0

წმიდა დავით გარეჯელი

წმიდა დავით გარეჯელი

მიდა დავით გარეჯელი პირველად საქართველოს დედაქალაქში, თბილისში დაემკვიდრა. ქალაქის განაპირას აღმართულ მთაზე დაყუდებულმა ბერმა თავისი საკვირველი ქადაგებითა და სამაგალითო ცხოვრებით მრავალი ადამიანი მიიზიდა და ბევრი ცეცხლთაყვანისმცემელი მოაქცია. განრისხებულმა მოგვებმა ფეხმძიმე როსკიპი დედაკაცი მოისყიდეს და მამა დავითს მასთან მრუშობა დასწამეს. წმიდანმა კვერთხი შეახო დედაკაცის მუცელს და წარმოთქვა:"შენ, ჩვილო, გიბრძანებ სახელითა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესითა, რათა გვაუწყო ჩვენ, ვარ თუ არა მე მამა შენი". ჩვილმა ხმა გაიღო დედის მუცლიდან და სხვაზე მიანიშნა. განრისხებულმა ხალხმა დედაკაცი ქვებით ჩაქოლა. შეძრწუნებულმა დავითმა, რომელმაც გამძვინვარებული ბრბო ვერ შეაჩერა, მდინარე მტკვარზე გაფინა მოსასხამი, თავის მოწაფესთან, ლუკიანესთან ერთად ზედ შედგა და, მიუხედავად თბილისელების მხურვალე ვედრებისა, ქალაქი დატოვა.

მამა დავითი და ლუკიანე გარეჯის უდაბნოში დასახლდნენ. მოსაგრეებს უფალმა სასწაულებრივ საზრდელი გაუჩინა. მათთან ყოველდღე, გარდა ოთხშაბათისა და პარასკევისა, ირმები მოდიოდნენ, ლუკიანე წველიდა, მამა დავითი რძეს ჯვარს გადასახავდა და იგი ყველად იქცეოდა. გარეჯელ მამათა სასწაულები მთელმა ქვეყანამ გაიგო და მალე აქ "დაემკვიდრნეს სიმრავლენი მამაკაცთანი, უდაბნოებითსა ცხოვრებასა შემატკბობელნი".

ნინოწმიდიდან ღირს დავითთან მივიდა სათნოებით შემკული ბერი დოდო, რომელმაც მოძღვრის ბრძანებით კლდის რქაზე ააშენა მონასტერი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობისა.

რამდენიმე ხნის შემდეგ ღირსი დავითი იერუსალიმის მოსალოცად წავიდა. ბერმა თავისი უღირსების გამო წმიდა ქალაქში შესვლა არ ინება, კარიბჭესთან დიდხანს და მხურვალედ ილოცა, შემდეგ იმ ადგილიდან აიღო სამი ქვა და სიწმიდეებად წამოიღო საქართველოში. იმ ღამეს იერუსალიმის პატრიარქს, ელიას, უფლის ანგელოზი გამოეცხადა და აუწყა, რომ საქართველოდან მოსულ მამა დავითს თავისი სარწმუნოებით იერუსალიმის მთელი მადლი მიჰქონდა. პატრიარქის გაგზავნილმა კაცებმა ორი ქვა გამოართვეს მამა დავითს, მესამე კი წმიდა ბერმა საქართველოში ჩამოიტანა.

ხანგრძლივი და ღვთივსათნო ცხოვრების შემდეგ აღსრულებული მამა დავითი იქვე, გარეჯის სავანეში დაკრძალეს.

4.3/5ხმა
სტატისტიკა:
თანრიგიპროცენტიხმა
575%3
40%0
30%0
225%1
10%0
გავრცელება/გაზიარებაგავრცელება/გაზიარება