძლეოდათ განსაკუთრებული ნიჭი სულის წმიდისა. თუმცა იესოსთვის მირონი არ უცხიათ, მაგრამ შობის ჟამს უზომოდ მიეცა ყოველივე ნიჭი სულისა წმიდისა. ასე რომ უზენაესი სისრულით ეკუთვნის ცნობა წინასწარმეტყველისა, სიწმიდე მღვდელთ-მთავრისა და ძლიერება მეფისა. იესო ქრისტე მსახურებდა ქვეყანაზე და გამოიხსნა კაცობრიობა წყევისაგან, როგორც წინასწარმეტყველმა, მღვდელთ-მთავარმა და მეფემ.

როგორც წინასწარმეტყველმა, მან გაანათლა კაცობრიობაEჭეშმარიტის ღვთის მეცნიერების ნათლით, მისცა ახალი, დაუსრულებელი კანონი სარწმუნოებისა და სიყვარულისა; იწინასწარმეტყველა თვისი სიკვდილი და აღდგომა მკვდრეთით, ეგრედვე მომავალი თავგადასავალი Mმთელის ქვეყნისა.

როგორც მღვდელთ-მთავარმა, მან შესწირა თავი თვისი ღმერთს მსხვერპლად კაცთა ცოდვისათვის. მოვიდა ქვეყნად მისთვის, რომ ემსახუროს კაცთა და არა იმსახუროს ვინმე. როგორც ძლიერმა მეუფემ, იესომ ქმნა ბევრი სასწაული, აღადგინა მკვდარნი, დაამხო ძალი ჯოჯოხეთისა, აღსდგა მკვდრეთით და დიდებით დაჯდა ღვთის მარჯვენით, ეხლაც უფლებს მთელს ქვეყანაზე.

იესო ქრისტე არის ძე ღვთისა მხოლოდ-შობილი; ამ სახელით აღინიშნება ის, რომ ქრისტე არის ერთად ერთი ძე ღვთისა, შობილი მამა ღვთის არსებიდან, ძე ბუნებითი და არ არის არავინ მსგავსი ძე. ამით ის აღემატება ანგელოზებს და წმიდა კაცებს, რომლებიც ხანდახან საღმრთო წერილში იწოდებიან ღვთის ძეებად, იესოს წყალობით და მადლით. იესოს წოდება მხოლოდ-შობილად აღებულია საღმრთო წერილიდან. იოანე მახარებელი სწერს: სიტყვა იგი ხორციელ იქმნა და დამკვიდრდა ჩვენ შორის, და ვიხილეთ დიდება მისი. დიდება, ვითარცა მხოლოდ შობილისა მამისა მიერ, სავსე მადლითა და ჭეშმარიტებითა. ღმერთი არავინ სადა იხილა, მხოლოდ შობილმან, რომელი იყო წიაღთა მამისათა მან გამოსთქვა (იოანე, 1, 14-18). თვით იესო ქრისტე უწოდებს თავის თავს მხოლოდ შობილ ძედ: ესრეთ შეიყვარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თვისი მხოლოდ-შობილი მისცა მას (3,16).

მრწამსის სიტყვებით - მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა - ნაჩვენებია პიროვნული თვისება იესო ქრისტესი, - წინა საუკუნეთა შობა მამისაგან, - რომლითაც იგი განირჩევა სამების სხვა პირებისაგან. იესო შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა, ე. ი. უწინარეს დროისა; ძე ღვთისა იესო ქრისტე საუკუნოა, როგორც მამა ღმერთი და სული წმიდა. ამ სიტყვებით უარყოფილია არიოზის ცრუ მოძღვრება, რომელიც ამბობდა, იყო დრო, როცა ძე ღვთისა არ ყოფილაო, და რომ ის არის ქმნილებაო. ამავე ცრუ მოძღვრების უარსაყოფელად არის მრწამსში მომატებული სიტყვები: შობილი და არა ქმნილი.

თვით სახე იესოს წინა საუკუნეთა შობისა მიუწდომელია ჩვენის გონებისათვის; მრწამსის სიტყვებით: ნათელი ნათლისაგან რამდენადმე გამოხატულია მსგავსება ქრისტეს წინა საუკუნეთა შობისა მამა ღვთისაგან. როგორც მზე და მისგან გამომავალი ნათელი წარმოუდგენელია უერთმანეთოდ, როგორც ისინი არიან ერთის ბუნებისანი და განუყოფელნი ერთმანეთისაგან, საცა მზეა, იქ სინათლეცაა, - ისე მამა ღმერთი, რომელიც არის ნათელი (1 იოანე, 1, 19) და ძე მისი იესო ქრისტე ნათელი (იოანე 1, 9) ერთნი არიან არსებით, განუყოფელნი ურთიერთისაგან და აქვთ ერთნაირი ღვთიურნი თვისებანი.

მრწამსის სიტყვებით ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა გამოიხატება ის აზრი, რომ იესო ქრისტეს ეწოდება ძე ღვთისა იმავე აზრით, როგორც მამა ღმერთს და ის ისეთივე ჭეშმარიტი ღმერთია, როგორც მამა. ეს სიტყვები აღებულია საღმრთო წერილიდან: ვიცით, რამეთუ ძე ღვთისა მოვიდა და მომცა ჩვენ გონებაი, რათა ვიცოდეთ ჩვენ ჭეშმარიტი ღმერთი და ვართ ჩვენ ჭეშმარიტისა თანა ძისა მამისა იესო ქრისტესა, ესე არს ჭეშმარიტი ღმერთი და ცხოვრება საუკუნო (იოანე 1, 5, 20). სიტყვები თანა არსი მამისა იმასა ნიშნავს, რომ იესო ქრისტე, როგორც მქონე ღვთის ყველა თვისებათა და როგორც შობილი მამა ღვთის არსებიდან, არის თანა არსი მისი, ე. ი. ერთის არსებისა მამა ღმერთთან. თვით იესო ბრძანებს ამისათვის: მე და მამა ჩემი ერთ ვართ (იოანე, 10, 30).

იესო ქრისტე არის შემოქმედი ქვეყანისა ისევე, როგორც მამა და სული წმიდა ღმერთი; მან შექმნა ქვეყანა თვისის საკუთარის ძალით. ყოველივე მის მიერ შეიქმნა და თვინიერ მისსა არცა რა იქმნა, რაოდენი რა იქმნა (იოანე, 1, 3).

მრწამსის მესამე წევრი

რომელი ჩვენთვის, კაცთათვის, და ჩვენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, და განკაცნა.

ეს მუხლი შეიცავს მართლმადიდებელ ეკლესიის სწავლას იესოს განხორციელებაზე.

მართლ-მადიდებელი ეკლესია აღვიარებს, რომ იესო ქრისტე, წმიდა სამების მეორე პირი, რომელიც წინა საუკუნეთა იშვა მამისაგან, გარდმოვიდა ციდან ქვეყნად, მიიღო კაცური სული და ხორცი მარიამ ქალწულისაგან წმ. სულის მოქმედებით, სცხოვრობდა კაცთა შორის, მაგრამ იმავე დროს ღმერთიც იყო. საღმრთო წერილი ამის შესახებ ბრძანებს: არავინ აღხდა ზეცად, გარნა რომელი იგი გარდამოხდა ზეცით, ძე კაცისა, რომელი არს ზეცათა შინა (იოანე 3,13). როგორ მოხდა ქვეყნად მოსვლა ღვთის ძისა, ამას მოგვითხრობენ მოციქულები მატთე და ლუკა. რომის იმპერატორის აგვისტოს დროს გალილიის ქალაქს ნაზარეთში სცხოვრობდა ასული კეთილმსახურთა მშობელთა იოაკიმ და ანნასი, დავით მეფის ტომისა, რომელიც მიბარებული იყო მოხუც იოსებისადმი; იოსები უნდა ყოფილიყო მისი მფარველი და მცველი; ხალხში კი მის ქმრად ითვლვებოდა. ერთხელ მარიამს გამოეცხადა გაბრიელ მთავარ-ანგელოზი და აუწყა, რომ მისგან იშვება მესია - მაცხოვარი, რომელსაც მოელის მთელი ერი ებრაელთა. წმიდა ქალწულის გაკვირვების გამო, - როგორ მოხდება ეს, რომ ქმარი არა მყავსო, მთავარ-ანგელოზმა მიუგო, - ეს მოხდება სულის წმიდის მოქმედებით. მარიამმა სიმდაბლით უპასუხა: აჰა, მხევალი უფლისა, მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა. შემდეგ, როცა მოვიდა დრო ყრმის შობისა, მარიამს და იოსებს მოუხდათ ყოფნა ბეთლემში, იუდას ტომის ქალაქში და აქ, ქალაქთან ახლო, გამოქვაბულში წმ. ქალწულმა შვა მაცხოვარი სოფლისა, შეახვია და დასდვა ბაგაზე. ესრე სიღარიბეში და უკიდურესის შეურაცხყოფით მოვიდა ქვეყნად ღმერთი ხორცითა და გვიჩვენა მაგალითი უდიდებულესის სიმდაბლისა. შეცოდება ადამ და ევასი. ჩვენნი წინაპარნი - ადამ და ევა - ღმერთმა დაასახლა სამოთხეში. თვით ღმერთი ეცხადებოდა მათ და ასწავლიდა სჯულს, როგორც მამა შვილებს. მათის ნების-ყოფის განსამტკიცებლად სჯულის მორჩილებასა და კეთილ საქმეში, ღმერთმა ამცნო, არ ეჭამათ ნაყოფი ხისგან "ცნობისა კეთილისა და ბოროტისა", და უთხრა ამასთანავე, შესჭამენ თუ არა მის ნაყოფს, სიკვდილით მოკვდებიან (დაბ, 2,17). რადგანაც ადამ და ევას ჰქონდათ ღვთისაგან მინიჭებული თავისუფალი ნების-ყოფა, ამ მცნების შესრულებით უნდა დაემტკიცებინათ სიყვარული და მორჩილება ღვთისა; მაგრამ ამის მაგივრად, ბოროტად მოიხმარეს თავისუფლება, შემოქმედისაგან მოცემული, და დაარღვიეს მცნება ღვთისა აკრძალულ ხის ნაყოფის ჭამით. ეს ნაყოფი თავის თავად არ იყო სასიკვდინე, მაგრამ მისის ჭამით გამოიხატა ურჩება ღვთისა.

სჭამეს თუ არა ადამ და ევამ ნაყოფი ხისა "ცნობისა კეთილისა და ბოროტისა", მაშინვე იგრძნეს სირცხვილი და შეეშინდათ ღვთისა. აქედან სჩანს, რომ მათი დამოკიდებულება ღმერთთან შეიცვალა; წინად უყვარდათ ღმერთი და ენდობოდნენ, ახლა კი შეეშინდათ, ღმერთში დაინახეს არა მოსიყვარულე მამა, არამედ მრისხანე მსაჯული. ცოდვა შეიქმნა შუა კედლად მათსა და ღმერთს შორის. როგორც სინათლისაგან აშორებული ბნელში ვარდება, ისე ღვთისაგან დაშორებული კაცი დაშორდა დიდს კედელს და სისრულეს და დაადგა სიკვდილისა და გახრწნის დამღუპველს გზას. გონება პირველ კაცთა, შეცოდების შემდეგ, დაბნელდა, ასე რომ მოინდომეს ყველგან მყოფის ღვთისაგან დამალვა; მათი ნების-ყოფა დასუსტდა და კაცი შეიქმნა ცოდვის მონა; ხორციელი გრძნობა გაბატონდა სულიერ გრძნობაზე. კაცის სულიერ ბუნების წარყვნას მოჰყვა სულიერის წარყვნაც, გაჩნდა სნეულება და სიკვდილი. კაცის უფლება პირუტყვებზე შემცირდა და შესუსტდა: ბევრი მათგანი კაცის მტრად გარდაიქცა. დასასრულ ყველა ამისა, კაცი განდევნილ იქმნა სამოთხიდან. ამ რიგად შესცოდეს ღმერთს ადამ და ევამ. მათი ცოდვა იყო ურჩობა ღვთისა, გარდასვლა მისის ბრძანებისაგან.

როგორც მთელ კაცობრიობის წინაპართა, ადამ და ევამ გადასცეს კაცობრიობას ისეთივე ბუნება, როგორიც ჰქონდათ შეცოდების შემდეგ, ე. ი. წარყვნილი და დაცემული. მათი ცოდვა გადადის ყველაზე. პავლე მოციქული ბრძანებს: ერთისა მის კაცისათვის ცოდვა სოფლად შემოჰხდა, და ცოდვისა ძალით - სიკვდილი: ესრეთ ყოველთა კაცთა ზედა სიკვდილი მოიწია, რამეთუ ყოველთა შესცოდეს (რომ. 5, 12). ამ ცოდვას, რომელიც პირველ კაცის მიერ შემოვიდა ქვეყანაზე და შეიქმნა მიზეზად კაცთა სიკვდილისა, ეწოდება ცოდვა პირველი ანუ ცოდვა წინაპართა. ამ პირველ ანუ წინაპართა ცოდვად იგულისხმება ადამ და ევაში, როგორც თვით ცოდვა, აგრეთვე მათი ბუნების ცოდვითი მდგომარეობაც, რომელშიაც შევიდნენ ამ ცოდვის გამო. ჩვენში კი, მათ შთამომავლობაში, პირველ ანუ წინაპართა ცოდვად იგულისხმება მხოლოდ ცოდვითი მდგომარეობა ჩვენის ბუნებისა, რომლითაც და რომელშიაც ვიბადებით.

მაგრამ ადამ და ევას დაცემა არ იყო საბოლოვო და სრული, როგორც არის მაგალითად დაცემა ბოროტ სულთა. ხატება ღვთისა კაცში ცოდვის გამო მხოლოდ დაიჩრდილა, წაიბილწა, მაგრამ სრულად არ მოსპობილა, არ დაკარგულა. კაცში დარჩა მისწრაფება კეთილისა და ჭეშმარიტებისა, დარჩა ამის მისაღწევი ძალაც, თუმცა კი ძალიან სუსტი, არა სრული; დარჩა კაცშიც სვინიდისიც, რომელიც ამხელს ბოროტს და აქეზებს კეთილისადმი. და აი, ამიტომ არის, რომ ვხედავთ მრავალ საუკუნეთა განმავლობაში კეთილისა და ბოროტის შეურიგებელს ბრძოლას კაცის სულში; მაგრამ კაცი სუსტია და უძლური ამ ცოდვასთან ბრძოლაში; ამიტომ ღმერთმა აღუთქვა კაცს მაცხოვრის, გამომხსნელის მოვლინება.

აღთქმა მაცხოვრისა; კაცობრიობის მომზადება მაცხოვრის მისაღებად. ადამ და ევამ, შეცოდების შემდეგ, მიიღეს ღვთისაგან შემდეგი აღთქმა: თესლი დედაკაცისა დასთრგუნავს თავსა გველისასა (დაბ. 3,5). ეს აღთქმა იმას ნიშნავს, რომ გამოსჩნდება შთამომავალი დედაკაცისა, რომელიც სძლევს ეშმაკს და მოსპობს იმ ბოროტებას, რაც ამ ბოროტმა სულმა, გველის დახმარებით, შემოიტანა ქვეყანაზე. ეს აღთქმა ადამ და ევამ მიიღეს მალე, შემდგომ შეცოდებისა, მაგრამ თვით აღსრულება ამ აღთქმისა გვიან მოჰხდა. ეს საჭირო იყო მისთვის, რომ კაცობრიობას შეეგნო თვისი უძლურება ცხოვნების საქმეში და საჭიროება უმაღლესი ღვთის შეწევნისა და მიეღო ეს შეწევნა, როცა მოვიდოდა.

ღმერთს არ დაუტოვებია კაცობრიობა, ზრუნავდა მისთვის და ამზადებდა აღთქმულ მაცხოვრის მისაღებად. მოავლინა კაცები, რომლებიც უარჰყოფდნენ წარმართულ მრავალ-ღმერთობას, ასწავლიდნენ სვინდისის ბრძანებით ცხოვრებას და უხილავის ღვთის თაყვანისცემას. მაგრამ განსაკუთრებით ამზადებდა ღმერთი მაცხოვრის მისაღებად ებრაელთა ერს, რომლიდგანაც უნდა გამოსულიყო მესსია. ღმერთმა მრავალგზის განუმეორა ებრაელებს აღთქმა მესსიისა; აბრამს უთხრა: იკურთხეოდიან თესლისა მიმართ შენისა ყოველნი ნათესავნი ქვეყნისანი (დაბ. 27, 18). დავით მეფეს უბრძანა: აღვადგინო თესლი შემდგომად შენსა, და განვმართო საყდარი მისი უკუნისამდე (2 მეფეთა, 7, 12-13). ამ სიტყვებს ის აზრი აქვთ, რომ ქრისტე, რომელიც უნდა დაიბადოს ქალწულისაგან, იქნება შთამომავალი აბრამისა და დავითისა და ის მისცემს ყველა ერს ღვთის კურთხევას და საუკუნოდ იუფლებს.

ბევრი შემთხვევა ებრაელთა ისტორიიდან მოასწავებდა იესოს ცხოვრების და მსახურების სხვა-და-სხვა კერძოობას. მაგ. ისააკის მსხვერპლად შეწირვა მოასწავებდა, რომ ღმერთი ერთად-ერთს თავის ძეს გამოგზავნდა მსხვერპლად სოფლისა; კიბე, რომელიც იაკობ მამათ მთავარმა იხილა სიზმარში, მოასწავებდა ყოვლად წმიდა მარიამ ქალწულს, რომლისაგანაც იშვა იესო ქრისტე; ისტორია იოსებისა, რომელიც გაჰყიდეს ძმებმა მონად ეგვიპტეში, რომელიც შემდეგ იდიდა და შეიქმნა კეთილის მყოფელი თავის ძმებისა და ებრაელთა მთელის ერისა, იყო მომასწავებელი იესოს ცხოვრებისა, ვნებისა და დიდებისა; ტარიგი, რომელსაც ურიები ჰკლავდნენ პასექში და სჭამდნენ მოსაგონებლად ეგვიპტის მონობიდან გამოხსნისა, მოასწავებდა იესოს ჯვარცმას, რომლითაც გამოიხსნა კაცობრიობა წყევისაგან; გველი რვალისა, რომელიც მოსემ უდაბნოში დაჰკიდა ძელზე, მოასწავებდა იესოს ჯვარზე სიკვდილს; სამის დღის ყოფნა იოანა წინასწარმეტყველისა ვეშაპის მუცელში, და მერე გამოსვლა მისგან, მოასწავებდა სამის დღის დაფლვას და მკვდრეთით აღდგომას მაცხოვრისას. სჯული, მოცემული მოსესაგან, იყო მომასწავებელი მომავლის მესიის სასუფეველისა, პირდაპირ აზრად ჰქონდა მომზადება ურიათა ქრისტეს მიღებისათვის; ამიტომაც პავლე მოციქული უწოდებს მას მზარდულად ქრისტეს მიმართ (გალ. 3, 26). დასასრულ, ღმერთმა მოუვლინა ებრაელებს წინასწარმეტყველნი, რომელნიც უჩვენებდნენ ხალხს მომავალ მესიის ნიშნებს; ამ ნიშნებით ხალხს უნდა ეცნო იესო ქრისტე. ისაიამ იწინასწარმეტყველა იესოს შობა ქალწულისაგან: აჰა, ქალწული მიუდგეს და ჰშვეს ძე და უწოდონ სახელი მისი ემმანუილ, რომელ არს თარგმანებით: ჩვენ-თანა ღმერთი (ის. 7, 14). მიქიამ წინასწარ სთქვა ქრისტეს დაბადება ბეთლემში, მალიქიამ, იერუსალიმში მეორე ტაძრის აშენების შემდეგ, იწინასწარმეტყველა, რომ მოახლოებულია მოსვლა მაცხოვრისა, და რომ მაცხოვარი მოვა ამ ტაძარშიო; რომ მაცხოვრის მოსვლის წინ მოვა წინამორბედი, მსგავსი ილია წინასწარმეტყველისაო. ზაქარიამ წინასწარ სთქვა მაცხოვრის დიდებით შემოსვლა იერუსალიმში; დავით წინასწარმეტყველმა ისეთის სიცხადით დახატა მაცხოვრის ვნებს ჯვარზე, თითქო იქ მდგარიყო და დასწრებიყოს ჯვარცმას. ასეთსავე სიცხადით აღწერა მაცხოვრის ჯვარცმა ისაია წინასწარმეტყველმა. დანიელ წინასწარმეტყველმა სთქვა, მაცხოვარი მოვა სოფლად სამოცდა ათის Dშვიდეულის გავლის შემდეგ, ანუ ოთხას ოთხმოცდა ათის წლის შემდეგ ბაბილონის ტყვეობის გათავებიდანაო; ეგრედვე წინასწარ სთქვა ჯვარზე სიკვდილი მაცხოვრისა, მას შემდეგ იერუსალიმისა და მისის ტაძრის დარღვევა და შეწყვეტა ძველის აღთქმის მსხვერპლთა. დავით მეფემვე იწინასწარმეტყველა მაცხოვრის ჯოჯოხეთად შთასვლა, მკვდრეთით აღდგომა, ამაღლება, და მარჯვენით მამისა დაჯდომა.

ბევრი სხვა შემთხვევაც იესოს ცხოვრებისა წინასწარ სთქვეს წინასწარმეტყველებმა, მაგ. მოგვთა თაყვანისცემა, იორდანეში ნათლისღება, გალილიიდან ქადაგების დაწყება, სასსწაულთა ქმნა და მოციქულისაგან გაცემა.

განხორციელება იესო ქრისტესი; შეერთება მასში ორის ბუნებისა. როდესაც დადგა ღვთისგან დანიშნული დრო, აღსრულდა დიდი საიდუმლო - ღმერთი გამოსჩნდა ხორცით (1 ტიმ. 3, 16), ანუ განხორციელდა. მრწამსში ამის შესახებ ნათქვამია: ხორცნი შეისხა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა და განკაცნა. განხორციელება იმას ნიშნავს, რომ ღვთის ძემ მიიღო ხორცი კაცური, გარდა ცოდვისა, იქმნა კაცად, მაგრამ იმავე დროს ღმერთიც იყო. იოანე მახარობელი ამბობს: სიტყვა ხორციელ იქმნა, ე. ი. ხორციელ იქმნა მხოლოდ-შობილი ძე ღვთისა. მაგრამ ძე ღვთისა, იესო ქრისტე არა მარტო განხორციელდა, არამედ განკაცდა კიდეც, ე. ი. მიიღო არა მარტო ხორცი კაცური, არამედ სულიც და გახდა სრული კაცი; ამიტომ მრწამსში ნათქვამია: განკაცნა; პავლე მოციქული ბრძანებს: ერთ არს ღმერთი და ერთ არს შუამდგომელი ღმრთისა და კაცთა, კაცი იესო ქრისტე (1 ტიმ. 2, 5).

რა სახით არის შეერთებული იესო ქრისტეში ორი ბუნება - ღვთიური და კაცური, - ამის შესახებ საღმრთო წერილის საფუძველზე შედგენილია დოღმატური განჩინება მესამე, მეოთხე და მეექვსე მსოფლიო კრებათაგან. მესამე მსოფლიო კრებამ (ეფესოში 431წ.) უარჰყო ცრუ მოძღვრება ნესტორიოსისა, რომელიც ასწავლიდა, იესო ქრისტე იშვა უბრალო კაცად, ხოლო ძემ ღვთისამ დაიმკვიდრა მასში, როგორც ტაძარში, ე. ი. შეერთდა მასთან მხოლოდ ზნეობრივად და არა გვამოვნებითაო. ამ ცრუ მოძღვრების საწინააღმდეგოდ კრებამ დაადგინა, აღიარონ ქრისტეში გემოვნებითი შეერთება ღვთაებობისა და კაცობისა, ე. ი. შეერთება ორის ბუნებისა ერთს პიროვნებაში. მეოთხე მსოფლიო კრებამ (ქალკიდონში 451წ.) უარჰყო ცრუ მოძღვრება ევტიქისა, რომელიც იესო ქრისტეში რევდა ორ ბუნებას ისე, თითქოს ღვთაებას სულ შთაენთქას კაცობა. ამ ცრუ მოძღვრების უარსაყოფელად კრებამ განაჩინა, აღიაროს ქრისტეში შეერთება ორთა ბუნებათა განუყოფელად, განუყრელად, შეურევნელად, უქცეველად. განუყოფელად, ე. ი. ორი ბუნება, შეერთებული ქრისტეში, არ შეადგენს ცალკე არსებულს პიროვნებას, არამედ ორივე ბუნება შეერთებულია ერთ გვამოვნებად; განუყრელად, ე. ი. შეერთება ორი ბუნებისა, დაწყებული ღვთის სიტყვის განხორციელების პირველ წამიდანვე, გაგრძელდა და გრძელდება მარადის; კაცობა იესოში არასოდეს არ ყოფილა განსაკუთრებულ პიროვნებად, არამედ მიღებულ იყო მის ღვთაებობის პიროვნების ერთობაში ერთ გვამოვნებად; შეურევნლად, ე. ი. ორი ბუნება იესო ქრისტეში არ შერეულა ერთმანეთში ისე, რომ მათგან შემდგარიყო მესამე ბუნება, არამედ ორივე ბუნება იმყოფება მასში, როგორც ორი სხვა-და-სხვა ნაირი ბუნება; უქცეველად, ე. ი. ღვთის ძისაგან კაცურ ბუნების მიღებით არ შეცვლილა არც ღვთაებრივი და არც კაცური ბუნება - არც ღვთაებრივი ბუნება ქცეულა კაცურად, არც კაცური ღვთაებრივად; თვითეული ბუნება, შეერთების შემდეგაც, დარჩა უცვალებლად და მთელად. მეექვსე მსოფლიო კრებამ (680წ.) უარჰყო ცრუ მოძღვრება ერთ-ნებისყოფიანთა, რომელნიც ქრისტეში ჰსცნობდნენ მხოლოდ ერთს ნების-ყოფას. კრებამ აღიარა ქრისტეში ორი ნების-ყოფა, არა მოწინააღმდეგე ერთი მეორისა, არამედ კაცური ნებისყოფა იესოსი იყო დამორჩილებული მის ღვთაებრივ ნების-ყოფასა.

იესო ქრისტეში ღვთაებას ეკუთვნის სასწაულები და საზოგადოდ ყოველივე ის, რაც კი აღემატება კაცურ ბუნებას; კაცებას კიდევ ეკუთვნის მწუხარებს, ვნება და ყოველივე, რაც შესაფერია კაცის ბუნებისა, გარდა ცოდვისა. იესო არის ჭშეშმარიტი ღმერთი და ჭეშმარიტივე კაცი, ანუ, ერთის სიტყვით, ღმერთ-კაცი.

პიროვნება იესო ქრისტესი. ზნეობრივი და გონებრივი თვისებანი იესო ქრისტესი უეჭველად და უცილობლად გვაჩვენებს მის ღვთაებრივს პიროვნებას.

სიბრძნე მისი იყო არ-ჩვეულებრივი და არ-კაცობრივი. ეს სიბრძნე იესოს არსად არ უსწავლია; მისი სიბრძნე აღემატებოდა ყოველ კაცთა სიბრძნეს; იესო იყო გულთამხილავი, იცოდა კაცის დაფარული ზრახვაც კი, ცხადად წინასწარ სცნობდა მომავალს. ყოველივე ეს ისეთი ცოდნაა, რომელიც შეეფერება მხოლოდ ღმერთს.

