0

როგორ მოვემზადოთ აღსარებისთვის

აღსარება

მერთი სამყაროს შემოქმედია. იგი თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში მონაწილეობს, გვეხმარება განსაცდელის ჟამს. როცა ჩვენ ვცოდავთ, ვკარგავთ ღვთიურ მადლს და ვშორდებით ღმერთს. მაგრამ იგი კეთილია და მოწყალე. აღსარების საიდუმლო თავად უფალმა დაგვიწესა და ამით ცოდვებისგან განწმენდის საშუალება მოგვცა. სახარებაში ვკითხულობთ: `მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოვდა ცათა სასუფეველი” (მათე, 3, 2.)

შეგახსენებთ ახალი აღთქმის ეკლესიის შვიდ საიდუმლოს. ესენია: 1. ნათლისღება. 2. მირონცხება. 3. ზიარება. 4. სინანული. 5. ზეთის კურთხევა. 6. ქორწინება. 7. მღვდლობა.

სინანული, აღსარება ამ შვიდ საიდუმლოებათაგან ერთ-ერთია. თუ ადამიანი გულწრფელად მოინანიებს, აღსარებისას ყველა ცოდვა მიეტევება. სინანული გულიდან უნდა მოდიოდეს. კარგად უნდა შევიცნოთ ჩვენი ცოდვები და გულწრფელად მოვინანიოთ. მაშინ ღვთის წყალობაც არ დააყოვნებს. შვებას იგრძნობთ. მონანიებით გამოწვეული სიხარული უდიდესი სიხარულია. რატომ ვამბობთ აღსარებას? აღსარებას ვამბობთ, რათა უფრო ახლოს ვიყოთ ღმერთთან, შეგვინდოს ცოდვები და შეგვეწიოს. აღსარება ღმერთთან საუბარია.

როცა აღსარებისთვის მოძღვრის წინაშე თავჩაქინდრულნი წარვდგებით, უნდა ვიყოთ გულწრფელნი, გულახდილნი და მართალნი და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იქვე, ჩვენთან ახლოს, ღმერთი დგას. სირცხვილის გამო ცოდვა არ უნდა დავმალოთ, რადგან ღმერთი ყველაფერს ხედავს, ესმის ჩვენი, კითხულობს ჩვენს აზრებს, ფიქრებს, განცდებს… აღსარება თითოეული ჩვენგანის სულიერი მოთხოვნილება უნდა იყოს.

აღსარების მომზადება არაა რთული. რაც მთავარია, პირველ რიგში 1. უნდა გწამდეს ღმერთის; 2. უნდა გწამდეს და გჯეროდეს, რომ შენს აღსარებას იბარებს თავად უფალი იესო ქრისტე; 3. გულით უნდა მოინანიო შენი ცუდი საქციელი და არ დაგავიწყდეს 4. ყველას შეურიგდი, ვიდრე აღსარებაზე მიხვალ.

პირველი მცნება მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი, ჩემს გარეშე.

პირველი მცნება გვასწავლის, რომ ღმერთი ერთია და გვავალებს ღმერთის პატივისცემასა და სიყვარულს. _ გწამს, რომ ღმერთმა შექმნა სამყარო და ადამიანი? _ გწამს, რომ ის ხედავს ყველაფერს და იცის ყველაფერი: ყველა შენი საქმე, შენი ფიქრები, სურვილები, გხედავს დღისით და ღამით? _ ლოცულობ დილას და საღამოს, ჭამის წინ და ჭამის შემდეგ, ყოველი საქმის დაწყების წინ და დამთავრების შემდეგ? _ ამ რწმენით აგებ შენს ცხოვრებას? _ გიყვარს ღმერთი?

მეორე მცნება:

არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსნი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქვეშე ქვეყანისა: არა თაყვანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ.

