მომხ. სახელი:

პაროლი:

დაკარგეთ პაროლი? / დახმარება

წმინდანთა ცხოვრება

† კაბადოკიელი ქალწული წმიდა ნინო

წმიდა ნინო

კაბადოკიელი ქალწული წმიდა ნინო დიდმოწამე გიორგის ახლო ნათესავად ეკუთვნოდა. იგი სახელგანთქმული პატიოსანი მშობლების, რომის მხედართმთავრის ზაბულონის და იერუსალიმის პატრიარქის, იუბენალის დის, სოსანას ერთადერთი ასული იყო. როდესაც ნინოს თორმეტი წელი შეუსრულდა, მშობლებმა ყველაფერი გაყიდეს და იერუსალიმში გადასახლდნენ. წმიდა ქალაქში მისვლის შემდეგ ნინოს მამამ, ზაბულონმა ბერად აღკვეცა გადაწყვიტა, გამოემშვიდობა ოჯახს და იორდანის უდაბნოს მიაშურა სამოღვაწეოდ.

ქმრის წასვლის შემდეგ სოსანა იერუსალიმის პატრიარქმა იუბენალმა დიაკონისად აკურთხა, ნინო კი აღსაზრდელად მისცა მოხუც ქალს, სარა ნიაფორს. აღმზრდელი ქრისტიანულად ზრდიდა ნინოს, უამბობდა მაცხოვრის მიწიერი ცხოვრებისა და წამების ამბავს. სარასაგან გაიგო ნინომ ისიც, თუ როგორ მოხდა ქრისტეს კვართი საქართველოში.

წმიდა ნინო გულმხურვალედ ევედრებოდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, რომ საქართველოს ნახვისა და იმ პერანგის თაყვანისცემის ღირსი გაეხადა, რომელიც თავად ღვთისმშობელმა მოუქსოვა საყვარელ შვილს. ყოვლადწმიდა ქალწულმა შეისმინა მისი ვედრება, სიზმარში გამოეცხადა და უთხრა: "წადი ჩემს წილხვედრ საქართველოში, იქადაგე იქ სახარება უფლისა იესო ქრისტესი, მოიპოვებ მისგან მადლს და მე ვიქნები შენი მფარველი". ამაზე ნეტარმა ნინომ უპასუხა: "როგორ შემიძლია მე, სუსტ ქალს, რომ ასეთი დიდი სამსახური გავუწიო ქრისტეს და რით შემიძლია ვერწმუნო ასეთი ჩვენების ჭეშმარიტებას?" ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა ვაზის ჯვარი მისცა ნინოს და უთხრა: "მიიღე ჯვარი ესე ფარად და მფარველად ხილულთა და უხილავთა მტერთა ზედა". გამოღვიძებულ ნინოს, მართლაც, ჯვარი ეჭირა ხელში. მან სიხარულის ცრემლებით დაალტო და საკუთარი თმებით შეკრა იგი.

ამის შემდეგ ნინომ ბიძას, პატრიარქ იუბენალს უამბო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულებრივი გამოცხადების შესახებ და გაუმჟღავნა სურვილი საქართველოში საქადაგებლად წასვლისა.

იუბენალმა აღსავლის კარებთან დააყენა დისწული, ხელი დაადო თავზე და უფალს შეჰღაღადა: "უფალო, ღმერთო მარადისობისაო, შეგავედრებ ობოლსა შვილსა დისა ჩემისასა და წარვავლინებ მას ქადაგებად ღვთაებისა შენისა, რათა ახაროს აღდგომა შენი და სადაც სასურველი იყოს შენთვის მიმოსვლა და ქადაგება მისი, ექმენ, ქრისტე ღმერთო, მას მეგზურად, ნავთსადგურად, მოძღვრად და ენის შემამეცნებელად ისე, ვითარცა იქმოდი ამას წინამორბედთა, მოშიშთა სახელისა შენისათა მიმართ".

რომში ჩასული ნინო შეხვდა მეფის ასულ რიფსიმეს და მის დედამძუძე გაიანეს, რომლებიც ქრისტეს სჯულზე მოაქცია. ამ დროს რომის იმპერატორი იყო ქრისტიანთა სასტიკი მდევნელი დიოკლეტიანე. მას ძალზე მოეწონა რიფსიმე და გადაწყვიტა, ცოლად შეერთო იგი. წმიდა ქალწულები მიხვდნენ, რომ ეს მტრის ფარული ხრიკები იყო, ბილწ და საძაგელ კერპთა თაყვანისმცემელი მეფე ვერ იქნებოდა მეუღლე ქრისტიანი ქალისა, რომელსაც ზეციური სასიძო ამოერჩია. წმიდა ნინო, რიფსიმე, გაიანე და მათთან ერთად ორმოცდაათი ქალწული სომხეთში გაიქცნენ. დიოკლიტიანემ მალემსრბოლები აფრინა ლტოლვილთა მოსაძიებლად, შემდეგ თრდატ სომეხთა მეფეს გაუგზავნა ეპისტოლე, აუწყა მომხდარი და უბრძანა: "მოიძიე იგი და რა იპოვნო, მხლებელნი მისნი სიკვდილით მოაკვდინე, ხოლო თვით ის, სახელად რიფსიმე, მე გამომიგზავნე. და თუ შენ გთნდეს, შენთვის დაიგულე, რამეთუ არავინ იპოვება სხვა მსგავსი იონთა ქვეყანაში".

თრდატ მეფემ იპოვა ქალები, მოიხიბლა რიფსიმეს სილამაზით და მისი ცოლად შერთვა განიზრახა. წმიდანი არ დაემორჩილა მეფის სურვილს, რისთვისაც თრდატმა აწამა იგი დედამძუძე გაიანესა და სხვა ორმოცდაათ ქალწულთან ერთად.

წმიდა ნინო ვარდის ბუჩქებში დაიმალა. უფალი სხვა ღვაწლისთვის ამზადებდა მისი სიყვარულით ანთებულ ქალწულს. წმიდა ნინო საქართველოსკენ წამოვიდა. ფარავნის ტბასთან მან გაიცნო მცხეთელი მწყემსები, ისევ მიიღო ღვთისგან ზეგარდამო ლოცვა-კურთხევა "მცხეთას წარმართთა ქადაგებისა", თანამგზავრებიც იპოვა და ტანჯვა-წამებით მიაღწია ქალაქ ურბნისამდე. წმიდანმა იქ სულ ერთი თვე დაჰყო, არმაზის კერპის თაყვანსაცემად წასულ ქართველებს ისიც შეუერთდა და ჩავიდა მცხეთაში.

საშინელი სანახაობა დახვდა იქ წმიდანს: მეფე, მთავარნი და ყოველი ერი შიშით ძრწოდა კერპთა წინაშე. შეწუხდა ქალწული: "უფალო, მოხედენ წყალობით ამათ ზედა ნათესავთა, რათა ყოველმან ერმან მხოლოსა ღმერთსა თაყვანის გცენ იესოს მიერ ძისა შენისა", - შეჰღაღადა მან ღმერთს. დაჰბერა საშინელმა ქარმა, წამოვიდა სეტყვა და შეიმუსრა კერპები. შეშინებული ხალხი სხვადასხვა მხარეს გაიფანტა.

წმიდა ნინო სამეფო ბაღში დასახლდა, ბაღის მცველის უშვილო ოჯახს წმიდა ნინოს ლოცვით ღმერთმა შვილი მიჰმადლა. გახარებულმა ცოლ-ქმარმა აღიარა ქრისტე და დაემოწაფა წმიდანს. ნინოს ირგვლივ თანდათან იკრიბებოდნენ ქრისტეს სჯულის თაყვანისმცემლები.

ერთხელ ნანა დედოფალი სასიკვდილოდ დასნეულდა, სასოწარკვეთილი დედოფლის მსახურნი წმიდა ნინოსთან მივიდნენ, აუწყეს ყოველივე და სახლში გაყოლა სთხოვეს. "არა ბრძანებულ არს ჩემდა, რათა განვიდე, სადა შვება ჩვენი არა არს, არამედ დედოფალი მოვედინ საყოფელსა ამას ჩემსა და ჭეშმარიტად განიკურნოს ძალითა ქრისტესითა", - უპასუხა წმიდანმა. ნანა დედოფალი დამორჩილდა მოციქულთასწორის ბრძანებას. წმიდა ნინომ ილოცა, ჯვარი გადასახა და განკურნა დედოფალი. ამის შემდეგ ნანამ აღიარა ქრისტე.

ერთხელ მეფე მირიანი სანადიროდ წავიდა, მას გადაწყვეტილი ჰქონდა, მცხეთაში დაბრუნებისთანავე ამოეწყვიტა ჯვარცმულის მოსავნი, მათ შორის თავად ნანა დედოფალიც, თუ ის არ დატოვებდა ქრისტეს სჯულს. ნადირობისას მოულოდნელად მზე დაბნელდა. მარტო დარჩენილი მირიან მეფე დიდხანს ამაოდ უხმობდა შემწედ კერპებს. როცა იმედი გადაუწყდა, ქრისტეს შეევედრა: "ღმერთო ნინოსაო, განმინათლე ღამე ესე და მაჩვენე საყოფელი ჩემი და აღვიარო სახელი შენი, აღვმართო ძელი ჯუარისა და თაყვანის-ვსცე მას, აღვაშენო სახლი სალოცველად ჩემდა და ვიყო მორჩილ ნინოსა სჯულსა ზედა ჰრომთასა". მაშინვე გამობრწყინდა მზე. გახარებულმა მირიანმა მადლობა შესწირა ქვეყნიერების შემოქმედს. მცხეთაში დაბრუნებულმა მეფემ ინახულა წმიდა ნინო და აუწყა განზრახვა. წმიდა მოციქულთასწორის ღვაწლით საქართველოში განმტკიცდა ქრისტიანობა.

წმიდა ნინოს ცხოვრება მისივე მონათხრობიდან ჩაწერეს სალომე უჯარმელმა და პეროჟავრა სივნიელმა. წმიდანის სურვილისამებრ მისი პატიოსანი გვამი ბოდბეში დაფლეს. შემდგომ მის საფლავზე მირიან მეფემ წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი ააგო.

† წმიდა მოწამე აბო თბილელი

წმიდა მოწამე აბო თბილელი

მე-8 საუკუნეში სარკინოზთა უღელმა მძიმე დღეში ჩააგდო ქართლი. არაბები ყოველ ღონეს ხმარობდნენ ქართველთა დასათრგუნად. მტერი ჩვენი განადგურების საუკეთესო საშუალებად ქრისტიანული სარწმუნოების აღმოფხვრას მიიჩნევდა, ბევრი გადადრიკეს კიდეც ჭეშმარიტებისაგან მძლავრებითა და ცბიერებით. შიშისაგან განლეული ქვეყანა ირყეოდა, "ვითარცა ლერწამი ქართაგან ძლიერთა". სამღვდელოება და ერის საუკეთესო შვილები ეძებდნენ გამოსავალს. 766 წელს კახეთის აჯანყება მტერმა სისხლში ჩაახშო, დამარცხდა აჯანყებული ქართლიც. ქართლ-კახეთის აჯანყების ხელმძღვანელობა ქართლის ერისმთავარს ნერსეს დაბრალდა და არაბთა ამირამ, მუმნი აბდილამ ის ბაღდადში იხმო.

სამი წელი გაატარა ნერსემ არაბთა ტყვეობაში. მან იქ გაიცნო ჩვიდმეტი წლის მენელსაცხებლე აბო, რომელიც განთავისუფლების შემდეგ თან წამოჰყვა ერისმთავარს საქართველოში. მიუხედავად ერის უბედურებისა, აბო გაკვირვებული იყო ქართველთა ზნეობით; იგი სწავლობდა ქართულ ენას, დადიოდა ეკლესიაში, ესაუბრებოდა სამღვდელოებას, ლოცულობდა მათთან ერთად და მარხულობდა. აბო მთელი სულითა და გულით ცდილობდა ქრისტიანობის მიღებას და ნერსესთან ერთად ხაზარეთში ყოფნისას მოინათლა კიდეც. აბო თან გაჰყვა არაბთა რისხვას განრიდებულ ერისმთავარს აფხაზეთში. იგი მადლობდა ღმერთს, რომ იხილა ადგილი, სადაც ყველა ქრისტიანი იყო და ერთი პირითა და ერთი გულით ადიდებდა შემოქმედს. შემდგომმა პოლიტიკურმა მოვლენებმა ნერსეს საშუალება მისცა, ისევ ქართლს დაბრუნებოდა. აფხაზთა მეფემ სთხოვა აბოს, დარჩენილიყო აფხაზეთში: "მეშინის მე შენთვის, ნუუკუე კუალად განგდრიკონ შენ სარწმუნოებისაგან ქრისტესისა ნებსით, გინა უნებლიეთ და ესოდენი შრომაი შენი წარწყმიდო", - უთხრა მან აბოს. "განმიტევე მე, რაითა ეუწყოს განცხადებულად ქრისტიანობაი ჩემი ქრისტეს მოძულეთა მათ", - უპასუხა ნეტარმა.

სამი წელი მოღვაწეობდა აბო თბილისში და ქადაგებდა ქრისტიანობას. ძველმა თანამემამულეებმა დაასმინეს იგი, შეიპყრეს და სატუსაღოში ჩააგდეს, მაგრამ სტეფანოზ ერისთავის თხოვნით, მალე გაათავისუფლეს.

თბილისში ახალი ამირა დასვეს. ქრისტიანებმა გაიგეს, რომ ამირა შეპყრობას უპირებდა ნეტარ აბოს, გააფრთხილეს და ურჩიეს, დამალულიყო, მან კი, გახარებულმა ასე უპასუხა: "მე არა ხოლო ტანჯვად განმზადებულ ვარ ქრისტესათვის, არამედ სიკუდიდცა".

ამირას მსახურებმა შეიპყრეს ნეტარი აბო და მსაჯულს წარუდგინეს. მან წმიდანს ქრისტეს დაგმობა და მამა-პაპათა სჯულზე დაბრუნება შესთავაზა. ყველანაირად ეცადნენ აბოს გადაბირებას, მაგრამ წმიდანი მტკიცედ იდგა. განრისხებული მსაჯულის ბრძანებით, აბოს ხელ-ფეხზე ბორკილი დაადეს და საპყრობილეში ჩასვეს. ქრისტესთვის დათმენილმა ჭირმა კიდევ უფრო მეტი სიყვარულით აღავსო ნეტარი, მან თხოვა ქრისტიანებს, გაეყიდათ მისი სამოსელი, ეყიდათ სანთელ-საკმეველი და ქალაქის ეკლესიებისათვის შეეწირათ.

წამების დღეს წმიდა აბომ დაიბანა პირი, იცხო ზეთი, მიიღო წმიდა ზიარება და ასე სადღესასწაულოდ განემზადა საწამებლად. "ნუ სტირით ჩემ ზედა, არამედ გიხაროდენ, რამეთუ მე უფლისა ჩემისა მივალ, ლოცვით წარმგზავნეთ და მშვიდობამან უფლისამან დაგიცვენინ თქუენ", - ამხნევებდა იგი მისი მოსალოდნელი სიკვდილით დამწუხრებულ ქრისტიანებს. ამირამ მისი მოკვლა ბრძანა. წმიდა აბომ დაიწყო გულზე ხელები და სიხარულით მოუდრიკა ქედი მახვილს.

ჯალათებმა სამჯერ მსუბუქად დაჰკრეს მახვილი იმ იმედით, რომ სიკვდილის შიშით წმიდანი უარყოფდა ქრისტეს, მაგრამ აბო ბოლო წუთებშიც მხნედ და უდრეკად იდგა. სირცხვილეულმა და დამარცხებულმა უსჯულოებმა წმიდანის გვამზეც კი იძიეს შური, მისი წმიდა სხეული ტანსაცმლებთან და მისივე სისხლით გაჟღენთილ მიწასთან ერთად ტომარაში ჩადეს, ქალაქიდან გაიტანეს და მტკვრის პირას დაწვეს, ფერფლი ცხვრის ტყავში გაახვიეს და მტკვარში გადააგდეს.

† წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი

წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი

XI საუკუნის საქართველო ფიზიკური და სულიერი კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა. სულთანმა მელიქ-შაჰმა დაიპყრო სამშვილდე, შეიპყრო მისი მმართველი იოანე ლიპარიტის ძე, შემდეგ, მეფე გიორგი II-ის ცალკეული გამარჯვებების მიუხედავად, აიღო და დაარბია ქუთაისი, არტანუჯი, კლარჯეთის უდაბნო. ქართველებმა მიატოვეს სამკვიდრებელი და მთებსა და ტყეებში შეაფარეს თავი. დაცარიელებული ქვეყანა უსჯულოებმა დაიპყრეს, ააოხრეს ეკლესია-მონასტრები, ამოხოცეს მოსახლეობა.

ერთ დროს ქრისტეს მოყვარე ერი უსჯულოებამ და ცოდვამ მოიცვა. . . "ყოველმან ასაკმან და ყოველმან პატივმან ყოვლითურთ შესცოდეს ღმერთს და მიიქცეს გზათგან წრფელთა ყოვლისა მიმართ უკეთურებისა". აღდგომის დღეს "მოხედნა უფალმან რისხვითა და შეძრა ქვეყანა საფუძველითურთ". საშინელმა მიწისძვრამ ყველაფერი დაანგრია.

ასე გაჭირვებისა და უბედურების ჟამს "იწყო აღმოცისკრებად მზემან ყოველთა მეფობათამან, დიდმან სახელითა და უდიდესმან საქმითა, სახელმოდგმმან დავით, ღმერთისა მამისაგან და თვით სამეოცდამეთსხრამეტემან შვილმან ამის დავითისმან, დავით". საქართველოს იმედად და პატრონად მოევლინა განსწავლული, ბრძნადმეტყველი, ღვთისმოშიში, დავრდომილთა ხელის მპყრობელი, ქვრივ-ობოლთა განმკითხავი, სამართლიანი მსაჯული, დაუმარცხებელი მეომარი, მახვილი მესიისა - წმიდა დავით აღმაშენებელი.

1089 წელს გიორგი II-მ უარი თქვა მეფობის პატივსა და სიმძლავრეზე და თავისი თექვსმეტი წლის "მარტოშობილ ძეს. . . დაადგა გვირგვინი მეფობისა". "თვით მამამან ზეცათამან პოვა დავით, მონა თვისი და საცხებელი მისი წმიდა სცხო მას". . . უფალმა წყალობითა და ჭეშმარიტებით შემოსა მოწყალე და გლახაკთა მფარველი მეფე, "უზეშთაეს ყო იგი უფროს ყოველთა მეფეთა ქუეყანისათა". წინ იყო ბრძოლის, შრომის, აღმშენებლობის, მოღვაწეობის ოცდათექვსმეტ წლიანი გზა.

უპირველეს ყოვლისა, დავით მეფემ დიდი თურქობის დროს გაქცეული და მიუვალ ადგილებს შეხიზნული ქართველების დაბრუნება დაიწყო ძველ ნამოსახლარებზე, აზნაურებს მოუყარა თავი და მათთან ერთად შეუდგა ერის შეკრებას.

გავიდა ოთხი წელი. მოკვდა სულთანი მელიქ-შაჰი. ლიპარიტ ბაღვაშმა, რომელიც პირველ ხანებში ერთგულად ედგა მეფეს გვერდით, "იწყო მამურ-პაპურთა კუალთა სლვა. . . დაღათუ ქრისტეანი იყო სახითა, გარნა ორგულობა და სიძულვილი პატრონთა გუარისაგან მოაქუნდა გონებითა. . . დადგა ყოველსა გზასა არაკეთილსა." მეფემ მისი მობრუნება განიზრახა და რამდენიმე ხნით შეიპყრო. კლდეკარის ერისთავმა მტკიცე ფიცი და ერთგულების პირობა დადო. მეფემ შეუნდო, მაგრამ როცა დარწმუნდა, რომ "კუდი ძაღლისა არ განიმართების, არცა კირჩხიბი მართლად ვალს", კვლავ შეიპყრო, ორი წელიწადი საპყრობილეში ამყოფა, შემდეგ კი, პატივაყრილი, საბერძნეთს გაგზავნა. ასევე წარმატებით დათრგუნა დავითმა სხვა ურჩი დიდებულებიც, რადგან იცოდა, რომ ძლიერი სახელმწიფოს აუცილებელი ქვაკუთხედი შინაგანი მშვიდობა და ერთობა იყო.

ამასობაში იერუსალიმი და ანტიოქია ჯვაროსნებმა აიღეს. ამით ისარგებლა დავით მეფემ და თურქებს ხარკის მიცემა შეუწყვიტა. ღვთივგანბრძნობილმა მეფამ თავისი გონიერი მზერა ეკლესიას მიაპყრო. მან მოიწვია საეკლესიო კრება "ღვთისმოყუარეთა მონაზონთა, დაყუდებულთა და მეუდაბნოეთა სანახებთა ქართლისათა, მახლობელად ორთა საეპისკოპოსთა - რუისა და ურბნისისა". კრებამ აღადგინა და გააძლიერა ეკლესიის ავტორიტეტი, აღკვეთა თავგასულ ფეოდალთა და უღირს სასულიერო პირთა თავნებობა.

ეკლესია გახდა ძირითადი დასაყრდენი სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და ეროვნული ინტერესების განხორციელების საქმეში. კრებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა მართმადიდებლური სარწმუნოების სასიცოცხლო მნიშვნელობა ერისა და პიროვნების გადარჩენის საქმეში. "არა გეცრუვნეთ შენ, სიწმიდით მშობელო ჩუენო კათოლოკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო მართლმადიდებლობაო, რომელიცა არცა განმცემელ ქმნილ ვართ, ვინაიდგან შემეცნებასა შენსა ღირს ქმნილ ვართ, მოწამე არს ჭეშმარიტება", - ვკითხულობთ ამ კრების ძეგლისწერაში.

დავით მეფე აქტიურად შეუდგა საქართველოს სრულ გაერთიანებას და უპირველესად კახეთ-ჰერეთს მიმართა. თურქები და მოღალატე ფეოდალები ფარ-ხმლის დაყრას არ აპირებდენენ. ღვთის წყალობას მინდობილი ლაშქარი ერწუხთან უშიშრად შეება თურქთა უზარმაზარ მხედრობას. რიგითი ჯარისკაცივით იბრძოდა მეფეც, მეომრებს ლომივით შეუძახებდა, გრიგალივით დაჰქროდა. სამი ცხენი მოუკლეს ამ ბრძოლაში, მეოთხეზე ამხედრებულმა დაასრულა საკვირველი გამარჯვებით. რამოდენიმე წელი ქვეყნის შიდა პოლიტიკის რეფორმასა და აღმშენებლობას მოახმარა კეთილმსახურმა დავითმა, შემდეგ კი შეუდგა თურქთაგან საქართველოს სრულ განწმენდას.

თურქთა სულთანმა მუჰამედმა ასი ათასიანი ლაშქარი დაძრა საქართველოსკენ. როცა მტრის შემოსვლა შეიტყო, თავად მეფემ ათას ხუთასი კაცით თრიალეთისკენ წავიდა. განთიადისას შეება ერთმანეთს უთანასწორო მხედრობა. "შეწევნითა ღმრთისათა იძლია ბანაკი თურქთა". თავზარდაცემული მომხდურები ისე გაიქცნენ, რომ კარვების მოხსნა და საქონლის გარეკვაც ვერ მოასწრეს. ამასობაში გიორგი ჭყონდიდელმა რუსთავიც წაართვა დამპყრობლებს. 1115 წელს მტკვრის ხეობა მთლიანად შეუერთდა საქართველოს. ერთი წლის შემდეგ კი კარნიფორსა და ბასიანს შორის დაბანაკებული თურქებიც განდევნეს.

სიმდიდრით და დიდებით აივსო სამეფო. იმავე წელს დავითმა თავისი ასული კატაი ბერძენთა იმპერატორს, ალექსი კომნენოსს მისცა სძლად, მეორე ასული კი შირვანს გაგზავნა დედოფლად, "რათა ვითარცა ორნი მნათბნი - ერთი აღმოსავლეთს, მეორე დასავლეთს - ცისკროვან ჰყოფდენ სფეროსა, მამისაგან მიმღებელნი მზეებრთა შარავანდედთანი".

"ძლევანი საკვირველნი" გრძელდებოდა, წმიდა მეფე ახალ-ახალი დიდებით იმოსებოდა. სწორუპოვარ მამას გვერდით ედგა ღირსეული შვილი, "სიბრძნითა, სიწმიდითა, ახოვნებითა და სიმხნევითა უმჯობეს მამისა"- დემეტრე (შემდგომ ღირსი დამიანე, დემეტრეყოფილი).

მიუხედავად წარმატებისა, დავით აღმაშენებელი კარგად ხედავდა, რომ მცირერიცხოვან ქართულ მხედრობას საქართველოს ქალაქებისა და ციხეების უსაფრთხოების დაცვა და იმავდროულად მუდმივმოქმედ არმიაში ყოფნა გაუჭირდებოდა. საჭირო იყო მუდმივი ლაშქრის შექმნა. ბრძენმა მეფემ განიზრახა, ყივჩაღთაგან შეექმნა ასეთი არმია. ის კარგად იცნობდა ამ ხალხს, იცოდა მათი ომის ხელოვნების და მხნეობის ამბავი. მისი მეუღლე, გურანდუხტ დედოფალიც ხომ ყივჩაღთა მთავრის, ათრაქა შარაღანის ძის ასული იყო. ათრაქამ სიხარულით მიიღო სახელოვანი სიძის წინადადება. ყივჩაღთა მშვიდობიანი გზის უზრუნველსაყოფად მეფე და მისი აღმზრდელი, გიორგი ჭყონდიდელი ოსეთს წავიდნენ. ოსეთში გარდაიცვალა გიორგი ჭყონდიდელი, "აღმზრდელი პატრონისა და თანაგამკაფელი ყოველთა გზათა, საქმეთა და ღუაწლთა მისთა". დამწუხრებულმა მეფემ 40 დღიანი გლოვა გამოაცხადა მთელ სამეფოში.

დავითმა ყივჩაღთაგან შექმნა ორმოციათასიანი არმია. ამას ხუთი ათასი ქართველიც მიემატა და იმ დღიდან საქართველოს განმგებლობაში მუდმივად იყო ორმოცდახუთი ათასი კაცისაგან შემდგარი სპა.

დავითმა საქართველოში და მის მახლობლად მცხოვრები თურქების ნავარდობას ბოლო მოუღო. წმიდა მეფე დღითი დღე ამტკიცებდა, ჰკრავდა და აძლიერებდა ქვეყანას. მტრები ვერ ბედავდნენ ღვთივკურთხეულ მეფესთან შებმას. "ესევითართა ჭირთაგან შეიწრებულნი თურქმანნი" სულთან მაჰმუდს ეახლნენ ბაღდადში. გლოვისა და გაჭირვების ნიშნად შავად შეიღებნენ და ასე აუწყეს ამიერკავკასიაში მიმდინარე ამბები. სულთანმა არაბთა მეფე დურბეიზს უხმო, მისცა თავისი ძე, მალიქი, ექვსასი ათასიანი არმია შეკრიბა და საქართველოსაკენ დაძრა.

1121 წლის აგვისტო იდგა. ქვიშასავით მოადგა ურიცხვი მტერი თრიალეთს, მანგლისს, დიდგორს, "თვით ფერხთა ზედა ვერ ეტეოდეს ამათ ადგილთა". უშიშარმა მეფემ წყნარად, უშფოთველად და ბრძნულად განაწყო სპა ისე, რომ არა მარტო გამარჯვებაზე იზრუნა, არამედ თავის მცირერიცხოვან მხედრობასაც გაუფრთხილდა. ბრძოლის დაწყების წინ მეფემ სიტყვით მიმართა ლაშქარს: "ეჰა, მეომარნო ქრისტესნო! თუ ღვთის სჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არამცთუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკებსაც ადვილად დავამარცხებთ, და ერთ რამეს გირჩევთ, რაც ჩვენი პატიოცნებისა და სარგებლობისათვის კარგი იქნება: ესაა, რომ ჩვენ ყველამ ხელთა ცისადმი აპყრობით ძლიერ ღმერთს აღთქმა მივცეთ, რომ მისი სიყვარულისათვის ამ ბრძოლის ველზე უმალ მოვკვდებით, ვიდრე გავიქცევით და რომ არ შეგვეძლოს გაქცევა, რომც მოვინდომოთ, ამ ხეობის შესავალი, რომლით შევსულვართ, ხეთა ხშირ ხერგებით შევკრათ და მტკიცე გულით მტრებს, როცა მოგვიახლოვდებიან ჩვენზე იერიშის მოსატანად, სასტიკად შევუტიოთ".

უკან დახევაზე არც უფიქრია ვინმეს. მეფის გასაოცარმა საბრძოლო ტაქტიკამ და შემართებამ, ქართველთა სიმხნევემ და ზეციურმა სასწაულებმა მტერი შიშით გათანგა. "ხელი მაღლისა შეეწეოდა და ძალი ზეგარდმო ფარვიდა და წმიდა მოწამე გიორგი განცხადებულად და ყოველთა სახილველად წინაუძღოდა მას და მკლავითა თვისითა მოსრვიდა ზედამოწევნულთა უსჯულოთა მათ წარმართთა".

პირველსავე ბრძოლაში მტერმა დიდი ზარალი ნახა. ბაღდადის მმართველი ილ-ღაზი მძიმედ დაიჭრა, სახელგანთქმულ სარდალს დურბეიზ სადაყას ძეს ისე ახლოს მიეჭრნენ ქართველები, რომ გულიდან ოქროს ძვირფასი მანიაკი ჩამოგლიჯეს და შემდგომ დიდგორთან მოპოვებული გამარჯვების პატივსაცემად ხახულის ღვთისმშობლის ხატს შესწირეს.

მომდევნო, 1122 წელს თბილისი აიღო დავით აღმაშენებელმა და ოთხასწლიანი ტყვეობის შემდეგ დედაქალაქი სამშობლოს დაუბრუნა. 1123 წელს დავითმა დმანისიც შემოიერთა და ამით საქართველოს გაერთიანება საბოლოოდ განასრულა.

გამარჯვება გამარჯვებას მოსდევდა. უფალი შეეწეოდა ღვთის მადიდებელ მეფეს. ჯერ კიდევ 1106 წელს დაიწყო დავით მეფემ თავისი აღმშენებლობითი მოღვაწეობის გვირგვინის - გელათის მონასტრის მშენებლობა. "მოიგონა აღშენება მონასტრისა და დაამტკიცა ადგილსა ყოვლად შუენიერსა და ყოვლითურთ უნაკლოსა, რომელსა შინა ვითარცა მეორე ცაი გარდაართხა ტაძარი ყოვლადწმიდისა და უფროსად კურთხეულისა დედის ღმრთისა". ეს ტაძარი ყველა დანარჩენებზე მშვენიერი იყო.

დავითმა მას დიდძალი განძი და ომებში მოპოვებული ნადავლი შესწირა, ამასთანავე "შემოკრიბნა კაცნი პატიოსანნი ცხოვრებითა და შემკული ყოვლითა სათნოებითა, არა თვისთა ოდენ სამეფოთა შინა პოვნილნი, არამედ ქუეყანასა კიდეთათ, სადაცა ესმა ვიეთმე სიწმიდე, სიკეთე, სისრულე, სულიერთა და ხორციელთა სათნოებითა აღსავსეობა, იძინა და კეთილად გამოიძინა, მოიყვანნა და დაამკვიდრნა მას შინა". ასე დაედო საფუძველი უმაღლეს სასწავლებელს - გელათის აკადემიას. მართლსარწმუნოებისა და სიბრძნის კერა იქცა "ყოვლიას აღმოსავლეთისა მეორე იერუსალიმად, სასწავლოდ ყოვლისა კეთილისად, მოძღვრად სწავლულებისად, სხვად ათინად".

დავითის მზრუნველი ხელი დაეტყო საქართველოს საზღვრებს გარეთ, წმიდა ადგილებში მრავლად არსებულ ქართულ სავანეებს.