ზნეობრივად იესო არის უსრულესი მაგალითი და ხატი ყველა სათნოებათა. მან პირველმა აღასრულა ის, რასაც ჰქადაგებდა და სახარების მაღალი ზნეობრივი სწავლა უფრო მაღლდება მის საკუთარ მაგალითით, მისი სრული უპოვარება, ღრმა სიმდაბლე, განმაცვიფრებელი სიმშვიდე, მოთმინება, სიკვდილი ტანჯვით და შეურაცხყოფით - ეს ისეთი თვისებანია, რომელთა მსგავსი არ იცის კაცობრიობის ისტორიამ. ყველაზე მაღლა კი სდგას მისი სიყვარული. გარდამოვხედ ზეცით - ამბობს იესო, - არა რათა ვყო ნება ჩემი, არამედ ნება მომავლინებელისა ჩემისა (იოანე, 6, 38), - რათა სცნას სოფელმან, რამეთუ მიყვარს მე მამა და, ვითარცა მამცნო მე მამამან, ეგრედვე ვყო (14,31). ამისთვის მან დაიმდაბლა თავი თვისი და იქმნა იგი მორჩილ, ვიდრე სიკვდილამდე, და სიკვდილითა მათ ჯვარისათა (ფილ. 2, 8). რაც შეეხება მისს სიყვარულს კაცთადმი, ეს გამოჰხატა ჯვარზე სიკვდილით, რომელიც მიიღო მხოლოდ კაცთა საცხოვნებლად: უსასტიკესის ტანჯვის ჟამს ლოცულობდა მტერთათვის.

ამასთანავე იესო შორს იყო სულ მცირე ნაკლოვანებებისაგანაც კი. მისთა მოციქულთა მოწმობით, მან ცოდვა არა ჰქმნა, არცა იპოვა ზაკვა პირსა მისსა (1 პეტრე, 2, 22); მისმა უბოროტესმა მტრებმაც კი ვერაფერი სამხილებელი ვერ უპოვეს. პილატემ, რომელმაც დაკვირვებით გამოიკვლია ყველა ბრალდება იესოს წინააღმდეგ, გულახდით უთხრა მღვდელთ-მთავრებს: არა რასა ბრალსა ვპოვებ კაცისა ამისა თანა (ლუკ. 23,4), უბრალო ვარ მე სისხლისაგან მაგისისა (მატთე, 27,24). ქვეყნად მოსული და განხორციელებული იესო ბევრმა მაშინდელმა იცნა აღთქმულ მაცხოვრად და მხსნელად. ბეთლემელმა მწყემსებმა გაიგეს მისი შობა ანგელოზთაგან, რომლებმაც უთხრეს, Dდავითის ქალაქში იშვა მაცხოვარიო; მოგვებმა იცნეს იესო ვარსკვლავით, რომელიც გამოსჩნდა აღმოსავლეთით, ამ ვარსკვლავის წინამძღვრობით მოვიდნენ ბეთლემში და შესწირეს ახლად შობილს მაცხოვარს ოქრო, გუნდრუკი და მური. მოხუცებულმა სვიმეონმა და ანნამ იცნეს, სული წმიდის შთაგონებით, შობიდან მეორმოცე დღეს; ნათლისცემის დღეს; ნათლისცემის დროს იგი იოანემ სულის წმიდის გადმოსვლით სახითა ტრედისათა, და მამ ღვთის ხმაზედ: ესე არის ძე ჩემი საყვარელი, მაგისი ისმინეთ; ასეთივე ხმა მოესმათ მოციქულებს: პეტრეს, იაკობს და იოანეს ფერის-ცვალების ჟამს. ხალხთაგან მრავალმა იცნა იესო ღვთად და მაცხოვრად მის სწავლა-მოძღვრებით; იესო ჰმოძღვრიდა და ასწავებდა, არა როგორც ფარისდეველნი და მწიგნობარნი, არამედ როგორც ხელმწიფების მქონე. მომეტებულად კი იცნეს სასწაულებით. იესო ჰკურნებდა უკურნებელ სენით შეპყრობილ სნეულებს, ეშმაკეულებს ერთის სიტყვის წარმოთქმით, ან მხოლოდ ხელის შეხებით; აღადგენდა მკვდრებს, მაგ. აღადგინა ლაზარე, იაიროსის ასული, ნაინელი ქვრივის ძე. დადიოდა წყლებზე, აყუჩებდა ქარს და ღელვას, ერთხელ ხუთითა და მეორედ შვიდის პურითა განაძღო რაოდენიმე ათასი კაცი. ბევრმა აღიარა ძედ ღვთისად ჯვარცმის ჟამს, როდესაც დაბნელდა მზე, იძრა მიწა და მოჰხდა სხვა სასწაულნი.

კაცობრიობის გამოხსნა ქრისტეს მიერ. იესო ქრისტემ კაცობრიობა გამოიხსნა ცოდვისაგან თვისის მოძღვრებით, ცხოვრებით, სიკვდილით, მკვდრეთით აღდგომით და დიდებულ ამაღლებით ზეცად.

იესომ ასწავლა კაცობრიობას ჭეშმარიტი ღვთის ცნობა - განაცხადა საიდუმლო წმ. სამებისა, საიდუმლო გამოხსნისა დაცემულ კაცთა ნათესავისა მამა ღვთისა და ძის უსაძღვრო სიყვარულით. ასწავლა სიყვარული ღვთისადმი როგორც უმაღლესი და უდიდესი მცნება, ასწავლა სიყვარული კაცთადმი, მტერთა სიყვარულიც და იქადაგა. გარდა ამისა, იესო ქრისტემ ასწავლა ხალხს ყველა სათნოება, რომლითაც შეუძლიათ მიუახლოვდნენ ღმერთს - სიწმიდე განზრახვათა, სიმდაბლე, მორჩილება. იესო ქრისტემ განაცხოველა კაცთა გული სასოებით, როცა აღგვითქვა აღდგომა ხორცისა და მართალთა საუკუნო ნეტარება.

თავის ცხოვრებით იესომ გვიჩვენა მაგალითი, როგორც უნდა აღსრულდეს მისი საღმრთო მოძღვრება. მთელი ცხივრება იესოსი იყო განუწყვეტელი მორჩილება ზეციურ მამის ნებისა და მსახურება კაცთა. როგორც კაცი, იესო ქრისტრე ითმენდა შიმშილს, წყურვილს, ტანჯვის წინასწარ შიშს, ყველაფერში მსგავსი იყო ჩვენი, გარდა ცოდვისა. ქვეყნად მოვიდა სიმდაბლით, სიღარიბით და მსახურების ჟამს არა ჰქონდა, სადა თავი მიედრიკა. ამით უჩვენა მაგალითი ყველას ღვთის ნების უდრტვინველის მორჩილებისა ცხოვრების ყველა გარემოებაში; სიმდაბლით, მორჩილებით, სიმშვიდით, მოთმინებით და სხვა სათნოებით იესომ აჩვენა ხალხს, როგორ უნდა შესრულდეს მისი მოძღვრება. იწვევდა თავისთან ყველა მაშვრალთა და ტვირთ მძიმეთა და დაჩაგრულთა და უჩვენებდა მისაბაძს მაგალითს.

პიროვნება ყოვლად წმიდისა ღვთის-მშობლისა თაყვანის-ცემა მისი

იესო მაცხოვარი ხორციელად იშვა მარიამ ქალწულისაგან. საღმრთო წერილის თანახმად, წმ. ეკლესია გვასწავლის, რომ მარიამ ქალწული ქრისტეს შობამდე იყო ქალწულად; ამიტომ ეწოდება მარადის ქალწული; ღვთის მშობლადაც უწოდებს ეკლესია, რადგანაც მისგან შობილი არის ჭეშმარიტი ღმერთი, მარიამ ქალწულის ღვთის-მშობლად წოდებას აქვს საბუთი საღმრთო წერილში. ისაია წინასწარმეტყველი ამბობს: ქალწულმან ჰშვეს ძე და უწოდონ სახელი მისი ემმანუილ, რომელ არს თარგმანებით ჩვენთ-თანა ღმერთი. მართალმა ელისაბედმა უწოდა მარიამს დედა ღვთისა: ვინა ჩემდა ესე, რათა მოვიდეს დედა უფლისა ჩემისა ჩემდა (ლუკ. 1, 43). წოდება უფლის დედად თანასწორია ღვთისმშობლის წოდებისა. წმიდა ეკლესიას ისიცა სწამს, რომ შობა იესოსი ქალწულ მარიამისათვის იყო უსნეულო, უტკივილო. როგორც მშობელი ღვთისა, მარიამ ქალწული მადლითა და ღმერთთან სიახლოვით აღემატება ყველა ქმნილ არსებას; ამიტომ ეკლესია სთვლის უპატიოსნესად ქერუბინთა და აღმატებით უზესთაესად სერაბინთა. მის სადიდებლად და საქებლად შედგენილია მრავალი საგალობელი, აღშენებულია მრავალი ეკლესია და დაწესებულია მრავალი დღესასწაული.

მრწამსის მეოთხე წევრი

მრწამსის მეოთხე წევრი წარიკითხვის ესრედ: და ჯვარსეცვა ჩვენთვის პონოელისა პილატეს-ზე, და ივნო, და დაეფლა. მრწამსის მეოთხე მუხლი შეიცავს სწავლას იესო ქრისტეს ჯვარცმისა, ვნებისა და დაფლვის შესახებ.

მიზეზი იესო ქრისტეს ჯვარ-ცმისა. იესო ქრისტე სამი წლის განმავლობაში უქადაგებდა ურიებს ღვთის სჯულს და კეთილს. ბევრი სნეული განკურნა, მკვდრები აღადგინა; მისი მოძღვრება იყო ძლიერი და უმაღლესი; ასწავლიდა, როგორც მქონე უფლებისა; არაფერი ბოროტი არ უქმნია; იესოს ასეთს მოქმედებას მხოლოდ მადლობა და სიყვარული უნდა გამოეწვია ხალხისა; მართლაც, მდაბიო ხალხი გულმოდგინედ ისმენდა იესოს მოძღვრებას და სულ მას მისდევდა უკან; მღვდელთ-მთავრებს და ფარისეველ მწიგნობრებს ჩამოშორდა. ამან გამოიწვიაშური ურიათა მოძღვარ-მღვდლებისა. იესო ქრისტე ამხელდა ამ მოძღვრების სჯულის წინააღმდეგ ცხოვრებასა და ცრუმოძღვრებას; იმათ ეგონათ, იესო დააფუძნებდა ქვეყნიურ სამეფოს, რომელშიაც ურიებს პირველი ადგილი ეჭირებოდათ, მაგრამ ის კი ზეცათა სასუფეველს ჰქადაგებდა. ამის გამო წიგნობრებმა, მფარისევლებმა და მღვდელთ-მთავრებმა ცილი დასწამეს იესოს, ვითომც ღმერთსა ჰგმობსო-თავის თავს ღმერთად რაცხს, უწოდებს თავს მეუფედ, რომის კეისრის წინააღმდეგიაო,-და ჯვარს აცმევინეს.

დრო იესო ქრისტეს ჯვარცმისა. იესო ქრისტეს ჯვარცმა მოჰხდა მაშინ, როდესაც ურიასტანს განაგებდა პონტოელი პილატე. პონტოელი პილატე იყო რომის იმპერატორისაგან დადგენილი ურიას ტანის მმართველად. ეს გარემოება იმითია შესანიშნავი, რომ ცხადად სჩანს აღსრულება იაკობ მამათ-მთავრის წინასწარმეტყველებისა: არა მოაკლდეს მთავარი იუდასგან, და წინამძღვარი წელთაგან მისთა, ვიდრემდის მოვიდეს, რომლისა დამარხულ არს; და იგი არს მოლოდება წარმართთა (დაბ. 49,10). ამ წინასწარმეტყველების აზრი ის არის რომ, ქრისტეს მოსვლამდე ურიებს ეყოლებოდათ საკუთარი მეფეები; ამ წინასწარმეტყველებით ცხადად არის ნაჩვენები დრო იესო ქრისტეს მოსვლისა-მოსპობა ურიასტანში საკუთარის მეფობისა. მრწამსში კიდევ არის ნათქვამი, რომ იესო ქრისტე ივნო და დაეფლა; ეს სიტყვები მიმატებულია დასარწმუნებლად იმისა, რომ იესო ქრისტე ნამდვილად ივნო, ნამდვილად დაეფლა, რომ მისი ვნება დაფლვა არ იყო მხოლოდ მოჩვენებით ქმნილი, როგორც ეს ეგონათ ზოგიერთ ცრუ მოძღვრებს.

იესო ქრისტეს ვნების შესახებ ისიც უნდა ითქვას, რომ იგი ივნო და მოკვდა არა ღვთის ძეობით, არამედ კაცობით და არა იმიტომ, რომ არ შეეძლო თავიდან აცილება ვნებისა, არამედ იმიტომ, რომ თვითონ ინება ვნება: მე დავსდებ სულსა ჩემსა, რათა კვალად მოვიღო იგი; არავინ მიმიღოს იგი ჩემგან, არამედ მე დავსდებ მას თავით ჩემით: ხელმეწიფების დადებად მისა, და ხელმეწიფების კვალად მიღება მისა (იოანე, 10, 17-18).

როგორ გამოგვიხსნა იესო ქრისტეს ჯვარცმამ, ვნებამ და სიკვდილმა. საღმრთო წერილი ცხადად გვასწავლის, რომ იესო ქრისტე ჯვარს-ეცვა და მოკვდა ჩვენთვის, მართალი ცრუთათვის; მან დასთხია სისხლი თავისი კაცთა ცოდვათა მიტევებისათვის.

თვითონ იესო ქრისტე ცხადად ბრძანებდა, რომ მას უნდა მიეცა სული თვისი საღსრად მრავალთათვის; ის, რაც უნდა ეტვირთათ კაცთა თავის ცოდვისათვის, იტვირთა იესო ქრიტემ და კაცს მხოლოდ ამიტომ აქვს სიცოცხლე ღვთის წყალობით, რომ ყველასათვის მოკვდა ერთი იესო ქრისტე და გამოიხსნა კაცთა ნათესავი ცოდვისა, წყევისა და სიკვდილისაგან. ცოდვისაგან გამოხსნაზე პავლე მოციქული ბრძანებს, რომ იესო ქრისტეს მიერ გვაქვს ჩვენ გამოხსნა სისხლითა მისითა და მოტევება ცოდვათა ჩვენთა სიმდიდრისაებრ მადლითა მისისა (ეფ. 1,7). წყევისაგან გამოხსნის შესახებ იგივე მოციქული ბრძანებს: ქრისტემან მოგვიყიდნა ჩვენ წყევისა მისგან სჯულისა და იქმნა ჩვენთვის წყევასა ქვეშე (გალ. 3, 13). სიკვდილისაგან გამოხსნის შესახებ იგივე მოციქული სწერს: ყრმათაცა ეზიარა ხორცთა და სისხლთა, და თავადმან მზგავსად მოიღო მითვე, რათა სიკვდილითა მით განიქაროს, რომელსა იგი ხელმწიფებაი აქვნდა სიკვდილისა, ესე იგი არს ეშმაკი, და განათავისუფლნეს ესენი, რავდენნი შიშითა სიკვდილისათა, სამარადისოთ ცხოვრებად თანამდებ იყვნენ კირთებისა (ებრ, 2, 14-15).

როგორ გვიხსნის ჩვენ იესო ქრისტეს სიკვდილი ცოდვისა, წყევისა და სიკვდილისაგან, ამას საღმრთო წერილი ხსნის იესო ქრისტეს და ადამის შედარებით. ადამი არის ხორციელი თავი მთელის კაცობრიობისა, რადგანაც მისგან წარმოსდგნენ ყველანი; იესო ქრისტე არის თავი კაცობრიობისა სულიერი. ამიტომ, როგორც ადამის გამო ჩვენ ყველანი მივეცემით სიკვდილას წყევას და ცოდვას, ისე ქრისტეს მიერ ვიხსენებით ცოდვისა, წყევისა და სიკვდილისაგან.

იესო ქრისტეს ნებსითი სიკვდილი, როგორც უცოდველისა და წმინდისა, არა მარტო სრულიად აკმაყოფილებს ღვთის მართლმსაჯულებას, არამედ აძლევს მას ნებას მოგვანიჭოს მადლი ცოდვისა და სიკვდილის დასაძლევად. პავლე მოციქული ბრძანებს: რამე თუ უკეთუ ერთისა მის შეცოდებითა სიკვდილი სუფევდა ერთისა მისგან, რავდენად უფროსს, რომელნი იგი უმეტესსა მას მადლისასა და ნიჭსა სიმართლისასა მიიღებენ, ცხოვრებასა შინა სუფევდნენ ერთისა მისგან იესო ქრისტესა (რომ. 5, 17).

იესო ქრისტე ივნო ყველასთვის და მოუპოვა ცხოვნება ყველას მაგრამ მით ისარგებლებენ მხოლოდ ისინი, ვინც ნებაყოფლობით მიიღებენ მონაწილეობას მის ვნებაში - თანა ხატ ექმნებიან სიკვდილსა მისსა (ფილ. 3, 10). ხოლო ჩვენ შეგვიძლიან მივიღოთ მონაწილეობა იესო ქრისტეს ვნებასა და სიკვდილში მხურვალე სარწმუნოებით, მისგან დაწესებულ საიდუმლოთა მიღებით და ჩვენთა ხორცთა ჯვარცმით ვნებითურთ და გულისთქმითურთ, ე.ი. ცოდვილ სურვილების ძლევით.

ზნეობრივი მნიშვნელობა იესო ქრისტეს ჯვარცმისა. იესო ქრისტეს ჯვარცმა გვიჩვენებს უაღრესს სიდიადეს ღვთის სიყვარულისას კაცთა მიმართ; ამით ის გვასწავებს ასრულებას ქრისტეს უმთავრეს მცნებისას, - შეიყვარე უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა. იოანე მახარებელი, საყვარელი მოციქული ქრისტესი, სწერს: ამით გამოცხადნა სიყვარული ღვთისა ჩვენ შორის, რამეთუ ძე თვისი მხოლოდ შობილი მოავლინა ღმერთმან სოფლად, რათა ვჰსცხონდეთ მის მიერ და ესე არს სიყვარული, არა რამეთუ ჩვენ შევიყვარეთ ღმერთი, არამედ, რამეთუ მან ჩვენ შემიყვარნა და მოავლინა ძეი თვისი მლხინებლად ცოდვათა ჩვენთა (იოანე, 21, 9-10). თუ ღვთის ამგვარ სიყვარულს კაცმა არ უპასუხა სიყვარულითვე და მორჩილებით, სჩანს, არ სურვებია და არ შესძლებია ღმერთთან ურთიერთობა. თუ ქრისტეს ჯვარცმის გახსენებამ არ ააღელვა ჩვენი გული და არ გამოიწვია პასუხად სიყვარულივე გამომხსნელისადმი, სჩანს, ჩვენს გულს არ შესძლებია უწმიდეს გრძნობათ განცდა. იესოს სიკვდილი ჯვარზე იყო უკანასკნელი ღონისძიება, რომლითაც ღმერთი იწვევს კაცს თავისადმი. დასასრულ, ქრისტე მისთვის ივნო, რომ გვაჩვენოს შეუძლებლობა ცხონებისა უჭირველად. ბოროტება ისე ღრმად არისგამჯდარი ჩვენს ბუნებაში, რომ მისი ძლევა უშრომელად და უჭირველად შეუძლებელია. ამიტომ, თუ ღმერთი მოგვივლენს ხოლმე ჭირსა და მწუხარებას, უნდა ვმადლობდეთ და გვიხაროდეს, რადგანაც ეს მწუხარებანი და შეჭირვებანი გვიადვილებს ცოდვასთან ბრძოლის სიმძიმეს და სწმენდს სულსა.

ჯვრის თაყვანის-ცემა; პირჯვრის წერა. რადგანაც იესო ქრისტემ ინება ჩვენის ცხონებისათვის სიკვდილი ჯვარზე და არა სხვა რომელისამე სახით, ამიტომ ჯვარი, როგორც იარაღი ჩვენის გამოხსნისა, როგორც სამსხვერპლო, რომელზედაც შეიწირა მსხვერპლი მთელის ქვეყნისთვის, როგორც ნიშანი სიკვდილისა და ეშმაკის ძლევისა, ღირსია მოკრძალებით პატივისა და თაყვანის-ცემისა. ჯვარის სახე თაყვანისაცემელია ჯვარზედ მომკვდარი მაცხოვრის გულისათვის; პავლე მოციქული სწერს: ჩემდა ნუ იყოფინ სიქადული, გარნა ჯვარითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა (გალ. 6, 14).

ჯვარის თაყვანის-ცემა, უეჭველია, მოციქულთა დროიდან მომდინარეობს. მეორე და მესამე საუკუნის მწერლები ერთხმათ ამბობენ, რომ ქრისტეანეთა შორის ხმარებაში იყო ჯვარი და ჯვრის გამოსახვა საიდუმლოების დაწესების დროს. საეკლესიო ისტორიაში მოხსენებულია ბევრი სასწაული, ქმნილი ჯვრის და ჯვარის სახით. ამიტომ ქრისტიანნი ჯვარს ატარებენ გულზე, ჯვარს ადგამენ ეკლესიებს თავზედ, აქვთ სახლში და პირჯვარს იწერენ ლოცვის დროს.

მრწამსის მეხუთე წევრი

მრწამსის მეხუთე წევრი წარიკითხვის ესრედ: და აღსდგა მესამესა დღესა, მსგავსად წერილისა. მეხუთე მუხლი შეიცავს სწავლას იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომისას მესამესა დღესა სიკვდილის შემდეგ, მსგავსად წერილისა.

შთასვლა იესო ქრისტესი ჯოჯოხეთად. ხორცით დაფლვის შემდეგ, იესო ქრისტე სულით შთავიდა ჯოჯოხეთად. ამის შესახებ წმ. პეტრე მოციქული სწერს: ქრისტემან ერთ-გზის ცოდვათა ჩვენთათვის ივნო, მართალმან მან ცრუთათვის, რათა ჩვენ წარგვადგინნეს ღმრთისა: მოკვდა ხორცითა და ცხოველ იქმნა სულითა, რომლითაცა საპყრობილესა მას სულთასა მივიდა და ჰქადაგა (1 ეპ. პეტრ. 3, 18-19). რა ჰქადაგა იესომ ჯოჯოხეთში და რა იყო აზრი ამ ქადაგებისა, ამის შესახებ საღმრთო წერილი არაფერს არა სწერს. მაგრამ, თანახმა ძვლის გარდმოცემისა, რომელიც, უეჭველია, მოციქულთა დროიდან მომდინარეობს, ეკლესია გვასწავლის, რომ იესომ ჯოჯოხეთში ჰქადაგა მისგან კაცთა ნათესავის გამოხსნა, ძლევა ცოდვისა, სიკვდილისა და ამასთანავე გამოიყვანა ჯოჯოხეთიდან სულნი მართალნი და ამით ნამდვილად დაარღვია ჯოჯოხეთი და მეუფება ეშმაკისა; ზოგიერთი წმიდანები აღსდგენ საფლავიდგან და, იესოს მკვდრეთით აღდგომის შემდეგ, გამოეცხადნენ მრავალ იერუსალიმელ მცხოვრებლებს.

მკვდრეთით აღდგომა ქრისტესა. იესო ქრისტე მოკვდა ჯვარზე პარასკევს, ნაშუადღევის მესამე ჟამზე (ებრაელთა ანგარიშით. მეცხრე ჟამს). იმავე საღამოს მისი გვამი დაფლეს იოსებმა და ნიკოდიმოსმა. ამ გვარად, იესომ საფლავში დაჰყო პარასკევ საღამო, შაბათი და დასაწყისი კვირიაკის პირველის დღისა; შემდეგ კი აღსდგა დიდებით. სიცოცხლეშივე იესომ რამდენჯერმე იწინასწარმეტყველა თვისი აღდგომა მკვდრეთით. ოთხივე მახარობელი ერთნაირად მოგვითხრობენ იესოს მკვდრეთით აღდგომის ამბავს. დაფლვიდან მესამე დღის დამდეგს, როცა მხედრები სცვლიდნენ იესოს საფლავს, მოხდა საშინელი მიწის ძვრა; ანგელოზი უფლისა, მოსილი სამოსლითა ელვარითა, გარდამოხდა ზეცით, გადააგორა ლოდი, რომელიც ჰფარავდა საფლავს და დაჯდა ზედა. იესო გამოვიდა საფლავიდან. მხედრებს ისე შეეშინდათ, რომ გრძნობა დაკარგულები დაეცნენ მიწაზე; შემდეგ, როცა მოსულიერდნენ, გაიქცნენ ქალაქში და იქ იესო ქრისტეს აღდგომის ამბავი უთხრეს მღვდელთ-მთავრებს. გარდა მხედრებისა, იესოს აღდგომის ამბავი გაიგეს პირველსავე დღეს მარიამ მაგდალინელმა და სხვა მენელსაცხებელმა დედებმა, რომელნიც მიდიოდნენ იესოს გვამისთვის სურნელის ნივთიერების საცხებლად. აღდგომის შემდეგ, იესო გამოეცხადა მარიამ მაგდალინელს, მენელსაცხებლებს, პეტრე მოციქულს და სხვა მოციქულებს. მოციქულებს არა სწამდათ მკვდრეთით აღდგომა იესოსი, იესო აყვედრიდა ურწმუნოებას, ნება მისცა ხელით შეხებისა, სჭამდა და სვამდა მათთან და მხოლოდ მას შემდეგ ირწმუნეს აღდგომა ქრისტესი და მოჰფინეს ეს ამბავი მთელს ქვეყანას.

მრწამსში სწერია, იესო აღსდგა მკვდრეთით მსგავსად წერილისაო, ე. ი. თანახმად ძველის აღთქმის საღმრთო წერილის წინასწარმეტყველებათა. ყველაზე ცხადი წინასწარმეტყველება ძველ აღთქმაში იესოს მკვდრეთით აღდგომის შესახებ აქვს დავით მეფეს: არა დაუტეო სული ჩემი ჯოჯოხეთს, არცა სცე წმიდასა შენსა ხილვა დ განსახრწნელი. სამის დღის ყოფნა იონა წინასწარმეტყველისა ვეშაპის მუცელში მოასწავებდა იესო ქრისტეს სამი დღის ყოფნას საფლავში. როგორც იონა წინასწარმეტყველი სამის დღის შემდეგ წარმოაგდო ვეშაპმა მუცლიდან, ისე იესო ქრისტე მესამესა დღესა აღსდგა საფლავით. მნიშვნელობა ქრისტეს აღდგომისა. ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენის ცხოვრებისათვის. ქრისტეს აღდგომით უეჭველად დამტკიცდა მისი ღვთაებრივი ღირსება; მხოლოდ ღმერთსY შეეძლო ძლევა სიკვდილისა, ხოლო თუ იესო ქრისტე ღმერთია, მაშ, მისი სწავლა-მოძღვრებაც საღმრთოა. მკვდრეთით აღდგომით ქრისტემ დაამტკიცა, რომ მსხვერპლი, მის მიერ შეწირული, მიღებულია ღვთისაგან: მკვდრეთით აღდგომით ქრისტემ საფუძველი დაუდო საყოველთაო აღდგომას და უეჭველ ჰყო მისი შესაძლებლობა და სინამდვილე; ქრისტე აღსდგა მკვდრეთით და იქმნა დასაბამ შესვენებულთა.

სინამდვილე ქრისტეს აღდგომისა. არა ქრისტიანნი უარყოფენ ქრისტეს აღდგომის სინამდვილეს. ზოგნი ურიათა მღვდელთ-მთავრისა და ფარისევლებისაგან მოგონილს ჭორს ქრისტეს აღდგომის შესახებ ეხლაც იმეორებენ, - მოციქულებმა მოიპარეს მკვდარ იესოს გვამი და მერე ხმა გაავრცელეს, მკვდრეთით აღსდგაო. ყოვლად შეუძლებელია, რომ მოციქულებს მოეპარნათ იესოს მკვდარი გვამი; რისთვის უნდოდათ, ან რაში გამოიყენებდნენ, ან როგორ მიუშვებდნენ მხედრები მოსაპარავად? თუ მართლა მოციქულებმა მოიპარეს გვამი იესოსი, საიდან გაჩნდა მათ შორის რწმენა იესოს მკვდრეთით აღდგომისა? უაზრობა იქნება ვიფიქროთ, რომ მოციქულებმა გაავრცელეს ცრუ ამბავი ქრისტეს აღდგომისა და მერე თვითონვე ირწმუნეს ნამდვილად თავის გავრცელებული სიცრუე. განა ცრუ ამბავის ქადაგებისთვის შესწირავდნენ თავის თავს და სისხლს დასთხევდნენ? ზოგის აზრით, ქრისტე სულაც არ მომკვდარა ჯვარზე, - მხოლოდ გული შეუწუხდა და შემდეგ გრილს საფლავში გრძნობაზე მოვიდა, გამოვიდა საფლავიდგან და გამოეცხადა მოციქულებს; მათ კიდევ მკვდრეთით აღდგომილად ჩასთვალესო.