მეორე მცნება გვიკრძალავს კერპთაყვანისცემას, ანუ ნუ ეთაყვანები ხისგან, ქვისგან გამოთლილ ან ლითონისგან ჩამოსხმულ კერპს, ვითარცა ღმერთს. ხატების თაყვანისცემა კერპთაყვანისცემად არ ითვლება. კერპთაყვანისცემად ითვლება ცოდვების და ვნებების სამსახურიც, როგორიცაა ამპარტავნება, ნაყროვანება, ვერცხლისმოყვარეობა და ა.შ. როცა აღსარებისთვის მზადებას დაიწყებ, კარგად დაფიქრდი და გაიხსენე: _ ინახავ მარხვას და სამარხვო დღეებს ოთხშაბათს და პარასკევს? _ ხომ არ ამპარტავნობ შენი განათლებით, შენი მშობლების სიმდიდრით? _ ხომ არ ცდილობ პირველობის მოპოვებას თანატოლებს შორის? _ ხომ არ გსურს ყველაზე ჭკვიანად და კეთილად გაღიარონ? _ ხომ არ გიყვარს ბრძანების გაცემა, შენს თანატოლებზე უფროსობა? _ ხომ არ გიყვარს ბევრი ჭამა, იცავ ზომიერებას?

მესამე მცნება არა მოიღო სახელი უფლისა ღმრთისა შენისა ამაოსა ზედა. მესამე მცნება გვიკრძალავს უფლის სახელის წარმოთქმას უსიყვარულოდ, მოწიწებისა და ლოცვის გარეშე. _ ხომ არ წარმოთქვი ღმერთის სახელი ამაოდ ან ხუმრობით? _ ხომ არ ბუზღუნებ შენი მშობლების სიდუხჭირის გამო? _ ხომ არ გშურს მდიდარ ოჯახში გაზრდილი ბავშვების? _ მადლობას სწირავ ღმერთს ავადმყოფობის, უსიამოვნებების და ცხოვრებისეული წარუმატებლობის დროს?

მეოთხე მცნება მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმიდა-ჰყავ იგი: ექვს დღე იქმოდე, და ჰქმნე მათ შინა ყოველივე საქმე შენი, ხოლო იგი მეშვიდე შაბათი არს უფლისა ღმრთისა შენისა.

მეოთხე მცნება გვავალებს ექვსი დღე ვიმუშაოთ, მეშვიდე დღე კი (ქრისტიანული ეკლესიისთვის ესაა _ კვირა) მივუძღვნათ ღმერთს და საღვთო საქმეებს. _ ხომ არ დაგზარებიათ კვირაობით და დღესასწაულის დღეებში ეკლესიაში სიარული? _ გიყვარს ეკლესიაში ყოფნა? _ ეკლესიაში ღვთისმსახურებისას ხომ არ დარბიხარ, გარეთ ხომ არ გადიხარ ან ხომ არ აძლევ თავს უფლებას ტაძარში იხუმრო, ითამაშო, იცინო ან ესაუბრო ვინმეს? _ გიყვარს წმიდა სახარების და რელიგიური წიგნების კითხვა? _ იცი ზეპირად ლოცვები `მამაო ჩვენო” და `ღირს არსი”? _ გიყვარს დროს ტარება? _ ხომ არ ხარ გატაცებული ტელევიზორით და კინოთი, რომელიც უარყოფითად მოქმედებს რწმენაზე? _ ესწრაფვი შეიძინო ცოდნა? თხოვ ღმერთს სწავლაში დახმარებას? _ ხომ არ ფლანგავ დროს კომპიუტერულ თამაშებზე, რომელშიც ძალადობა და მკვლელობაა?

მეხუთე მცნება პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილ გეყოს შენ და დღეგრძელ იყვნე ქვეყანასა ზედა.

მეხუთე მცნება გვავალებს გვიყვარდეს მშობლები, მასწავლებლები, უფროსები, იზრუნეთ მათზე და პატივი ეცით მათ. _ პატივს სცემ შენს მშობლებს? ხომ არ შეურაცხყოფ მათ უხეში სიტყვებით, დაუჯერებლობით? _ პატივს სცემ შენს მასწავლებლებს? ხომ არ შეურაცხყოფ მათ? _ კეთილსინდისიერად ასრულებ შენს მოვალეობებს სკოლაში თუ სახლში? _ პატივს სცემ შენს უფროსებს? ხომ არ დასცინი მათ? ხომ არ ამასხარავებ და დასცინი ავადმყოფებს, ინვალიდებს? _ ცდილობ გამოასწორო შენი ცუდი ჩვევები?