კაცთმოყვარე მაფემ სნეულთათვის ქსენონი ააშენა, ყველა აუცილებელი ნივთი მოუმზადა. სიუხვით და წყალობით სავსე თვითონაც ხშირად ნახულობდა ავადმყოფებს, ამხნევებდა მათ, მამასავით ეპყრობოდა. დავითს ყოველთვის თან დაჰქონდა ქისა მოწყალების გასაცემად.

განსწავლული და მწიგნობარი მეფე თავისუფალ დროს საღმრთო წერილისა და სხვა მეცნიერებათა წვდომას ანდომებდა. დავითს წიგნები ომშიც თან დაჰქონდა, ჯორებით და აქლემებით დაატარებდა ბიბლიოთეკას. როცა კითხვით გადაიღლებოდა, სხვას აკითხებდა, თვითონ კი ყურადღებით უსმენდა. ყველაზე უფრო წმიდა წერილის კითხვა უყვარდა. დავით მეფის ცხოვრების აღმწერი ამბობს: "წინადაიდვა ოდესმე წიგნი სამოციქულო წარკითხვად და რაჟამს დაასრულის, ნიშანი დასუის ბოლოს წიგნისასა. ხოლო მოქცევასა წელიწადისასა მით ნიშნითა აღვთუალეთ: ოცდაოთხჯერ წარეკითხა".

საოცარი მწიგნობარი მეფე სწორუპოვარი ჰიმნოგრაფიც იყო. მისი "გალობანი სინანულისანი" თავისი ღრმა სულიერებით უტოლდებოდა ეკლესიის უდიდესი ჰიმნოგრაფების ნაწარმოებებს. ქართველ მეფეთა შორის ყველაზე უშიშარმა, ძლევამოსილმა და მართალმა, შთამომავლობას დაუტოვა თავისი სულის საოცარი აღსარება, სადაც მწარე გოდებით მოიხსენია ყველა ცოდვა, ნებსით თუ უნებლიეთ ქმნილი და შეწყალება გამოსთხოვა ყოვლისმპყრობელ მსაჯულს: "ჟამი რაი წვლილთა და ხმელთა აღმოფშვინვათაი წარმოდგეს, ზარი მეფობისაი წარხდეს და დიდებაი დაშრტეს, შუებანი უქმ იქმნნენ, ყუავილოვნებაი დაჭნეს, სხუამან მიიღოს სკიპტრაი, სხვასა შეუდგენ სპანი, მაშინ შემიწყალე, მსაჯულო ჩემო!"

1125 წელს, როცა "დიდთა საქმეთა და უფროსთა ლაშქრობათა" წარმართვაზე ფიქრობდა, ანდერძი დაწერა ღვთივგვირგვინოსანმა მეფემ, თავისი ხელით დასვა სამეფო ტახტზე დემეტრე, დაადგა გვირგვინი, მახვილი შემოარტყა წელზე და "დაულოცა ცხოვრება წარმართებული და განგრძობა დღეთა ბედნიერებით". თვითონ კი ორმოცდაცამეტი წლის ასაკში აღესრულა "სახელგანთქმულ, ვითარცა ნებროთ გმირთა შორის; ახოვან, ვითარცა ისო წინამბრძოლთა შორის; მოშურნე, ვითარცა ფინეზ მღვდელთა შორის; მხნე, ვითარცა სამფსონ მსაჯულთა შორის; ბრძენ, ვითარცა სოლომონ მეფეთა შორის; მშვიდ, ვითარცა დავით ცხებულთა შორის; მხურვალე, ვითარცა პეტრე მოწაფეთა შორის; კაცთმოყვარე, ვითარცა ჩემი იესო ღმერთთა შორის; ბუნებით ღმერთი მადლით ღმერთქმნულთა შორის; საყვარელ, ვითარცა იოანე მეგობართა შორის; მკვირცხლ, ვითარცა პავლე მოციქულთა შორის; სახის დასაბამ უცთომელისა ქრისტიანობისა, ვითარცა დიდი კონსტანტინე თვითმპყრობელთა შორის; სიმტკიცე კეთილად მსახურებისა, ვითარცა თევდოსი სკიპტრისმპყრობელთა შორის" (არსენ ბერი).

წმიდა დავით აღმაშენებელი დაკრძალეს მის მიერ აგებული და სამეფო საძვალედ დადგენილი გელათის მონასტრის შესასვლელში. საფლავის ქვაზე ამოკვეთილია კეთილმსახური მეფის უკანასკნელი სურვილი: "ესე არს განსასუენებელი ჩემი უკუნითი უკუნისამდე, ესე მთნავს: აქა დავემკვიდრო მე".

† წმიდა, დიდებული, დიდმოწამე, ძლევაშემოსილი და საკვირველთმოქმედი გიორგი

წმიდა დიდმოწამე გიორგი

წმიდა გიორგი მე-3 საუკუნის მეორე ნახევარში დაიბადა კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში. მამამისი მოწამეობრივად აღესრულა. დაქვრივებული დედა კაბადოკიიდან რომში, თავის სამშობლოში წავიდა და იქ განაგრძო შვილის ქრისტიანულად აღზრდა.

ჭაბუკი გიორგი რომის ლაშქარში განმწესდა მხედრად. ახოვანმა, მამაცმა და უშიშარმა მეომარმა მალე იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ყურადღება მიიპყრო. მან თავის პირად მცველთა რაზმის უფროსად დანიშნა წმიდა გიორგი და მხედართმთავრის მაღალი წოდებაც უბოძა.

კერპთაყვანისმცემელმა იმპერატორმა თავისი განმგებლობის ბოლო წლებში სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა ქრისტიანობას. სენატის საბჭოზე ნიკომიდიაში მან სრული თავისუფლება მიანიჭა პროვინციის მმართველთ ქრისტეს მიმდევართა დასასჯელად და თავის მხრივ, მხარდაჭერაც აღუთქვა.

წმიდა გიორგიმ ეს რომ შეიტყო, გაათავისუფლა თავის მონები, ქონება გლახაკთ დაურიგა, სენატში გამოცხადდა, საჯარაოდ აღიარა ქრისტიანობა და ყველა იქ მყოფსაც მოუწოდა, მიეღოთ ეს ჭეშმარიტი სარწმუნოება: "მე მონა ვარ ქრისტესი, ღმრთისა ჩემისა და მსასოებელი მისი. საკუთარი ნებით წარვმდგარვარ თქვენს წინაშე, რათა ვეწამო ჭეშმარიტებისათვის". - "რა არის ჭეშმარიტება?" - ჰკითხა ერთ-ერთმა წარჩინებულმა. "თავად ქრისტეა ჭეშმარიტება, დევნილი თქვენ მიერ", - იყო პასუხი. თავისი საყვარელი მხედართმთავრის ამ კადნიერი სიტყვით თავზარდაცემულმა დიოკლეტიანემ სცადა, დაერწმუნებინა იგი, განდგომოდა ქრისტეს და მსხვერპლი შეეწირა კერპებისათვის. წმიდა აღმსარებელმა მტკიცედ მიუგო: "ვერავითარი ამსოფლიური დიდება ვერ შეანელებს ჩემს სურვილს, ვემსახურო ჭეშმარიტ ღმერთს". განრისხებული მბრძანებლის განკარგულებით მეომრები შეეცადნენ, შუბის კვრით გაეყვანათ იგი დარბაზიდან, მაგრამ წმიდანის სხეულზე შეხებისას რკინა რბილდებოდა და იდრიკებოდა. საპყრობილეში მას ფეხებზე - ხუნდები, მკერდზე კი დიდი ლოდი დაადეს და დილამდე ასე ამყოფეს.

მეორე დღეს ნაწამები წმიდა გიორგი ისევ იმპერატორს წარუდგინეს: "უმალ შენ მოუძლურდები ჩემი ტანჯვით, ვიდრე მე, შენს მიერ გვემული", - ასე პასუხობდა იგი დიოკლეტიანეს ყოველ შეკითხვას. განრისხებულმა იმპერატორმა ბრძანა, ყველაზე მძიმე სატანჯველით ეწამებინათ იგი. დიდმოწამე მბრუნავ ბორბალზე დააკრეს, რომლის ქვეშაც წვერბასრი რკინის მახვილებიანი ძელები დაედოთ. სხეულდასერილმა წმიდანმა ჯერ ხმამაღლა ჰხადა უფალს, შემდეგ კი დადუმება არჩია. დიოკლეტიანემ იფიქრა, რომ იგი უკვე აღესრულა, ბრძანა, ჩამოეხსნათ სხეული ბორბლიდან, თვითონ კი აპოლონის ბომონს მიაშურა სამადლობელი მსხვერპლის შესაწირად.

მოულოდნელად სრულიად ჩამობნელდა, ჭექა-ქუხილმა შეაზანზარა ქვეყანა, ცოტა ხნის შემდეგ კი მაღლიდან მოისმა ხმა: "ნუ გეშინინ, გიორგი, მე შენთანა ვარ!" ბორბალთან უჩვეულო ნათლითმოსილი ჭაბუკი გამოჩნდა, ხელი შეახო მოწამეს, უთხრა: "გიხაროდენ!" - და გაუჩინარდა. წმიდა გიორგი სრულიად უვნებელი წამოდგა ბორბლიდან.

ამის მხილველმა განცვიფრებულმა მეომრებმა წმიდა გიორგი მაშინვე საკერპოში წაიყვანეს, იმპერატორთან. დიოკლეტიანემ თვალებს არ დაუჯერა, როცა საღ-სალამათი მოწამე იხილა, ვერც ქურუმმა ათანასემ დამალა გაოცება. მომხდარი სასწაულით გამხნევებულმა საიმპერატორო კარის ორმა წარჩინებულმა მოხელემ - ანატოლიმ და პროტოლეონმა, რომლებიც მანამდე მალავდნენ ქრისტიანობას, საჯაროდ აღიარეს თავიანთი სარწმუნოება და იმწამსვე დიოკლეტიანესაგან თავის მოკვეთაც მიესაჯათ. თვით დიოკლეტიანეს მეუღლე ალექსანდრაც ხმამაღლა განადიდებდა ქრისტეს და მზად იყო, გაეზიარებინა მის თვალწინ წამებულ დიდებულთა ხვედრი, მცველებს სასწრაფოდ, ძალით რომ არ წაეყვანათ სასახლეში.

ამის შემდეგ იმპერატორის განკარგულებით წმიდა გიორგი ღრმა ორმოში ჩააგდეს და თავზე გამოუწვავი გახურებული კირი დააყარეს, ხოლო როცა სამი დღის შემდეგ კირი ამოიღეს და წმიდანი სრულიად უვნებელი იხილეს, იმპერატორისავე ბრძანებით, მას წვერწამახულ ლურსმნებგაჩრილი რკინის გავარვარებული ჩექმები ჩააცვეს და ცემით წაიყვანეს საპყრობილემდე.

მეორე დღეს, როცა დიოკლეტიანემ კვლავ ისურვა წმიდა გიორგის ნახვა, წამებულმა ღიმილით უთხრა, ჩექმა ძალიან მომეწონაო. ამის გამო ისე სცემეს, ხარის გამხმარი ძარღვებით, რომ წმიდანის სისხლი და ხორცი მიწას შეერია, მაგრამ მისი სიმტკიცე მაინც ვერ გატეხეს. იმპერატორმა დასახმარებლად წარმართ მოგვს, ათანასეს უხმო. ათანასემ შეზავებული სისხლით სავსე ორი თასი მისცა მოწამეს, პირველს მორჩილი უნდა გაეხადა იგი, მეორეს კი უნდა მოეკლა. მოწამემ მშვიდად შესვა ორივე და კვლავ ადიდა ღმერთი.

მისნის რჩევით, დიოკლეტიანემ წმიდა გიორგის უბრძანა, ქრისტიანული სარწმუნოების ჭეშმარიტების დასამტკიცებლად მიცვალებული აღედგინა მკვდრეთით. წმიდანი საფლავთან მიიყვანეს. მან უფალს შეჰღაღადა: "უფალო იესო! წინაშე შენსა წარმომდგართ უჩვენე, რომ ერთი ღმერთი ხარ მთელი ქვეყნისა, რათა გიცნან შენ, ყოვლადძლიერი მეუფე ჩვენი".

მიწა იძრა, საფლავი გაიხსნა და მიცვალებული მკვდრეთით აღდგა. ამ სასწაულის მოწმეებმა ერთხმად ადიდეს ღმერთი, თვით ათანასემ იმწამსვე აღიარა ქრისტიანული სარწმუნოება, წმიდა გიორგის დაუჩოქა და სთხოვა, ცოდვები მიეტევებინა მისთვის. გამძვინვარებულმა დიოკლეტიანემ სიკვდილით დასაჯა ათანასეც და მკვდრეთით აღმდგარი კაციც, წმიდა გიორგი კი კვლავ საპყრობილეში ჩააგდო, რათა მეორე დღესვე სიკვდილით დაესაჯა იგი, თუკი საბოლოოდ არ უარყოფდა ქრისტეს. იმ ღამეს წმიდა გიორგის თავად მაცხოვარი ეჩვენა: "ნუ გეშინინ, მხნე იყავ, განძლიერდი. მალე მიხილავ და მიიღებ შენთვის განკუთვნილ ადგილს".

დილით დიოკლეტიანემ კიდევ ერთხელ შესთავაზა წმიდა მოწამეს, თაყვანი ეცა კერპებისათვის. წმიდა გიორგი დათანხმდა მბრძანებელს აპოლონის ბომონში გაყოლაზე, ხოლო როცა გახარებულმა იმპერატორმა პატივით შეიყვანა იგი სამსხვერპლოში, წმიდანი მიუახლოვდა კერპს, ჯვარი გადასახა და ყველა კერპი დაიმსხვრა. ხალხი აბობოქრდა. ქურუმები წმიდანის მოკვდინებას მოითხოვდნენ. ხმაურზე წმიდა დედოფალი ალექსანდრა მოვიდა. როცა ნახა, რომ წმიდა გიორგი სასიკვდილოდ მიჰყავდათ, თვითონაც აღიარა ქრისტიანობა და, დიოკლეტიანესაგან სიკვდილმისჯილი, სიხარულით გაჰყვა გვერდით საყვარელ წმიდანს.

დასჯის წინ წმიდა გიორგიმ მთელი გულით შესთხოვა უფალს, შეენდო მტარვალთათვის, რომელთაც არა უწყოდნენ, რას იქმოდნენ და სთხოვა, ჭეშმარიტი რწმენის შეცნობამდე მიეყვანა ისინი, შემდეგ კი მორჩილებით მოუდრიკა ქედი ჯალათის მახვილს. იგი აღესრულა 303 წლის 23 აპრილს. ანდერძისამებრ, წმიდა გიორგის სხეული დაკრძალეს პალესტინის ქალაქ რამლაში, კონსტანტინე დიდის მეფობის დროს კი გადაასვენეს წმიდანის სახელზე აშენებულ დიდ ტაძარში, ქალაქ ლიდაში.

წმიდა გიორგი ეწამა ოცდაათი წლის ასაკში და ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი. ეკლესია წმიდა გიორგის ხსენებას დღესასწაულობს ორჯერ: 23 აპრილს (6 მაისს) - წმიდანის აღსრულების დღეს და 10 (23) ნოემბერს - მისი ბორბალზე წამების დღეს (ამ უკანასკნელ დღესასწაულს ქართული ეწოდება, რადგან საქართველოდან გადავიდა სხვა ადგილობრივ ეკლესიებში).

† ღირსი მამა ბასილი დიდი

ღირსი მამა ბასილი დიდი

ღირსი მამა ბასილი დიდი დაახლოებით 330 წელს დაიბადა კაბადოკიის დედაქალაქ კესარიაში. იგი კეთილშობილებით, სიმდიდრით, ნიჭიერებითა და საღვთო მოშურნეობით ცნობილი გვარის ჩამომავალი იყო. წმიდანის ბაბუა და ბებია დიოკლეტიანეს დროინდელი დევნისას შვიდი წლის განმავლობაში იმალებოდნენ ტყეში. წმიდა ბასილის დედა, ემილია, მოწამის შვილიშვილი იყო, მამა კი, უფროსი ბასილი, ნეოკესარიელი ადვოკატი და რიტორიკის ცნობილი მასწავლებელი. ოჯახში ათი ბავშვი იზრდებოდა - ხუთი ვაჟი და ხუთი ქალი. მათგან ხუთი წმიდანად იქნა შერაცხილი: ბასილი, მაკრინე, გრიგოლ ნოსელი, პეტრე სებასტიელი და ღირსი თეოზვა დიაკონისა.