მაგრამ შეუძლებელია ვიფიქროთ, რომ იესო მოატყუებდა მოციქულებს, და რომ ნდომოდა კიდეც მოტყუება, ვერ მიაღწევდა საწადელს, რადგანაც ნატანჯი და ნაწვალები ქრისტე სულაც ვერ მოახდენდა მოციქულებზე სიკვდილისა და ჯოჯოხეთის მძლეველის შთაბეჭდილებას. გარდა ამისა, ისიც შეუძლებელია, რომ ფეხებ-გახვრეტილს იესოს ჯვარცმის მესამე დღეს შესძლებოდა სიარული, რათა მოციქულებს გამოსცხადებოდა. ამბობენ კიდევ, მენელსაცხებელ დედათა და მოციქულებს მხოლოდ მოეჩვენებოდათ ხოლმე იესო და იმათაც დაიჯერეს, ქრისტე აღსდგა მკვდრეთითაო. მაგრამ მოციქულები სრულიად საღის სხეულისა და გონებისანი იყვნენ და, რომ მოსჩვენებოდათ მკვდრეთით აღდგომილი ქრისტე, სრულიადაც არ მიიღებდნენ მოჩვენებას სინამდვილედ. მკვდრეთით აღდგომა ქრისტესი ისეთი დიდი საქმე და ამბავი იყო მოციქულთა ცხოვრებაში, რომ არ ერწმუნებოდნენ ადვილად და გამოუძიებელ-გამოუკითხავად. სახარებიდან ვიცით, რომ მოციქულებს დიდს ხანს არა სწამდათ აღდგომა ქრისტესი; ასე რომ ქრისტე აყვედრიდა კიდეც ურწმუნოებას. მხოლოდ როცა ხელი შეახეს იესოს წყლულებს, იხილეს მათთან ერთად პურის მჭამელად, მაშინ ირწმუნეს ნამდვილად და ჭეშმარიტად აღდგომა ქრისტესი და თვისი სისხლითაც აღბეჭდეს ეს რწმენა.

მრწამსის მეექვსე წევრი

მეექვსე წევრი მრწამსისა წარიკითხვის ესრედ: და ამაღლდა ზეცად და დასჯდა მარჯვენით მამისა ღვთისა. ეს მუხლი შეიცავს ეკლესიის სწავლას იესო ქრისტეს ამაღლებაზე ზეცად. საღმრთო წერილში იესო ქრისტეს ზეცად ამაღლება ასეა მოთხრობილი: აღდგომის მეორმოცე დღეს, იესო ქრისტე უკანასკნელად გამოეცხადა მოციქულებს, წაიყვანა იერუსალიმიდან ბეთანიამდე, ზეთის ხილის მთაზე; გზაზე საუბარში უბრძანა, არსად წასულიყვნენ იერუსალიმიდან სული წმიდის მოსვლამდის. როცა აღვიდნენ მთაზე, იესო ქრისტემ აკურთხა მოციქულები და ამაღლდა ზეცად; ღრუბლებმა დაფარა იესო მოციქულთაგან. ანგელოზმა გამოუცხადა მოციქულებს, იესო, ასული ზეცად, კვალად მოვა დიდებითაო. მოციქულები დაბრუნდნენ იერუსალიმში. უფალი იესო ქრისტე კი, როგორც მოგვითხრობს მარკოზ მახარებელი, - ამაღლდა ზეცად და დასჯდა მარჯვენით მამისა ღვთისა.

როგორც ღმერთი, იესო ქრისტე მუდამ არის და იყო ცათა შინა. აღდგომის მეორმოცე დღეს ამაღლდა ზეცად კაცობით, - კაცურის სულით და ხორცით, ამით ადიდა და განაღმრთო თვისი კაცური ბუნება, რომელსაც ახლა აქვს ღვთაებრივი ღირსება და უფლება ყველაზე ცათა შინა და ქვეყანასა ზედა.

იესო ქრისტე მჯდომარე არს მარჯვენით მამისა, ე. ი. აქვს ერთი და იგივე ძალი და დიდება და უფლება მამა ღმერთთან. Nმნიშვნელობა ქრისტეს ზეცად ამაღლებისა ჩვენის ცხონებისათვის. ქრისტეს ამაღლებას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენის ცხონებისათვის, იმიტომ რომ იგი დაკავშირებულია სული წმიდის მოსვლასთან, რადგანაც სული წმიდა არ გარდამოვიდოდა ზეცით, ქრისტე რომ არ ამაღლებულიყო. მეორედ იმიტომ, რომ იესო ქრისტე მარჯვენით მამისა მჯდომარე, მეოხ არს ჩვენთვის (რომ. 8, 35), დასასრულ იმიტომ, რომ ქრისტემ ზეცად აღსვლით ადიდა ჩვენი კაცური ბუნება, ამაღლდა იგი უმაღლეს ქერუბინთა და სერაბინთა და გვიჩვენა, რომ ჩვენი მამული არის ცათა შინა, რომელიც ხსნილია ყველა ჭეშმარიტ მორწმუნესათვის; ამიტომ პავლე მოციქული უწოდებს ქრისტეს - ჩვენს წინა მორბედად ცათა შინა.

მრწამსის მეშვიდე წევრი

მრწამსის მეშვიდე წევრი წარიკითხვის ესრედ: კვალად მომავალ არს დიდებით განსჯად ცხოველთა და მკვდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ. მეშვიდე წევრი მრწამსისა შეიცავს სწავლას მაცხოვრის მეორედ მოსვლისა, საშინელის სასჯელისა და მის დიდებულ დაუსრულებელ სუფევის შესახებ.

მეორედ მოსვლა იესო მაცხოვრისა. იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის შესახებ ანგელოზმა უთხრა მოციქულებს, რომელნიც ზეთის ხილის მთაზე იდგნენ და უცქეროდნენ ზეცად ამაღლებულს იესოს: კაცნო გალილეველნო, რასა სდგათ და ზეცად? ესე იესო, რომელი ამაღლდა თქვენგან ზეცად, ეგრედვე მოვიდეს, ვითარცა იხილეთ აღმავალი ზეცად (საქმე მოც. 1, 11). მეორედ მოსვლა მაცხოვრისა არ ეგვანება მის პირველ მოსვლას; პირველად მოვიდა შეურაცყოფილი, მონის სახით, მოვიდა მსახურებად ჩვენდა, მეორედ კი მოვა დიდებითა თვისითა და ყოველნი ანგელოსნი მისნი მისთანა, მოვა განკითხვად ჩვენდა. თვით მაცხოვარი მეორედ მოსვლის შესახებ ბრძანებს: ვითარცა ელვა რა გამობრწყინდის მზისა აღმოსავლით და სჩანნ ვიდრე დასავლადმდე, ეგრედ იყოს მოსვლა ძისა კაცისა; ხოლო მეყვსეულად, შემდგომად ჭირისა მის მათ დღეთასა, მზე დაბნელდეს და მთოვარემან არა გამოსცეს ნათელი თვისი და ვარსკვლავნი დამოსცვივენ ზეცით და ძალნი ცათანი შეიძრნენ და მაშინ გამოსჩნდეს სასწაული ძისა კაცისა ცათა შინა და მაშინ იტყებდნენ ყოველნი ტომნი ქვეყანისანი, და იხილონ ძე კაცისა მომავალი ღრუბელთა ზედა ცისათა ძალითა და დიდებითა მრავლითა.

დრო მეორედ მოსვლისა იესო მაცხოვრისა. როდის დადგება დიდი და საშინელი დღე ქრისტეს მოსვლისა, უწყის მხოლოდ ღმერთმა. მაგრამ თვით მაცხოვარმა გამოგვიცხადა ზოგიერთი ნიშნები, რომელთა მიხედვითაც მორწმუნე ქრისტეანებს შეუძლიან ივარაუდონ ქრისტეს მეორედ მოსვლა. ეს ნიშნები შემდეგია: 1) სახარება იქადაგება მთელს ქვეყანაზედ და სულ ბოლო დროს ყველა ებრაელები გაქრისტიანდებიან; 2) გამრავლდება უსჯულოება და ურწმუნოება; 3) მოხდება საშინელი მიწის ძვრა, ომები; გაჩნდება გამანადგურებელი სატკივრები, შიმშილობა ქვეყანაზე. ეს უბედურებანი ისეთი დიდი და ძლიერი იქნება, რომ მოსპობს მთელს კაცობრიობას, მაგრამ ღმერთი რჩეულთათვის შეამოკლებს ამ უბედურების დღეებს. დასასრულ, ნიშანი ქრისტეს მეორედ მოსვლისა არის მოსვლა ანტიქრისტესი.

ანტიქრისტე. ანტიქრისტე, ანუ ქრისტეს მოწინააღმდეგე, საღმრთო წერილის სწავლით, იქნება კაცი, უსჯულო, მყოფი დიდ ეშმაკის გავლენის ქვეშე, განლაღებული; მისი გავლენა გავრცელდება მთელს კაცობრიობაზე; ეცდება ცრუ სასწაულებით ქრისტეანობის დამხობას და მოსპობას, მალე მიემხრობიან ბევრნი სუსტნი სარწმუნოებით და უღირსნი, დაუწყებს სასტიკს დევნას ქრისტეს მორწმუნეებს და ქრისტეს ერთგულებს. მისი ბატონობა გასტანს სამ წელიწად ნახევრამდე და გათავდება, როგორც მის, ისე მის მომხრეების დაღუპვით და წარწყმედით, - ანტიქრისტეს სძლევს ქრისტე ღმერთი. ანტიქრისტეებად იწოდებიან ყველანი, ვინც ქრისტეს მოძღვრების და მისის სჯულის წინააღმდეგნი არიან. მაგრამ ეს უკანასკნელი ანტიქრისტე იქნება განსაკუთრებული მოწინააღმდეგე ქრისტესი. ანტიქრისტეს ძლევის შემდეგ დამყარდება საუკუნო სასუფეველი ქრისტესი. საშინელი განსჯა. იესო ქრისტეს მეორედ მოსვლასთან ერთად, მოხდება აღდგომა მკვდართა, ხოლო ვინც ცოცხლები დარჩებიან მეორედ მოსვლამდე, ისინი განახლდებიან; მათი სხეული გამოიცვლება და გახდება უკვდავი და უხრწნელი, როგორც მკვდრეთით აღდგომილთა. ამის შემდეგ დაიწყება თვით განსჯა. ეს განსჯა იქნება: საყოველთაო რადგანაც გამოსცხადდებიან სულ ყველანი და ღმერთი განსჯის ყველას; საშინელი, - ამ განსჯაზე განცხადდება მთელი ჩვენი ცხოვრება, მოქმედება, - არა მხოლოდ ყველა საქმე, რომელიც კი გვიქმნია სიცოცხლეში, არამედ ყოველი სიტყვა, ზრახვა და გრძნობაც კი განსჯილ იქნება ღვთისაგან. ეს განსჯა იქნება უკანასკნელი და საბოლოვო, - ღმერთი ყველას საქმეთა მისთაებრ მიაგებს მისაგებელ საუკუნოდ. ეს საყოველთაო და საშინელი განსჯა იესო ქრისტემ სახრებაში დახატა ესრედ: რაჟამს მივიდეს ძე კაცისა დიდებითა თვისითა, და ყოველნი ანგელოზნი მისნი მისთანა, მაშინ დასჯდეს საყდართა დიდებისა თვისისათა; და შეჰკრბენ წინაშე მისსა ყოველნი ნათესავნი, და განარჩინნეს იგი ურთიერთარს, ვითარცა იგი მწყემსმან რა განარჩინნის ცხოვარნი თიკანთაგან; და დაადგინნეს ცხოვარნი მარჯვენით მისსა, და თიკანნი მარცხენით; მაშინ ჰრქვას მეუფემან მარჯვენითთა მათი მისთა: მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქვენთვის სასუფეველი დასაბამითგან სოფლისათ; რამეთუ მშიოდა, და მეცით მე ჭამადი; მწყუროდა, და მასვით მე; უცხო ვიყავ, და შემიწყნარეთ მე; შიშველ ვიყავ, და შემმოსეთ მე; სნეულ ვიყავ, და მომხედეთ მე; საპყრობილესა ვიყავ, და მოხვედით ჩემდა. მაშინ მიუგონ მას მართალთა მათ და და ჰრქვან: უფალო! ოდეს გიხილეთ შენ მშიერი, და გამოგზარდეთ? ანუ წყურიელი, და გასვით შენ? ოდეს გიხილეთ შენ უცხოდ, და შეგიწყნარეთ? ანუ შიშველ, და შეგმოსეთ შენ? ოდეს გიხილეთ შენ უძლური, ანუ საპყრობილესა, და მოვედით შენდა? და მიუგოს მეუფემან მან, და ჰრქვას მათ: ამინ გეტყვი თქვენ: რავდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ. მაშინ ჰრქვას მარცხენითცა მათ: წარველით ჩემგან, წვეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებული არს ეშმაკისათვის და ანგელოსთა მისთათვის. რამეთუ მშიოდა და არა მეცით მე ჭამადი; მწყუროდა, და არა მისთვის მე; უცხო ვიყავ, და არა შემიწყნარეთ მე; შიშველ ვიყავ, და არა შემმოსეთ მე; უძლურ ვიყავ, და საპყრობილესა, და არა მოხვედით ჩემდა. მაშინ მიუგონ მათცა და ჰრქვან: უფალო! ოდეს გიხილოთ შენ მშიერი, ანუ წყურიელი, ანუ უცხოებასა, ანუ შიშლოებასა, ანუ უძლურებასა, ანუ საპყრობილესა, და არა გამსახურეთ შენ? მაშინ მიუგოს მან და ჰრქვას მათ: ამინ გეტყვი თქვენ, რავდენი არა უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა, მე არა მიყავთ. და წარვიდნენ ესენი სატანჯველსა საუკუნესა, ხოლო მართალნი - ცხოვრებასა საუკუნესა (მატთე, 25, 31).

სასუფეველი ქრისტესი. სასუფეველი ქრისტესი არის პირველად ყოველი ქვეყანა - ამას ეწოდება სასუფეველი ბუნებისა, მეორედ - ყოველნი მორწმუნენი ქვეყანაზე - ამას ეწოდება სასუფეველი მადლისა და მესამედ - ყოველნი წმინდანნი ცათა შინა, - ამას ეწოდება სასუფეველი დიდებისა. სასუფეველი დიდებისა და სასუფეველი მადლისა არ არიან საუკუნონი, რადგანაც ქრისტეს, მეორედ მოსვლის ჟამს ქვეყანა შეიცვლება. ამიტომ მრწამსის სიტყვებში: რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ ეკუთვნის დიდების სასუფეველს და ნიშნავს იმას, რომ საშინელ განსჯის შემდეგ, დადგება საუკუნო დიდებული სუფევა ქრისტესი და მის რჩეულთა. ქრისტეს სუფევის საუკუნეობის შესახებ მთავარ-ანგელოზმა გაბრიელმა უთხრა ქალწულს მარიამს: სუფევისა მისისა არ იყოს დასასრულ (ლუკ. 1, 32).

მრწამსის მერვე წევრი

მრწამსის მერვე წევრი წარიკითხვის ესრედ: და სული წმიდა, უფალი და ცხოველს-მყოფელი, რომელი მამისგან გამოვალს, მამისათანა და ძისათანა თაყვანის იცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ.

მრწამსის მერვე მუხლი შეიცავს სწავლას წმ. სამების მესამე პირზე – წმიდა სულზე. სული წმიდა, მესამე პირი წმიდა სამებისა, არის ისეთივე ჭეშმარიტი და ძლიერი ღმერთი, როგორც მამა და ძე. საღმრთო წერილი ამოწმებს სული წმიდის ღვთაებობას, როცა მიაწერს: ა) ღვთიურ თვისებებს – ყოვლად-მეცნიერებას, ყოვლად-შემძლებლობას, ყველგან მყოფობას, ბ) ღვთიურ სახელს, გ) ღვთიურს მოქმედებას, მაგ, ქვეყნის შექმნას, განგებულებას, მადლით მეორედ შობას, კაცთა განმართლებას და განწმენდას და დ) მამა ღმერთთან და ძესთან თანასწორობას. წმ. პეტრე მოციქულმა ანანიას სამხილებლად უთხრა: რაისათვის აღავსო გული შენი ეშმაკმან ცრუებად სულისა წმიდისა: არა ეცრუე შენ კაცთა, არამედ ღმერთსა (საქმე მოც. 5, 3-4). სული წმიდა არს ცხოველსმყოფელი, იმიტომ რომ მამასთან და ძესთან ერთად აძლევს ცხოვრებას კაცთა და ყოველსავე ქმნილებას.

პიროვნული ღირსება სულის წმიდისა. მრწამსის სიტყვები:L რომელი მამისაგან გამოვალს, გამოხატავს სულის წმიდის პიროვნულს თვისებას; ეს ის თვისებაა, რომ სული წმიდა წინა საუკუნეთა გამოვალ მამისაგან. ეს პიროვნული თვისება სულის წმიდისა ცხადად გამოსახა იესო ქრისტემ Dშემდეგი სიტყვებით: რაჟამს მოვიდეს ნუგეშიცმცემელი იგი, რომელი მე მოვავლინო თქვენდა მამისა ჩემისა მიერ, სული ჭეშმარიტებისა, რომელი მამისაგან გამოვალს, მან სწამოს ჩემთვის (იოანე. 15, 26).

სული წმიდის თანასწორობა მამასთან და ძესთან. მრწამსის სიტყვებში: მამისა თანა და ძისა თანა თაყვანი იცემების და იდიდების, გვიჩვენებს სულის წმიდის თანასწორობას მამასთან და ძესთან. ამიტომ სული წმიდას, როგორც ღმერთს, შვენის ისეთივე თაყვანისა და პატივესცემა, როგორც მამას და ძეს. სული წმიდის თანასწორობა მამასთან და ძესთან დაფუძნებულია მაცხოვრის სიტყვებზე, რომლითაც მან მიმართა მოციქულებს: წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელს-სცემდით მათ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა (მატთე, 28.19).

მრწამსის სიტყვები – რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ, - გვასწავებს, რომ საღმრთო წერილის წიგნები წინასწარმეტყველებმა დასწერეს სულის წმიდის შთაგონებით. რადგანაც ქრისტეანობის პირველ საუკუნეებში გაჩნდნენ ცრუ მოძღვარნი, რომელნიც ძველის აღთქმის წიგნებს სთვლიდნენ უბრალო კაცურ ნაწარმოებად, ამიტომ მათ სამხილებლად, წმ. მამებმა მრწამსში ჩაურთეს სწავლა შესახებ იმისა, რომ სულის წმიდის შთაგონებით სწერდნენ წმ. წინასწარმეტყველნი; რომ წინასწარმეტყველთა მიერ იტყოდა სული წმიდა, ამაზე საღმრთო წერილი ბრძანებს: არა ნებითა კაცთათა მოსადმეიწია წინასწარმეტყველება, არამედ წვევითა სულისა წმიდისათა იტყოდეს წმიდანი ღმრთისა კაცნი (2 პეტ.1, 21). სული წმიდა მოციქულთა მიერაც იტყოდა, მაგრამ მრწამსში ეს არ არის მოხსენებული, იმიტომ რომ მრწამსის შედგენის ჟამს ამის შესახებ უთანხმოება არ აღძრულა. რომ მოციქულებიც სული წმიდით განბრძნობილნი ქადაგებდნენ და სწერდნენ, ამაზე იგი პეტრე მოციქული ბრძანებს, რომ მოციქულთ გამოეცხადა, რამეთუ არა თავთა თვისთა, არამედ თქვენ გმსახურებდეს მას, რომელი ესე აწ მოგეთხრა თქვენ მახარობელთა მათ თქვენთა მიერ სულისა წმიდითა, მოვლინებულითა ზეცით (1 პეტ. 1, 12). აქ მოციქულები იწოდებიან მახარებლად სულითა წმიდითა. სული წმიდა გადმოვიდა მათზე ცეცხლის ენათა მსგავსად ქრისტეს ამაღლების მეათე დღეს და მისცა ნიჭი სხვა-და-სხვა ენაზე ლაპარაკისა.

მრწამსის მეცხრე წევრი

მრწამსის მეცხრე წევრი იკითხება ესრედ: ერთი წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. ეკლესია არის ღვთისაგან გაწესებული საზოგადოება კაცთა, რომელნიც შეერთებულ არიან მართლმადიდებელ სარწმუნოებით, ღვთის სჯულით, იერარქიით და წმიდა საიდუმლოებით. ამ საზოგადოებაში მორწმუნენი სულიერად ვითარდებიან, აღორძინდებიან, უმჯობესდებიან და მტკიცდებიან ღმერთთან კავშირითა.

ეკლესია ქრისტესი არ არის უბრალო სარწმუნოებრივი საზოგადოება კაცთა, იმიტომ რომ იმაში დამკვიდრებულია მადლი სულისა წმიდისა, იმაში მუდამ ჰგიებსა ქრისტე მაცხოვარი, რომელმაც უბრძანა მოციქულებს: მე თქვენთანა ვარ ყოველთა Dდღეთა, და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა (მატთ. 28, 20).

ეკლესიას შეადგენენ ყველა ქრისტეანე მორწმუნენი, რომელნიც სცხოვრობენ ქვეყანაზე, მართალნიც და ცოდვილნიც, ეგრედვე მომავალ აღდგომისა და საუკუნო ცხოვრების სასოებით მიცვალებულნიც, - წმიდა კაცები და ანგელოზები, ამ რიგად, ეკლესია განიყოფება ორ ნაწილად: - ქვეყნიურ ანუ ხილულ ეკკლესიად და ზეციურ ანუ უხილავ ეკკლესიად. ქვეყნიერ ანუ ხილულ ეკკლესიას ეწოდება კიდევ ეკკლესია მებრძოლი, რადგანაც ებრძვის სარწმუნოების მტრებს, იღწვის და შრომობს თავის შვილთა აღზრდისათვის; უხილავ ეკკლესიას ეწოდება ეკკლესია მედღესასწაულეთა, რადგანაც თავისუფალია ბრძოლისა და განსაცდელისაგან, დღესასწაულობს ცოდვის მძლეველ ქრისტესთან.

აზრი და დანიშნულება ეკლესიისა. აზრი და დანიშნულება იესო ქრისტეს მოსვლისა სოფლად არის მოძიება და ცხოვრება წაწყმედულისა. რადგანაც ეკკლესია არის განმაგრძობელი ქრისტეს საქმისა, ამიტომ განათლება და მეორედ შობა ცოდვილთა ახალ ცხოვრებისათვის, შეერთება მათი ქრისტესთან და მამა ღმერთთან და ამ გვარად მოყვანება მათი ღვთის სასუფეველში არის აზრი და დანიშნულება ეკკლესიისა: ეს აზრი ცხადად არის გამოთქმული წმ. პავლე მოციქულისაგან. ქრისტემან შეიყვარა ეკლესია და თავი თვისი მისცა მისთვის, რათა იგი წმიდა ჰყოს, განსწმიდა იგი საბანელითა წყლისათა და სიტყვითა, რათა წარუდგინოს თავადმან თავსა თვისსა დიდებულად ეკკლესია, რა-რა არა აქვნდეს მწიკვლევანება, არცა ნაოჭირძვლისა, არცა სხვა რა ესე ვითარი, არამედ რათა იყოს წმიდა და უბიწო (ეფეს. 5, 27). გარდა ამისა, აზრი და დანიშნულება ეკკლესიისა არის კიდევ გავრცელება მთელს ქვეყანაზედ და სრული ცნობა მისის წევრთაგან ღვთის ძისა. ამას ბრძანებს წმ. პავლე მოციქული შემდეგი სიტყვებით: ქრისტემან მოსცნა, რომელნიმე მოციქულნი, რომელნიუმე წინასწარმეტყველნი, რომელნიმე მახარებელნი, რომელნიუმე მწყემსნი და მოძღვარნი, დასამტკიცებლად წმიდათა, საქმედ მსახურებისა აღსაშენებლაქდ გვამისა ქრისტესისა (ეფე. 4, 11-12).

თავი ეკლესიისა - ქრისტე ღმერთი. იესო ქრისტე მუდამ მტკიცე კავშირშია ეკლესიასთან, როგორც მისი უხილავი თავი. იესო ქრისტე არის ეკლესიისათვის წყარო ახალის, ცხოველის, წმიდა ცხოვრებისა. თვით ქრისტე ღმერთი ბრძანებდა, მე ვარ ვენახი ჭეშმარიტიო, ხოლო მორწმუნენი – რტოები, რომ უიმისოდ, მეორედ უშობელად, დაუმყნელად ქრისტესთან შეუძლებელია ნაყოფიერება, როგორც ხისგან მოცილებულ რტოსი; თვინიერ ჩემსა არა რა ძალგიძსთ ყოფად არცა ერთი; არავინ მოვიდეს მამისა ჩემისა, გარნა ჩემ მიერ, - ბრძანა მაცხოვარმა.

ეკლესიის თვისებანი. მრწამსში ჩამოთვლილია ეკლესიის თვისებანი. – ეკლესია არის ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო; ეს არის არსებითნი თვისებანი ეკლესიისა და უამათოდ ეკლესია ეკლესიად აღარ იქნება. ერთობა ეკლესიისა. ჭეშმარიტი ეკლესია არის ერთი. ქრისტემ დააფუძნა ერთი ეკლესია. როცა ბრძანებდა ეკლესიის შესახებს იგავებს, ისე ჰქონდა ეკლესია წარმოდგენილი, - ერთ სამწყსოდ, რომელსაც ჰყავს ერთი მწყემსი, ერთ ეზოდ ცხოვართათვის, ერთ ვენახად; უბრძანა მოციქულებს ექადაგნათ ერთი სარწმუნოება, დააწესა ერთი ზიარება და ერთი ნათლისღება. ერთ ხორც და ერთ სულ, ვითარცა იგი იჩინენით ერთითა მით სარწმუნოებითა ჩინებისა თქვენისათა; ერთ არს უფალი, ერთ სარწმუნოება, ერფთ ნათლის-ღება, ერთ არს ღმერთი და მამა ყოველთა, - ბრძანებს მოციქული (ეფ. 4, 4-6).

ერთობა ეკლესიისა არის შინაგანი და გარეგანი. შინაგანი ერთობის საფუძველი არის ერთობა ეკლესიის თავისა და ერთობა მის განმაცხოვებელი სული წმიდისა. სული წმიდით ყველა მორწმუნენი ერთდებიან ქრისტეს მიერ, რომელიც აძლევს ეკლესიას სიცოცხლეს, როგორც თავი სხეულს და ძირი –ტოტებს. გარეგანი ერთობა ეკლესიისა გამოიხატება ერთ სარწმუნოების აღსარებით, ანუ სჯულის მოძღვრების ერთობით, ღვთის მსახურებისა და საიდუმლოთა, სამღვდელოებისა და ეკლესიურ წყობილების ერთობით.