მეექვსე მცნება არა კაც-ჰკლა

მეექვსე მცნება გვიკრძალავს არა მარტო ფიზიკურ, არამედ სულიერ მკვლელობას, როცა ერთი მეორეს ცოდვას ასწავლის. ამავე მცნების დარღვევაა სიგარეტის მოწევა და ნარკოტიკების მოხმარება, რომელსაც თვითმკვლელობამდე მივყავართ. ომში მონაწილეობას ეკლესია არ თვლის მეექვსე მცნების დარღვევად, რადგანაც მეომრები სამშობლოს იცავენ. _ ხომ არ ჩხუბობ უშვერი სიტყვებით? _ ხომ არ გაქვს ვინმეს მიმართ ბოროტება ან სიძულვილი? _ ცდილობ დაამშვიდო შენი დამწუხრებული, სევდიანი მეგობარი? _ ხომ არ აწვალებ ცხოველებს? ხომ არ ხოცავ მათ გართობის მიზნით? _ გიყვარს ადამიანები? _ ეხმარები გაჭირვებულებს, მშივრებს? _ ჩხუბობ თანატოლებთან? _ ხომ არ ჩაგრავ ბავშვებს, რომლებიც შენზე სუსტები არიან? _ სიგარეტს ხომ არ ეწევი? ნარკოტიკებს ხომ არ ხმარობ?

მეშვიდე მცნება: არა იმრუშო.

ეს მცნება კრძალავს შემდეგ ცოდვებს: - უბიწოების შებღალვა აზრით, სიტყვით, საქმით; - სიძვა; - სისხლის აღრევა.

მერვე მცნება არა იპარო

ეს მცნება გვიკრძალავს ქურდობას, როცა მალულად იღებ ნივთს, რომელიც შენ არ გეკუთვნის, აგრეთვე კრძალავს ტყუილს და მუქთახორობას. _ ხომ არ აგიღია მალულად, უკითხავად სხვისი ნივთი? _ ხომ არ მიგითვისებია ნაპოვნი ფული ან ნივთი, იმის მაგივრად, რომ განგეცხადებინა ახლობლებში ნაპოვნის შესახებ? _ ხომ არ ნახულობ მშობლების საფულეს? ხომ არ იღებ იქიდან დაუკითხავად ფულს?

მეცხრე მცნება არა ცილი-სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა.

ამ მცნებით ღმერთი გვიკრძალავს ტყუილის თქმას. _ ხომ არა გაქვს ჩვევად ტყუილის თქმა? ხომ არ ატყუებ მშობლებს, მასწავლებლებს, ძმებს, დებს, მეგობრებს? _ ყოველთვის ასრულებ დაპირებას? _ ვინმე ხომ არ განიკითხე? სხვის ნაკლოვანებებზე საუბარი ხომ არ გიყვარს? ხომ არ დასცინი შენი ამხანაგების ნაკლს?

მეათე მცნება არა გული გითქუმიდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა, არა გული გითქუმიდეს სახლისათვის მოყვასისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვარისა მისისა, არცა ყოვლისა მისთვის, რაიცა იყვნეს მოყვასისა შენისა.

ეს მცნება გვიკრძალავს სხვისთვის ცუდის გაკეთებას, შურს, ცუდ ფიქრებს და სურვილებს სხვის მიმართ. _ სუფთაა შენი ფიქრები და სურვილები? _ ცდილობ იმ ცოდვების გამოსწორებას, რომელიც მოინანიე? ხომ არ გშურს ვინმესი? _ ხომ არ გწყინს, როცა სხვას აქებენ?

0.0/5ხმა
სტატისტიკა:
თანრიგიპროცენტიხმა
50%0
40%0
30%0
20%0
10%0
გავრცელება/გაზიარებაგავრცელება/გაზიარება