სიყრმე ბასილიმ მამა-პაპისეულ მამულში გაატარა, პირველდაწყებითი განათლება მამის ხელმძღვანელობით მიიღო, შემდეგ კი საუკეთესო მასწავლებლებთან სწავლობდა კაბადოკიის კესარიაში. წმიდანმა აქ ყველა აღტაცებაში მოიყვანა. გრიგოლ ნაზიანზელი წერდა: "რიტორი იყო რიტორთა შორის უწინარეს საფილოსოფოსოისა სწავლისა და, უზეშთაესიცა ვთქუ, მღვდელ იყო ქრისტიანეთაი". კესარიიდან ბასილი ეწვია კონსტანტინოპოლს და რიტორიკას სწავლობდა ცნობილ ლიბანიოსთან. თავისი განათლება მომავალმა ეპისკოპოსმა გააგრძელა ტრადიციული ფილოსოფიური სკოლებით ცნობილ ქალაქ ათენში. ათენში ღირსი ბასილი დაუმეგობრდა გრიგოლ ღვთისმეტყველს. მათმა მეგობრობამ მთელი ცხოვრების მანძილზე გასტანა. დაახლოებით 357 წელს წმიდა ბასილი კესარიაში დაბრუნდა. ქალაქის მცხოვრებთა დაჟინებული თხოვნით იგი რამდენჯერმე გამოვიდა საჯაროდ და მსმენელები თავისი ორატორული ხელოვნებით აღაფრთოვანა. ოცდახუთი წლის ასაკში გახდა ადვოკატი და რიტორიკის მასწავლებელი.

მეუღლის სიკვდილის შემდეგ წმიდა ბასილის დედა უფროს ასულ მაკრინესთან ერთად და რამდენიმე ქალწულთან ერთად მდინარე ირისის ნაპირას, საგვარეულო მამულში განმარტოვდა და ასკეტური ღვაწლი იტვირთა. ბასილი კი მოინათლა და კესარიელი ეპისკოპოსის, დიანის კურთხევით მედავითნედ იქნა დადგენილი. მონაზვნური ცხოვრების წესის გასაცნობად ბასილიმ იმოგზაურა ეგვიპტეში, სირიასა და პალესტინაში, მოინახულა ღვაწლმოსილი მოსაგრეები, კაბადოკიაში დაბრუნების შემდეგ კი ცდილობდა, მიაბაძა მათთვის. მთელი სიმდიდრე წმიდანმა მოწყალებად გასცა, შემდეგ კი ემილიასა და მაკრინესთან ახლოს, მდინარის მეორე ნაპირას ძმათა საცხოვრისი დააარსა. თავისი წერილებით ბასილი დიდმა უდაბნოში მიიზიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი. ბასილი და გრიგოლი უსაზღვრო თავშეკავებით გამოირჩეოდნენ: მათ სენაკებში არ იყო კერა ცეცხლის დასანთებად, საზრდელიც ძალზე მწირი ჰქონდათ. ისინი თლიდნენ ქვებს, რგავდნენ და უვლიდნენ ხეებს, ეზიდებოდნენ ტვირთს. . . მძიმე ფიზიკური შრომის გამო კოჟრები არ სცილდებოდათ ხელებიდან. ამსოფლიური ამაოებისაგან განრიდებული ბასილი და გრიგოლი სწავლობდნენ წმიდა წერილს, ეცნობოდნენ მის განმარტებებს, კერძოდ, ორიგენეს ნაშრომებს, რომლის თხზულებების მიხედვითაც შეადგინეს კრებული "ფილოკალია" ("სიკეთისმოყვარება"). იმავე ხანებში ღირსმა ბასილიმ, ბერების თხოვნით, დაწერა ზნეობრივი ცხოვრების წესების სახელმძღვანელო. თავისი ცხოვრებისეული მაგალითითა და ქადაგებებით ბასილი დიდს სულიერი სრულყოფილებისაკენ მიჰყავდა კაბადოკიელი და პონტოელი ქრისტიანები. მრავალი ისწრაფოდა მისკენ, როგორც გამოცდილი და ღვთივსულიერი მოძღვრისაკენ. ასე დაარსდა ორი - მამათა და დედათა მონასტერი, რომლებიც ბასილი დიდის ტიპიკონით ხელმძღვანელობდნენ.

იმპერატორ კონსტანციუსის (337-361) მეფობაში გავრცელდა არიოზის ცრუსწავლება და ეკლესიის სიწმიდის დაცვამ ორივე წმიდანის სამსახური მოითხოვა. ბასილი დიდი კესარიაში დაბრუნდა. 362 წელს მელეტი ანტიოქიელმა იგი დიაკვნად აკურთხა, შემდეგ კი, 364 წელს, ევსები კესარიელმა მღვდლად დაასხა ხელი. ბასილიმ სახელი გაითქვა თავისი სიბრძნითა და სიწმიდით. მას პატივს სცემდნენ, ქება-დიდებას ასხამდნენ და ყოველივე ამან, ადამიანური სისუსტის გამო, ეჭვიანობა გააღვივა ევსებიში. მან ღირსი მამის შევიწროება დაიწყო. ბერები აღდგნენ წმიდა ბასილის დასაცავად. საეკლესიო განხეთქილების საფრთხე რომ მოესპო, წმიდანი თავის უდაბნოს დაუბრუნდა და მონასტრების კეთილმოწყობას შეუდგა. როცა ხელისუფლების სათავეში არიანელი იმპერატორი ვალენტი (364-378) მოვიდა, მართლმადიდებლობას მძიმე ხანა დაუდგა. მოსალოდნელი დიდი ბრძოლის წინ ეპისკოპოს ევსების თხოვნით, ბასილი სასწრაფოდ დაბრუნდა კესარიაში. ამ დროიდან მოყოლებული, ეკლესიის მართვა-გამგეობა, ფაქტიურად, ბასილი დიდის ხელში გადავიდა. იგი ყოველდღიურად წარმოთქვამდა ქადაგებებს, ხშირად დღეში ორჯერ - დილასა და საღამოს. ამ ხანებში შექმნა მან საღვთო ლიტურგიის ტიპიკონი, აგრეთვე საუბრები "ექუსთა დღეთათვის", ისაიას წინასწარმეტყველების 16 თავის და ფსალმუნების განმარტებები, მონაზვნური ცხოვრების წესების მეორე კრებული - "ასკეტიკონი" (ეფრემ მცირის თარგმანით - "სამოღვაწეო წიგნი") და 3 წიგნი არიანელი მოძღვრის ევნომიუსის წინააღმდეგ.

ევსები კესარიელის სიკვდილის შემდეგ, 370 წელს, მისი კათედრა წმიდა ბასილიმ დაიკავა. როგორც კესარიელ ეპისკოპოსს, მას თერთმეტი პროვინციის ორმოცდაათი ეპისკოპოსი ემორჩილებოდა. წმიდა ათანასე დიდი, ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსი მადლობა ღმერთს იმისათვის, რომ კაბადოკიის ეკლესიას ბასილისმაგვარი ეპისკოპოსი მიმადლა.

წმიდა მღვდელმთავარს ეკუთვნის მრავალრიცხოვანი წერილები ეკლესიების, ეპისკოპოსების, სამღვდელოებისა და კერძო პირების მიმართ. ბასილი დიდის დაუცხრომელი მოღვაწეობა აძლიერებდა ერეტიკოსთა სიძულვილს მისდამი.

მპერატორი ვალენტი მართლმადიდებელ ეპისკოპოსებს დევნიდა, ასახლებდა და სასტიკი მეთოდებით ავრცელებდა არიანელობას. ამავე მიზნით ჩავიდა ის კაბადოკიაში და წმიდა ბასილთან გაგზავნა პრეფექტი მოდესტი, რომელიც ემუქრებოდა მას ქონების ჩამორთმევით, განდევნით, წამებით და სიკვდილით დასჯითაც კი. "შენი მუქარა მე არ მაშინებს, - უპასუხა წმიდანმა, - ქონებას ვერ დაკარგავს ის, ვისაც არაფერი გააჩნია ძველი, გაცრეცილი სამოსისა და რამოდენიმე წიგნის გარდა; გადასახლების საფრთხე ჩემთვის არ არსებობს, რადგან არც ერთ ადგილას არ ვარ მიჯაჭვული: ადგილი, სადაც ახლა ვცხოვრობ, ჩემი არაა და არც ის ადგილი იქნება ჩემი, სადაც გამაგდებენ. უკეთ რომ ვთქვათ, ყველა ადგილი უფლისაა. წამებითაც რას დამაკლებენ: ისე სუსტი ვარ, რომ მხოლოდ პირველ დარტყმას ვიგრძნობ - სიკვდილი კი წყალობაა ჩემთვის: ის მიმაახლებს უფალთან, რომლისთვისაც ვცოცხლობ და ვიღვწი, და რომლისკენაც დიდი ხანია ვისწრაფვი". მმართველი გაოგნებული უსმენდა. "ალბათ არასდროს შეხვედრიხარ ეპისკოპოსს, - განაგრძობდა წმიდანი, - თორემ მისგან უთუოდ ამგვარივე სიტყვებს გაიგონებდი. ჩვენ მშვიდნი და ყოველგვარი ხელისუფლების ყველაზე მორჩილი მსახურები ვართ, მაგრამ, როცა საქმე უფალს ეხება და გაკადნიერდებიან, აღდგნენ მის წინააღმდეგ, ჩვენ ყველაფერზე მაღლა ვდგებით და მხოლოდ ღმერთს ვემორჩილებით. მაშინ ცეცხლი, მახვილი, გააფთრებული მხეცები და საწამებელი იარაღები ჩვენთვის ნეტარებაა და ამით ვერ შეგვაშინებენ."

როცა იმპერატორს პრეფექტმა ბასილი დიდის შეურყევლობა ამცნო, დასძინა: "დაგვამარცხა, მეფევ, ეკლესიის წინამძღვარმა!" ამგვარივე სიმტკიცე გამოიჩინა წმიდანმა თავად იმპერატორის წინაშეც და ისეთი ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ვალენტიზე, რომ მან მხარი არ დაუჭირა არიანელებს, რომლებიც ეპისკოპოსის გადასახლებას ითხოვდნენ.

ღირსი ბასილი მკაცრად ადევნებდა თვალყურს საეკლესიო კანონის დაცვას. მის დროს სამღვდელოებაში უღირსი ვერ გაერეოდა. ის დაუზარლად მოიხილავდა თავის ეკლესიებს, მიუკერძოებლად სჯიდა საეკლესიო დისციპლინის დამრღვევებს. კესარიაში ბასილი დიდმა ორი - მამათა და დედათა მონასტერი ააგო ორმოც მოწამის სახელობის ტაძართან, სადაც უფლის ამ სათნომყოფელთა წმიდა ნაწილები ინახებოდა. მღვდელმთავარს დაქვემდებარებული მიტროპოლიის მღვდელმსახურები, ბერმონაზონთა მიბაძვით, მეტად ღარიბულად, წმიდად და კეთილმსახურებით ცხოვრობდნენ. ბასილი დიდმა მიაღწია სამღვდელოების გათავისუფლებას გადასახადებისაგან. მთელ თავის სახსრებს და თავისი ეკლესიების შემოსავალს ის გლახაკებს ახმარდა, დააარსა დავრდომილთა თავშესაფრები, კესარიაში ააგო სასტუმრო მწირთათვის. სნეულებებმა, რომლებიც სიყმაწვილიდანვე თან სდევდა წმიდანს, მკაცრმა და თავშეკავებულმა ცხოვრებამ, სამწყსოზე და წინააღმდეგობებთან ბრძოლამ წმიდა ბასილის ფიზიკური ძალები გამოაცალა. 379 წლის 1 იანვარს 49 წლის ღირსი მამა გარდაიცვალა.

† წმიდა გრიგოლ ნოსელი

წმიდა გრიგოლ ნოსელი

წმიდა გრიგოლ ნოსელი წმიდა ბასილი კესარიელის ძმა იყო. გრიგოლ ნოსელმა, საოჯახო ტრადიციის მიხედვით, მიიღო როგორც ანტიკური, ისე ქრისტიანული განათლება. ჭეშმარიტების მაძიებელი ყრმა პირველდაწყებითი განათლების მიღების შემდეგ ჯერ ძველ ბერძნულ მწერლობას, შემდეგ კი რიტორიკასა და ფილოსოფიასაც ჩაუღრმავდა. ქრისტიანული სარწმუნოების სიყვარულით მისი არსების გამსჭვალვაში დიდი როლი შეასრულეს დედამ და განსაკუთრებით, დამ - მაკრინემ.

დედის, დის, შემდეგ კი ძმის - ნავკრატიუსის განდგომამ ამსოფლიურ ამაოებათაგან დიდი გავლენა მოახდინა წმიდანზე. წმიდა გრიგოლი წიგნისმკითხველად დაადგინეს ეკლესიაში, მაგრამ 364 წელს მან ხელი აიღო საეკლესიო მოღვაწეობაზე და რიტორობას დაუბრუნდა. ძმა საყვედურობდა მას: "რიტორის სახელი არჩიე ქრისტიანობას?!" როგორც ჩანს, გრიგოლი სწორედ ამ სულიერი ბრძოლების და მერყეობის ჟამს დაქორწინდა. შემდეგ იგი წერდა: "ნეტარია, ვისაც ძალუძს უმჯობესის არჩევა და საზოგადო ყოფას შემსჭვალვით არ დაშორებია მას ჩვენს მსგავსად, რომელნიც უფსკრულით გავემიჯნეთ ქალწულებას; ქალწულებამდე კი ვეღარ ამაღლდება ისეთი ვინმე, ვინც ერთგზის უკვე ჩადგა ფეხი ამქვეყნიურ ცხოვრებაში."

370 წელს ბასილი დიდი კესარიის ეპისკოპოსად აკურთხეს, 372 წელს კი მან გრიგოლს დაასხა ხელი ნისის ანუ, ძველი ქართულით, ნოსიის ეპისკოპოსად. 371 წელს გრიგოლმა დაწერა თავისი სახელგანთქმული შრომა "ქალწულებისათვის", ასკეტური ღვაწლი იტვირთა და მისი ცხოვრება ღვთისკენ დაუსრულებელ ზესწრაფვად იქცა. ამ დროს არიანელი ვალენტი (364-378) ზეობდა და იმპერიაშიც მწვალებლები მძლავრობდნენ. წმიდა გრიგოლი ძმასთან, ბასილი დიდთან ერთად ერთგულად იცავდა მართლმადიდებლობას, რისთვისაც სასტიკ დევნასა და შევიწროებას განიცდიდა. 376 წელს მას ცილი დასწამეს საეკლესიო ქონების გაფლანგვაში, გადააყენეს ეპისკოპოსობიდან და ანკირაში გადაასახლეს. მომდევნო წელს არიანელ ეპისკოპოსთა კრებამ კვლავ დაგმო იგი, მაგრამ წმიდა გრიგოლი სულით მაინც არ ტყდებოდა და შორიდან განამტკიცებდა თავის სამწყსოს. ეს წლები მისი სულიერი აღმაფრენის ჟამი იყო. ამ ხანებში შექმნა მან ქრისტიანული მისტიკის ურჩეულესი ძეგლები: "ცხოვრება მოსესი" და "განმარტება ქება ქებათასი".

ვალენტის სიკვდილის (378) შემდეგ გრიგოლი დააბრუნეს თავის კათედრაზე და მრევლიც სიხარულით შეხვდა მას, მაგრამ სულ მალე, 379 წელს ბასილი დიდი გარდაიცვალა, რამაც დიდად დაამწუხრა წმიდანი. მან გამოსათხოვარი სიტყვა უძღვნა ძმას, შემდგომ კი დაასრულა მისი ნაშრომი "ექუსთა დღეთათვის" - განმარტა მეექვსე დღის ის ნაწილი, რომელიც ადამიანის შესაქმეს ეხება ("ადამიანის შექმნის შესახებ").