თუმცა არსებობენ სხვა-და-სხვა ადგილობრივი ეკლესიები, მაგრამ ეს არ ეწინააღმდეგება ეკლესიის ერთობას, რადგანაც ადგილობრივი ეკლესიები ერთმანეთისაგან განირჩევიან მხოლოდ ადგილ-მდებარეობით, ენით, რომლითაც სრულდება ღვთის მსახურება, მაგრამ ყველა ისინი შეადგენენ ერთს ეკლესიას, როგორც მისი ნაწილნი.

არას არ ჰკარგავს ეკლესიის ერთობა იმის გამოც, რომ არსებობდნენ და არსებობენ ქრისტიანეთა საზოგადოებანი, რომელნიც გამოცალკევდნენ მცოფლიო ეკლესიიდგან, ან სულაც არ ყოფილან მის ნაწილად. თუ ჭეშმარიტი ეკლესია ერტია, მაშ მასტან ერთად არ შეიძლება არსებობა სხვა ეკლესიისა, რადგანაც შეუძლებელია იყოს ორი ჭეშმარიტება, ორი სასუფეველი ღვთისა, ერთმანეთის უარმყოფელი.

კავშირი ზეციურ და ქვეყნიურ ეკლესიათა. ქვეყნიურ ეკლესიას აქვს მტკიცე და მჭიდრო ერთობა ზეციურ ეკლესიასთან. ეს ერთობა და კავშირი, ეკლესიის სწავლით გამოიხატება მით, რომ წმიდანი წევრნი მედღესასწაულეთა ეკლესიისა ანგელოზებთან ერთად შუამდგომლობენ ღვთის წინაშე ქვეყნიურ ეკლესიის წევრთათვის და ღვთის ნებით და მადლით საკეთილოდ მოქმედებენ ეკლესიის ქვეყნიურ წევრებზე. ქვეყნიურ მებრძოლ ეკლესიის წევრნი – კი თაყვანს და პატივს სცემენ იმათ, ვინც ღმერთმა ადიდა სათნო ცხოვრებისათვის ცათა შინა, მათს ნაშთებს და ხატებს. ხოლო მათთვის, რომელთაც ჯერ არ ღირსებიათ დიდება ღვთისაგან, ლოცულობენ, რომ ღმერთმა მიუტიოს ცოდვანი და აღრაცხოს წმიდათა შორის.

შუამდგომლობა წმიდათა მორწმუნეთათვის. მართლმადიდებელი ეკლესია აღიარებს, რომ წმინდანნი ანგელოზებთან ერთად შუამდგომლობენ ღვთის წინაშე ქვეყნიურ ეკლესიის წევრთა სულიერ წარმატებისათვის და ეწევიან მათ გაჭირებასა და განსაცდელში. წმიდანნი შემწენი არიან არა მარტო საზოგადოდ ყველასი, არამედ თვითოეულის კაცისაც კერძოსა და პირადს საჭიროებაში.

ველის აღთქმის ეკლესიაშიც სწამდათ, რომ წმიდანნი შუამდგომლობენ ღვთის წინაშე ქვეყნის მცხოვრებთათვის. ღმერთმა უბრძანა იერემია წინასწარმეტყველს: უკეთუ დადგეს მოსე და სამუილ წინაშე ჩემსა, არა არს სული ჩემი მათდა მიმართ. ამ სიტყვებით უფალი გვაჩვენებს, რომ სხვა დროს და სხვა გარემოებაში მოსესა და სამუილს, მაშინ უკვე გარდაცვალებულთ, შუამდგომლობა გაუწევიათ მიწაზე ღვთისა ერისათვის და მათი შუამდგომლობა შეწყნარებული ყოფილა. ახალ აღთქმის საღმრთო წერილში ჭეშმარიტება წმიდათა შუამდგომლობისა დამოწმებულია იოანე ღვთის-მეტყველისაგან. მან იხილა, რომ ოცდა ოთხნი მოხუცებულნი ლოცულობდნენ ტარიგის (კრავის) წინაშე ცოდვილთათვის.

წმიდა კაცები ქვეყნად ცხოვრების ჟამს ეხმარებოდნენ მოყვასთა, რითიც და როგორც შეეძლოთ; ეს იყო შედეგი მათის სიყვარულისა. ხოლო, რადგანაც სიყვარული არა სადა დავარდების, ამიტომ წმიდა კაცებს სიყვერული მოყვასთადმი საიქიოსაც გადააქვთ და იქაც ზრუნავენ ქვეყნად მყოფ ეკლესიის წევრთ, მით უმეტეს დაეხმარებიან ცათა შინა, როგორც უფრო დაახლოვებულნი ღმერთთან; ზეცას კი მათი დახმარება მხოლოდ ღმერთთან შუამდგომლობით გამოიხატება.

ლოცვით მოწოდება წმიდათა ქვეყნიურ ეკლესიაში. წმიდათა შუამდგომლობა წინაშე ღვთისა ქვეყნიურ ეკლესიის წევრთათვის განსაცდელისა და საჭიროების დროს არის მტკიცე საფუძველი მათის მოწოდებაში ლოცვაში ცოდვილთაგან. უნდა მოუწოდოთ წმიდათა ლოცვაში, როგორც ღმერთთან დაახლოებულთ და შუამდგომელთ, რომელთაც შეუძლიანთ განაძლიერონ წინაშე ღვთისა ჩვენი ლოცვა და გამოითხოვონ მისგან წყალობა ჩვენთვის. ასეთი მოწოდება წმიდათა თანახმაა საღმრთო წერილისა და სათნოა ღვთისა. მაგ. ღმერთმა უბრძანა აბიმელექს ეთხოვა აბრაამისათვის ლოცვა წინაშე ღვთისა; და მართლაც აბრაამის ლოცვით ღმერთმა დაიფარა აბიმელექის ოჯახი. იობის ლოცვით ღმერთმა აპატია მის მეგობრებს შეცოდებანი. ახალ აღთქმის საღმრთო წერილიც გვიბრძანებს: ულოცევდით ურთიერთსა, მრავალ შემძლებელ არს ლოცვა მართლისა შეწევნად.

საღმრთო წერილიდან ცხადად სჩანს, რომ ცაში მყოფმა წმიდანებმა იციან საჭიროება და ისმენენ ქვეყნიურ ეკლესიის წევრთა ლოცვებს. ქვეყნად ცხოვრების დროსვე ჰქონდათ ნიჭი ცოდნისა და შორს ხედვისა. მაგ. პეტრე მოციქულმა იცოდა განზრახვა ანანიასი, რომელმაც დამალა ვერცხლი; ელისე წინასწარმეტყველმა შეიტყო გიეზის განზრახვა და განუცხადა ისრაილთა მეფეს ასურეთის მეფის საიდუმლო განზრახვანი. მაშ, თუ ქვეყნად ცხოვრების ჟამს წმიდანებს ჰქონდათ ნიჭი დაფარულის ცოდნისა და წინასწარ-ცოდნისა, მით უმეტეს ღვთის წინაშე დგომის ჟამს აქვთ ეს ნიჭი.

თაყვანის-ცემა წმიდათა გამოიხატება მით, რომ მორწმუნენი მოკრძალებით იხსენებენ წმიდათა ღვაწლს იმ აზრით, რომ მომბაძველ იქმნენ მათი; მორწმუნენი ადიდებენ მათს სიწმიდეს დღესასწაულობით, მათ სახელზე ტაძრების აშენებით, სანთელთა აღნთებით და საკმელის კმევით მათ ხატების წინაშე. ამასთანავე ეკლესია გვასწავლის, რომ წმიდანებს თაყვანი უნდა ვსცეთ, არა როგორც ღმერთს, არამედ როგორც ღვთის მეგობრებს, ღმერთთან დაახლოებულთ, რომელნიც გახდნენ წმიდანად ღვთის მადლით.

წმიდათა ნაწილთა თაყვანის ცემა. წმიდანებთან ერთად, ეკლესია თაყვანსა სცემს მათს სხეულს ანუ ნაწილს, თუ ღმერთს ნებავს ამ ნაწილთა დიდება უხრწნელებითა და სასწაულებით გამოაჩინოს. წმიდა ეკკლესიამ დააწესა დღესასწაული წმ. ნაწილთა აღმოყვანებისა, ერთის ქალაქიდან ანუ ქვეყნის მეორე ქალაქსა და ქვეყანაში გადასვენების დღეს: წმიდა ეკკლესია აშენებს ტაძრებს, სადაც სიფრთხილით ინახავს ნაწილებს, მორწმუნენი ანთებენ წმიდა ნაწილების წინაშე სანთლებს და აკმევენ საკმელს.

წმიდა ნაწილთა თაყვანის ცემა ქრისტეანობის პირველ საუკუნეებიდანვე მომდინარეობს. მორწმუნენი დიდის მოწიწებით ინახავდნენ იოანე წინამორბედის და მოციქულების ნაწილებს. დევნულების დროს საწამებელ ადგილებიდან გადაჰქონდათ მოწამეთა სხეულნი, ან სხეულის ნაწილნი, პატივით ასაფლავებდნენ მათს ნეშტს და საფლავებზე იკრიბებოდნენ წირვის შესასრულებლად. აქედან მომდინარეობს ჩვეულება ტრაპეზში წმიდა ნაწილების ჩაყოლებისა. დევნულების გათავების შემდეგ, მორწმუნენი აშკარად და დაუფარავად სცემდნენ თაყვანს ნაწილებს. აღმოყვანება და გადასვენება ნაწილებისა სრულდებოდა დიდის დღესასწაულობით და ბრწყინვალებით.

წმიდა ნაწილთა თაყვანის ცემა დამყარებულია საღმრთო წერილზედ. ძველ აღთქმის საღმრთო წერილში მოთხრობილია, მაგ. რომ ელისე წინასწარმეტყველის ძვლების შეხებით აღსდგა მკვდრეთით ერთი მიცვალებული; ილიას ქალენით ელისე წინასწარმეტყველმა განაპო იორდანე და განვიდა შიგა. პავლე მოციქულის ოლარისა და თავსახვევების შეხებით იკურნებოდნენ სნეულნი.

უწინაც იყვნენ და ახლაც არიან წმ. ნაწილთა თაყვანის ცემის უარის მყოფელნი. ისინი ჰსხნიან ნაწილთა უხრწნელებას ბუნებისა და ნიადაგის გავლენით. მაგრამ ეკლესია არასოდეს არა სთვლიდა წმ. ნაწილებად მხოლოდ უხრწნელს სხეულს. უხრწნელება სხეულისა არ არის მაჩვენებელი მის სიწმიდისა. უტყუარი მაჩვენებელი ნაწილების სიწმიდისა არის მათი სასწაულმოქმედება; ამიტომ, თუმცა უხრწნელად ინახება ეხლაც ზოგიერთი სხეული მღვდელთ-მთავართა, რომელნიც ცნობილნი იყვნენ სიცოცხლეში წმიდა ცხოვრებით, მაგრამ, რადგანაც მათგან არავითარი სასწაული არ მომხდარა, ამიტომ ისინი არც ითვლებიან წმ. ნაწილებად. ცარიელი უსხეულო ძვლებიც ხშირად წმ. ნაწილებად არის მიჩნეული, რადგანაც მათგან სასწაულები ხდება. წმ. ნაწილების უხრწნელობის ახსნა ნიადაგის გავლენით არ არის საბუთიანი. გაუხრწნელი სხეულები ხშირად უპოვნიათ იმისთანა ადგილებშიც, რომელიც ხელს უწყობდა გახრწნას. წმიდა ნაწილები, თუმცა ერთის ადგილიდან მეორეს გადააქვთ, თუმცა მათ ეხებიან მორწმუნენი, მაინც მთელ საუკუნეთა განმავლობაში უხრწნელი რჩება. ხატთა თაყვანისცემა. წმიდათა ნაწილებთან ერთად წმ. ეკლესია მოკრძალებით პატივსა და თაყვანს სცემს მათს გამოხატულებასაც. ხატთა თაყვანის ცემა ის არის, რომ მორწმუნენი მათს წინაშე სანთელს ანთებენ, საკმელს აკმევენ, ეამბორებიან გამოსახულებას და საკვირველ-მოქმედ ხატთა პოვნის და გამოცხადების დღეს დღესასწაულობენ. ამასთანავე ეკლესია გვასწავლის, რომ თაყვანსა ვცემთ არა იმ მასალას, ან საღებავებს, რომლითაც დახატულია ხატი, არამედ იმათ, რომელნიც გამოსახულნი არიან. ხატები უხვად მოიპოვება ყოველს მართლმადიდებელს ეკლესიაში და კერძო სახლებში და ცხადად და თვალსაჩინოდ გვიჩვენებენ ერთობას ზეციურ და ქვეყნიურ ეკკლესიათა შორის.

ხატთა თაყვანის ცემის საფუძვლად საღმრთო წერილი იძლევა მრავალ მაგალითს ქერაბინთა თაყვანის ცემისას, ღვთის ნებით და ბრძანებით. ქერაბინთა სახენი მოსემ დადგა საწამებლის კარავში, რომელნიც ღვთის ბრძანებით გააკეთა. სჯულის კიდობნის თავზე მოსემ, ღვთის ბრძანებით, დადგა ორი ოქროს ქერაბინი მარჯვენა და მარცხენა მხარეზე. კრეტსაბმელზედ, რომელიც ჰქოფდა წმიდა წმიდათას წმიდა კარავისაგან და რომელიც უდრის ეხლანდელ ტაძრის კანკელს, იყო მოქარგული სახე ქერაბინთა. კარავს საწამებლისას კედლების და სახურავის მაგივრად ჰქონდა ფარდები, შიგნითა მხარეზედ მოქარგული ქერაბინები უდრიან ეხლანდელ ტაძრების კედლების და გუმბათის მოხატულობას. სოლომონ მეფის ტაძარში უფრო მეტი იყო ქერაბინთა სახენი. წმიდა წმიდათაში სოლომონმა დადგა ორი სახე -– ქანდაკი ქერაბინთა კვიპაროზისა მოოქროვილი და ტაძრის კურთხევის დროს ამ ქერაბინთა ფრთებ ქვეშ დასდგეს კიდობანი სჯულისა; ტაძრის ყველა კედლებზეც მეფე სოლომონმა გააკეთებინა ჩუქურთმიანი ქერაბინნი; კარებზედაც, რომელიც ჰქონდა წმ. წმიდათას და რომელიც ეხლანდელ აღსავლის კარებს უდრის, იყო ქერაბინთა სახენი; სტოვის კარებზეც იყო ქერაბინთა სახე. უფალმა არამც თუ არ ჩაუთვალა სოლომონს დანაშაულად ტაძარში ქერაბინების დადგმა, პირიქით, განსაკუთრებული სათნო-ყოფაც გამოუცხადა, როგორც ტაძრის ამშენებელს, ისე თვის ტაძარს. თუ ქერაბინთა სახენი გააკეთა მოსემ ღვთის ბრძანებით და ისინი იხარებოდნენ ტაძარში, არ იქნება წინააღმდეგობა სჯულისა, რომ ასეთივე ბრძანება ღვთისა განვრცელებულ იქნას ხატების ხმარებაზედ ეკლესიებში და მათ გარეშეც. ასეთი ხმარება რომ წინააღმდეგი ყოფილიყო ღვთის სჯულისა, ამას უთუოდ ბრძანებდნენ ქრისტეც და მოციქულებიც. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ქრისტეს არასოდეს არ უბრძანებია წყრომა ტაძრისა და მის წმიდა კუთვნილებათა, პირიქით, იცავდა ტაძარს, როგორც წმიდა და ღვთის საყოფელს ადგილს; მოციქულებიც ხშირად დადიოდნენ ტაძარში საქადაგებლად და სალოცავად და ამით დაამოწმეს, რომ ქრისტეანულ ტაძრებშიც შესაფერია და ნებადართულია წმ. გამოსახულებანი.

ანგელოზების და წმიდა კაცების ხატთან ერთად ქრისტეანეთა ეკლესია თაყვანსა სცემს ღვთაების ხატსაც. მამა ღმერთი იხატება, როგორც მხცოვანი, ძე ღვთისა იესო ქრისტე -– როგორც ბავშვი, ყრმა და ასაკოვანი კაცი, სული წმიდა - – როგორც მტრედი, სული წმიდის ნიჭები -– ცეცხლის ენათა მსგავსად.

რადგანაც ებრაელთა ერი მიდრეკილი იყო კერპთ-თაყვანის მცემლობისადმი, ამიტომ ძველ აღთქმაში აკრძალული ჰქონდა გამოხატვა ჭეშმარიტის ღვთისა რომელისამე განსაზღვრულის სახით, რომ ხალხს არ Eშეედარებინა იგი წარმართთა ღმერთებთან. ახალს აღთქმაში კი ღმერთი გამოსჩნდა ხორცითა და ჩვენ ვიხილეთ მისი დიდება, როგორც დიდება მხოლოდ შობილისა ძისა; იესო ქრისტე იყო ბრწყინვალესა დიდებისა და ხატი არსებისა ღვთისა. რომელმან მიხილა მე, მამაცა იხილაო, - უბრძანა მან ფილიპე მოციქულს. სული წმიდაც გამოცხადდა, როცა გარდმოვიდა იესო ქრისტეზე მტრედის და მოციქულებზე ცეცხლის ენათა სახით.Y ამ განცხადებათა შემწეობით დარწმუნდნენ, რომ მოვიდა დრო ღვთის თაყვანისცემისა ხატებითაც, რომ ხალხი სულიერად მომწიფდა და ღვთაების დახატვა განსაკუთრებულ სახეებით, რომლითაც იგი გამოცხადდა, არ იქნება მიზეზი ჭეშმარიტის ღვთის დადარების წარმართთა ცრუ ღმერთებთან.

საქრისტეანო ეკლესიაში ხატთა თაყვანის ცემას დასაწყისი აქვს უძველეს დროში. ძველ ეკლესიის გარდმოცემის თანახმად, პირველი ხატი იყო ხელთ უქმნელი ხატი მაცხოვრისა, რომელიც გამოიხატა ტილოზე თვით მაცხოვრისაგან ავგაროზ მეფესათან წარსაგზავნელად. ამგვარივე გარდმოცემა ხატების პირველ მხატვრად სთვლის ლუკა მოციქულს, რომელსაც მიაწერს ღვთის-მშობლის პირველ ხატის დახატვას. ამ რიგად, ჯერ ისევ მოციქულთა დროიდანვე შემოსულა ქრისტეანეთა შორის ხატების ხმარება. უეჭველია, რომ ქრისტეანობის პირველ და მეორე საუკუნეშიც ხატების თაყვანის ცემა გავრცელებული იყო მიუხედავად დევნულებისა. რასაკვირველია, სწორედ დევნულების შიშით ხატთა თაყვანისცემა არ იყო ცხადი და აშკარა. შიშისა გამო ქრისტიანენი მაცხოვრის ხატის მაგივრად ხმარობდნენ მაგ. ხატს კეთილის მწყემსისა, რომელსაც მხრებით კრავი მიჰყვანდა, იხმარებოდა აგრედვე სახე კრავისა, თევზისა, ლუზისა, ფარშავანგისა (ნიშანი უკვდავებისა), ტრედისა (სახე სულისა წმიდისა), ფენიქსისა. გარდა ამისა, მეორე და მესამე საუკუნეში იხმარებოდა კიდევ მაცხოვრის ცხადი ხატიც, ხატი ღვთის მშობლისა იესო ქრისტეთი ხელში, მოგვთა თაყვანის ცემა, აბრაამისაგან ისაკის მსხვერპლად შეწირვა, მოსესგან წყლის გამოდინება კლდიდგან და სხვა.

მეოთხე საუკუნიდან კი, როცა დასცხრა დევნულება წარმართთაგან, ხატები იხმარებოდა ყველგან – სახლებშიც და ეკლესიებშიც. მეშვიდე კრებამ კი საბოლოოდ დააკანონა ხატთა თაყვანის ცემა. სასწაულები, რომლებსაც იქმს ღმერთი წმ. ხატების შემწეობით, არის ერთი უდიდესი საბუთთაგანი ხატთა თაყვანის ცემის სასარგებლოდ.

დასასრულ, შემდეგნი მოსაზრებანიც ასაბუთებს ხატთა თაყვანის ცემის კანონიერებასა და სიკეთეს. თუ ბუნებრივია, რომ ყველას სურს იქონიოს სახე, ანუ სურათი საყვარელ და პატივცემულ კაცისა, რომლის ნახვაც პირადად არ შეუძლიან, განა ბუნებრივი არ არის, რომ ქრისტეანებმაც იქონიონ ხატები იქონიონ უფლისა, მის წმიდათა, ანგელოზებისა და წმ. კაცთა, რომ ამ ხატთა თაყვანის ცემით აზრით ამაღლდნენ პირველ ხატამდე? ხატები გაგვახსენებენ ღვთის აურაცხელ წყალობას და იმ დამოკიდებულებას, რომელიც უნდა ვიქონიოთ მათთან. იმ ღვაწლს, რომლითაც უნდა მივბაძოთ იმათ. ამიტომ ძველები ხატებს სამართლიანად უწოდებდნენ ყველასათვის ადვილად გასაგებ და ხელ მისაწვდომ წიგნებად.

ქვეყნიურ და ზეციურ ეკლესიის ერთობა გამოიხატება აგრეთვე ლოცვით და ქველმოქმედებით, ქვეყნიურ ეკლესიის წევრთა სარწმუნოებით და სინანულით გარდაცვალებულთათვის.

სიწმიდე ეკლესიისა. ეკლესია არის წმიდა იმოტომ, რომ წმიდაა მისი დამფუძნებელი და თავი –იესო ქრისტე და მისი მმართველი – სული წმიდა. იესო ივნო და ქრისტემ დასთხია სისხლი მისთვის, რომ ეკკლესია ჰყოს წმინდად და უბიწოდ. ისტორია ეკლესიისა მოწმობს, რომ ეკლესიაში მუდამ იყვნენ დიდისა და მაღალის სიწმიდის კაცები. მოწამენი, აღმსარებელნი, ღირსნი მმარხველნი, ნეტარნი, მართალნი, მაგრამ რადგან ეკლესიის სიწმიდის საფუძველი თავია მისი და არა წევრნი, და რადგან ეკლესიას აზრად აქვს განწმედა და სრულყოფა ცოდვილთა, ამიტომ მის წევრად ცოდვილნიც ითვლებიან. თვით მაცხოვარმა ამსგავსა ეკლესია ყანას, რომელშიც წმინდა პურთან ღვარძლიც არის, ბადეს, რომელსაც მოჰყვება ხოლმე კარგიც და უსარგებლო თევზიც. მაგრამ ცოდვილნი წევრნი სულაც არ უშლიან ხელს ეკლესიის სიწმიდეს, რადგანაც ეკლესიას აქვს ღონისძიება ცოდვილ წევრთა გასწორებისა. ზოგნი ცოდვილ წევრთაგანნი ეკლესიის მოქმედებით ინანებენ ცოდვებს, ხოლო ვინც მოუნანებელნი რჩებიან და არცა სურთ სინანული, ისინი განიკვეთებიან ეკლესიის სხეულიდან, როგორც უსარგებლო ასონი, ან ეკლესიის ხილულ მოქმედებით ან ღვთის უხილავის მოქმედებით. მათ ხელმეორედ შეუძლიანთ, მონანების შემდეგ, დაუბრუნდნენ ეკლესიას.

ეკლესიის სიწმიდესთან დაკავშირებულია მისი უცთომელობა. უცთომელობა დაფუძნებულია სიწმიდეზე, - ეკლესია უცთომელია იმიტომ, რომ წმიდაა, თვით მაცხოვარი არის თავი ეკლესიისა და ჰგიებს ეკლესიასთან საუკუნოდ, აღავსებს ეკლესიას. მაშ, შეუძლებელია, რომ ეკლესია შესცდეს, როგორც შეუძლებელია შესცდეს მისი დამაარსებელი ქრისტე და განმაცხოველებელი სული წმიდა. ამიტომ შეუმწიკვლელად ინახება ეკლესიაში საღმრთო ჭეშმარიტება.

ეკლესია იცავს ქრისტეს მოცემულს ჭეშმარიტებას უცვალებლად. ეს ჭეშმარიტება მონიჭებული გვაქვს ცხოვნების სახელმძღვანელოდ, - მისთვის, რომ შეგვეძლოს მართლად და საცხოვნებლად რწმენა ღვთისა და ღირსეულად თაყვანის ცემა მისი; ეს ჭეშმარიტება მოცემულია ყველა დროსთვის. თუ ამ ჭეშმარიტებას მოემატება რაიმე სიცრუე წარყვნით, მაშინ დაითრგუნება ღვთის სარწმუნოებაც და თაყვანის ცემაც. ამიტომ მოცემული ჭეშმარიტება უნდა ინახებოდეს სრულად, უცვალებელად, შეურყეველად. არც არაფერი უნდა მიემატოს, არც არაფერი უნდა მოაკლდეს. ამ რიგად, ეკლესიის უცთომელობის საგანია მხოლოდ ის ჭეშმარიტება, რომელიც მოცემულია საღმრთო განცხადებით. როცა ვამბობთ – ეკლესიის მოძღვრება უცთომელიაო, ამით ვამტკიცებთ მხოლოდ იმას, რომ ეს მოძღვრება უცვალებელია, იგივეა, რომელიც მოეცა დასაბამიდანვე.

მცველი ამ გარდმოცემულის ჭეშმარიტებისა არის თვითონ სხეული ეკლესიისა, ე. ი. მორწმუნენი, ანუ ერი. აღმოსავლეთის პატრიარქნი ბრძანებენ: "მცველი კეთილ მსახურებისა არის თვით სხეული ეკლესიისა, ანუ ერი". ამიტომ ამ შემთხვევაში შეუძლებელია გაყოფა ეკლესიისა ორ უთანასწორო ნაწილად – მასწავლებელ და მსმენელ ეკლესიად, თითქო სამღვდელოება, თანახმად თვისის ვალდებულებისა, შეგნებით იცავდეს ჭეშმარიტებას, ერი კი მხოლოდ მორჩილებით იღებდეს მონაწილეობას ჭეშმარიტების დაცვაში. ყოველი შვილი ეკლესიისა – მწყემსიც და არ მწყემსიც – ვალდებულია მიაღწიოს სიწმიდეს. ეკლესიის უცთომელობის გამომხატველნი არიან მსოფლიო კრებანი.

ეკლესია არის კათოლიკე. ანუ, მსოფლიო, განუსაზღვრელი დროთი, ადგილითა, ერით; ეკლესია შეიცავს ყველა დროის და ყოველგან მყოფ ჭეშმარიტ მორწმუნეებს.

ქრისტეს ეკლესია არ განისაზღვრება ადგილით: შეიცავს ცასა და ქვეყანას, რადგანაც ამ ეკლესიას ეკუთვნიან, როგორც ქვეყანაზე მყოფნი მორწმუნენი, ისე მიცვალებულნი აღდგომის სასოებით და სარწმუნოებით. თვით მაცხოვარმა უბრძანა მოციქულებს ექადაგნათ მთელ ქვეყანაზე მისი სჯული და იმიტომ მიეცათ ნიჭი სხვა-და-სხვა ენით ლაპარაკისა. ეკლესიის მსოფლიოობა არ მოითხოვს უთუოდ, რომ ყველგან არსებობდეს ქვეყნად; ეკლესია ვრცელდება თანდათანობით; ის არის კათოლიკე – მსოფლიო თავისის დანიშნულებით, ამიტომ ეკლესიას მოციქულთა დროშიც და პირველ საუკუნეებშიაც ეწოდებოდა კათოლიკე, თუმცა არ იყო ისე ვრცელი, როგორც შემდეგ და მისი საზღვრები Dდევნულების გამო შემოკლდებოდა ხოლმე.

ეკლესია არის კათოლიკე კიდევ იმიტომ, რომ არ განისაზღვრება დროთი. თვით ქრისტემ აღუთქვა მორწმუნეებთან ყოფნა აღსასრულამდე სოფლისა. შესაძლებელია მომავალში შემცირება ეკლესიისა, გაცემა მისი, როგორც თვით ქრისტეს ჰყავდა გამცემელი, მაგრამ შეუძლებელია ეკლესიის მოსპობა.