გრიგოლ ნოსელი ცდილობდა, ამოევსო ის სიცარიელე, რომელიც ბასილის მიცვალებამ დატოვა საქრისტიანოში და ამიერიდან უპირველეს როლს ასრულებდა ეკლესიის ცხოვრებაში. 379 წელს მან მონაწილეობა მიიღო ანტიოქიის საეკლესიო კრების მუშაობაში და დაგმო ერესები, რომელთა ნაწილი ღვთისმშობლის ქალწულებას უარყოფდა, ნაწილი კი ღვთაებად აღიარებდა მას. კრებამ გრიგოლს დაავალა, ემოგზაურა არაბეთსა და პალესტინაში, მოეხილა იქაური ეკლესიები და განემტკიცებინა მათში მართლმადიდებლური სწავლება ღვთისმშობელზე. უკან გამობრუნებულმა წმიდანმა იერუსალიმის წმიდა ადგილები მოილოცა.

381 წელს წმიდა გრიგოლ ნოსელი ერთ-ერთი უმთავრესი ძალა იყო კონსტანტინოპოლში გამართულ II მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, რომელმაც საბოლოოდ დაგმო არიოზის მწვალებლობისგან აღმოცენებული ყველა ერესი.

394 წელს წმიდანი მონაწილეობს კონსტანტინოპოლის ადგილობრივი კრების მუშაობაში, რომელიც მოწვეულ იქნა არაბეთში საეკლესიო საკითხების მოსაგვარებლად. ამ კრების შემდეგ დიდი ხანი არ იყო გასული, რომ ღრმად მოხუცებული გრიგოლ ნოსელი მშვიდობით მიიცვალა.

† ღირსი ეფრემ ასური

ღირსი ეფრემ ასური

ღირსი ეფრემ ასური, სინანულის მოძღვარი, IV საუკუნის დასაწყისში დაიბადა ქალაქ ნიზიბიაში. მშობლები - ღარიბი მიწათმოქმედები - კეთილმსახურებით ზრდიდნენ შვილს, მაგრამ ეფრემი ფიცხი ბუნების გამო ხშირად ჩხუბობდა, დაუფიქრებლად იქცეოდა და ღვთის განგებულებაშიც კი ეჭვი ეპარებოდა. ერთხელ მას ცხვრების მოპარვა დასწამეს და საპყრობილეში გამოამწყვდიეს, სადაც ჩაესმა ხმა, რომელიც სინანულისა და გამოსწორებისაკენ მოუწოდებდა. განთავისუფლების შემდეგ ეფრემი განეშორა წუთისოფლის ამაო შფოთს და ნიზიბიის მთებში დაეყუდა.

აქ მისი მოძღვარი შეიქნა ცნობილი ასკეტი იაკობი - ნიზიბიის ეპისკოპოსი. მღვდელმთავრის მადლმოსილი ხელმძღვანელობით ღირსი მამა უხვად იხვეჭდა სხვადასხვა ქრისტიანულ სათნოებებს და სულიერებაშიც სწრაფად წარემატებოდა. წმიდა იაკობი ეფრემის ხასიათსა და შემართებას სწორ მიმართულებას აძლევდა: ავალებდა ქადაგებების წარმოთქმას, ბავშვების სწავლებას სასწავლებელში. წმიდანი მოძღვარს თან ახლდა 325 წელს ნიკეაში გამართულ I მსოფლიო კრებაზეც. ეფრემი იაკობის მორჩილებაში იმყოფებოდა თოთხმეტი წლის განმავლობაში, მის აღსასრულამდე.

363 წელს, როცა ნიზიბია სპარსელებმა დაიპყრეს, ეფრემმა დატოვა უდაბნო და ერთ-ერთ მონასტერში დამკვიდრდა, ქალაქ ედესის მახლობლად. აქ მის გვერდით მოსაგრეობდნენ დიდი მამები, რომლებიც ლოცვასა და ფსალმუნთა გალობაში ატარებდნენ დროს. მათი თავშესაფარი გამოქვაბული იყო, ერთადერთი საკვები კი მცენარეულობა. ასკეთურ ღვაწლს ღირსი მამა საღვთო წერილის დაუცხრომელ შესწავლას უთავსებდა. უფალმა იგი მოძღვრობის ნიჭით დააჯილდოვა: ყოველი მხრიდან მოდიოდნენ მისკენ სულიერი რჩევა-დარიგების მსურველები. ეფრემის ქადაგებებს მსმენელებზე განსაკუთრებული ზემოქმედება ჰქონდა, რადგან ღირსი მამა დარიგებებს საკუთარი თავის მხილებით იწყებდა. წმიდანი მსმენელებს სინანულისაკენ, სარწმუნოებისაკენ და კეთილმსახურებისაკენ მოუწოდებდა, ამხელდა ფართოდ გავრცელებულ არიანელთა ერესს. მისმა მადლმოსილმა სწავლა-მოძღვრებამ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე.

ღირსმა მამამ ბევრი იღვაწა საღვთო წერილის, კერძოდ კი, მოსეს ხუთწიგნეულის განმარტებისთვის. მას ეკუთვნის მრავალი ლოცვა და საგალობელი. განსაკუთრებით ცნობილია ლოცვები წმიდა სამების, ძე ღვთისას, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიმართ, საგალობლები ათორმეტი საუფლო დღესასწაულის განსადიდებლად. ეფრემ ასურის ლოცვა "უფალო და მეუფეო" დიდმარხვაში იკითხება და ქრისტიანებს სულიერი განახლებისაკენ მოუწოდებს. ეკლესია უძველესი დროიდანვე ფრიად აფასებდა ღირსი მამის ნაშრომებს; მიღებული იყო მათი კითხვა მართალთა ლიტურღიაზე, სახარების შემდეგ. ეფრემის ნაწერები ადრევე ითარგმნებოდა სხვადასხვა ენებზე.

წმიდა მამა, სიმდაბლის გამო, თავს ყველაზე უღირსად თვლიდა. სიცოცხლის მიმწუხრზე იგი ეგვიპტეში გაემგზავრა დიდი მეუდაბნოე მამების ღვაწლის გასაცნობად. უკან გამობრუნებულმა, კაბადოკიის კესარიაში გაიარა, ბასილი დიდთან. დიდ მღვდელმთავარს მისი ხუცესად კურთხევა უნდოდა, მაგრამ ეფრემმა სიმდაბლის გამო უარი თქვა მღვდლობის პატივზე და ბასილი დიდმა დიაკვნად დაასხა ხელი ღირს მამას. ამ ხარისხში იმყოფებოდა იგი აღსასრულამდე. წმიდა მამას მღვდელმთავრობაც შესთავაზეს, მაგრამ მან, თავიდან რომ აეცილებინა ეს მძიმე ჯვარი, სალოსობა დაიწყო.

როცა ედესაში საშინელი შიმშილობა მძვინვარებდა, წმიდა ეფრემმა თავისი შთამაგონებელი სიტყვით მდიდრები გლახაკების დასახმარებლად განაწყო, მორწმუნეთა შემოწირულობებით მან დავრდომილთა თავშესაფარი ააგო, შემდეგ კი ედესის მახლობლად, გამოქვაბულში განმარტოვდა და აქ მოღვაწეობდა აღსასრულამდე.

† წმიდა დავით გარეჯელი

წმიდა დავით გარეჯელი

წმიდა დავით გარეჯელი პირველად საქართველოს დედაქალაქში, თბილისში დაემკვიდრა. ქალაქის განაპირას აღმართულ მთაზე დაყუდებულმა ბერმა თავისი საკვირველი ქადაგებითა და სამაგალითო ცხოვრებით მრავალი ადამიანი მიიზიდა და ბევრი ცეცხლთაყვანისმცემელი მოაქცია. განრისხებულმა მოგვებმა ფეხმძიმე როსკიპი დედაკაცი მოისყიდეს და მამა დავითს მასთან მრუშობა დასწამეს. წმიდანმა კვერთხი შეახო დედაკაცის მუცელს და წარმოთქვა:"შენ, ჩვილო, გიბრძანებ სახელითა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესითა, რათა გვაუწყო ჩვენ, ვარ თუ არა მე მამა შენი". ჩვილმა ხმა გაიღო დედის მუცლიდან და სხვაზე მიანიშნა. განრისხებულმა ხალხმა დედაკაცი ქვებით ჩაქოლა. შეძრწუნებულმა დავითმა, რომელმაც გამძვინვარებული ბრბო ვერ შეაჩერა, მდინარე მტკვარზე გაფინა მოსასხამი, თავის მოწაფესთან, ლუკიანესთან ერთად ზედ შედგა და, მიუხედავად თბილისელების მხურვალე ვედრებისა, ქალაქი დატოვა.

მამა დავითი და ლუკიანე გარეჯის უდაბნოში დასახლდნენ. მოსაგრეებს უფალმა სასწაულებრივ საზრდელი გაუჩინა. მათთან ყოველდღე, გარდა ოთხშაბათისა და პარასკევისა, ირმები მოდიოდნენ, ლუკიანე წველიდა, მამა დავითი რძეს ჯვარს გადასახავდა და იგი ყველად იქცეოდა. გარეჯელ მამათა სასწაულები მთელმა ქვეყანამ გაიგო და მალე აქ "დაემკვიდრნეს სიმრავლენი მამაკაცთანი, უდაბნოებითსა ცხოვრებასა შემატკბობელნი".

ნინოწმიდიდან ღირს დავითთან მივიდა სათნოებით შემკული ბერი დოდო, რომელმაც მოძღვრის ბრძანებით კლდის რქაზე ააშენა მონასტერი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობისა.

რამდენიმე ხნის შემდეგ ღირსი დავითი იერუსალიმის მოსალოცად წავიდა. ბერმა თავისი უღირსების გამო წმიდა ქალაქში შესვლა არ ინება, კარიბჭესთან დიდხანს და მხურვალედ ილოცა, შემდეგ იმ ადგილიდან აიღო სამი ქვა და სიწმიდეებად წამოიღო საქართველოში. იმ ღამეს იერუსალიმის პატრიარქს, ელიას, უფლის ანგელოზი გამოეცხადა და აუწყა, რომ საქართველოდან მოსულ მამა დავითს თავისი სარწმუნოებით იერუსალიმის მთელი მადლი მიჰქონდა. პატრიარქის გაგზავნილმა კაცებმა ორი ქვა გამოართვეს მამა დავითს, მესამე კი წმიდა ბერმა საქართველოში ჩამოიტანა.

ხანგრძლივი და ღვთივსათნო ცხოვრების შემდეგ აღსრულებული მამა დავითი იქვე, გარეჯის სავანეში დაკრძალეს.

† ღირსი შიო მღვიმელი

ღირსი შიო მღვიმელი

ღირსი შიო მღვიმელი (VI), ცამეტ ასურელ მამათაგანი, ანტიოქიელი იყო. მისმა მშობლებმა, ღვთისმოსავმა აზნაურებმა, მშვენიერი განათლება მისცეს ერთადერთ შვილს. თავმდაბალ, კეთილსა და ღვთისმოყვარე შიოს განსაკუთრებით უყვარდა საღმრთო წერილის კითხვა. ოცი წლის შიომ გაიგო დიდი მოღვაწის, იოანეს ამბავი, რომელიც თავის მოწაფეებთან ერთად უდაბნოში ცხოვრობდა და მშობლებისგან ფარულად წავიდა მის სანახავად. წმიდა იოანემ, რომელიც წინასწარჭვრეტის მადლით იყო დაჯილდოებული, სიხარულით მიიღო შიო, აკურთხა, მოწაფეებს უთხრა:"იყოს ჭაბუკი ესე შვილი ღმრთისა და მამა მრავალთა მონაზონთა, რამეთუ ღმერთსა გამოურჩევიეს", შიოს კი აღუთქვა მოწაფეთა შორის ჩარიცხვა იმ პირობით, რომ შინ დაბრუნებულს, მშობლებისაგან ნებართვა აეღო.

გავიდა ხანი. შიოს მშობლები მონასტერში წავიდნენ სამოღვაწეოდ. შიომ გაყიდა საცხოვრებელი, გაათავისუფლა ყველა მონა და მამა იოანესთან წავიდა. ღირსმა იოანემ სიხარულით მიიღო შიო, ბერად აღკვეცა და უდაბნოში დარჩენის ნება დართო. ოცი წელი დაჰყო ღირსმა შიომ უდაბნოში მამა იოანესთან. უანგარო მოღვაწეობისა და მორჩილებისათვის მან კურნების ნიჭი მიიღო. შემდეგ ღირსმა იოანემ იხილა ზეგარდმო ჩვენება, ამოერჩია მოწაფეები და ივერიაში წასულიყო ქართველთა სარწმუნოების განსამტკიცებლად. იმ თორმეტ თანამოსაგრეს შორის, რომელიც თან გაიყოლა წმიდა მამამ, შიოც იყო. საქართველოში ჩამოსული მამები ზედაზნის მთაზე დაბინავდნენ, შემდეგ კი, კათოლიკოს ევლავიოსის კურთხევით და მამა იოანეს რჩევით, სხვადასხვა კუთხეში წავიდნენ საქადაგებლად.

დაყუდებისმოყვარე შიომ თავისი სულიერი მამისაგან უდაბნოში წასვლის ნებართვა ითხოვა. მცხეთის მახლობლად, სარკინეთის კლდეებში იპოვა მღვიმე და დაიწყო მოღვაწეობა. ის ადგილი იმ დროს მიუვალი, უწყლო, მხეცებით სავსე იყო. მრავალი ნაკლულევანება და შიში გამოცადა აქ მამა შიომ, მაგრამ ყველაფერი დაითმინა და ყველანაირ საცდურს სძლია. ღირს მამას წმიდა ელია თეზბიტელის მსგავსად ფრინველი უზიდავდა საზრდელს.

ერთხელ, მთელი ღამის მხურვალე ლოცვის შემდეგ, განთიადისას, მთელ ხევს საკვირველი ნათელი მოეფინა და წმიდა შიოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა წმიდა იოანე ნათლისმცემელთან ერთად. ყოვლადწმიდა ქალწულმა განსაცდელთა შინა გაძლიერება აღუთქვა წმიდა ბერს და საზრდოდ თოვლის მსგავსი რამ მისცა. შემდგომ ამისა ღირსი შიო მეტი გულმოდგინებით მოღვაწეობდა იმ ხევში მარტოდმარტო. ერთხელ სარკინეთის მთებში სანადიროდ წავიდა ფარსმან მეფის სპასპეტი, ციხედიდის მთავარი ევაგრე, აქ მან ღირსი მამა გაიცნო და მასთან დარჩა სამოღვაწეოდ. გამოჩენილი სპასპეტის უდაბნოში წასვლა მალე მთელმა ქვეყანამ გაიგო. ღირს შიოსთან და ევაგრესთან მრავალი მლოცველი მიდიოდა. ბევრმა მათგანმა ღირს ევაგრეს მიბაძა და უდაბნოში დაიწყო მოღვაწეობა.

ერთხელ ღირსი შიო ლოცვად დადგა და ღმერთს შეევედრა, გამოეცხადებინა მისთვის ელესიის ასაშენებელი ადგილი. წმიდანმა საცეცხლურის ნაცვლად ხელის გულით აკმია საკმეველი. ცეცხლმა ხელი არ დასწვა. წმიდანი საკმევლის კვალს გაჰყვა და იქ, სადაც კვამლმა პირდაპირ ცისკენ აიწია, თავისი კვერთხით ელესიის ადგილი დასახა. ასე მიანიშნა უფალმა წმიდა შიოს, თუ სად უნდა აეშენებინა ტაძარი.