ეკლესია ღვთის არის სამოციქულო, ე. ი. გავრცელებული მოციქულთაგან, მათის ქადაგებით, შრომით და ღვაწლით, და იცავს მოციქულთაგან გარდმოცემულს სწავლა-მოძღვრებას უცვალებლად და მტკიცედ. ამიტომ, თუ რომელსამე ეკლესიას არა ჰყავს საფუძვლად მოციქული, ის არც არის ქრისტეს ეკლესია. ჭეშმარიტს ეკლესიაში უნდა იყოს ყოველივე ის, რაც იყო მოციქულთა დრტოის ეკლესიაში. ამიტომ, სამოციქულო ეკლესია მხოლოდ ის არის, რომელსაც აქვს თვით მოციქულთაგან მემკვიდრეობა სული წმიდის ნიჭთა ხელდასხმით, ე. ი. რომელშიც მემკვიდრეობა იერარქიისა შეუწყვეტლად მომდინარეობს თვით მოციქულთაგან და რომელიც იცავს სამოციქულო გარდმოცემას მოძღვრებისა, მღვდელთ-მოქმედებასა და ეკლესიის წეს-წყობილებაში.

ამ გვარი მემკვიდრეობა და ერთგულება სამოციქულო გარდმოცემათა დაცულია აღმოსავლეთის ეკლესიაში. არავის არ შესვლია ეჭვი, რომ ამ ეკლესიაში შეუწყვეტლად მიმდინარეობს ხელდასხმა მოციქულთა დროიდან და თვით მისი მტრებიც მოწმობენ, რომ აღმოსავლეთის ეკლესიამ დაიცვა მოციქულთაგან გარდმოცემული სწავლა-მოძღვრება და წეს-წყობილება. ამიტომ აღმოსავლეთის ეკლესიას სამართლიანად ეკუთვნის წოდება – მართლმადიდებელი ეკლესია.

მრწამსის მეათე წევრი

მრწამსის მეათე წევრი იკითხება ესრედ: აღვიარებ ერთსა ნათლის ღებასა მოსატევებლად ცოდვათა. ეს მუხლი შეიცავს სწავლას საიდუმლოთათვის, მაგრამ აქ მოხსენიებულია მხოლოდ ერთი საიდუმლო – ნათლის ღება, იმიტომ რომ ნათლის-ღება არის კარი, შემყვანებელი ქრისტეს ეკლესიაში, და კიდევ იმიტომ, რომ მრწამსის შედგენის დროს კამათი იყო, საჭიროა თუ არა მეორედ მონათვლა ზოგიერთი მწვალებლისაო და აი, ამის გადასაწყვეტად მრწამსში მოიხსენიეს, საკმარისია მხოლოდ ერთხელ ნათლის-ღებაო.

საიდუმლო არის თვით იესო ქრისტესგან დაწესებული საღმრთო მოქმედება, რომლითაც მოქმედობს მორწმუნეზე მადლი და ძალი ღვთისა. ამ რიგად საიდუმლოში გაირჩევა: 1) საღმრთო დაწესება, 2) ხილული მოქმედება და 3) უხილავი მოქმედება ღვთის მადლისა.

ღმერთი არის სერთად ერთი წყარო და მომცემი მადლისა, ამიტომ არავის სხვას, გარდა ღვთისა, არ შეეძლო დაწესება საიდუმლოებისა, რომელშიც კაცს ენიჭება მადლი. იესო ქრისტემ, რომელიც არის თავი ეკლესიისა და რომელმაც გგარდამოუვლინა მოციქულებს მადლი სულისა-წმიდისა, დააწესა წმიდანი საიდუმლონი ზოგი მკვდრეთით აღდგომამდე, ზოგიც აღდგომის შემდეგ, ორმეოც დღის განმავლობაში, როცა ეცხადებოდა მოციქულებს და ასწავებდა სასუფეველისათვის ღვთისა.

რიცხვი საიდუმლოთა. მართლმადიდებელი ეკლესია აღიარებს შვიდს საიდუმლოს: ა) ნათლის-ღება, ბ) მირონ-ცხება, გ) ზიარება, დ) სინანული, ე) მღვდელობა, ვ) ქორწინება, ზ) ზეთის კურთხევა. თუმცა ყველა საიდუმლოში კაცს ეძლევა მაცხოვნებელი ძალა ღვთისა, მაგრამ თვითეულს საიდუმლოშიც ეძლევა განსაკუთრებული მადლი.

საიდუმლოს აღსრულების დროს უნდა დაცულ იქმნას და აღსრულებულ ის, რაც არის ამ საიდუმლოში უცვალებელი, ღვთისაგან მოცემული კუთვნილება. თვითოეულ საიდუმლოს შესრულების დროს უნდა იხმარებოდეს ის ნივთიერება, რომელიც ბრძანა თვით საიდუმლოს დამწესებელმა (მაგ. ნათლის-ღებისათვის -– წყალი, მირონ-ცხებისათვის - მირონი, ზიარებისათვის - პური და ღვინო და სხვა) და განსაზღვრული ხილული ნიშანი (მაგ. ნათლის-ღებაში სამ-გზის წყალში შთაფლვა და სხვა). საიდუმლოს სინამდვილისათვის საჭიროა კიდევ "მოწვევა სულისა წმიდისა და ცნობილი ფორმა სიტყვათა, რომლებითაც მღვდელი განსწმენდს საიდუმლოს ძალითა სულისა წმიდისა". მოწვევა სულისა წმიდისა და წარმოთქმა დაწესებულ სიტყვათა აძლევს გარეგან მოქმედებას საიდუმლოს შესრულების დროს –საიდუმლო-მადლიან მნიშვნელობას.

ა) ნათლის-ღება

ნათლის-ღება არის საიდუმლო, რომელშიც მორწმუნე სხეულის წყალში სამ-გზის შთაფლვით და მოწოდებით ღვთისა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა განიწმიდება ცოდვისაგან და მეორედ იშვება ახალ სულიერ ცხოვრებისათვის. დაწესება ნათლის-ღებისა. ამ საიდუმლოს დაწესება შეეძლო მხოლოდ თვით ქრისტეს. ქრისტემდე იყო მხოლოდ ზოგიერთი წესი, რომელიც გარეგნობით ჰგავდა ნათლის-ღებას (მაგ. ნათლის-ცემა იოანესი, ურიათა წყლით განბანა). იოანესაგან ნათლის-ღებით თვით მაცხოვარმა განწმინდა და აკურთხა წყალიც და ნათლის-ღებაც. მაგრამ თვით დაწესება ნათლის-ღებისა, როგორც საიდუმლოსი, მოხდა იესოს მკვდრეთით აღდგომის შემდეგ, როცა ორმეოც დღის განმავლობაში ეცხადებოდა მოციქულებს და ასწავებდა. გამოეცხადა იესო მოციქულებს და უბრძანა: მომეცა მე ყოველი ხელმწიფება ცათა შინა და ქვეყანასა ზედა; წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი, და ნათელს სცემდით მათ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, და ასწავებდით მათ დამარხვად ყოველი, რაოდენი გამცენ თქვენ (მატთ. 28. 18-20); რომელსა ჰრწმენეს და ნათელ-იღოს, ჰსცხონდეს; ხოლო რომელსაც არა ჰრსწმენეს დაისაჯეს (მარკოზ. 16, 16). ამ სიტყვებით ნათლის-ღება არის საიდუმლო ყველასათვის და სამუდამოდ დაწესებული აღსასრულამდე სოფლისა. მოციქულებმა სულის წმიდის მოვლის შემდეგ ჰქადაგეს ქრისტეს მოძღვრება და ნათელ-სცეს მრავალთ. მათ შემდეგ ამ საიდუმლ;ოს ასრულებენ მღვდლები.

ხილული მხარე ნათლის-ღებისა. ნათლის-ღების საიდუმლოს ხილულს მხარეს ეკუთვნის: 1) მასალა საიდუმლოსათვის – წყალი, 2) შთაფლვა წყალში სამ გზის და 3) სიტყვები: ნათელს იღებს მონა ღვთისა სახელისა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა ამინ.

უხილავი მოქმედება ნათლის-ღებისა. ნათლის-ღებაში მორწმუნე განმართლდება და განიწმიდება, როგორც პირველ ქმნილ, ისე პირად, საკუთარ ცოდვებისაგან, რომელიც უქმნია ნათლის-ღებამდე. პეტრე მოციქული მაგ. უბრძანებდა ახალ მორწმუნეებს: შეინანეთ და ნათელს-იღეთ კაცად კაცადმან თქვენმან სახელითა იესო ქრისტესითა მისატევებლად ცოდვათა. წმიდა მოციქული ანანია ეუბნება სავლეს: აღსდეგ და ნათელ-იღე და განიბანენ ცოდვანი შენნი (საქ. მოც. 22, 16). პავლე მოციქული სწერს კორინთელთა, რათა განიბანნენ, განიწმინდნენ და განმართლდნენ სახელითა უფლისა იესოსითა.

ნათლის-ღება ბავშვთა. ნათლის-ღება საჭიროა ყველასათვის, როგორც ბრძანებს მაცხოვარი, უკეთუ ვინმე არა იშვეს წელისაგან და სულისა, ვერ ხელეწიფების შესვლად სასუფეველსა ღვთისასა (იოან. 3, 5). ეკლესია გვასწავლის, რომ ნათლის-ღება საჭიროა ბავშთათვისაც, რადგანაც ისინიც ექვემდებარებიან პირველ ქმნილს ცოდვას და ნათლის – უღებელად ვერ მიიღებენ ამ ცოდვის შენდობას. უფალმაც აგვიხსნა ესა, როცა ბრძანა პირდაპირ: უკეთუ ვინმე აქა იშვეს, ე. ი. ქრისტე მაცხოვრის მოსვლის შემდეგ ყველანი, ვისაც უნდა შესვლა ზეცათა სასუფეველში, უნდა მეორედ იშვნენ. ხოლო თუ ბავშვებს ესაჭიროებათ ცხონება, მაშადამე, ნათლის-ღებაც ესაჭიროებათ. ისინი კი, ვინც მეორედ არა შობილან და არ მიუღიათ შენდობა პირველ ქმნილ ცოდვისა, თანამდებ არიან საუკუნო სასჯელისა ამ ცოდვისათვის და არც სცხონდებიან. მაშასდამე, ბავშთათვისაც საჭიროა ნათლის-ღება (ეპისტ. აღმოსავლეთის პატრ). ბავშვთა ნათლის-ღების საბუთიც ისიც არის, რომ ძველს აღთქმაში ღმერთმა უბრძანა მოსეს ბავშვთა წინადაცვეთა; ახალს აღთქმაში წინადაცვეთა შეიცვალა ნათლის-ღებით, მაშასადამე, თუ ბავშვები წინადაიცვითებოდნენ, უნდა მოინათლნენ კიდეც. ბავშვთა ნათლის-ღება ეკლესიაში შემოღებულია მოციქულთა დროიდან. მოციქულებმა მონათლეს მთელი ოჯახი კორნილიოსისა, დვიდიასი, სტეფანაისი; უეჭველია ამ ოჯახებში ბავშვებიც იქმნებოდნენ.

რადგანაც ბავშვებს არ შეუძლიანთ აღიარონ, ან დაამტკიცონ თავისი სარწმუნოება, ამიტომ მათ ნათელს სცემენ მშობელთა და მიმქმელთა, რომ აღზრდიან და განამტკიცებენ მართლმადიდებელ სარწმუნოებაში ნათლულებს, სანაცვლოა ბავშვთა სარწმუნოებისა. სახარებიდან ვიცით მაგალითები, რომ მაცხოვარი, ამა თუ იმ კაცის სარწმუნოების მეოხებით, ჰკურნებდა სნეულებას, - მაგალ. ქანანელის ქალის ეშმაკისეულის ასულის განკურნება, განკურნება ყრუ-მუნჯისა (მატთ. 15, 22-28), (მარკ. 9, 17-26). სხვის სარწმუნოების მეოხებით არა მარტო სხეულზედ, სულზედაც-კი გადმოდიოდა მადლი ღვთისა; ასე მოჰხდა განკურნება განრღვეულისა, რომელიც მოიყვანეს იესუსთა და ჩაუშვეს სახლის სახურავიდან; მაცხოვარმა იხილა სარწმუნოება განრღვეულის მომყვანთა, მიუტევა განრღვეულს ცოდვანი და შემდეგ განკურნა კიდეც.

ნათლის-ღება სრულდება ერთხელ და მისი გამეორება აღარ შეიძლება. ნათლის-ღება არის სულიერი შობა, ხოლო რადგანაც კაცი ხორციელად ერთხელ იშვება, სულიერი შობაც ერთი უნდა იყოს.

ნათლის-ღების ჟამს იხმარება ზოგიერთი წესი, რომელსაც აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, შეფუცება. მღვდელი შეფუცების ლოცვებში, იესო ქრისტეს სახელით, უბრძანებს ეშმაკს განვიდეს მოსანათლად განმზადებულ ბავშვისაგან და ნუღარ დაბრუნდება; შემდეგ მიმქმელი ნათელ-ღებადის მაგივრად სამ-გზის აღიარებს, რომ განაგდებს სატანას და შეუდგება ქრისტეს და სწამს იგი, ვითარცა ღმერთი და მაცხოვარი და წარიკითხავს მრწამსს. წყალში შთაფლვის წინ ნათელ-ღებადს სცხებენ ზეთს, ქრისტესთან შეერთების ნიშნად; წყლიდან აღმოყვანის შემდეგ, აცმევენ თეთრ სამოსელს, ნიშნად სულისა განწმედისა, აძლევენ ჯვარს, ნიშნად სურვილისა იესოს მცნების აღსრულებისა: რომელი ჰნებავ შემოდგომად ჩემდა, უარ ჰყვან თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე (მატ. 16, 24), დასასრულ, მოჰკვეცენ ჯვარის სახედ თმას, ნიშნად ქრისტეს მორჩილებისა.

ბ)მირონ-ცხება

ნათლის-ღებით კაცი იშვება სულიერ ცხოვრებისათვის და, განწმენდილ-განმართლებული, შედის ქრისტეს სასუფეველში, მაგრამ, როგორც ბუნებრივს ცხოვრებაში კაცისთვის შობის შემდეგვე საჭიროა ჰაერი, სინათლე, საზრდო, ისე სულიერ ცხოვრებაში განსამტკიცებლად კაცისათვის საჭიროა მადლი და ძალი სულის წმიდისა. მირონ ცხება არის საიდუმლო, რომელშიაც მორწმუნეს სხეულის ნაწილთა ნაკურთხს მირონის ცხებით, სული წმიდის სახელით, ეძლევა ნიჭნი სულისა წმიდისანი, აღმაღორძინებელნი და განმაძლიერებელნი სულიერს ცხოვრებაში.

სახარებაში ცხადად არის მოხსენებული, რომ მირონ ცხება დაწესებულია იესო ქრისტესაგან, მაგრამ, უეჭველია, რომ ეს საიდუმლო ღვთის დაწესებულია. იესო ქრისტე ცხადად ასწავლიდა, რომ ყველა მორწმუნე მიიღებს სული წმიდის მადლს (იოან. 8, 27-39). მოციქულებიც მოქმედებდნენ სული წმიდის შთაგონებით და გარდმოიწვევდნენ ხოლმე სული წმიდის მადლს იმ მორწმუნეებზე, რომელნიც უკვე ნათელღებულ იყვნენ, ხელ-დასხმით, რომელიც მალე თვითონ მოციქულებმავე შესცველეს მირონ-ცხებით. როცა ფილიპე დაიკონმა მონათლა სამარიელები და შეატყობინა ეს ამბავი იერუსალიმში მყოფ მოციქულებს, ამათ გაჰგზავნეს სამარიელებთან მოციქულები პეტრე და იოანე იმ აზრით, რომ გარდმოეწვიათ მათზე მადლი სულისა წმიდისა. ასევე პავლე მოციქულმა ხელ-დასხმით გადმოიწვია სული წმიდა მონათლულ ეფესელებზე. აქედან სჩანს, რომ მოციქულების დროს გაირჩეოდა ერთმანეთისაგან ნათლის-ღება და სული წმიდის მადლის გადმოწვევა ხელ-დასხმით და რომ ეს გადმოწვევა ისევე საჭიროდ ითვლებოდა მორწმუნეთათვის, როგორც ნათლისღება.

ახალ აღთქმის სხვა საღმრთო წიგნებიდან სჩანს, რომ მოციქულთა დროსვე შემოიღეს ხელ-დასხმის მაგიერ, მირონის ცხება მორწმუნეთაგან სული წმიდის ნიჭთა მისაღებად. ამის მიზეზი ალბად ის იყო, რომ ნათელღებულთა სიმრავლის გამო მოციქულები ვერ ახერხებდნენ ყველას ხელ-დასხმას და ამიტომ დაიწყეს კურთხევა მირონისა, რომელსაც, მათის ნებართვით, მღვდელნი სცხებდნენ ნათელ-ღებულთ.

ხილული გარეგანი მხარე მირონ ცხებისა ის არის, რომ მორწმუნეს ეძლევა მადლი სულისა წმიდისა, საჭირო სულიერ ცხოვრებისათვის. ამასთან განიწმიდება მთელი არსება ქრისტეანისა და შეიქმნება ღვთის სახლად და სული წმიდის სადგურად. შუბლის მირონ-ცხებით განიწმიდება გონება და აზრი, თვალების და ყურების ცხებით -– გრძნობანი, მკერდის ცხებით განიწმიდება გული და გულის თქმანი, ხელთა და ფეხთა ცხებით განიწმიდება ყოველივე საქმე და მოქმედება ქრისტეანესი. მირონ-ცხება არ გაიმეორება ისევე, როგორც ნათლის-ღება. მართლმადიდებელ მეფეთა მირონ-ცხება არ არის ცალკე საიდუმლო, არამედ უმაღლესი საშუალება სული წმიდის ნიჭთა მოცემისა დიდ სამეფო მსახურებისათვის.

გ) ზიარება

ზიარება არის საიდუმლო, რომელშიაც მორწმუნე, პურისა და ღვინის სახით, მიიღებს იესო ქრისტეს ჭეშმარიტს ხორცს და ჭეშმარიტს სისხლს საუკუნოდ საცხოვრებლად.

ეს წმიდა საიდუმლო ზიარებისა იესო ქრისტემ დააწესა თავის ვნების და სიკვდილის წინ საიდუმლო სერობაზე, როცა აღიღო პური, აკურთხა, განსტეხა, მისცა მოციქულებს და უბრძანა: მიიღეთ და სჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი; შემდეგ აიღო სასუმელი, აკურთხა, გადასცა მოციქულებს და უბრძანა: ჰსუთ ამისგან ყოველთა, ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქმისა; შემდეგ დაუმატა: ამას იქმოდეთ მოსახსენებლად ჩემდა. ამ რიგად დაწესდა ერთი უდიდესი ახალ აღთქმის საიდუმლოთაგანი. იესოს მცნების თანახმად, მოციქულები მუდამ ასრულებდნენ ამ საიდუმლოს, მაცხოვრის მოსახსენებლად. სრულდება ეს საიდუმლო ეხლაც და შესრულდება მუდამ, ვიდრე არსებობს ქვეყნიერება.

ხილული მხარე ზიარებისა. ზიარების საიდუმლოს ხილული მხარეა მასალა, რომელიც იხმარება საიდუმლოსათვის -– პური და ღვინო და ღვთის მსახურება, რომელზედაც სრულდება თვით ეს საიდუმლო. პური, რომელიც იხმარება საიდუმლო ზიარებისათვის, უნდა იყოს ხორბლისა, გაღვივებული, სუფთად მომზადებული და გამოცხობილი. თვით იესომ, საიდუმლო სერობის დროს, როცა დააწესა ზიარება, განუტეხა და მისცა მოციქულებს გაღვივებული პური.

ზიარებისათვის შემზადებულს პურს ეწოდება "ტარიგი", რადგანაც წარმოადგენს თავით თვისით ვნებულს იესო ქრისტეს, ისე როგორც ძველს აღთქმაში ქრისტესვე წარმოადგენდა ტარიგი პასექისა.

ღვინო ზიარებისათვის უნდა იყოს ნამდვილი ყურძნის წვენი, სუფთად დაყენებული, წითელი; საიდუმლოს აღსრულების დროს, ღვინოში ურევენ წყალს მოსახსენიებლად იმისა, რომ იესო ქრისტეს გვერდიდან გადმოვიდა სისხლი და წყალი, როცა უგმირა ლახვარი ერთმა მხედართაგანმა.

მღვდელ-მოქმედებას, რომელზედაც მზადდება მასალა ამ საიდუმლოსათვის, ეწოდება ლიტურგია, ანუ წირვა, ხოლო იმ ნაწილს წირვისას, რომელზედაც სრულდება თვით საიდუმლო - –ლიტურგია მართალთა. მღვდელი იტყვის მაცხოვრის სიტყვებს: მიიღეთ და სჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი, ჰსუთ ამისგან ყოველთა, ესე არს სისხლი ჩემი... შემდეგ წინა დაგებულ ძღვენზე (პურსა და ღვინოზე) გარდმოიწვევს სული წმიდას ლოცვით და სიტყვებით: გარდმოავლინე სული შენი წმიდა ჩვენზედა და წმიდასა ამას ძღვენსა ზედა და, დასასრულ, აკურთხებს სამ-გზის პურსა და ღვინოს შემდეგი სიტყვების წარმოთქმით: "ჰყავ უკვე პური ესე პატიოსან ხორც ქრისტეს შენისა, ხოლო ბარძიმისა ამას შინა - პატიოსან სისხლ ქრისტეს შენისა, - შესცვალე სულითა შენითა წმიდითა". ამ სიტყვების წარმოთქმის დროს, სრულდება დიდი და კაცის გონებისათვის მიუწვდომელი საიდუმლო, პური და ღვინო გარდაიქცევა ქრისტეს ჭეშმარიტ ხორცად და სისხლად. თუმცა მიუწვდომელია კაცის გონებისათვის საიდუმლო პურისა და ღვინის შეცვლისა სისხლად და ხორცად, მაგრამ ეკლესია მაინც იძლევა რაოდენსამე განმარტებას ასაცილებლად არა სწორ წარმოდგენათა ამ საიდუმლოს შესახებ.

ა) თუმცა პური და ღვინო გარდაიქმნება ქრისტეს სისხლად და ხორცად, მაგრამ ქრისტე იმყოფება ამ საიდუმლოში, არა მარტო ხორცით და სისხლით, არამედ მთელის არსებით, როგორც ღმერთი სრული და კაცი სრული; რომელი სჭამდეს ხორცსა ჩემსა და სმიდეს სისხლსა ჩემსა, ჩემგან ჰგიეს და მე მისთანა, - ბრძანა იესომ.

ბ) თუმცა მორწმუნეთა საზიარებლად ქრისტეს სისხლი და ხორცი განიყოფება ბევრ ნაწილად, მაგრამ აქ განიყოფება მხოლოდ სახე პურისა და ღვინისა, რომელთაც ვხედავთ, თორემ თავის თავად კი სისხლი და ხორცი განუყოფელია. თვითეულს შეცვლილ პურს და ღვინის პატარა ნაწილში იმყოფება არა რომელიმე პატარა ნაწილი უფლის ხორცისა და სისხლისა, არამედ მთელი ქრისტე ღმერთ-კაცი: ამიტომ მსოფლიო ეკლესია მუდამ ამბობს: "განიტეხების და განიყოფის ტარიგი ღვთისა, რომელი განიტეხების და არა განიყოფის, მარადის იჭამების, და არა დაილევის, არამედ მაზიარებელთა განსწმენდს". მიმღებელი შეცვლილ სისხლისა და ხორცის მცირე ნაწილისა მიიღებს მთელს ქრისტეს.

ც) თუმცა ერთსა და იმავე დროს სრულდება ქვეყანაზე მრავალი წირვა, მაგრამ ყველგან ერთი და იგივე ქრისტეა ჭეშმარიტად და ნამდვილად და ყველა ეკლესიაში არის მისი ერთი და იგივე სისხლი და ხორცი. ეს იმიტომ კი არა, რომ ხორცი უიფლისა, რომელიც არის ზეცას, ჩამოდის ეკლესიაში, არამედ იმიტომ, რომ ჭური და ღვინო, რომელიც ცალკ-ცალკე მზადდება სხვა-და-სხვა ეკლესიაში და შეიცვლება სისხლად და ხორცად, ერთ და იმავედ ხდება ღვთის ხორცთან, რომელიც არის ზეცას. უფალს ყოველთვის აქვს ერთი ხორცი და არა ბევრი ბევრს ადგილს.

შინაგანი მოქმედება ზიარებისა მორწმუნეზე. ზიარება იესო ქრიტემ დანიშნა სულიერ საზრდოდ მორწმუნეთათვის და ამ საზრდოს მიმღებელნი მორწმუნენი მიიღებენ დიდთა კეთილთა სულისათვის. სულიერად და ხორციელად მორწმუნენი უკავშირდებიან იესოს: რომელი სჭამდეს ხორცსა ჩემსა და სმიდეს სისხლსა ჩემსა, ჩემთანა ჰგიეს და მე მისთანა. იესო ქრისტეს სისხლის ღირსეულ მზიარებელთა ეძლევათ მიტევება ცოდვათა, რადგანაც თვით მაცხოვარმა ეს საიდუმლო დააწესა მისატევებლად ცოდვათა. მაზიარებელი იესოს სისხლისა და ხორცისა ხდება მონაწილე საუკუნო ცხოვრებისა - რომელი სჭამდეს ხორცსა ჩემსა და სმიდეს სისხლსა ჩემსა, აქენდეს ცხოვრება საუკუნო და მე აღვადგინო იგი უკანასკნელსა მას დღესა. ზიარება საჭიროა ყოველ ქრისტეანესათვის და პირველნი ქრისტეანენი ეზიარებოდნენ ხოლმე ყოველ კვირას.

დ) სინანული

სინანული არის საიდუმლო, რომელშიაც მორწმუნე აღმსარებელი ცოდვათა მღვდლის წინაშე, მიიღებს ცოდვათა მიტევებას იესო ქრისტესაგან უხილავად.

ეს საიდუმლო დააწესა იესო ქრისტემ, როცა უბრძანა მოციქულებს: მიიღეთ სული წმიდა უკეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ მათ; და უკეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ, შეპყრობილ იყვნენ (იოანე, 20, 22-23).

ხილული მხარე საიდუმლოსი. ხილული მხარე სინანულის საიდუმლოსი ის არის, რომ მორწმუნე აღიარებს ცოდვებს ღვთის წინაშე მღვდელთან და მღვდელი კითხულობს ლოცვას, რომელშიაც ევედრება ღმერთს, შეუნდე აღმსარებელს ცოდვანიო. უხილავი მოქმედება ამ საიდუმლოსი ის არის, რომ ცოდვათა აღმსარებელი უხილავად თვით ქრისტესაგან განიკურნება და განიწმიდება ცოდვათაგან, ურიგდება ღმერთსა და წმ. ეკლესიას. იოანე მოციქული ბრძანებს: უკეთუ აღვიარნეთ ცოდვანი ჩვენნი, სარწმუნო არს და მართალ, რათა მოგვიტევნეს ჩვენ ცოდვანი ჩვენნი და განწმიდნეს ჩვენ ყოვლისაგან სიცრუისა (იოანე, 1, 9).

როდის და როგორ უნდა ესარგებლნათ ეკლესიის მწყემსთ იესოსგან მინიჭებულ უფლებით ცოდვათა მიტევებისა, ამაზე იესო ქრისტეს პირდაპირ არა უბრძანებია რა, მაგრამ, თუ მივხედავთ მისს მოძღვრებას, მივხვდებით, რომ ცოდვათა მიტევება ამ შემთხვევაში შეიძლება მხოლოდ იმ პირობით, თუ აღმსარებელი გულწრფელად ინანიებს ცოდვებს და აქვს მტკიცედ გადაწყვეტილი, აღარ შესცოდოს, თუ მტკიცედ სწამს ღვთის წყალობა, თუ აღიარა ცოდვები, როგორც უძღებმა შვილმა, მეზვერემ. ზაქემ, ცოდვილმა დედაკაცმა, რომელმაც ცრემლებით განბანა იესოს ფეხები; ყველა ამათ მიიღეს მიტევება ცოდვათა მხოლოდ მას შემდეგ, როცა არა მარტო შეინანეს, არამედ აღიარეს კიდეც ცოდვები.

მოციქულებიც სარგებლობდნენ ქრისტესაგან მოცემულ უფლებით, მაგ. პავლე მოციქულმა შეუნდო ცოდვები ეფესელებს. ხანდახან, დიდ ცოდვათა და სინდისის ქენჯნის გამო, მღვდელი აღმსარებელს დაადებს ეპიტემიას, ანუ საკანონოს, ურჩევს აღასრულოს ისეთი საქმე, რომელიც შეაძლებინებს ცოდვილ ჩვეულებათა ძლევას, მაგ. ზარმაცებს ურჩებს ხშირად სიარულს წირვა-ლოცვაზედ, ანგარებს - მოწყალების გაცემას და სხვა. მძიმე ცოდვისათვის მღვდელს შეუძლიან, სულაც არ აზიაროს მორწმუნე.

ე) მღვდელობა

მღვდელობა არის საიდუმლო, რომელშიაც კანონიერად არჩეულ მორწმუნეს სული წმიდა, მღვდელთ-მთავრის ხელდასმით, დაადგენს აღსასრულებლად საიდუმლოთა და მწყემსად ქრისტეს ეკლესიისა.

საიდუმლო მღვდელობა დაწესებულია იესო ქრისტესაგან. მან გამოირჩია თორმეტი მოციქული, მისცა ხელმწიფება მოძღვრებისა და საიდუმლოთა შესრულებისა; ამაღლების შემდეგ, მაცხოვარმა გარდამოუვლინა სული წმიდა მოციქულებს, რომელმაც მისცა სამსახურებლად საჭირო ძალი. მოციქულები ქადაგებდნენ ქრისტეს სწავლას სხვა-და-სხვა ქვეყანაში, ირჩევდნენ მორწმუნეთაგან ღირსეულთ, რომლებსაც ხელდასმით ეძლეოდათ მადლი მღვდელობისა; ამ რიგად არჩეულ იქმნენ დიაკონნი დაEშემდეგ ხუცესნი (მღვდელნი) და, დასასრულ ეპისკოპოზნი, რომელთაც მოციქულებმა გადასცეს თავისი საღმრთო უფლება ხელ-დასხმისა რჩეულთა და მომზადებულთა.

ხილული მხარე საიდუმლოსი მღვდელთ-მთავრის ხელდასხმაა, რომელიც შეკავშირებულია ლოცვასთან, საიდუმლო ესე ყოველთვის სრულდება წირვაზე საკურთხეველში.

ეპისკოპოსად ხელდასხმა სრულდება შესვლის შემდეგ, მღვდლად - ძღვენთა კურთხევის შემდეგ. მღვდლად და დიაკონად კურთხევა შეუძლიან ერთს ეპისკოპოზს, ეპისკოპოზის კურთხევაში კი მონაწილეობა უნდა მიიღოს ორმა ეპისკოპოზმა მაინც. უხილავი მოქმედება ამ საიდუმლოსი ის არის, რომ მორწმუნეს მღვდელთ-მთავრის ხელდასხმით ეძლევა, თანახმად მის მომავალ მსახურებისა, სამღვდელო მადლი სულისაგან წმიდისა. ამის შესახებ ცხადად უბრძანებს პავლე მოციქული ტიმოთე მღვდელთ-მთავარს: მოგახსენებ შე განცხოვალებად მხურვალედ მადლსა მას ღმრთისასა, რომელი არს შენთანა დასხმითა ხელთა ჩემთათა; იგივე მოციქული ეუბნება ეფესელ მწყემსთ: ეკრძალენით თავთა თქვენთა და ყოველსავე სამწყსოსა, რომელსა ეგე თქვენ სულმან წმიდამან დაგადგინა მოღვაწედდა მწყსად ეკლესიასა უფლისა ღმრთისასა, რომელი მოიგო სისხლითა თვისითა (საქმე მოციქ. 20, 28).

გარჩევა მღვდელობის ხარისხითა. მღვდელობაში გაირჩევა სამი ხარისხი: ა) ეპისკოპოზისა, ბ) მღვდლისა და დ) დიაკონისა. ეპისკოპოზობა არის უმაღლესი ხარისხი ეკლესიაში. ეპისკოპოზი არის მასწავლებელი სჯულისა და აღმასრულებელი ყველა საიდუმლოთა; მისგან იღებენ ხელდასხმას მღვდელი და დიაკონი. მღვდელი ასრულებს ზოგიერთ საიდუმლოს ეპისკოპოზის ხელდასხმით და ნებართვით; დიაკონი მხოლოდ მსახურობს საიდუმლოთა შესრულების დროს; შესრულება საიდუმლოთა და მღვდელთ-მოქმედება არ შეუძლიან. საიდუმლო მღვდელობა არ განიმეორება.

ვ) ქორწინება

ქორწინება არის საიდუმლო, რომელშიაც ეკლესია აკურთხებს სასიძოსა და სასძლოს მეუღლურს კავშირს სახედ ქრისტეს სულიერ კავშირისას ეკლესიასთან და ითხოვს მათთვის მადლს ერთსულობისას შვილთა შობისათვის და ქრისტეანულად აღზრდისათვის.

თვით ღმერთმა დააწესა და აკურთხა მეუღლური კავშირი სამოთხეშივე, როდესაც მიუყვანა ადამს ცოლი ევა და უთხრა: აღორძინდით და განმრავლდით და აღავსეთ ქვეყანა. ახალს აღთქმაში თვით მაცხოვარმა აკურთხა მეუღლეთა ქორწილი კანას გალილიას მისვლით ქორწილში და საბოლოვოდ დაამტკიცა კანონი ქორწინებისა, როცა ბრძანა: როცა იგი ღმერთმა შეაუღლნა, კაცნი ნუ განაშორებნ (მატთ. 19, 6). პავლე მოციქული ქორწინებას ჰრაცხს დიდ საიდუმლოდ; საიდუმლო ესე დიდ არს, ხოლო მე ვიტყვი ქრისტესათვის და ეკლესიისა (ეფ. 5, 33). მაშ საიდუმლო ქორწინება ყოფილა განუყრელი კავშირი სიყვარულისა, მსგავსი ქრისტეს კავშირისა ეკლესიასთან.

ქორწინების ხილული მხარეა Fაღთქმა სასიძოსი და სასძლოსი ეკლესიისა და მღვდლის წინაშე, რომ ერთმანეთის თანხმობით და არა იძულებით იქორწინებენ და დაიცვენ კავშირს განუყრელად ცხოვრების დასასრულამდე: კურთხევა მათ კავშირისა მღვდლისაგან, როცა დაადგავს თავზედ გვირგვინს და იტყვის: უფალო ღმერთო, დიდებითა და პატივითა გვირგვინოსან ჰყავ ესენი.

უხილავი მხარე ამ საიდუმლოსი ის არის, რომ თვით ღმერთი საიდუმლოდ აკურთხევს, ამტკიცებს მათს კავშირს სახედ თავის კავშირისა ეკლესიასთან და აძლევს მადლს შვილების აღსაზრდელად. ქორწინება არ არის სავალდებულო ყველა მორწმუნესათვის, ვისაც შეუძლიან დაიცვას სიწმიდე და სურს შესწიროს თავისი ძალა ღვთის და მოყვასთან სამსახურს, იმას ქრისტე და მოციქულები ურჩევენ უქორწინებლად დარჩენას (მატთე. 19, 11-12). (1 კორ. 7, 38, 32-33, 38).

ზ) ზეთის კურთხევა

ზეთის კურთხევა არის საიდუმლო, რომელშიაც სხეულის ნაწილთა ნაკურთხს ზეთის ცხების დროს მოიწვევის სნეულზე მადლი ღვთისა, განმკურნებელი სულიერ და ხორციელ უძლურებათა.

საიდუმლო ზეთის კურთხევისა დაწესებულია იესო ქრისტესაგან. მან წარგზავნა მოციქულები ურიასტანის სოფლებსა და ქალაქებში და მისცა ხელმწიფება ყოველთა სენთა და უძლურებათა განკურნებისა; მოციქულებიც ჰქადაგებდნენ და სცხებდეს ზეთსა მრავალთა სნეულთა და განჰკურნებდეს (მარკ. 6, 13). შემდეგ ეს საიდუმლო მოციქულებმა გადასცეს მღვდელებს, როგორც სჩანს წმ. იაკობ მოციქულის სიტყვებიდგან: უძლურ თუ ვინმე არს თქვენს შორის, მოუწოდენ ხუცესთა ეკლესიისათა და ილოცონ მის ზედა, და ჰსცხონ მას ზეთი სახელითა უფლისათა; და ლოცვამან სარწმუნოებისამან აცხოვნოს სნეული იგი, და აღადგინოს იგი უფალმან; დაღაცათუ ცოდვაი რაიმე ექმნეს, მიეტეოს მას (იაკობ. 5, 14-15).

ხილული მხარე ზეთის კურთხევისა არის შვიდ-გზის ცხება ნაკურთხ ზეთითა და ღვინით სნეულის შუბლისა, ნიკაპისა, ლოყებისა, ხელებისა, გულის ლოცვა, რომლითაც მღვდელი სთხოვს ღმერთს განკურნოს სნეული: სახარების დასვენება სნეულის თავზე.

უხილავი მხარე ამ საიდუმლოსი ის არის, რომ სნეული იკურნება სენთა და ცოდვათაგან. ზეთის კურთხევა უნდა შეასრულოს შვიდმა მღვდელმა, მაგრამ, თუ შვიდი ვერ შეიკრიბა, ერთიც შეასრულებს.

მრწამსის მეთერთმეტე წევრი

მეთერთმეტე წევრი მრწამსისა წარიკითხვის ესრედ: მოვედი აღდგომასა მკვდრეთით. მრწამსის მეთერთმეტე წევრი შეიცავს სწავლას მკვდრეთით აღდგომაზე.

აღდგომა მკვდრეთით არის აღდგომა და განცხოველება ღვთის ძალით თვით იმ სხეულთა, რომელნიც შეერთებულ იყვნენ სულებთან ამ ცხოვრების განმავლობაში.

ახალ აღთქმის საღმრთო წერილი სიცხადით ამტკიცებს მომავალ აღდგომის სინამდვილეს. იესო ქრისტე ბრძანებს: მოვალ ჟამი, რომელსაც ყოველთა რომელნი იყვნენ საფლავებსა, ისმინონ ხმისა მისისა ( ძისა ღვთისა) და გამოვიდნენ კეთილის მოქმედნი აღდგომასა ცხოვრებისასა, ხოლო ბოროტის მოქმედნი აღდგომასა სასჯელისასა (იოან. 5, 28-29). პავლე მოციქულიც ბრძანებს მკვდართა აღდგომისათვის და ხსნის მკვდართა აღდგომას პურის მარცვლის მსგავსებით, რომელიც ჯერ უნდა დალპეს და მერე ამოვიდეს.

აღდგებიან მკვდრეთით ყველა მიცვალებულნი, მართალნიც, ცოდვილნიც, მორწმუნენი და ურწმუნონიც ერთსა და იმავე დროს - ქრისტეს მოსვლის დღეს. ამ რიგად, აღდგომა მკვდართა იქნება საყოველთაო და ერთ-დროებითი.

განახლება ცოცხალთა. იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის დროსთვის ყველანი არ მოკვდებიან ხორციელად, არამედ ზოგნი ცოცხლად დარჩებიან, მაგრამ რადგანაც ხრწნილები უხრწნელებას ვერ დაიმკვიდრებს (1 კორ. 15, 50), ამიტომ ცოცხლად დარჩენილთა სხეულები, ერთად მკვდრებისებთან, უხრწნელნი შეიქმნებიან, სწრაფის განახლების გამო. წმ. პავლე მოციქული სწერს კორინთელებს; აჰა ესერა საიდუმლოსა გითხრობ თქვენ: ყოველთავე არა შევისვენოთ, არამედ ყოველნივე განვახლდეთ მყესა შინა წამსა თვალისასა უკანასკნელითა მით საყვირითა; რამეთუ საყვირსა დაეცეს და მკვდარნი იგი აღსდგენ უხრწნელნი და ჩვენ განვახლდეთ; რამეთუ ჯერ არს ხრწნილისა ამის შემოსვად უხრწნელებაი და მკვდართა ამის შემოსვად უკვდავებაი (1 კორ. 15, 51-53). სხვა ეპისტოლეში იგივე მოციქული ბრძანებს: ჩვენ ცხოველნი ესე, რომელნი დაშთომილნ ვიყვნეთ მოსვლასა მას უფლისასა, ვერ მივეწივნეთ შესვენებულთა მათ: მკვდარნი იგი ქრისტეს მიერნი აღსდგნენ პირველად (შედარებით ცოცხლებთან), მაშინღა ჩვენ ცხოველნი ესე, რომელნი დაშთომილნ ვიყვნეთ, მათ თანავე აღვიტაცნეთ ღრუბლითა შემთხვევად უფლისა ჰაერთა ზედა (1 თეს. 4, 14-17). როგორც აღდგომა მკვდართა იქნება საყოველთაო, აგრედვე განახლდებიან ყველანი, ვინც კი დარჩებიან ცოცხლად იესოს მოსვლამდე.

თვისება მკვდრეთით აღდგომილ და განახლებულ სხეულთა. არსებით მკვდრეთით აღდგომილთ ხორცი იქნება ისეთივე, როგორც ეხლა არის, მაგრამ ექნება ახალი თვისებანი: ჯერ არს ხრწნილისა ამის შემოსვად უხრწნელებაი და მოკვდავისა ამის შემოსვად უკვდავებაი. ე. ი. ხორცმა, რომელსაც ახლა ჰფლობს სული, უნდა შეიმოსოს უხრწნელობა და უკვდავება და არა რომელსამე სხვამ.

პავლე მოციქული გვიჩვენებს იმ თვისებასაც, რომელიც ექნება მკვდრეთით აღდგომილს და განახლებულს ხორცს - დაეთესვის ხრწნილებით, და აღსდგების უხრწნელებით; დაეთესვის გინებით, და აღსდგების დიდებით; დაეთესვის უძლურებით, და აღსდგების ძლიერებით; დაეთესვის ხორცი მშვინვიერი, და აღსდგების ხორცი სულიერი (1 კორ. 42, 44). ამ სიტყვებიდან სჩანს, რომ მკვდრეთით აღდგომილთა და განახლებულთა სხეული იქნება: ა) უხრწნელი, ე. ი. არ განიხრწნება, არ მიეცემა სნეულებას, ტკივილს და უძლურებას; აღარ იქნება მათთვის საჭირო სასმელ-საჭმელი; ბ) ძლიერი, ეხლანდელ უძლურ სხეულის მაგიერ. უძლურება ჩვენის სხეულისა ის არის, რომ იმყოფება გარეგან გავლენის ქვეშ; იმაზედ მოქმედებს ჰაერი, სასმელ-საჭმელი; მკვდრეთით აღდგომის და განახლების შემდეგ კი ხორცი აღარ იგრძნობს დაღალვას, აღარ დასჭიორდება დასვენება და ძილი, სასმელი და საჭმელი. დიდების სასუფეველში აღარ იქნებიან მოხუცნი და ბავშვები, რომლებსაც ეჭირვებოდათ მოვლა-პატრონობა და სხვის ყურის-გდება.

მკვდრეთით აღდგომილი სხეულები იქნებიან სულიერნი და არა მშვინვიერნი, როგორც ეხლა. ეხლანდელი ხორცი მეტ ნაწილად მშვინვიერია; კაცის სულსა და ხორცს შორის ბრძოლაა; ხორცი იმორჩილებს სულს და ბატონობს იმაზედ; აღდგომის შემდეგ კი ხორცი ჩვენი იქნება სულიერი, უკვდავი, უვნებელი; ხორცი შეიქნება სულის მორჩილ იარაღად. დასასრულ, დიდება იქნება გვირგვინი სხეულის ყველა თვისებათა, მას მიენიჭება ყველა მისთვის მისაწვდომი სისრულე და წაერთმევა შეურაცხყოფა. განახლება ქვეყნისა და ქმნილებათა. წინაპართა ცოდვის გავლენით ხილული ქვეყანაც დამორჩილებულია ხრწნილებისაგან: ეხლანდელი ქვეყანა ისეთი არის, როგორც იყო უფლისაგან შექმნის დროს. ქრისტეს მეორედ მოსვლის ჟამს, როცა აღსდგებიან მკვდარნი და განახლდებიან ცოცხალნი, ბუნება და ქვეყანაც განთავისუფლდება წინაპართა ცოდვის შედეგის გავლენისაგან და განახლდება, შეიქმნება უხრწნელი და ცოდვისა აღარა შერჩება-რა.

მდგომარეობა მიცველებულების სულთა საზოგადო აღდგომამდე. სიკვდილი თვითოეულის კაცისა არის განშორება სულისა და ხორცისა, ხორცი იქცევა მიწად, სული კი, ხორცისაგან განშორების შემდეგაც, განაგრძობს სიცოცხლეს; მაგრამ ეს სიცოცხლე სულისა, ხორცის სიკვდილის შემდეგ, ყველასათვის ერთნაირი არ არის. მართალთა სულნი მხოლოდ გრძნობენ ნეტარებას. ცოდვილთანი კი გრძნობენ ტანჯვას. მაგრამ ეს ნეტარება და ტანჯვა არ არის საბოლოვო და საუკუნო. "გვრწამს, რომ მიცვალებულთა სულნი ნეტარობენ ანუ იტანჯებიან საქმეთაებრ მათთა. მაგრამ არ განიცდიან არც სრულს ნეტარებას, არც სრულს ტანჯვას, რადგანაც სრულს ნეტარებას, ანუ სრულს ტანჯვას თვითოეული მიიღებს საზოგადო აღდგომის შემდეგ" (ეპისტ. აღმოს. პატრ.). ასეთი მდგომარეობა სულისა გადასწყდება ხოლმე კერძო განკითხვაზე. ეს განკითხვა იწოდება კერძოდ, რათა განვარჩიოთ საზოგადო განკითხვისაგან, რომელიც იქნება სოფლის აღსასრულის ჟამს.

რომ ნეტარება მართალთა და ტანჯვა ცოდვილთა იწყება სიკვდილის შემდეგვე, ეს მტკიცდება საღმრთო წერილით. იესო ქრისტეს იგავიდან ვიცით, რომ ლაზარე მაშინვე, სიკვდილის შემდეგ, წაიღეს ანგელოზებმქა აბრაამისწიაღში; მონანებულ ავაზაკს იესომ უბრძანა, დღესვე ჩემთან იქნები სამოთხეშიო, ე. ი. მაშინვე, სიკვდილის შემდეგვე. რადგანაც კერძო განკითხვა არ არის საბოლოვო, ამიტომ იმ მორწმუნეთა სულნი, რომელთაც ვერ მოასწრეს მონანება ცოდვათა და მიიცვალნენ, განთავისუფლდებიან ცოდვათაგან ეკლესიის ლოცვით.

მრწამსის მეთორმეტე წევრი

მეთორმეტე წევრი მრწამსისა წარიკითხვის ესრედ: და ცხოვრებასა მერმისა მის საუკუნისასა. ამინ. მრწამსისმეთორმეტე მუხლი შეიცავს სწავლას მომავალ საუკუნო ცხოვრების შესახებ, რომელიც დადგება ყოველთა აღდგომის და ქრისტეს საშინელ განსჯის შემდეგ; მართალთათვის ეს ცხოვრება იქნება საუკუნო ნეტარებად, ხოლო ცოდვილთათვის - საუკუნო სასჯელად.

საუკუნო ნეტარება მართალთა. ნეტარება მართალთა ისეთი სრული იქნება, რომ კაცი დაუახლოვდება ღმერთს; რადგანაც ღმერთი არის წყარო ყოვლისავე სისრულისა, ამიტომ, ამ დაახლოების გამო, განვითარდება ყოველ მხრივ კაცის ყოველივე სულიერი ნიჭი. მართალნი დაუახლოვდებიან აგრეთვე წმიდანთ, ანგელოზთ. თვით განახლებული ბუნება, რომელშიაც აღარ იქნება არაფერი ბოროტება, - გახდება მართალთათვის წყარო ნეტარებისა; ნეტარებაში მიიღებს მონაწილეობას ხორციც, რომელიც გაბრწყინებულ იქნება ღვთის ნათელით, როგორც გაბრწყინდა იესო ქრისტეს სხეული თაბორზე ფერის-ცვალებით. ხარისხი მართალთა ნეტარებისა. ნეტარება ყველა მართალთა ერთნაირი არ იქნება. ღმერთი ღვითეულს მიაგებს საქმეთა მისთაებრ. ვინც როგორ იღწვოდა ამ სოფელში და წარემატებოდა კეთილს საქმეში, ისე მიიღებს ნეტარებას მომავალს ცხოვრებაში. მართალთა ნეტარების გარჩევის შესახებ პავლე მოციქული ბრძანებს: სხვა დიდება არს მზისა, და სხვა დიდება არს მთოვარისა, და სხვა დიდება არს ვარსკვლავთა, რამეთუ ვარსკვლავი ვარსკვლავს ჰმატს დიდებითა; ეგრედვე აღდგომა მკვდართა ( 1 კორ. 15, 41-42). თუმცა დიდება და ნეტარება მართალთა ერთნაირი არ იქნება, მაგრამ თვითეული მათგანი კმაყოფილი იქნება თავის ხვედრისა, რადგან ნეტარების თვით უკანასკნელი ხარისხიც კი მაღალი იქნება. შურიანობას სასუფეველში ადგილი არა აქვს. ეს ნეტარება იქნება საუკუნო, ანუ დაუსრულებელი.

საუკუნო ტანჯვა ცოდვილთა. ცოდვილნი, ურწმუნონი და უსჯულონი, საშინელ განსჯის შემდეგ, მიეცემიან საუკუნო სატანჯველს ეშმაკტან ერთად: წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკთათვის და ანგელოზთა მისთათვის (მატთე, 25, 41). ცოდვილთა საყოფელს ადგილს საღმრთო წერილში ეწოდება სხვა-და-სხვა სახელი: ჯოჯოხეთი, უფსკრული, ბნელი გარესკნელი. ტანჯვა ცოდვილთა ისე დიდი და დაუსრულებელია, რომ იქ იქნება ტირილი და ღრჭენა კბილთა.

ცოდვილთ ტანჯვაც არ იქნება ერთნაირი, არამედ შესაფერი შეცოდებათა, რადგანაც ღმერთი ყველას მიაგებს საქმეთა მისთაებრ. მრწამსი თავდება სიტყვით - ამინ, რაც ნიშნავს - ჭეშმარიტად, იყოს ესე. ამ სიტყვის წარმოთქმით მრწამსის ბოლოში ვამოწმებთ, რომ ყოველივე მრწამსში ნათქვამი არის უეჭველი და უცვალებელი ჭეშმარიტება.

ნაწილი მეორე - ზნე-მოძღვრებითი

კავშირი საქრისტეანო ზნეობასა და სარწმუნოებას შორის

სახარებიდან ვიცით, რომ იესო ქრისტეს არ გაუყვია ერთმანეთისაგან სარწმუნოება და ზნეობა. ის იმასაც ასწავლიდა, თუ როგორ უნდა გვწამდეს ღმერთი და იმასაც, როგორ უნდა ვიცხოვროთ სარწმუნოების თანახმად. მართლაცა და, სარწმუნოებისა და ზნეობის მოძღვრება განუყოფელია ერთმანეთისაგან. თუ გულით გვრწამს, რომ ღმერთი არის, ზრუნავს ჩვენთვის, ცხადია, უნდა დავემორჩილნეთ, ვიცნათ და თაყვანის ვსცეთ; თუ გვრსწამს, რომ ძე ღვთისა მოვიდა ჩვენს საცხოვრებლად, სიკვდილისა და წყევისაგან გამოსახსნელად, ვალდებულნიცა ვართ შევიყვაროთ ჩვენი მაცხოვარი, რომელმაც დასვა თავი თვისი ჩვენთვის და აღვასრულოთ მისი მცნებანი. თუ გვრწამს, რომ ყველანი ძმები ვართ, როგორც ერთის წინაპრისაგან, ადამისაგან წარმომდგარნი და ქრისტეს სისხლით გამოსყიდულნი, რომ უყვარვართ ღმერთს, როგორც შვილები, ცხადია, რომ ჩვენც უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი, როგორც ერთის მამის შვილებს. დასასრულ, თუ გვრწამს, რომ ქრისტემ დააფუძნა ეკლესია და თვითონ უხილავად იმყოფება ამ ეკლესიაში, ჩვენც უნდა ვიყვნეთ ერთგულნი და მორჩილი შვილები ეკლესიისა. ზემო ნათქვამიდან ცხადია, რომ შეუძლებელია გაცალკევება ქრისტეანულ ზნეობისა დოღმატური სწავლისაგან, მხოლოდ ზნეობითის მოძღვრების მიჩნევა სავალდებულოდ; თუ უარ-ვყავთ სარწმუნოების დოღმატები, მაშინ აღარც ერთს ზნეობითს მოთხოვნას აღარ ექნება საფუძველი და მტკიცე ნიადაგი.

მართალია, კაცის ბუნებას მინიჭებული აქვს შინაგანი ზნეობითი კანონი, ანუ სვინიდისი, რომელიც უწონებს კაცს ყოველსავე კეთილს მოქმედებას და ამხელს ბოროტისათვის, მაგრამ იგივე სვინიდისი ყოველთვის ცხადად არ ამბობს - თუ რა არის ბოროტი და რა არის კეთილი. სხვა-და-სხვა ერს სხვა-და-სხვანაირად ესმის კეთილი და ბოროტი: რაც ერთს მიაჩნია კეთილად, იმას მეორე ბოროტად სთვლის: კაცმა რომ ხშირად დაარღვიოს სვინიდისის ბრძანება, შეიძლება დააყრუოს იგი იმ ზომამდე, რომ სვინიდისი მთლად გაჩუმებული იქნება უსაძაგლეს მოქმედების დრეოსაც-კი. ცხადია, თვით სვინიდისისათვის საჭირო ყოფილა ხელმძღვანელი, და, აი ეს ხემძღვანელია ზნეობითი სჯული ღვთისა, რომელსაც ღმერთი უცხადებდა ერს გამორჩეულთ პირით - მამათ-მთავართა და წინასწარმეტყველთა მიერ ძველს აღთქმაში და იესო ქრისტესა და მის მოციქულთა მიერ ახალში. ეს სჯული განიყოფება ძველ აღთქმის, ანუ მოსეს სჯულად და ახალ აღთქმის ანუ სახარების სჯულად.

სჯული მოსესი

მოსეს სჯული ეწოდება იმ ბრძანებათა და მცნებათ, რომელიც ღმერთმა მოსეს მიერ მისცა ებრაელებს. სჯული მოსესი შეეხება ებრაელთა ცხოვრების ყოველ წვლილს. უმთავრესი შინაარსი მოსეს სჯულისა ათს მცნებაშია მოთავსებული. საღმრთო ისტორია ათის მცნების მოცემის შესახებ შემდეგს მოგვითხრობს: მოსე წინასწარმეტყველმა, ღვთის ბრძანებით, გამოიყვანა ებრაელნი ეგვიპტიდან და, სასწაულებრივ მეწამულ ზღვის განვლის შემდეგ, მიიყვანა სინას მთასთან. აქ, ღვთის ბრძანებით, ებრაელნი მოემზადნენ სჯულის მისაღებად. ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ, მეორმოცდაათე დღეს ღმერთმა მისცა მათს წინამძღოლს, წინასწარმეტყველს მოსეს სჯული და უბრძანა, უმთავრესნი მცნებანი ამ სჯულისა დაეწერა ქვის ორ ფიცარზე, პირველზე ეწერა ის მცნებანი, რომელნიც განსაზღვრავენ კაცის ვალდებულებას ღვთის წინაშე: 1-4 მც., მეორეზე - რომელნიც განსაზღვრავენ კაცის ვალდებულებას კაცთა წინაშე; 5-10. მოსეს სჯულის ზნეობითი კანონები და მცნებანი სავალდებულოა ქრისტენეთათვისაც, რადგანაც ქრისტემ მიიღო და შეავსო.