როცა ფარსმან მეფემ ევაგრეს ბერად შედგომა გაიგო, ძლიერ ეწყინა და თვითონ წაბრძანდა შიოს უდაბნოში. მეფემ ისეთი საკვირველი მადლი იხილა წმიდა შიოს სახეზე, რომ გვირგვინი მოიხადა და მის წინაშე დაიჩოქა. მამა შიომ მოწიწებით აკურთხა მეფე, წამოაყენა და თავისი ხელით დაადგა თავზე სამეფო გვირგვინი. მეფის მხლებლებმაც თაყვანი სცეს მამა შიოს და მისგან კურთხევა მიიღეს. მათ შორის იყო ერთი დიდებული, რომელსაც მარჯვენა თვალი ისრისაგან ჰქონდა დაზიანებული. მან მუხლი მოიყარა შიოს წინ, შეახო თვალი მის ფეხს და განიკურნა.

ფარსმან მეფემ ღირს მამას ჰკითხა, თუ რა სჭირდებოდა უდაბნოსთვის. წმიდა შიომ უპასუხა:"უფალო მეფე! გულნი მეფეთანი ხელთა შინა ღვთისათა არიან, ვითარცა რა ჯერ გიჩნს, ჰყავ". მეფემ უდაბნოში ეკლესიის ასაშენებლად დიდძალი საფასე, ოთხი დაბა, ბარძიმ-ფეშხუმი, ოქროს ჯვარი და მშვენივრად შემკობილი მეფე ვახტანგ გორგასლისეული სახარება შესწირა. როცა ეკლესიის მშენებლობა დაასრულეს, ფარსმან მეფე უდაბნოში კათოლიკოსსა და ეპისკოპოსებთან ერთად ჩაბრძანდა. მოვიდა თვით წმიდა იოანე ზედაზნელიც და ახლად აგებული ტაძარი აკურთხეს. შემდგომ ამისა მეუდაბნოე ძმათა რიცხვმა ორი ათასს მიაღწია. უდაბნოში სასწაულთმოქმედი განდეგილის სანახავად და მისგან კურთხევისა და კურნების მისაღებად მრავალი ადამიანი მოდიოდა.

წმიდა შიო მრავალ სასწაულს იქმოდა. ერთხელ მონასტრის სახედრებს მგელი შეეჩვია და ბევრი დაგლიჯა. როცა ეს ამბავი წმიდა შიომ გაიგო, ილოცა და უფლისგან ითხოვა, ის მგელი სახედრების მწყემსად ქცეულიყო; ასეც მოხდა - ამის შემდეგ იგი ერთგულად მწყემსავდა სახედრებს.

ერთხელ წმიდა იოანე ზედაზნელმა იხმო თავისი მოწაფეები და უბრძანა, ეჩვენებინათ, თუ სულიერების რა საზომს მიაღწიეს. წმიდა შიომ ხელისგულზე დაიდო ნაკვერცხალი და საკმეველი დააყარა. სასწაულის მხილველი ხალხი გაკვირვებული ადიდებდა უფალს.

ბოლოს წმიდა შიომ თავისი სულიერი მამის, იოანე ზედაზნელისა და საქართველოს კათოლიკოსის ლოცვა-კურთხევით შეკრიბა მოწაფეები, მისცა მათ წესი, დაუნიშნა წინამძღვრად ღირსი ევაგრე და მის მიერვე გათხრილ მღვიმეში განმარტოვდა. ქრისტეს სიყვარულისთვის ცოცხლად დამარხული ღირსი შიო თხუთმეტი წელის განმავლობაში ცხოვრობდა მღვიმეში მარხვითა და ლოცვით. ბოლოს, ღვთისგან სიკვდილის მოახლოების გამოცხადების შემდეგ, მიიღო წმიდა ზიარება, ხელები აღაპყრო და მშვიდად ჩააბარა უფალს სული სიტყვებით:"ჰოი, უფალო! ხელთა შენთა შევვედრებ სულსა ჩემსა."

სპარსელების ერთ-ერთი შემოსევის დროს შაჰ-აბასის მხედრებმა შიო მღვიმელის წმიდა ძვლები ირანში წაიღეს. იმ წელს სპარსეთში საშინელი ჭირი გაჩნდა და უამრავი ადამიანი იმსხვერპლა. შეშინებულმა სპარსელებმა ამის მიზეზად წმიდა შიოს ნაწილებისადმი უპატივცემულო დამოკიდებულება მიიჩნიეს და ისინი კვლავ მონასტერში დააბრუნეს.

† ღირსი მამა არსენ იყალთოელი

ღირსი მამა არსენ იყალთოელი

ღირსი მამა არსენ იყალთოელი XI-XII საუკუნეების მიჯნის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მოღვაწე, მთარგმნელი, ენციკლოპედისტი, ჰიმნოგრაფი და ფილოსოფოსი იყო. დავით რექტორი წერს: "ესე არსენ იყო გვარად ვაჩნაძე, იბადის ძე, კაცი ბრძენი და მეცნიერი და ელინურისა ენისა ზედმიწევნილი. აქუნდა შკოლა იყალთოს მონასტერსა და იყო მოძღვარი სამეცნიერო დავით აღმაშენებლისა მეფისა". ღირსი მამის ცხოვრება დაწვრილებით არ შემონახულა, ვიცით მხოლოდ, რომ ის იყო უმცროსი თანამედროვე ღირსი ეფრემ მცირისა.

მას საფუძვლიანი და ღრმა განათლება კონსტანტინე მონომახის მიერ დაარსებულ მანგანის აკადემიაში მიუღია, სადაც უთარგმნია თავისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თხზულება, გიორგი ჰამარტოლის "ხრონოგრაფი", რომელიც ცხრა წიგნისაგან შედგება და მოგვითხრობს ისტორიას ადამიდან თეოდოსი დიდის (379-395) მეფობამდე. აქვე, მანგანის მონასტერში თარგმნა არსენმა დოგმატურ-პოლემიკური ხასიათის კრებული, რომელსაც ქართულ მწერლობაში "დოგმატიკონი" ეწოდება. შემდეგ არსენი შავ მთაზე წავიდა და მოღვაწეობა ღირსი ეფრემ მცირის ხელმძღვანელობით დაიწყო. ეფრემის გარდაცვალების შემდეგ არსენმა დატოვა შავი მთა, ისევ მანგანის მონასტერში დაბრუნდა და გააგრძელა მთარგმნელობითი მოღვაწეობა.

1114 წელს არსენი, მეფე დავით აღმაშენებლის მოწვევით, საქართველოში ჩამოვიდა და მოღვაწეობა დაიწყო გელათის აკადემიაში. აქ ყოფნისას თარგმნა მან "დიდი სჯულისკანონი". გელათის მონასტრის ერთ-ერთ ნუსხაში ვინმე გრიგოლ ჩახრუხაისძე ამბობს: "გულმოდგინებითა გადავწერე თვისითა ხელითა ქრისტიანეთა წინამძღუარი, დიდი ესე სჯულის კანონი, საუკუნოდ მოხსენებულისა და ჩუენ ქართველთათვის ფრიად ჭირთა თავსმდებელისა არსენი იყალთოელის თარგმნილი".

შემდეგ არსენი კახეთში გადავიდა და იყალთოს მონასტერთან დააარსა უმაღლესი სკოლა-აკადემია. არსენი ესწრებოდა დავით აღმაშენებლის თაოსნობით მოწვეულ კრებას. დავითის ისტორიკოსი წერს, რომ მეფემ მოუწოდა "არსენ იყალთოელსა, თარგმანსა და მეცნიერსა ბერძენთა და ქართველთა ენისასა და განმანათლებელსა ყოველთა ეკლესიათასა". არსენი შეესწრო დავით აღმაშენებლის გარდაცვალებას. "ხელმწიფის კარის გარიგებით" ცნობილია, რომ მას დაუწერია ეპიტაფია წმიდა კეთილმსახური მეფისა.

"ღვთისმეტყუელი, ფილოსოფოსი, ფიზიკოსი, ანატომოსი, ალიღორიულთა შეთხზვათა შინა ქებული, უცხო და მაღალი მესტიხე და საეკლესიო ტიპიკონთა მეტყუელი" არსენ იყალთოელი საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ წმიდად შერაცხა. იგი დაკრძალულია იყალთოში, მონასტრის დამაარსებლის, წმიდა ზენონის გვერდით.

† ღირსი ექვთიმე დიდი

ღირსი ექვთიმე დიდი

ღირსი ექვთიმეს მშობლებს - მდიდარ და კეთილმსახურ ქრისტიანებს, პავლესა და დიონისიას, შვილი დიდხანს არ ეძლეოდათ და მხურვალედ შესთხოვდნენ უფალს, მოწყალება მოეღო მათზე. ერთხელ ლოცვად დამდგარ მეუღლეებს ზეგარდმო ხილვით ეხარათ: "იხარებდით, იხარებდით, რამეთუ ღმერთსა მოუცემის თქუენდა ძე და სახელი მისი - სიხარული, რამეთუ ღმერთმან შობითა მისითა მოსცეს სიხარული ეკლესიათა თვისთა". მართლაც, მალე შეეძინათ ვაჟი, რომელსაც ექვთიმე - სიხარული დაარქვეს. მადლიერმა მშობლებმა აღთქმა დადეს, რომ ნანატრ პირმშოს ღმერთს შესწირავდნენ.

სამი წლის შემდეგ ექვთიმეს მამა გარდაეცვალა. დედამ იგი ძმას - ხუცეს ევდოქსეს მიჰგვარა. ბიძამ ბავშვი ეპისკოპოს ოტრიოსს წარუდგინა, რომელმაც სიხარულით იტვირთა ღვთის რჩეულზე ზრუნვა და მალე მკითხველად დაადგინა იგი. ექვთიმე საოცარ გულისხმიერებას იჩენდა სწავლაში: "წარემატა ყოველთა ჰასაკითა სწორთა მისთა სწავლითა და სიყუარულითა ღმრთისაითა". იგი კეთილმსახურებითაც გამოირჩეოდა: "სიმდაბლითა და იწროებითა და სიწმიდითა ხორცთაითა ცხონდებოდა და ჟამისწირვაი ფრიად უყუარდა, დაიცვიდა სანთელსა ქალწულებისასა და ზეთად ნათლისა მისისა იყო წყალობაი და მოწყალებაი". საღვთო შურით ანთებული მოღვაწე ბერად აღიკვეცა, შემდეგ მღვდელ-მონაზვნად დაასხეს ხელი, თან ქალაქის მონასტრების გამგებლობაც დააკისრეს.

დაყუდებისმოყვარე ბერი დიდმარხვაში უდაბნოში გადიოდა. ბოლოს, ოცდაათ წელს მიღწეულმა ექვთიმემ ფარულად დატოვა ქალაქი, მოილოცა იერუსალიმის წმიდა ადგილები, შემდეგ კი ფარანის ლავრაში მივიდა და მონასტრის გარეთ მდებარე პატარა ქოხში დაეყუდა. წმიდანს "ერთი ხოლო ზრუნვაი აქუნდა, რაითამცა ღმერთსა სათნო-ეყო ლოცვითა და მარხვითა". იგი თავს კალათების წვნით ირჩენდა და მოწყალებასაც გასცემდა. იქვე, მახლობლად ღირსი თეოქტისტე მოსაგრეობდა. ძმებს ქრისტესმიერი სიყვარულით უყვარდათ ერთმანეთი "და იყვნეს ორნივე ერთზრახვა და ერთსაქმე და ერთსულ". ჩვეულებრივ, ღვთის განცხადების დღესასწაულის შემდეგ ისინი უდაბნოში გადიოდნენ, მკვდარი ზღვის სანაპიროზე, და ბზობამდე იქ რჩებოდნენ ღვთის სათნო ღვაწლში. ერთხელ მათ აქ პოვეს "ხევი საშინელი, ფრიად ღრმაი, ყოველადვე მიუვალი ვისგანვე და. . . ჩრდილოით კერძო ხევისა მის ქუაბი დიდი", ძლიერ მოეწონათ ეს ადგილი და აქ დარჩნენ სამოღვაწეოდ. მალე, ღვთის ნებით, ძმების სამყოფელს მწყემსები გადააწყდნენ და სოფელს აუწყეს მათ შესახებ. სულიერი სარგებლის მაძიებლებმა ნეტარ მამებს მიაშურეს, ბევრმა იქ დარჩენის სურვილიც გამოთქვა. . . ასე დაარსდა მონასტერი, რომლის წინამძღვრად თეოქტისტე იქნა დადგენილი.

ექვთიმემ კი საძმოს სულიერი მოძღვრობა იტვირთა. წმიდანი ძმებს ასწავლიდა: "ესე უწყოდეთ, რამეთუ უღირს, რომელსა დაუტევების სოფელი, რაითა არა ჰყოფდეს ნებასა თვისსა, არამედ შეიკრძალოს სიმდაბლე და მორჩილებაი და მოელოდის სიკუდილსა ყოველსა ჟამსა და დღესა მას საშინელსა სარჩელისასა და ეშინოდის მას ცეცხლისა მისგან უშრეტისა და უყუარდეს მას დიდებაი იგი სასუფეველისა ცათაისაი". იგი ამბობდა, მონაზვნებმა, და განსაკუთრებით, ახალგაზრდა ბერებმა, ხორცი უნდა აშრომონ და მარად ახსოვდეთო მოციქულის სიტყვები: "ღამე და დღე ვშურებოდე ხელითა ჩემითა, რაითა არავის დაუმძიმო". ექვთიმე ძმებს ტაძარში, ღვთისმსახურების დროს და ტრაპეზზე მდუმარედ ყოფნას სთხოვდა. ზოგჯერ ბერები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, მარხვის სხვებზე მეტად გამკაცრების სურვილს გამოთქვამდნენ, რასაც მოძღვარი უშლიდა მათ და ურჩევდა, საერთო ტრაპეზზე ზომიერად მიეღოთ საზრდელი.

ამ წლებში ღირსმა ექვთიმემ მრავალი არაბი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. მათ შორის იყვნენ მხედართმთავარი ასპევეტი და მისი შვილი ტერებონი, რომელიც წმიდანმა სასწაულებრივად განკურნა. ასპევეტს ნათლისღებისას პეტრე დაერქვა და შემდგომში ეპისკოპოსად იქნა ხელდასმული.

საკვირველთმოქმედ მამას სახელი გაუვარდა "და მრავალნი მოვიდოდეს მისა სნეულნი და ცოფნიცა და განიკურნებოდეს". ამაო დიდებასა და შფოთს ვერ შეეთვისა ექვთიმე, დატოვა იქაურობა და მოწაფესთან, დომენტიანესთან ერთად რუბის უდაბნოში, მარდას მთაზე დამკვიდრდა. განმარტოების მაძიებელი მამა უდაბნოს სიღრმეში შევიდა, ჰპოვა გამოქვაბული, რომელშიც იმალებოდა საულის დევნას განრიდებული დავითი, და აქ მონასტერი დააარსა. იმ ხანებში მრავალი მეუდაბნოე ბერი იხსნა წმიდანმა მანიქეველთა მწვალებლობისგან, მრავალი სასწაული აღასრულა, მრავალი სნეული და ეშმაკეული განკურნა.

მნახველები აქაც არღვევდნენ ექვთიმეს მყუდროებას, ამიტომ მან გადაწყვიტა, კვლავ თეოქტისტეს მონასტერს დაბრუნებოდა, მაგრამ გზად ერთი ადგილი მოეწონა განკრძალული, უდაბური, მიუვალი, "ჰაერითა კეთილ ფრიად", და აქ გაჩერდა ერთ მცირე გამოქვაბულში, მოწაფესთან ერთად. როცა წმიდა თეოქტისტემ ექვთიმეს მოსვლა შეიტყო, "მსწრაფლ აღმოვიდა მისა", კურთხევა ითხოვა და ევედრა წმიდანს, მათთან დაბრუნებულიყო, სავანეში. მეუდაბნოემ "არა ინება მის თანა წარსვლად", მაგრამ აღუთქვა, რომ კვირაობით ჩავიდოდა ჟამისწირვაზე.

ექვთიმეს არ სურდა, მის ირგვლივ მოსაგრეები მომრავლებულიყვნენ, მაგრამ ღმერთმა ამცნო: "ნუვის უკუნაქცევ, რომელსა უნდეს ცხორებაი". კვლავ შემოიკრიბნენ მოძღვრის ირგვლივ სულიერი შვილები და დაარსდა ახალი ლავრა.

თავდაპირველად სავანე ძალიან ღარიბი იყო, მაგრამ ღირსი მამა მტკიცედ სასოებდა უფალს, რომელიც წყალობას არ აკლებდა თავის რჩეულებს. ერთხელ ლავრას ოთხასი მგზავრი მიადგა. ექვთიმემ ბრძანა, დაეპურებინათ სტუმრები. იკონომოსმა უპასუხა, ათი კაცის სამყოფი პურიც არა გვაქვსო, მაგრამ, ღვთის ნებით, პური, ღვინო და ზეთი ისე გამრავლდა, რომ მგზავრებიც დანაყრდნენ და ბერებსაც თვეების საკმარისი მარაგი დარჩათ.

ერთხელ ერთ ბერს მახლობელი დაბიდან ძმებისთვის სახმარის ჩამოტანა დაავალეს. მას არ სურდა ერში გასვლა და მტკიცე უარზე იდგა. ექვთიმე ეუბნებოდა: "მე შევთხოვ ღმერთს, რომ დაგიცვას ყოველგვარი საცდურისაგან", მაგრამ ბერი კვლავ უარობდა. მაშინ წმიდანმა თქვა: "შენ იცი, რა არს ურჩებისა მისაგებელი". ამ სიტყვებზე უკეთური და ურჩი მონაზონი ეშმაკმა შეიპყრო და დორბლი გადმოყარა. საძმოს თხოვნით ექვთიმემ შეცოდებულს ჯვარი გადასახა და განკურნა, რის შემდეგაც მან პატიება ითხოვა და სიხარულით დამორჩილდა მოძღვარს. "ღმერთსა სთნავს მორჩილებაი უფროის მსხუერპლთა, ხოლო ურჩებაი სიკუდიდ მიიყვანებს", - თქვა წმიდა ექვთიმემ.

ერთხელ ორმა ძმამ მონასტრული ცხოვრების მკაცრ წესს ვერ გაუძლო და გაქცევა განიზრახა. წმიდა მამამ ხილვაში ნახა, თუ როგორ აესხა ეშმაკს მათთვის აღვირი და მოსაკლავად მიათრევდა, თავისთან უხმო ბერებს და დამოძღვრა: განაგდეთო ბოროტი გულის სიტყვები, "ხე, რომელი ადგილითი-ადგილად იცვალებიან, არა გამოიღოს ნაყოფი. და ეგრევე, მონაზონი ოდეს ადგილითი-ადგილად იცვალოს, ვერ ნაყოფიერ იქმნეს. ოდეს უნდეს კაცსა კეთილისა საქმედ ადგილსა თვისსა და ვერ შეუძლოს, ნუ ჰგონებნ, თუმცა სხუასა ადგილსა ქმნა კეთილი".

431 წელს ეფესოში გაიმართა III მსოფლიო კრება, მიმართული ნესტორის ერესის წინააღმდეგ. ექვთიმე შეჰხაროდა მართლმადიდებლური სარწმუნოების განმტკიცებას და სწუხდა ანტიოქიელ მთავარეპისკოპოს იოანეზე, რომელიც ნესტორს მიემხრო.

451 წელს ქალკედონში გამართულმა IV მსოფლიო კრებამ შეაჩვენა დიოსკორეს ერესი, რომელიც ნესტორის საწინააღმდეგოდ ამტკიცებდა, რომ ქრისტეში მხოლოდ ღვთაებრივი ბუნებაა.

ღირსმა ექვთიმემ მიიღო ქალკედონის კრების დადგენილება და იგი მართლმადიდებლურად სცნო. ცნობა ამის შესახებ გავრცელდა ბერმონაზონთა და მეუდაბნოეთა შორის და ერესით ცდუნებული მრავალი მოსაგრე დაუბრუნდა ჭეშმარიტ აღმსარებლობას. საოცრად მკაცრი, ასკეტური ცხოვრებისა და მართლმადიდებლობის მტკიცე აღსარებისათვის ექვთიმეს "დიდი" უწოდეს. საოცარი მადლით იყო შემოსილი წმიდა მამა - ძმები ცხადად ხედავდნენ, თუ როგორ იმოსებოდა მათი მოძღვარი ზეციური ცეცხლით მსხვერპლშეწირვის საიდუმლოს აღსრულებისას; ანგელოზებიც ხილულად ემსახურებოდნენ მას.

როცა ექვთიმე ოთხმოცდაორი წლის იყო, მასთან მივიდა ყმაწვილი საბა (შემდგომში - საბა განწმედილი), რომელიც სიყვარულით შეიწყნარა და დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა; ოთხმოცდაათ წელს მიღწეულმა წმიდანმა პატივით მიაბარა მიწას ერთგული თანამოღვაწე - თეოქტისტე, შემდეგ კი ღმერთმა განუცხადა, რომ მისი აღსასრულის ჟამიც მოახლოებული იყო. ანტონი დიდის ხსენების წინა საღამოს ექვთიმემ ბრძანა, მწუხრის ლოცვა აღესრულებინათ და ღამე ეთიათ, თვითონ კი ორ ხუცესს უთხრა: "ესე ღამისთევაი დასასრული არს ღამისთევისა ჩემისაი თქუენ თანა ხორცითა" და სთხოვა, გამთენიისას ყველა ძმა შეეკრიბათ. წმიდანმა უკანასკნელად ასე დამოძღვრა სულიერი შვილები: "უკეთუ მე გიყუარ, დაიმარხეთ მცნებაი ჩემი, დაწყებაი და დასასრული საქმეთა კეთილთაი, მოიგეთ სიყუარული, რომელსა შინა არა იყოს ზაკუვაი. . . თვინიერ სიყუარულისა ვერ შემძლებელ ხართ საქმედ კეთილისა რაისამე. ყოველი საქმე კეთილი სიყუარულითა და სიმდაბლითა სრულ იქმნების. სიმდაბლე აღამაღლებს, ხოლო სიყუარული არავის უტევებს დაცემად დიდებისაგან"; ძმებს ახალი წინამძღვარი დაუდგინა და სამი დღის შემდეგ, 473 წლის 20 იანვარს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

წმიდანის მოწაფე დომენტიანე არ განეშორებოდა ძვირფას საფლავს. მეშვიდე დღეს, გამთენიისას, მას ექვთიმე გამოეცხადა "ბრწყინვალებითა თვისითა" და უთხრა: "მოვედ, შვილო, ადგილსა დიდებულსა, რომელი განმზადებულ არს შენთვის, რამეთუ მე ვევედრე ქრისტესა შენთვის, რაითა იყო ჩემ თანა". გახარებული ბერი მივიდა ტაძარში, ძმებს ამცნო ხილვის შესახებ და მიიცვალა.

† წინასწარმეტყველი ესაია

წინასწარმეტყველი ესაია

წინასწარმეტყველი ესაია (VIII ს. ქრისტემდე) სამეფო გვარის შთამომავალი იყო. მისი მამა, ამოსი შვილს ღვთისმოშიშებით და სჯულის ერთგულებით ზრდიდა. სრულწლოვანებას მიღწეული ესაია დაქორწინდა ღვთისმოსავ ქალზე და ეყოლა ვაჟი.

წინასწარმეტყველური მოღვაწეობა ესაიამ ქრისტეს შობამდე 759 წელს, ოზიას მეფობის ხანაში დაიწყო. უფალმა ესაიას განსაკუთრებული სასწაულებრივი ხილვით მოუწოდა. ესაიამ იხილა უფალი "მჯდომარე საყდარსა ზედა მაღალსა და აღმატებულსა და სავსე იყო სახლი დიდებითა მისითა". უფლის გარშემო იდგნენ ექვს-ექვს ფრთიანი სერაფიმნი, რომელნიც გალობდნენ: "წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ; სავსე არიან ცანი და ქუეყანაი დიდებითა მისითა!" ამ დიდებულმა სანახაობამ მას ათქმევინა: "ჰოი, უბადრუკსა მე, რამეთუ შეკდემული ვარ, რამეთუ კაცად მყოფი და არაწმიდა ბაგეთა მქონებელი საშუალ ერისა, არაწმიდათა ბაგეთა მქონებელსა, მკვიდრვარ მე და მეუფე უფალი საბაოთ ვიხილე თვალითა ჩემითა". მაშინ ერთმა სერაფიმმა ზეციური საკურთხევლიდან მარწუხით ნაკვერცხალი აიღო, მის ბაგეებს შეახო და უთხრა: "აჰა, შევახე ესე ბაგეთა შენთა და მოგესპნეს უსჯულოებაი შენნი და ცოდვანი შენნი განწმინდნეს". ამის შემდეგ მოესმა ხმა ღვთისა: "ვინ მივავლინო ანუ ვინ მივიდეს ერისა მის?" ესაიამ მიუგო: "აჰა, ესერა ვარ, და მიმავლინე მე". უფალმა წარავლინა წინასწარმეტყველი მხილებად და მოწოდებად იუდეველთა, რათა კერპთაყვანისმცემლობა და ბიწიერება დაეტოვებინათ. მონანულთ უფალი წყალობას და ცოდვათა მიტევებას ჰპირდებოდა, ურჩებს - სასჯელი და ღვთის რისხვა ელოდებოდა. კერპთმსახურ მეფე აქაზს არ მოსწონდა ესაია, როგორც მისი უსჯულოების მამხილებელი. მეფე ეზეკია კი სიყვარულით ეპყრობოდა წმიდა წინასწარმეტყველს და პატივს სცემდა მას. მეფე ეზეკია ესაიას ლოცვით განიკურნა სენისაგან და მისივე ლოცვით მოსრა ანგელოზმა იერუსალიმის კედლებთან მომდგარი მტრის ჯარი. ესაიამ იწინასწარმეტყველა იუდეველთა ტყვედ წასხმა ბაბილონში და დაბრუნება კიროს მეფის მიერ, იერუსალიმისა და სოლომონის ტაძრის დარბევა და აღდგენა. გარდა ამისა, მან იწინასწარმეტყველა იუდეველთა მეზობელი ხალხების მომავალი.

განსაკუთრებით საინტერესოა ესაიას წინასწარმეტყველება მესიის შესახებ: "აჰა, ქალწულმა მუცლად იღოს და შვეს ძე და უწოდიან სახელი მის ემანუელ"; რომ იგი იქნება სრული ღმერთი და კაცი; "ყრმა იშვა ჩვენდა ძე მოგუეცა ჩუენ. . . და ჰრქვიან სახელი მისი. . . ღმერთი ძლიერი და ხელმწიფე, მთავარი მშვიდობისა", რომ მასზე განისვენებს სული ღვთისა: "გამოვიდეს კვერთხი ძირისაგან იესესა და ყუავილი ძირისაგან აღმოხდეს, და განისვენოს მის ზედა სულმა ღვთისამან", რომ ის იქმს სასწაულებს: "განძლიერდით ხელნი დახსნილნი და მუხლნი განრღვეულნი. ნუგეშინისეცით, ნუ გეშინინ, აჰა, ღმერთი ჩვენი. . . თვით მოვიდეს და მაცხოვნნეს ჩვენ, მაშინ ხლდებოდის კოჭლი. . . და ცხად იყოს ენა ძლით მზრახველი" "აღდგენ მკვიდრნი და აღემართენ საფლავთაშინანი და იშვებდენ შორის ქვეყანასა", რომ ის ეწამება და მოკვდება კაცთა ცოდვათათვის და აღდგება მკვდრეთით: "ვითარცა ცხოვარი კლვად მიიგვარა და, ვითარცა კრავი წინაშე მრისველისა თვისისა უხმოი, ეგრეთ არა აღაღებს პირსა თვისსა. . ." "და უსჯულოთა თანა შეირაცხა და მან ცოდვანი მრავალნი აღიხუნა და ცოდვათა მათთათვის მიეცა". წინასწარმეტყველებათა სიზუსტისა და სიცხადის გამო ესაიას ძველი აღთქმის მახარებელს უწოდებენ. ესაია წინასწარმეტყველს სასწაულთქმედების ნიჭიც ჰქონდა; იერუსალიმის ალყის დროს მისი ლოცვით სიონის მთიდან აღმოვიდა წყარო, რომელსაც სილოამი, ანუ "ღვთისგან გამოგზავნილი" ეწოდა. ამ წყაროს წყლით განკურნა მაცხოვარმა ბრმადშობილი.

გადმოცემის თანახმად, კერპთმსახურმა მეფე მანასემ მისი მოკვლა ბრძანა. ესაია ხის ფუღუროში დაიმალა, მაგრამ მტანჯველებმა იპოვეს, დაუწყეს ხეს ხერხვა და ხესთან ერთად წინასწარმეტყველიც გადახერხეს შუაზე. ესაია დაასაფლავეს სილოამის აუზთან. შემდგომ იმპერატორმა თეოდოსი მცირემ (408-450) მისი ნეშტი კონსტანტინოპოლში გადაასვენა. ამჟამად წმიდა ესაიას თავის ნაწილი დაცულია ათონზე, ხილენდარის მონასტერში.

† ღირსი მარიამ მეგვიპტელი

ღირსი მარიამ მეგვიპტელი

ალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, კესარიის მახლობლად, ცხოვრობდა ღირსი ზოსიმე. სიყრმიდან მონასტერში გაზრდილი ბერი სავანეში ორმოცდაცამეტ წლამდე მოღვაწეობდა. შემდეგ მან დატოვა თავისი სამყოფელი და იორდანეს მონასტერში მივიდა. აქ მან ნახა საოცარ ღვაწლში მყოფი უდიდესი ასკეტი მამები და მათთან დარჩა სამოღვაწეოდ.

მონასტერში არსებული ტრადიციის მიხედვით, დიდმარხვის პირველ კვირიაკეს საღმრთო ლიტურგიაზე ყველანი ეზიარებოდნენ, ერთმანეთს შენდობას სთხოვდნენ, იღუმენისაგან კურთხევას იღებდნენ და უდაბნოში გადიოდნენ. ბერები ბზობის დღესასწაულზე ბრუნდებოდნენ მონასტერში.

ერთხელ, როცა უდაბნოში გატარებული ოცი დღის შემდეგ ღირსი ზოსიმე მეექვსე ჟამნის ფსალმუნებსა და ლოცვებს გალობდა, მოეჩვენა, რომ მარჯვნივ ადამიანის აჩრდილი გაკრთა, შემდეგ კი დაინახა უდაბნოში მიმავალი შიშველი ადამიანი, რომელსაც მზისგან სხეული გაშავებოდა და მოკლე, გახუნებული თმები მატყლივით გათეთრებოდა.

როგორც კი შიშველმა მეუდაბნოემ მისკენ მიმავალი ზოსიმე დაინახა, სირბილით სცადა განრიდებოდა ღირს მამას. ზოსიმემაც უძლურება და დაღლილობა დაივიწყა და დაედევნა, უნდოდა ახლოს ენახა საოცარი განდეგილი. ბოლოს, ღონემიხდილი, დამშრალ წყაროსთან გაჩერდა და ცრემლებით შეევედრა მეუდაბნოეს: "რად გაურბიხარ უდაბნოში საცხოვრებლად მოსულ ცოდვილ ბერს? დამელოდე უძლურს და უღირსს, დამლოცე და მაკურთხე". უცნობმა უკანმოუხედავად დაუძახა: "მომიტევე, მამაო ზოსიმე, არ ძალმიძს მოგიახლოვდე, მე ქალი ვარ და არა მაქვს სამოსელი, რათა ხორციელი სიშიშვლე დავიფარო. თუ გსურს ილოცო უდიდესი ცოდვილისთვის, მიბოძე შენი სამოსელი, რომ შევძლო მოგიახლოვდე და კურთხევა გთხოვო". "სიწმიდისა და ფიცხელი ღვაწლის გამო უფალს სულიერი ჭვრეტის მადლით დაუჯილდოებია, ალბათ ამიტომ იცის ჩემი სახელი", - გაიფიქრა აბბა ზოსიმემ და ანაფორა მიაწოდა.

მეუდაბნოემ ხელები ზეცისკენ აღაპყრო და ილოცა. ბერმა დაინახა, რომ ლოცვისას ღირსი დედა ჰაერში ამაღლდა. სასწაულებრივი ხილვით შეძრწუნებული ზოსიმე პირქვე დაემხო.