აი ეს მცნებანი:

ა) მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი ჩემსა გარეშე.

ბ) არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი, რაოდენ არს ცათა შინა - ზე, და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა - ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა - ქვეშე ქვეყანისა: არა თაყვანი სცე მათ, არცა მსახურებდე მათ.

ც) არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა.

დ) მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმიდა ჰყავ იგი: ექვს დღე იქმოდე და ჰქმენ მათ შინა ყოველივე საქმე შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე - შაბათი - არს უფლისა ღვთისა შინა.

ე) პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყვე ქვეყანასა ზედა.

ფ) არა კაც-ჰკლა.

გ) არა იმრუშო

ჰ) არა იპარო.

ი) არა ცილი სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა.

ჯ) არა გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა, არა გული გითქმიდეს სახლისათვის მოყვასისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არც მონისა მისისა, არცა მხევლისა მისისა, არცა ხარისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვარისა მისისა, არცა ყოვლისა მისთვის, რაიცა იყოს მოყვასისა შენისა.

პირველი მცნება

პირველი მცნება ღვთის სჯულისა იკითხება ესრედ: მე ვარ ღმერთი შენი, და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი, ჩემსა გარეშე. პირველი მცნება გვავალებს ღვთის ცნობას და თაყვანისცემას ერთის ჭეშმარიტის ღმერთისას.

ა) უნდა ვეცადოთ და ვიცნათ ჩვენი სემოქმედი ღმერთი. თუმცა უხილავია და მიუწდომელი არსებით, მაგრამ მან გამოაცხადა თავითვისი ქვეყნის შექმნით, ძველის აღთქმის წინასწარმეტყველთა და იესო ქრისტეს მიერ. ღვთის ცნობა არ უნდა განისაზღვრებოდეს მხოლოდ დოღმატების და სხვა-და-სხვა ისტორიულ შემთხვევათა შესწავლით; ცნობა ღვთისა უნდა გამოცხადდეს და მტკიცდებოდეს ჩვენის ცხოვრებითა და მოქმედებით.

ბ) გულმოდგინედ უნდა ვისმენდეთ სწავლა-მოძღვრებას ღვთის შესახებ ეკლესიაში. ამისათვის კი საჭიროა ხშირად სიარული ეკლესიაში წირვა-ლოცვაზე, რომელიც მწყობრი და დიდებული ღვთის ქება-პდიდებაა. საჭიროა აგრედვე საუბარი საღმრთო საგნებზე სახლშიც. თაყვანის-ცემა ღვთისა. რადგანაც კაცი შესდგება სულისა და ხორცისაგან, ამიტომ ღვთის თაყვანის-ცემაც ორნაირია: თაყვანისცემა შინაგანი და თაყვანის-ცემა გარეგანი.

შინაგანი თაყვანის-ცემა

ა) რწმენა ღვთისა, ე.ი. გულით დაჯეტრება და ცხოველი რწმენა სულისა ღვთის არსებობისა, თვისებისა და მოქმედებისა. მაგალითი ცხოველის სარწმუნოებისა არის მამა-მთავარი აბრამი, რომელიც მსხვერპლადაც-კი სწირავდა ისაკს და მრავალნი ნეტარნი მამანი, რომელთაც ყოველივე დაუტევეს ღვთისათვის.

ბ) შიში ღვთისა, ე. ი. კრძალულება მის წინაშე, მორიდება იმ საქციელისა, რომელიც კი გაარისხებს ღმერთს.

ც) სასოება ღმერთზე, - მინდობა მისი.

დ) სიყვარული ღვთისა ყოვლითა სულითა, გულითა და გონებითა.

ე) მორჩილება ღვთისა, ე. ი. ასრულება ყოველის მისის ბრძანებისა და უდრტვინველად მიღება მისგან მოვლენილ განსაცდელისა.

ფ) თაყვანის-ცემა მისი, როგორც უმაღლესის არსებისა.

გ) დიდება მისი, როგორც ყოვლად სრულისა.

ჰ) მადლობა მისი, როგორც შემოქმედისა და მაცხოვრისა და

ი) მოწოდება ღEვთისა, როგორც ყოვლად სახიერისა და ყოვლად შემძლებელისა.

გარეგანი თაყვანის-ცემა

ა) აღსარება ღვთისა, ე. ი. ცხადად და აშკარად აღიარება წინაშე ყოველთა, რომ ის არის ცვენი ღმერთი, აღიარება ისეთის სიმტკიცით და გულწრფელობით, რომ ვერც მოტყუებამ, ვერც მუქარამ, ვერც ტანჯვამ და ვერც თვით სიკვდილმა ვერ გვათქმევინოს უარი ღმერთზედ.

ბ) მონაწილეობის მიღება საზოგადო ღვთის-მსახურებაში. ღვთის მსახურებაში მონაწილეობის მიღებით და წირვა-ლოცვაზედ დასწრებით ჩვენ ვამტკიცებთ მორჩილებას; გარდა ამისა, საზოგადო ღვთის მსახურება განამტკიცებს მორწმუნეთა შორის სიყვარულსა და ძმობას; აქ ჩვენ როგორც შვილები ერთის მამისა, შევადგენთ ერთს ოჯახს და ერთითა გულითა ვადიდებთ და ვმადლობთ ღმერთსა და ვლოცულობთ ყველა ჩვენთა საჭიროებათათვის.

ცოდვანი პირველ მცნების წინააღმდეგ. რომ უფრო შეგნებით აღვასრულოთ პირველი მცნება ღვთის სჯულისა, საჭიროა ვიცოდეთ მისი საწინააღმდეგო ცოდვანი. ეს ცოდვანია:

ა) უღვთოობა - უარყოფა ღვთის არსებობისა. რაიცა იმით წარმოსდგება, რომ კაცი ცოდვის გამო შორდება ღმერთს, ივიწყებს და ბოლოს იმ აზრზემერთი არ არისო. ამისთანა კაცისათვის მართლაც არ არსებობს ღმერთი, რადგანაც არცა ჰხედავს და არცა ჰგრძნობს ღმერთს არც თავის სულში და არც ბუნებაში. ამისთანა კაცს საღნრთო წერილი უგუნურებს უწოდებს.

ბ) მრავალ ღმერთობა - თაყვანის-ცემა მრავალ ღმერთთა ერთის მაგიერ; თაყვანის-ცემა ქმნილებათა შემოქმედის მაგიერ.

ც) ურწმუნოება - უარყოფა ღვთის განგებულებისა, რომ ღმერტი განაგებს კაცისა და ქვეყნის საქმესა.

დ) ერესი - შერყვნაა საქრისტეანო სწავლა-მოძღვრების რომელისამე დოღმატისა, მაგ. არიოსის ერესი იყო შერყვნა ეკლესიის სწავლისა ქრისტეს პიროვნების შესახებ, მაკედონიოსისა - სულის წმიდის შესახებ.

ე) განდგომილება სჯულისაგან - უარყოფა ჭეშმარიტისა სჯულისა და სარწმუნოებისა კაცთა შიშითა, ან ქვეყნიურ სარგებლობისათვის. ეს დიდი და მძიმე ცოდვაა, რადგანაც ჭეშმარიტი სჯული ქრისტესი უნდა იყვეს ყველაფერზე ძვირფასი.

ფ) სასოწარკვეთილება - იმედის დაკარგვა ღვთისაგან ცოდვათა მიტევებისა და წყალობის მიღებისა. სასოწარკვეთილება არის ცოდვა სულის წმიდის წინააღმდეგ და არ მიეტევება კაცს არც საიქიოს და არც სააქაოს. სასოწარკვეთილების მაგალითი არის იუდა გამცემელი.

გ) გრძნეულება - დატოვება ჭეშმარიტის ღვთის სარწმუნოებისა და რწმენა ბუნების დაფარულ; და მეტ ნაწილად კი ბოროტ ძალთა.

ჰ) ცრუ მორწმუნეობა - რწმენა უბრალო და ჩვეულებრივ მოვლენისა, რომელსაც აქვს ვითომ და ღვთიური ძალა და ან შიშს ეძლევიან და ან სასოებას მის წინაშე. მაგ. ცხვირის დაცემინება, თვალის თამაშობა და სხვა.

ი) მცონარება ლოცვაში, რაიცა მოწმობს იმას, რომ კაცს ნაკლებად აქვს ცხოველი სარწმუნოება ღვთისა და სასოება მისი.

ჯ) სიყვარული ქმნილებისა უფროს შემოქმედისა, როცა უმეტესად უყვართ კაცი, ან ცხოველი, ან სხვა რაიმე საგანი და ღმერთი კი დავიწყებული ჰყავთ.

კ) კაცზე სასოება არის დაკარგვა სასოებისა და იმედისა ღვთის მოწყალებაზე, როცა კაცს კაცის იმედი უფრო აქვს, ვიდრე ღვთისა.

თაყვანის-ცემა ანგელოზთა და წმიდათა არ ეწინააღმდეგება პირველ მცნებას, რომელიც გვიბრძანებს მხოლოდ თაყვანის და პატივის-ცემას იმიტომ, რომ წმიდათა და ანგელოზთა თაყვანის-ცემით ჩვენ თაყვანსა-ვცემთ ღმერთს, საკვირველს წმიდათა შორის თვისთა, რომელმაც მისცა მათ ესეთი სისრულე და დიდება.

მეორე მცნება

მეორე მცნება იკითხება ესრედ: არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მზგავსი, რაოდენი არს ცათა შინა - ზე, და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა - ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა - ქვეშე ქვეყანისა; არა თაყვანს-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ.

კერპი არის გამოსახულება რომელისამე ქმნილებისა, ცის მნათობისა, ცხოველისა, ფრინველისა, კაცისა რომელსაც თაყვანსა-სცემენ და ემსახურებიან ჭეშმარიტის ღვთის მაგიერ. გარდა ამის, კერპი არის ყოველივე ის, რასაც კაცი მისდევს თავგამოდებით და ამის გამი ივიწყებს თავის მოვალეობა ჭეშმარიტის ღვთისა და სულისადმი. მაგ. ბევრი მისდევს მხოლოდ სიმდიდრის შეძენას, მისი კერპი არის სიმდიდრე; ზოგი მთელს სიცოცხლეს ანდომებს თავის თავმოყვარეობის დაკმაყოფილებას, ზოგი ხორცის ფუფუნებასა და სიამოვნებას ეძებს. მეორე მცნება გვიკრძალავს ამ გვარს კერპთ-თაყვანის-მცემლობასაც. მაცხოვრის სიტყვით, კაცს არ შეუძლიან ერთსა და იმავე დროს თაყვანის-ცემა და მონება ორთა უფალთა. ერთს მათგანს უთუოდ უპირატესობას მისცემს.

მაგრამ უეჭველია, უმეტესად სცფოდავენ მეორე მცნების წინააღმდეგ ისინი, რომელნიც მისდევენ მაგ. ლოთობას, ბანქოობას და საზოგადოდ გარყვნილ ცხოვრებას და ღმერთებად გაუხდიათ ხორციელნი ვნებანი. მიყოლა ამ ცოდ ჩვეულებათა სრულიად ავიწყებს კაცს ღვთისა და მოყვასის სამსახურს. ჰვნებს ჯანის სისაღეს და ხშირად თავს აკვლევინებს კაცს. მეორე მცნებას არ ეწინააღმდეგება თაყვანის –ცემა ღვთისა და წმიდა კაცთა ხატებისა, წმ. ნაწილებისა და ჯვრისა, იმიტომ, რომ, ეკლესიის სწავლის თანახმად, ქრისტეანენი თაყვანს-სცემენ არა იმ მასალას, რომლისაგანაც არის დახატული ხატი, არამედ იმას, რომელიც იმაზეა გამოხატული.

მესამე მცნება

მესამე მცნება იკითხება ესრედ: არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა.

ეს მცნება გვიკრძალავს ღვთის სახელის წარმოთქმას წარამარად, ამაოდ, ანუ ტყუილად, როცა არ არის საჭირო, როგორც ხშირად იცის ხოლმე ზოგმა საუბრისა და სახუმარო ლაპარაკის დროლს. მესამე მცნება გვიკრძალავს:

ღვთის გმობას, ანუ უკადრის და უშვერ სიტყვის თქმას ღვთის წინააღმდეგ;

დრტვინვას ღვთის განგებულებაზე;

ქირდვას, ანუ დაცინვას და გინებას ღვთისას და საღმრთო საგნებისას;

ცრუ ფიცს, ანუ დამოწმებას ღვთის სახელით იმისას, რაც ნამდვილი არ არის;

ლოცვისადმი უყურადღებობას.

ფიცის გარდახდომას, ფიცის და ღვთისათვის მიცემულ აღთქმათა დარღვევას.

ამ რიგად მესამე მცნება ამტკიცებს და აძლიერებს პირველ ორი მცნების აზრს. ღმერთს ისე უნდა ვცემდეთ პატივსა და თაყვანს, რომ მისი სახელი ამაოდ არ იხსენებოდეს.

იესო ქრისტემ ბრძანა: მე გეტყვი თქვენ არა ფუცვად ყოვლადვე, არამედ იყავნ სიტყვა თქვენი: ჰე, ჰე, და არა, არა; ხოლო უმეტესი ამათსა უკეთურისაგან არს (მატთე, 5 34-37).

ამ სიტყვებით მაცხოვარმა შეავსო და განმარტა ძველის აღთქმის მოძღვრება ფიცის შესახებ. ძველი აღთქმა უბრძანებდა კაცს აღესრულებინა ფიცი, ქრისტე კი გვიბრძანებს, ვიცხოვროთ ისე, რომ ფიცი სრულიად საჭირო აღარ იყოს; ვიყვეთ მართალნი და არა ცრუნი, მაშინ საკმარისი იქნება მხოლოდ "ჰო" და "არა". მაგრამ რადგანაც ეხლა კაცთა საზოგადოებაში არსებობს ცოდვა, სიცრუე და უნდობლობა, ამიტომ საჭიროა ნათქვამის სიმართლის დამტკიცება უწმიდესის ღვთის სახელით, რომ ფიცი მართლა საჭიროა, ვიდრე კაცთა შორის არსებობს ბოროტება და სიცრუე, რომ ქრისტეს ჭეშმარიტების დასამოწმებლად ფიცი არ აღუკრძალავს, ამას ვხედავთ სახარებიდან. კაიაფა მღვდელთმთავარს, რომელმაც ქრისტეს მოსთხოვა ფიც ქვეშ (გაფუცებ შენ ღმრთისა ცხოველისა) ეთქვა, ძე ღვთისა ხარ თუ არაო, მან მიუგო: "შენ სთქუ". თავის თავად ფიცი, როგორც მოკრძალებითი წარმოთქმა ღვთის სახელისა, არ არის ცოდვა, არამედ არის ლოცვით მოწვევა ღვთის სახელისა.

მეოთხე მცნება

მეოთხე მცნება იკითხება ესრეედ: მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმიდა ჰყავ იგი: ექვს დღე იქმოდე და ჰქმენ მათ შინა ყოველივე საქმე შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე შაბათი არს უფლისა ღვთისა შენისა.

ამ მცნებით ღმერთი ებრაელებს უბრძანებდა შაბათის დაცვას სიწმიდით და მოსვენებით მოსაგონად იმისა, რომ ღმერთმა მეშვიდე დღეს განისვენა საქმეთა თვისთა და ამ დღეს უწოდა შაბათი - განსვენება. საქრისტეანო ეკლესიაში კი, მოციქულთა დროიდან, შაბათის მაგივრად, დღესასწაულობენ კვირიაკის პირველ დღეს - კვირას - ქრისტეს აღდგომის დღეს, რადგანაც ეს დღე არის დღე ჩვენის გამოხსნისა.

ქრისტეანებს, გარდა კვირა დღისა, სხვა დღესასწაულებიცა აქვთ, ამიტომ მეოთხე მცნების ბრძანება შაბათის დღესასწაულისა და წმიდად დაცვისა შეეხება, გარდა კვირისა, სხვა დღესასქაულებსაც, რომელიც დაწესებულია ქრისტეს, ღვთის-მშობლის და წმიდათა პატივის და თაყვანის-საცემლად.

დღესასწაულობა კვირა-უქმეებისა ის არის, რომ ქრისტეანემ უნდა დაანებოს თავი ყოველ-დღიურ ჩვეულებრივ საქმე-მუშაობას, ილოცოს სახლში და ეკლესიაში, იკითხოს სულისათვის სასარგებლო წიგნები და ჰქმნას ქველი საქმე. მაგალითი იმისი, თუ როგორ უნდა გაატაროს ქრისტეანემ კვირა-უქმე დღეები, არის ქრისტე მაცხოვარი, რომელიც ყველა დღესასწაულს და შაბათს დადიოდა ხოლმე იერუსალიმის ტაძარში და იქმოდა კეთილ საქმეთა. ქრისტემ არ გაამტყუნა მოციქულები, რომელნიც შაბათს-დღეს თავთავსა გლეჯდნენ და ჭამდნენ; ფარისევლებს სიტყვით და საქმით ასწავლიდა, რომ შაბათს შეიძლება კეთილის საქმის ქმნა, რადგანაც შაბათია გაჩენილი კაცისათვის და არა კაცი შაბათისთვისაო. ამითომ შეიძლება კვირა-უქმე დღესაც გააკეთოს ყოველივე ის, რაც აუცილებლად საჭიროა და რაც კი დაეხმარება მის წარმატებებს სათნოებასა და კეთილ საქმეში.

გარდა დღესასწაულებისა, მართლმადიდებელმა ეკლესიამ დააწესა კიდევ მარხვები. დღესასწაულებს და მარხვებს აქვთ დიდი და აღმზრდელი მნიშვნელობა ყველა ქრისტეანესათვის, რადგანაც მათის წესიერად დაცვით და აღსრულებით მტკიცდება კაცის ხასიათი, ნება და ბუნება. მაგრამ რომ ჩვენი მარხულობა ჭეშმარიტი იყოს, არამც თუ არ უნდა მივიღოთ აკრძალული, არამედ სამარხვო საჭმელიც ზომიერად და დანიშნულ დროზე უნდა მივიღოთ ხოლმე. უნდა დაუტევოთ ყველა ცუდი ჩვეულება, მძლე ვექმნათ და ვიმარხულოთ არა ორგულობით, კაცთა საჩვენებლად.

მეხუთე მცნება

მეხუთე მცნება იკითხება ესრედ: პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათ კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყვე ქვეყანასა ზედა.

მეხუთე მცნება გვიბრძანებს დედ-მამის - მშობლების პატივისცემას და ამისათვის აღგვითქვამს დღეგრძელობას და სიკეთეს. თვით ბუნებამ მჭიდროდ შეაკავშირა მშობლები და შვილები; ამიტომ სრულიად ბუნებრივია შვილებისაგან მშობელთა პატივის-ცემა და სიყვარული; ვინც წინააღმდეგია მშობლებისა, ის წინააღმდეგია თვით ბუნებისა. თვით მაცხოვარმა გვიჩვენა მაგალითი მშობელთა მორჩილებისა და პატივის-ცემისა - ქრისტე ემორჩილებოდა იოსებსა და მარიამს. შვილები უნდა დაემორჩილნენ მშობლებს იმ შემთხვევაშიაც-კი, როცა ჰხედავენ მათს ნაკლულევანებას. სიყვარული, პატივისცემა და მორჩილება სასარგებლო და საკეთილოა შვილებისათვის. ამით სიყრმითვე ეჩვევიან პატიოსნებას, თავაზიანობას, ზრდილობას და მორჩილებას.

გარდა მშობლებისა, უნდა პატივი-ვცეთ და დავემორჩილნეთ იმათ, ვინც ზრუნავენ ჩვენთვის და მშობლების მაგივრობას ეწევიან. ესენი არიან: ჩვენი ნათლიები, მოძღვარი, რომელიც გვასწავლის ღვთის სჯულს, ჩვენზე უფროსები ხნით, ხელმწიფე იმ ქვეყნისა, რომელშიაც ჩვენ ვცხოვრობთ, რადაგანაც ხელმწიფე ზრუნავს ქვეყნისა და მცხოვრებთა მშვიდობიანობის დაცვისათვის და მისგან დადგენილი კანონიერი მთავრობა.

ღვთის სიტყვა ცხადად გვასწავლის, რომ ყოველივე ხელმწიფება ღვთისაგან არის დაწესებული, რომ საჭიროა მისი მორჩილება. ყოველნი ხელმწიფებასა მას უმთავრესისასა დაემორჩილნენ: რამეთუ არა არს ხელმწიფებაი, გარნა ღმრთისაგან, და რომელნი იგი არიან ხელმწიფებანი, ღმრთისა მიერ განწესებულ არიან (რომ. 13, 1).

კაცს აქვს მოთხოვნილება საზოგადოებრივის ცხოვრებისა, ხოლო საზოგადოებაში წესიერების და ყველა წევრის უფლებათა დასაცველად საჭიროა ცნობილი კანონები და მმართველები ამ კანონის დასაცველად. რაც უფრო რთულია საზოგადოება, მით უფრო რთულია კანონები საზოგადოებრივის ცხოვრებისა და მით უფრო საჭიროა კანონიერი მთავრობა. ფორმა საზოგადოების მართვა-გამგეობისა შეიძლება შეიცვალოს, დროების მოთხოვნილების თანახმად, მაგრამ მთავრობის საჭიროება კანონიერ მთავრობის მორჩილებისა უცვალებელი რჩება.

მაგრამ ჩვენ არა ვართ ვალდებულნი, დავემორჩილნეთ მშობლებს, უფროსებს და მთავრობას მაშინ, როდესაც ისინი მოითხოვენ ჩვენგან სჯულის და სარწმუნოების წინააღმდეგს საქმეს. კაცთა არაგვარ ხელმწიფებას არა აქვს უფლება შეეხოს ღვთის დადგენილებათა და აღგვიკრძალოს ღვთისაგან ნებადართული, ან დაგვავალოს აღსრულება ღვთისაგან აკრძალულისა. თუ ვხედავთ, რომ უფროსის ბრძანება წინააღმდეგია ღვთის სჯულისა, უნდა მოვერიდოთ მის აღსრულებას და უპასუხოთ ისე, როგორც მოციქულებმა უპასუხეს სინედრიონს წევრთ, რომელნიც უკრძალავდნენ ღვთის სჯულის ქადაგებას: უკეთუ სამართალ არს წინაშე ღმრთისა თქვენის სმენა უფროს, ანუ ღმრთისა, საჯეთ? რამეთუ ჩვენ ვერ ხელგვეწიფების, რომელი იგი გვესმა და ვიხილეთ, ვითარმცა არა ვიტყოდეთ (საქმე მოციქ. 4, 19-20).

მშობლების ვალდებულება შვილების წინაშე. მშობლები ვალდებულნი არიან ასაზრდოვონ და აღზარდონ შვილები: შვილების აღზრდაში დიდი მნიშვნელობა აქვს თვით მშობლების მაგალითსა და ყოფა-ქცევას; საშუალებანი შვილთ აღსაზრდელად არის: სწავლება, ყურისგდება, ბრძანება, რჩევა-დარიგება.

უპირველესად ყოვლისა, აღზრდა შვილთა უნდა იყოს სარწმუნოებრივი. სარწმუნოებრივი აღზრდა შვილთა უნდა იწყებოდეს ოჯახშივე; აქ პირველად სწავლობს ბავშვი კეთილმსახურებას; შემდეგ იწყება სარწმუნოებრივი სწავლება; აცადეთ ყრმებსა მაგას მოსვლად ჩემდა და ნუ აყენებთ მაგათ, რამეთუ ეგევითართა არს საუფეველი ცათა (მარკ. 10, 14), - ბრზანებს იესო. გონებრივი აღზრდა შვილთა, მეტ ნაწილად სწარმოებს სასწავლებელში; ამ რიგად, აღზრდა უნდა იყოს არა მხოლოდ კერძო, ოჯახური, არამედ საზოგადოებრივიც. გარდა სულიერისა, მშობლები უნდა აქცევდნენ ყურადღებას შვილების ხორციელ აღზრდასაც.

მწყემსებმა და მოძღვრებმა უნდა იზრუნონ სულიერ შვილთათვის, ასწავლონ სჯული ღვთისა, უჩვენონ მაგალითი კეთილის ცხოვრებისა, კეთილის ზნეობისა, სიყვარულით გაასწორონ მათი შეცოდება-შეცდომანი, მოეპყრნენ ლმობიერად, თავმდაბლად. მთავრობა უნდა ზრუნავდეს ქვეშერმდომრთა სიმრთელისა და მშვიდობით ცხოვრებისათვის.

მეექვსე მცნება

მეექვსე მცნება იკითხება ესრედ: არა კაც-ჰკლა. მეექვსე მცნება გვიკრძალავს კაცის-კვლას, კაცის სიცოცხლის მოსპობას. სიცოცხლე არის უდიდესი და უძვირფასესი ნიჭი, რომელიც ღმერთმა კაცს უწყალობა. ამიტომ კაცის-კვლა, რა სახითაც უნდა იყვეს, არის ღვთის ნების წინააღმდეგი საქმე და ცოდვა.

მეექვსე მცნება გვიკრძალავს ყოველ-ნაირს კაცის-კვლას: ტყვიით, ხმლით, საწამლავით ან სხვა რაიმე იარაღით. წინააღმდეგივეა ამ მცნებისა კაცის-კვლა ნელი, შეუმჩნეველი, თანდათანი, მაგ. როცა კაცს ამუშავებენ იმაზე მეტს, რაც არ შეუძლიან, უსპობენ ცხოვრების და არსებობის სახსარს; ახალ აღთქმაში სრულიად აღკრძალულია არა მარტო კაცის-კვლა, არამედ სიძულვილიც კი მოყვასისადმი, რადგანაც ხშირად სიძულვილია მიზეზი კაცის-კვლისა. მეექვსე მცნების წინააღმდეგია თავის მოკვლა. თავის მოკვლა არის შედეგი ურწმუნოებისა და ზნეობით დასუსტებისა; თავის მკვლელს დაკარგული აქვს რწმენა და სასოება ღვთისა და დავიწყებული ის ზნეობრივი მოვალეობა, რომელიც დააკისრა შემოქმედმა ღმერთმა.

ამავე მცნების წინააღმდეგია დუელი, ანუ ხმალში გაწვევა, როცა შეურაცხ-ყოფილს ჰგონია, სისხლით აღვადგენ ჩემს შეურაცხ-ყოფილს სახელსა და პატიოსნებასაო, მაგრამ დუელში იმარჯვებს ის, ვინც უფრო მარჯვეა, ვინც უფრო იცის იარაღის ხმარება; ამის გამო ხშირია, რომ კვდება შეურაცხყოფილი, და არა შეურაცხმყოფელი. ქრისტე მაცხოვრის მოძღვრების თანახმად, კაცმა უნდა მოითმინოს ყოველივე პირადი შეურაცხყოფა და არ იძიოს შური. გარდა ამისა, საჭიროა შევიგნოთ, რომ არავის არ შეუძლიან წართმევა ჩვენის პატიოსნებისა და კარგის სახელისა; მხოლოდ ჩვენივე უპატიოსნო ყოფა-ქცევა თუ შებღალავს ჩვენს სახელს, სხვა არავინ და არაფერი.