ზოსიმეს გონებაში გაკრთა ფიქრი: "ბოროტი ხომ არ მაცდუნებს?" მაშინ ღირსმა დედამ უთხრა: "რატომ შეცბუნდი, მამაო, მე მოჩვენება კი არა, ერთი ცოდვილი, უღირსი დედაკაცი ვარ", - და პირჯვარი გადაისახა. ცრემლმორეული ზოსიმე ფერხთით ჩაუვარდა მეუდაბნოეს: "გევედრები, ღვთის გულისათვის, არ დამიმალო შენი ამბავი, მაუწყე, რათა სხვებისთვისაც ნათელი გახდეს ღვთის განგებულების სიდიადე. უფალმა იმისთვის გამომგზავნა უდაბნოში, რათა გაცხადდეს დაფარული".

მეუდაბნოემ უთხრა: "მიმძიმს, მამაო, გაუწყო ჩემი უსირცხვილო საქმეები, რადგან განმერიდები, როგორც ასპიტს. მაგრამ მაინც მოგითხრობ ყოველივეს, შენ კი ლოცვა ჰყავ ჩემ ცოდვილისთვის. ეგვიპტეში დავიბადე და მშობლების სიცოცხლეშივე, თორმეტი წლისა, ალექსანდრიაში გავიქეცი. აქ დავემონე დაუოკებელ, გაუმაძღარ ვნებას სიძვისას. ჩვიდმეტი წლის განმავლობაში ვცხოვრობდი ცოდვებში და ამ უღირს საქმეს ვიქმოდი უფასოდ. ფულზე იმიტომ კი არ ვამბობდი უარს, რომ მდიდარი ვიყავი, არა, სარჩო არ მქონდა, სიღატაკეში ვცხოვრობდი, ქსოვით ვირჩენდი თავს, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ცხოვრების არსი მხოლოდ ხორციელი ვნების დაკმაყოფილება იყო.

ერთხელ დავინახე უამრავი ხალხი, რომლებიც ლიბიიდან და ეგვიპტიდან იერუსალიმს მიემგზავრებოდა წმიდა ჯვართამაღლების დღესასწაულზე. მეც მინდოდა მათთან ერთად წასვლა, მაგრამ დღესასწაულზე დასასწრებად კი არა, მამაო, ვიფიქრე, ალბათ იქ მეტ ადამიანს ვნახავ-მეთქი ცოდვით დაცემისათვის. მიკვირს, როგორ აიტანა ზღვამ ჩემი მრუშობა და ავხორცობა, როგორ არ ჩამიტანა მიწამ ჯოჯოხეთში, როგორ მაპატია ამდენი სულის ცდუნება და დაღუპვა, მაგრამ ჩანს, უფალს ჩემი სინანული უნდოდა და მოთმინებით ელოდებოდა ჩემს მოქცევას. ჩავედი იერუსალიმში და დღესასწაულამდე ბილწ საქმეებს ვიქმოდი. ჯვართამაღლებას მე, ჩვეულებრივ, ნორჩ სულთა წარსაწყმედად გამოვედი. ყველა ადრიანად წასულიყო ტაძარში, სადაც ცხოველმყოფელი ჯვარი იყო დასვენებული. მეც იქით გავემართე და ეკლესიის კარიბჭესთან გავჩერდი. როდესაც წმიდა ჯვრის ამაღლების ჟამი დადგა, ტაძარში შესვლა მოვინდომე, მაგრამ ღვთის უხილავმა ძალამ გამაჩერა და კარებიდან უკუმაქცია. სხვები დაუბრკოლებლივ შედიოდნენ კარიბჭეში. კვლავ შევეცადე შიგნით შემეღწია, მაგრამ - უშედეგოდ, რაღაც ძალა ისევ უკან მაგდებდა, ასე განმეორდა რამდენჯერმე, ბოლოს ძალა გამომელია, კარებს მოვშორდი და გავჩერდი. უცებ ვიგრძენი, რომ ტაძარში ჩემი ცოდვების გამო ვერ შევდიოდი. გული ღვთის მადლით ამევსო და ავტირდი. ჩემს წინ ღვთისმშობლის ხატი შევნიშნე და ლოცვით მივმართე: "ყოვლადწმიდაო ქალწულო, მშობელო სიტყვისა ღვთისაო, ვუწყი, რამეთუ უღირს ვარ ხილვად ხატისა შენისსა; განგდებულ ვიქმენ შენი სიწმიდისაგან, მაგრამ განა ცოდვილთა სინანულად არ შეისხა ხორცი ღმერთმან ჩვენმან?! შემეწიე, ყოვლადწმიდაო, მომეც ნება ტაძარში შესვლისა და იმ ჯვარის ხილვისა, რომელზეც ჯვარცმულ-იქნა უფალი, მოსატევებლად ცოდვათა ჩვენთა თვისი უცოდველი სისხლის დამთხეველი. მომეც ნება, თაყვანივსცე წმიდა ჯვარს, მეოხ მეყავ წინაშე შობილისა შენისა. ამიერიდან აღარ შეურაცხვყოფ ჩემს სხეულს ხორციელ ვნებათაგან, ვიხილავ რა ყოვლადწმიდა ჯვარს ძისა შენისა, გავალ ამ სოფლიდან და წავალ, საითკენაც მომიწოდებ."

ლოცვის დამთავრებისთანავე ვიგრძენი, რომ ჩემი ლოცვა შესმენილ იქნა. ღვთისმშობლის მოწყალებას მინდობილი კვლავ კარისკენ გავემართე, დაუბრკოლებლად შევედი ტაძარში და უფლის ცხოველმყოფელი ჯვრის ხილვის ღირსი შევიქენი. ასე დავრწმუნდი ღვთის განგებულებასა და სახიერებაში. ქედი მოვიდრიკე, ვეამბორე სიწმიდეებს და მსწრაფლ გამოვედი ტაძრიდან. კვლავ დავიჩოქე ღვთისმშობლის ხატის წინ და ლოცვა აღვავლინე. უცებ შორიდან შემომესმა ხმა: "თუ იორდანეს გადალახავ, ნეტარი აღსასრული მოგელის". ვირწმუნე, რომ ეს ჩემს გასაგონად იყო ნათქვამი და ცრემლით შევევედრე ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს: "მოწყალეო დედაო, ნუ დამიტევებ მე, არამედ შემეწიე". ტაძრის ეზოდან გამოსულს, ვიღაცამ სამი სპილენძის მონეტა მომცა. ამ ფულით სამი პური ვიყიდე და იორდანეს გზა გავიგე.

მზის ჩასვლისას იორდანეს ნაპირას მდებარე წმიდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესიას მივაღწიე. ტაძარში ლოცვის შემდეგ წმიდა მდინარის წყლით ხელ-პირი დავიბანე, ერთი პურის ნახევარი შევჭამე, წმიდა წყალი მივიღე და მიწაზე მივწექი დასაძინებლად. დილით პატარა ნავი ვიპოვე, იორდანეს მეორე ნაპირზე გადავედი და კვლავ ღვთისმშობელს შევთხოვე წინამძღვრობა. ასე მოვედი უდაბნოში". აბბა ზოსიმემ მეუდაბნოეს ჰკითხა: "რამდენი წელია დედაო, რაც უდაბნოში ცხოვრობ?" - "ალბათ ორმოცდაშვიდი წელი გავიდა, რაც წმიდა ქალაქიდან წამოვედი".

ზოსიმემ კვლავ ჰკითხა: "რას ჭამ, რას პოულობ ამ უდაბნოში?" - "როცა იორდანე გადმოვლახე, ორნახევარი პური მქონდა. თანდათანობით უდაბნოს მხურვალებამ იგი გამოაშრო და გააქვავა. ასე რომ, მცირედს ვღებულობდი და მრავალი წლის მანძილზე მეყო". - "მერწმუნე, აბბა ზოსიმე, - განაგრძო ღირსმა დედამ, - ჩვიდმეტი წელი ისე ვებრძოდი ბოროტ ფიქრებს, როგორც ცოფიან ნადირებს. მახსენდებოდა ხორცი და თევზი, რომელსაც ეგვიპტეში მივეჩვიე. ღვინოც მენატრებოდა: მე ხომ ძალზე ბევრს ვსვამდი, აქ კი ხშირად მწირი საჭმელ-სასმელიც არ მქონდა და წყურვილისა და შიმშილისაგან ვიტანჯებოდი. უფრო დიდი უბედურების გადატანაც მიხდებოდა: ხანდახან ავხორცული სიმღერის ჟინი მომივლიდა, თითქოს ჩამესმოდა კიდეც, გულს და სმენას მიფორიაქებდა. მაშინ ცრემლით ვიგონებდი ღვთისმშობლისთვის მიცემულ აღთქმას და მხურვალედ ვლოცულობდი. როცა ჩემი ლოცვა სათნოეყოფოდა უფალს, ვხედავდი ბრწყინვალე ნათელს, ქარიშხლის ნაცვლად კი მყუდროება ისადგურებდა. როგორ აღვიარო, მამაო, წინაშე შენსა ავხორცული ფიქრები ჩემი? უცებ სიძვის ცეცხლი მომედებოდა გულზე, ყოველივეს მუსრავდა ჩემში და ვნებას მიღვიძებდა. მაშინ პირქვე დავემხობოდი. ასე დამხობილი ვიყავ, სანამ არ მოვიდოდა სინანული და არ გამოჩნდებოდა ბოროტი ფიქრებისა და ზრახვების განმაბნეველი ნათელი. ასე ვცხოვრობდი პირველი ჩვიდმეტი წელი: ბნელი - ბნელზე, უბედურება უბედურებაზე მემატებოდა, მაგრამ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მეოხება მიფარავდა მარადის."

აბბა ზოსიმემ კვლავ ჰკითხა: "ნუთუ არც საჭმელი დაგჭირდა, არც სასმელი?" მეუდაბნოემ უპასუხა: ჩვიდმეტ წელიწადში პური დამიმთავრდა, ამის შემდეგ ფესვებით და ბალახებით ვიკვებებოდი. კაბა შემომეძარცვა, დიდხანს ვიტანჯებოდი ზაფხულის პაპანაქებასა და ზამთრის სიცივეში. რამდენჯერ მკვდარივით დავცემულვარ მიწაზე, რამდენჯერ მიბრძოლია ცდუნებასთან, უბედურებასთან, განსაცდელთან, იმ დღიდან დღემდე ღვთის ძალა უხილავად იცავდა და იცავს ჩემს ცოდვილ სულსა და ხორცს.

საუბრის დროს ღირს დედას ხშირად მოჰყავდა ადგილები საღმრთო წერილიდან, რამაც აბბა ზოსიმე გააკვირვა და ჰკითხა: "სად ისწავლე, დედაო, წმიდა წერილი?" მეუდაბნოემ გაიღიმა და უპასუხა: "მერწმუნე, რაც იორდანე გადმოვლახე, სულიერი არ მინახავს, წერა-კითხვაც არ ვიცი, საეკლესიო გალობაც არსად მომისმენია, მხოლოდ სიტყვა ღვთისა, ცხოველი და შემოქმედი, ასწავლის ადამიანს ყოველივეს. მთელი ცხოვრება აღვიარე შენს წინაშე, მამაო, გევედრები, ილოცე ჩემ ცოდვილისთვის! კიდევ ერთს შეგთხოვ, აბბა, ნურავის მოუყვები ჩემს ამბავს, სანამ უფალი თავისთან არ მიმიხმობს. აღმისრულე, რასაც გეტყვი. მომავალ წელს, დიდმარხვას, უდაბნოში ნუ წახვალ, როგორც ამას მონაზვნური წესი გავალებს." კვლავ გაუკვირდა ღირს ზოსიმეს, საიდან იცისო მონასტრის წესი? მეუდაბნოემ გააგრძელა: "მამაო, მონასტერში დარჩი, თუმცა, რომც გინდოდეს, მაიც ვერ გახვალ. დიდ ხუთშაბათს, საიდუმლო სერობის ხსენების დღეს, მაცხოვრის ცხოველმყოფელი ხორცი და სისხლი მომიტანე იორდანეს ნაპირზე, რათა ვეზიარო. ახლა ჩემს შესახებ ნურავის მოუთხრობ, უფალი თვითონ გიჩვენებს დროს.

მეუდაბნოემ ილოცა და უდაბნოს სიღრმეში გაუჩინარდა. მამა ზოსიმემ მთელი წელი მდუმარებაში გაატარა და უფალს ევედრებოდა, კიდევ ერთხელ შეეხვედრებინა წმიდა მოღვაწესთან. როცა კვლავ დადგა წმიდა დიდმარხვის პირველი შვიდეული, ღირსი ზოსიმე ავადმყოფობის გამო მონასტერში დარჩა. რამდენიმე დღის შემდეგ ის განიკურნა, მაგრამ ვნების კვირიაკემდე მონასტრიდან არ გასულა.

მოახლოვდა საიდუმლო სერობის ხსენების დღე. აბბა ზოსიმემ შეასრულა დაპირება: გვიან ღამით დატოვა მონასტერი და იორდანეს ნაპირას ჩამოჯდა მეუდაბნოის მოლოდინში. ღირსი დედა იგვიანებდა. აბბა ზოსიმე უფალს ევედრებოდა, კვლავ გაეხადა მისი ხილვის ღირსი. ბოლოს ღირსი დედაც გამოჩნდა: ის იორდანეს მეორე ნაპირს მოადგა. ზოსიმემ ღმერთს მადლობა შესწირა, მაგრამ უეცრად მის გონებაში გაკრთა ფიქრი: "როგორ გადმოვა ნავის გარეშე მდინარეზე?" მეუდაბნოემ კი ჯვარი გადასახა იორდანეს და წყალზე გაიარა. ბერმა მოინდომა, თაყვანი ეცა მისთვის, მაგრამ ღირსმა დედამ შეაჩერა: "რასა იქმ, მამაო, შენ ხომ მღვდელი ხარ - ღვთის საიდუმლოთა მტვირთველი", თან კურთხევა სთხოვა. საოცარი ხილვით გაოგნებულმა ბერმა წმიდანი დალოცა. შემდეგ მისი თხოვნით, "მრწამსი" და "მამაო ჩვენო" წაიკითხა და ქრისტეს წმიდა სისხლსა და ხორცს აზიარა. ზიარების შემდეგ მეუდაბნოემ ზეცისკენ აღაპყრო ხელი და ცრემლითა და სასოებით წარმოთქვა წმიდა სვიმეონ ღვთისმიმრქმელის ლოცვა: "აწ განუტევე მონა შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარება შენი". შემდეგ ბერს მიმართა: "მომიტევე, მამაო, და ერთი სურვილიც აღმისრულე: მომავალ წელს კიდევ მოდი იმ დამშრალ წყაროსთან, სადაც პირველად შევხვდით ერთმანეთს და ილოცე ჩემი ცოდვილი სულისთვის". შემდეგ კვლავ ჯვარი გადასახა იორდანეს, გაიარა წყალზე და უდაბნოს წყვდიადში მიიმალა.

გავიდა კიდევ ერთი წელიწადი. აბბა ზოსიმე კვლავ წავიდა უდაბნოში და დამშრალ წყაროსთან გულზე ხელდაკრეფილი გარდაცვლილი მეუდაბნოე იხილა, რომელსაც ტერფებს უზარმაზარი ლომი ულოკავდა. ლომი ბერს მიეახლა, აბბა ზოსიმემ მას საფლავის ამოთხრა უბრძანა და ლომმაც თათებით გათხარა სამარე. ადამიანმა და ცხოველმა დაფლეს წმიდა მარიამის ნეშტი, შემდეგ კი ორივე თავის გზას გაუდგა: ლომი უდაბნოში წავიდა, აბბა ზოსიმე - მონასტერში.

სავანეში დაბრუნებულმა ზოსიმემ იღუმენს და ძმებს აუწყა, რაც იხილა და მოისმინა. შიშით, რწმენით და სიყვარულით დააწესეს ბერებმა წმიდანის ხსენების დღე. ღირსმა ზოსიმემ დიდხანს იცოცხლა და ას წელს მიტანებულმა, მიისვენა.