ამავე მცნების წინააღმდეგია სულიერი კვლა კაცისა, ე. ი. ცთუნება, გარყვნა ზნეობრივი ცუდი მაგალითით, ცუდის ყოფა-ქცევით და ცუდი შინაარსის წიგნების კითხვით, გადაბირება ჭეშმარიტის სჯულისაგან. რავდენადაც სული მაღალია ხორცზე, იმდენად სულიერი კვლა მძიმეა ხორციელ კვლაზედა.

მეექვსე მცნება გვიკრძალავს კაცის კვლას და თან გვასწავებს სნეულთა მოვლა-მსახურებას, გლახაკთა შეწევნას, მწუხარეთა ნუგეშს, გაჭირვებაში მყოფთა დახმარებას, შეურაცხმყოფელთა შენდობას, მოჩხუბართა დაზავებას. მეექვსე მცნების წინააღმდეგ ცოდვად არ ითვლება დასჯა კაცთა სიკვდილით მართლმსაჯულობის გადაწყვეტილებისამებრ, მოკვლა კაცისა თავის დაცვის დროს და აგრედვე ბრძოლასა და ომში ხელმწიფისა და მამულისათვის.

მეშვიდე მცნება

მეშვიდე მცნება იკითხება ესრედ: არა იმრუშო. მეშვიდე მცნება გვიკრძალავს მრუშებას, ანუ უწესო სქესობრივს კავშირს და ამით იცავს ოჯახურს ცხოვრებას დარღვევისაგან. შექმნისთანავე ღვთისაგან მიენიჭა ერთის სქესის ადამიანს მიზიდულობა და მიქცევა მეორე სქესის ადამიანისადმი; ამიტომ მამაკაცსა და დედაკაცს შორის სიყვარული არაფრის საწინააღმდეგო არა არის, მაგრამ კაცმა, როგორც გონიერმა არსებამ, უნდა მოაწესრიგოს ეს ხორციელი მიზიდულობა და მამაკაცს უნდა უყვარდეს ერთხელვე არჩეული დედაკაცი, როგორც ცოლი, დედაკაცს - ერხელვე არცეული მამაკაცი, როგორც ქმარი; მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება წესიერი ოჯახური და სახელმწიფოებრიბი ცხოვრება.

თვითოეული კაცი და ქალი რომ მიჰყვეს თავის ხორციელ გულისთქმის დაკმაყოფილებას, მაშინ ყველაფერი აირევა, მშობლები შვილებს ვეღარ იცნობენ და შვილები - მშობლებს. მეშვიდე მცნების წინააღმდეგია, გარდა მრუშებისა, სიძვა, ანუ უწესო ხორციელი კავშირი იმათ შორის, რომელიც არ იმყოფებიან მეუღლებაში, სისხლის აღრევა, ანუ ხორციელი კავშირი მონათესავეთა. საზოგადოდ მეშვიდე მცნების წინააღმდეგია ყოველივე არა-ბუნებრივი დაკმაყოფილება ხორციელ ვნებისა, ანუ ის საიდუმლო ცოდვანი, რომელთა შესახებაც, პავლე მოციქულის სიტყვით, ლაპარაკიც კი სირცხვილია.

როგორც ყოველგვარ გარყვნილობით, ისე ამ საიდუმლო, ბუნების წინააღმდეგ ცოდვებით, იხრწნება და სუსტდება კაცის სულიერი ძალა. კაცი ნაადრევად ბერდება და სნეულდება, მეხსიერება მისი სუსტდება, გონება ვეღარ მუშაობს და ზნეობრივი გრძნობა ჩლუნგდება. ამიტომ მემრუშენი და მეძავნი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენ.

მაცხოვარი გვიბრძანებს, დავიცვათ გული ყოველგვარ უწმიდურ ზრახვათა და სურვილთაგან. გული არის წყარო ყოველგვარ მოქმედებათა და, ვისაც არა აქვს გული დაცული არა-წმიდა სურვილთაგან, ის ადვილად გადავა ცუდ სურვილთაგან ცუდს საქმეზე. ხოლო გულის დასაცავად სიწმიდით, საჭიროა მორიდება ყველა იმისი, რაც კი გამოიწვევს არაწმიდა წარმოდგენას და გრძნობას. მაგ. საჭიროა კაცი მოერიდოს ცუდ წიგნების კითხვას, ცუდს, გარყვნილს კაცს და საზოგადოებას. საჭიროა ზომიერება სასმელ-საჭმელში და ხშირი ლოცვა: იქ, საცა უძლურია და სუსტი ძალი ცოდვასთან ბრძოლაში, შეგვეწევა და გააძლიერებს უძლურს ძალს მხოლოდ ღმერთი.

მერვე მცნება

მერვე მცნება იკითხება ესრედ: არა იპარო. ეს მცნება გვიკრძალავს სხვის საკუთრების მითვისებას და დაჩემებას; სხვის საკუთრების დაჩემება-კი შეიძლება ამ სახით: მძარცველობით, ანუ ძალათი წართმევით, ქურდობით, ანუ ფარულად წაღებით სხვის საკუთრებისა, მოტყუებით, როცა კარგ საქონლის მაგიერად აძლევენ ცუდს, ან მალვენ ქონებას; სიწმიდის მოპარვით, ანუ ეკლესიაში სახმარ ნივთების მოპარვით, ნაპოვნის დამალვით, მექრთამეობით, მევახშეობით, ანგარებით და სხვა. ყვალა ამას გვიკრძალავს მერვე მცნება ღვთის სჯულისა.

მერვე მცნება, ამ რიგად, იცავს საკუთრების უფლებას. საკუთრება დაკავშირებულია შრომასთან, მშრომელს აქვს უფლება ისარგებლოს კიდეც ნაშრომის ნაყოფით. ჯერ ისევ სამოთხივეშივე უბრძანა ღმერთმა კაცს შრომა და მისაც უფლება ქვეყანაზე. მაგრამ საკუთრებით უნდა ვისარგებლოთ, თანახმად ღვთის ნებისა; თუ ღვთის ნება არ იქმნა, თუ ღმერთმა არ მოგვცა ძალი და ღონე, ხელის შემწყობი გარემოებანი და ყოველივე ის, რაც საჭიროა საკუთრების შესაძენად, მარტო ჩვენის შრომით ვერას გავხდებით, ამიტომ, თუ საკუთრება ღვთისაგან არის მოცემული, არა გვაქვს უფლება მარტო ჩვენთვის დავხარჯოთ ჩვენი საკუთრება, საჭიროა სხვასაც გაუნაწილოთ და შევეწივნეთ.

მაგრამ სახარება არ გვიბრძანებს, რომ მდიდრებმა მთელი თავისი ქონება უთუოდ ღარიბებს დაურიგონ, ან სხვებს მისცენ. უპოვარება ყველასათვის არა არის სავალდებულო, არამედ მხოლოდ იმისთვის, ვისაც შეუძლიან შესრულება და დატევნა ამ სათნოებისა, როგორც უბრძანა მაცხოვარმა მდიდარს ჭაბუკს: უკეთუ გნებავს, რათა სრულ იყო, წარვედ, განჰყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა და გაქნედეს საუნჯე ცათა შინა (მატთე, 19, 21).

მეცხრე მცნება

მეცხრე მცნება იკითხევა ესრედ: არა ცილი ჰსწამო მოყვასსა შენსა წამებიტა ცრუითა. ეს მცნება გვიკრძალავს მოყვასის შესახებ სიცრუის თქმას, ანუ ცილის წამებას, რა სახითაც და საცა უნდა იყოს - სასამართლოში, კერძო ლაპარაკში. წერილობით, პირში, პირს უკან. ცილის წამება სპობს თანხმობას და მეგობრულ ურთიერთობას კაცთა შორის და ხანდახან ზარალსაც აძლევს კაცის კეთილდღეობას. ამიტომ სახარება გვიკრძალავს არა მარტო ცილის წამებას, არამედ ლაპარაკსაც კი მოყვასის ნაკლულევანებაზე, თუ ამას თანამდებობა არ გვავალებს. ხშირად ვხედავთ სხვის თვალში წვილს და ჩვენსაში კი დვირესაც ვერ ვამჩნევთ. თუ გვინდა, სხვას უჩვენოთ მისი ნაკლულევანება, ჯერ უნდა ჩვენი შევიგნოთ.

მეათე მცნება

მეათე მცნება იკითხება ესრედ: არა გული გითქმიდეს ცოლისასთვის მოყვასისა შენისა, არა გული გითქმიდეს სახლისათვის მოყვასისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა მონისა მისისა, არცა მხევლისა მისისა, არცა ხარისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვრისა მისისა, არცა ყოვლისა მისთვის, რაიცა იყოს მოყვასისა შენისა.

ეს მცნება გვიკრძალავს იმისთანა გულისთქმას და აზრებს, რომელიც ეწინააღმდეგება მოყვასის სიყვარულს, გვიკრძალავს შურს და უკმარობას, როცა კაცი არ სჯერდება თავის ავლა-დიდებას. ცუდი გულისთქმა, ცუდი განზრახვა და ცუდი აზრები არის თესლი ყოველგვარ ცუდის საქმისა და ცუდის საქციელისა: გულისაგან გამოვლენ გულის სიტყვანი ბოროტნი, კაცის კლვანი, მრუშებანი, სიძვანი, პარვანი, ცილის წამებანი, გმობანი (მატთე, 15, 19). ამიტომ თვალ-ყური უნდა ვადევნოთ ჩვენის გულის მდგომარეობას და ლოცვით და მარხვით დავთრგუნოთ ყოველივე ცუდი ზრახვა და გულისთქმა, რომელიც კი ჩვენს გულში გაჩნდება.

სჯული სახარებისა ანუ ახალის აღთქმისა

სჯული სახრებისა ანუ ახალის აღთქმისა ეწოდება ქრისტეს მიერ მოცემულს სჯულს, რომელიც გაავრცელეს ქვეყანაზე მისმა მოციქულებმა. სჯული სახარებისა არის ყოვლად სრული და ჭეშმარიტი; იმაზე სრულისა და მაღალის სჯულის მოცემა შეუძლებელი-ღაა; ამიტომ ის არის სჯული მსოფლიო, დამაკმაყოფილებელი ყველა ერის, დროის და მდგომარეობის მოთხოვნილებათა, ყველასათვის გასაგები და ადვილად ასასრულებელი.

ქრისტე მაცხოვის მთელი მოძღვრება არის ჩვენთვის სავალდებულო სჯული და კანონი; მაგრამ მკაფიოდ და მოკლედ სჯული ქრისტესი გამოთქმულია ცხრა გამონათქვამში ნეტარების სახითა; ამიტომ ქრისტეს მცნებას უწოდებენ ამ ცხრა წარმონათქვამს.

ცხრა ნეტარება

როგორც მოგვითხრობს მატთე მახარებელი, იესო ქრისტემ ერთხელ ნახა სიმრავლე ერისა, რომელიც გარს შემოჰხვეოდა, ავიდა მთაზე, დაჯდა, აღაღო პირი თვისი და სთქვა:

ა. ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა.

ბ. ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინის-ცემულ იქმნენ.

ც. ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა.

დ. ნეტარ იყვნენ, რომელთა შიოდეს და სწყუროდეს სიმართლისათვის, რამეთუ იგინი განსძღნენ.

ე. ნტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ.

ფ. ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ.

გ. ნეტარ იყვნენ მშვიდობის მყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღვთისად იწოდნენ.

ჰ. ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა.

ი. ნეტარ იყვნეთ თქვენ, რაჟამს გყვედრიდნენ და გდევნიდენ. და სთქვან ყოველი სიტყვაი ბოროტი თქვენდა მომართ სიცრუით ჩემთვის: გიხაროდენ და მხიარულ-იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქვენი დიდ არს ცათა შინა.

პირველი მცნება ნეტარებისა

პირველი მცნება ნეტარებისა იკითხება ესრედ:

ეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა. გლახაკი სულითა არის იმისთანა კაცი, რომელსაც აქვს შეგნებული თავისი სულიერი უღირსება ღვთის წინაშე; შეგნებული აქვს, რომ არაფრის ქმნა არ შეუძლიან ღვთის შეუწევნნელად; მოკლედ - სიგლახაკე სულითა არის სიმდაბლე. სიმდაბლე არის დასაწყისი ქრისტეანის სულიერ ცხოვრებისა, პირველი სათნოება მისი, რადგანაც აიძულებს კაცს ეძიოს შემწეობა ღვთისა და არა ჰქონდეს სასოება მარტო თავის თავისა; როგორც ამპარტავნება არის დასაწყისი ცოდვისა, ისე სიმდაბლე არის დასაწყისი ცხონებისა. გლახაკი სულითა შეიძლება იყოს ყოველივე ქრისტეანე, მდიდარიც და ღარიბიც. მაგალითი სიმდაბლისა არის მეზვრე, რომლის ლოცვაც - ღმერთო, მეოხე მეყავ მე, ცოდვილსა ამას, არის ლოცვა ყოველთა მდაბალთა და გლახაკთა სულითა. სულით გლახაკებს ღმერთმა აღუთქვა სასუფეველი ცათა.

მეორე მცნება ნეტარებისა

მეორე მცნება ნეტარებისა იკითხება ესრედ: ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინის-ცემულ იქმნენ. სიმდაბლის შეგნებას აუცილებლად მოსდევს გლოვა ანუ ტირილი გლოვათა გამო. რაკი შეიგნებს ქრისტეანე თავის სულიერს სიღატაკეს და უძლურებას, უეჭველად იწყებს გლოვას და სთხოვს ღმერთს ცოდვათა მიტევებას და შეწევნას ზეგარდმო. მაგალითები ცოდვათათვის მგლოვარებისა არის მეფე და წინასწარმეტყველი დავითი, რომელმაც მძიმედ სცოდა, რომელიც ყოველ ღამ სარეცელს ალტობდა ცრემლით, და მოციქული პეტრე, რომელიც მწარედ სტიროდა ქრისტეს უარყოფისათვის. მგლოვარეთ ღმერთი ანიჭებს სულის მშვიდობას და ცოდვათა მიტევებას, მაგრამ სრულს ნუგეშს ცოდვათა შესახებ მგლოვარენი მიიღებენ მომავალს ცხოვრებაში.

მესამე მცნება ნეტარებისა

მესამე მცნება ნეტარებისა იკითხება ესრედ: ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა. სიმშვიდე არის ისეთი მდგომარეობა სულისა, როცა ქრისტეანი კაცი არავის არ აბოროტებს, არ აწყენს და თვითონაც ერიდება განრისხება-გაბოროტებას. მშვიდი კაცი მზად არის მოითმინოს და აიტანოს სხვისაგან შეურაცხოფა უდრტვინველად. სცდილობს მოსპოს მტრობა და ბოროტება, თუნდაც რომ შეილახოს მისი უფლება და ზარალი მიეცეს მით. ეს არ ნიშნავს ხასიათის სისუსტეს. ამისთანა კაცს ყოველთვის შეუძლიან ეძიოს თვისი, მხოლოდ განუბოროტებლად, სიყვარულით. უდიდესი მაგალითი სიმშვიდისა არის ქრისტე მაცხოვარი. მშვიდთა ქრისტემ აღუთქვა დამკვიდრება ქვეყანისა, ანუ სრული დიდება მომავალს საუკუნეში, რომელშიც იქნება ახალი ცა და ახალი ქვეყანა.

მეოთხე მცნება ნეტარებისა

მეოთხე მცნება ნეტარებისა იკითხება ესრედ:

ნეტარ იყვნენ, რომელთა შიოდეს და სწუროდეს სიმართლისათვის, რამეთუ იგინი განსძღნენ. მშიერი და მწყურვალი სიმართლისათვის არის იმისთანა კაცი, რომელიც არ ესავს თავის კეთილ საქმეებს, რაც უნდა ბევრი ექმნას, არამედ, როგორც მშიერს უნდა პური და როგორც მწყურვალს - წყალი, ისრე ეძიებს ღვთის სიმართლეს და განმართლებას მის წინაშე.

სიმართლისათვის მშიერთ და მწყურვალთ ღმერთმა აღუთქვა განძღომა, ე. ი. სრული დაკმაყოფილება. სულიერნი განძღომა მისცემს მათ სულიერ სიმშვიდეს და ძალს ღვთის ნების და მცნებათა აღსასრულებლად. სრული განძღომა მშიერთა და მწყურვალთა სიმართლისათვის მოხდება მომავალს ცხოვრებაში, როცა კაცი მიიღებს მონაწილეობას ღვთის დიდებაში.

მეხუთე მცნება ნეტარებისა

მეხუთე მცნება ნეტარებისა იკითხება ესრედ:

ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ. მოწყალე არის იმისთანა კაცი, რომელიც ჰხედავს მოყვასის გაჭირვებას და ეხმარება ყველაფრით, რითაც კი შეუძლიან - რჩევა-დარიგებით, ქონებით, ცოდნით; მოწყალება არის მუდმივი თვისება ჭეშმარიტის ქრისტეანესი, რადგანაც სიყვარული არის უმთავრესი სჯული ქრისტესი. მოწყალება არის სულიერი და ხორციელი: სუყლიერი მოწყალება ეკუთვნის კაცის სულიერს მხარეს, ხორციელი - ხორციელს. მშიერის გამოზრდა, შიშველის შემოსვა, ავადმყოფის მოვლა-ყურისგდება არის ხორციელი მოწყალება; მოქცევა ცთომილისა ჭეშმარიტს გზაზე, ნუგეშის-ცემა მწუხარისა, მიტევება შეურაცხყოფისა არის სულიერი მოწყალება.

მოწყალეთ ღმერთი შეიწყალებს საშინელ განკითხვის დროს მისთვის, რომ მსიერი გამოზარდეს, შიშველი შემოსეს. მაგალითი მოწყალებისა მაცხოვარმა გვაჩვენა მოწყალე სამარიტელის შესახებ იგავით.

მეექვსე მცნება ნეტარებისა

მეექვსე მცნება ნეტარების იკითხება ესრედ:

ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ. წმიდა გულით არის ის კაცი, რომელიც სცდილობს არაფერი ბოროტი და ცუდი განზრახვა არ იქონიოს გულში, რადგანაც გული არის ძირი და წყარო ყოველისავე კეთილისა და ბოროტისა. როგორიც გული აქვს კაცსა, მისი საქმეებიც ისეთი იქნება. წმიდანი გულითა იხილავენ ღმერთს.

რადგანაც ღმერთი არის წმიდა არსება, ამიტომ მისი ხილვა შეუძლიანთ მხოლოდ წმიდა გულის პატრონთ: ღმერთი არის ნათელი, ამიტომ ვერ მიეახლება ცოდვებით დაბნელებულ კაცის გული.

მეშვიდე მცნება ნეტარებისა

მეშვიდე მცნება ნეტარებისა იკითხება ესრედ:

ნეტარ იყვნენ მშვიდობის მყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღვთისად იწოდნენ. მშვიდობის მყოფელი ეწოდება იმისთანა კაცს, რომელსაც უყვარს მშვიდობით და მყუდროებით ცხოვრება; რომელიც, არამც თუ თვითონ არავის წაეჩხუბება და არ შეაწუხებს, არამედ სცდილობს შეარიგოს წაჩხუბებულნი და უკმაყოფილონი. მშვიდობის მყოფელი სცდილობს განამტკიცოს ქვეყანაზე სასუფეველი ღვთისა წინააღმდეგ ბოროტისა. მშვიდობის მყოფელნი თავის მოღვაწეობით და მოქმედებით ემსგავსებიან იესო მაცხოვარს, რომელიც მოვიდა შეცოდებულ კაცთა შესარიგებლად ღმერთთან, და ამიტომაც ეწოდებიან ღვთის ძედ.

მერვე მცნება ნეტარებისა

მერვე მცნება ნეტარებისა იკითხება ესრედ:

ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა. ქრისტეს ჭეშმარიტს მონებს ამ სოფელში მოელით დევნულება, ტანჯვა, ცილის წამება, დაცინვა. ძნელია ქვეყანაზე სიმართლით ცხოვრება და მუდამ სიმართლის თქმა, მაგრამ ქრისტეანე უნდა მუდამ მხნე იყოს, მომთმინო და მტკიცე თავის აღსარებასა და სარწმუნოებაში.

დევნულთ სიმართლისათვის ქრისტე აღუთქვამს ზეცათა სასუფეველს ნაცვლად იმისა, რასაც მოაკლდებიან და დაჰკარგავენ აქ სიმართლოისათვის დევნულების ჟამს.

მეცხრე მცნება ნეტარებისა

მეცხრე მცნება ნეტარებისა იკითხება ესრედ:

ნეტარ იყვნეთ თქვენ, რაჟამს გყვედრიდნენ და გდევნიდნენ, და სთქვან ყოველი სიტყვაი ბოროტი თქვენდა მომართ სიცრუით ჩემთვის: გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქვენი დიდ არს ცათა შინა. უდიდესი ნეტარება მოელით იმათ, ვინც ეწამებიან ქრისტეს სარწმუნოების სახელისათვის. ქრისტე ღმერთი ძვირფასია ყოველ ჭეშმარიტ ქრისტეანესათვის; მოციქულებმა, მოწამეებმა დასთხიეს ქრისტეს სიყვარულისათვის სისხლი და დაამტკიცეს ამითი სიყვარული მისი; ამიტომ ქრისტე აღუთქვამს მრავალს ჯილდოს ცათა შინა.

ლოცვა

ლოცვა არის გულის და გონების აღვლენა ღვთისადმი, მოკრძალებით საუბარი კაცისა ღმერთთან. ლოცვაში ჩვენ ვადიდებთ ღმერთს, მის დიდებას და სიბრძნეს, ვთხოვთ ჩვენთა საჭიროებათათვის და ვმადლობთ მოცემულ წყალობისათვის. ამიტომაც არის სამის სახე ლოცვისა - ლოცვა დიდების მეტყველებითი, თხოვნითი და სამადლობელი.

ლოცვა უფლისა

უფალმა იესო ქრისტემ ასწავლა მოციქულებს ლოცვა, რომელიც არის მაგალითი ყველა საქრისტეანო ლოცვისათვის. ეს ლოცვა იკითხება ესრედ:

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა. პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა. და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტებისაგან. რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება უკუნისამდე ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა. მამად უწოდებთ ღმერთს. უფლება ღვთის წოდებისა მამად მოგვცა იესო ქრისტემ, ღვთის ძემ, რომელიც განკაცდა, ე. ი. მიიღო კაცური სული და ხორცი, როგორც კარგი ძე მუდამ ასრულებს მამის ბრძანებას და ნებას, ისე ჩვენ, თუ გვინდა, ღირსეული შვილები ვიყვნეთ ჩვენის ზეციურის მამისა, უნდა ავასრულოთ მისი მცნება და ბრძანებანი. ერთი კაციც რომ ამბობდეს ამ ლოცვას, ღმერთს უნდა უწოდოს "მამაო ჩვენო" ქრისტეანულ ძმათ მოყვარეობისათვის. ვიწყებთ თუ არა ამ ლოცვას, უნდა დაუტევოთ ყოველივე სოფლიური ზრუნვა და გული და გონება აღვავლინოთ ცატამდი; ამას გვასწავლის სიტყვები: რომელი ხარ ცათა შინა.

წმიდა იყავნ სახელი შენი. ღვთის სახელი წმიდაა და ყოველთა სახელთა უწმიდესი; მაგრამ ამ სიტყვებით ვთხოვთ ღმერთს, რომ მისი სახელი იყოს წმიდა ჩვენს შორის ჩვენის კეთილისა და წმიდა ცხოვრებით. როდესაც ჩვენი ცხოვრება არის წმიდა და ღვთის სათნო, მაშინ სახელი ღვთისა არის წმიდა და იდიდება ჩვენს შორის. თვით მაცხოვარი ბრძანებს: ეგრედ ბრწყინევდინ ნათელი თქვენი წინაშე კაცთა, რათა იხილოთ საქმენი თქვენნი კეთილნი და ადიდებდნენ მამასა თქვენსასა ზეცასა (მატთე, 5, 16).

მოვედინ სუფევა შენი. სუფევა ღვთისა არის ორნაირი - ხილული და უხილავი. ხილული სუფევა არის ქვეყანა, ბუნება, რომელიც ღმერთმა გააჩინა; ხოლო უხილავი სუფევა ღვთისა არის კაცის გულსა და სულში და ისახება კაცის ყოფა-ქცევისა, გულის-თქმასა და აზრებში. ღვთის სუფევა მოვა მაშინ, როდესაც ჩვენ შორის დაიმკვიდრებს სიწმიდე, მყუდროება და სიყვარული. მაშასადამე, ამ სიტყვებით ვთხოვთ ღმერთს ისე განსწმიდოს ჩვენი ცხოვრება, რომ ვინც შემოგვხედოს, სთქვას, ამათ გულში სწორედ ღმერთი სუფევსო.

იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა. ამ სიტყვებით ვთხოვთ ღმერთს, რომ ყოველივე ჩვენს ცხოვრებაში კეთდებოდეს თანახმად მის ნებისა, რადგანაც მან, როგორც გულთა-მხილავმან და ყოვლის მცოდნემ, იცის ყოველი ჩვენი საჭიროება. სიტყვებით "ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა" გვევალება, რომ ღვთის ნება ისევე აღვასრულოთ ქვეყანაზე, როგორც ცათა შინა ასრულებენ ანგელოზნი და წმიდანი.

პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს. ამ სიტყვებით ვთხოვთ ღმერთს მოგვცეს დღიური საზრდო, ე. ი. ყოველივე, რაც საჭიროა კაცის ხორციელ ცხოვრებისათვის - ტანისამოსი და სხვა; რადგანაც კაცს სულიცა აქვს და სულსაც საზრდო უნდა, ამიტომ ღმერთს უნდა ვთხოვდეთ სულიერ საზრდოსაც. სულიერი საზრდო არის სიტყვა ღვთისა და სისხლი და ხორცი იესოსი. და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა. თანანადები არის ყოველივე ცოდვა, რომელსაც კაცი იქმს ღვთის წინაშე. მაშ, ამ სიტყვებით ღმერთს ვევედრებით, მოგვიტეოს ჩვენი ცოდვები. მაგრამ ღმერთი გვაპატიებს ცოდვებს, თუ ჩვენც მიუტევებთ იმათ, ვინც ჩვენ შეგვცოდა. აქედან ცხადია, რომ ჯერ უნდა მიუტევოთ ცოდვები ჩვენს მოყვასებს, და შემდეგ ვითხოვოთ ჩვენთა ცოდვათა მოტევება და მოგვეტევება კიდეც.

და ნუ შემიყვენებ ჩვენ განსაცდელსა. განსაცდელი არის იმისთანა შემთხვევა კაცის ცხოვრებაში, რომელიც შთააგდებს კაცს რაიმე ცოდვაში. ამ სიტყვებით ვთხოვთ ღმერთს, აგვაშოროს ყოველივე ცუდი შემთხვევა და დაგვიფაროს დაცემისაგან. არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან ამითი ვთხოვთ ღმერთს აგვაცილოს ყოველი ბოროტი, რომელიც შეიძლება შეგვემთხვეს ამ ქვეყნად, გვიხსნას სულიერი მტრისაგან - ეშმაკისაგან და ყველა მისი მანქანებისაგან.

რამეთუ შენი არს სუფევა, ძალა და დიდება უკუნისამდე ამინ. ეს დიდებისმეტყველება მიმატებულია ამ ლოცვაში იმიტომ, რომ, რაკი ვითხოვთ ზეციურ მამისაგან მოწყალებას, ანდა უძღვნიდეთ კიდეც ღირსეულს პატივს; გარდა ამისა, დიდებისმეტყველება უფრო გაგვიმტკიცებს იმ იმედს, რომ ღმერთი უთუოდ აღგვისრულებს თხოვნას, რადგანაც მას შვენის დიდება, პატივი და თაყვანის-ცემა.

ამინ - ჭეშმარიტად - მიმატებულია დასამტკიცებლად იმისა, რომ ლოცვა შეიწირება სარწმუნოებით და უეჭველად.